ამერიკელ მსახიობ ჯენსენ ეკლსს, ძირითადად, იცნობენ ტელესერიალებით "ჩვენი ცხოვრების დღეები", "სმოლვილის საიდუმლოებები", "ზებუნებრივი", რომლებშიც ან ბოროტ ძალებს ებრძვის, ან მათ ასახიერებს.
1978 წლის 1 მარტს დაიბადა ტეხასის ქალაქ დალასში, მსახიობ ალან როჯერ ეკლსისა და დონა ჯოან შეფერის ოჯახში. მსახიობს ინგლისური და შოტლანდიური ფესვები აქვს. მშობლებმა ჯენსენი, იშვიათი სახელი დაარქვეს თავიანთ შუათანა შვილს - მას და-ძმა ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო - საბავშვო საქონლის რეკლამაში გადაიღეს.
1996 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებდა, ფიზიოთერაპიის განხრით სურდა წასვლა, თუმცა ბოლო მომენტში მსახიობობისკენ გაუწია გულმა და ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.
სამსახიობო კარიერა იმავე წელს დაიწყო - ეპიზოდურ როლებში გამოჩნდა ტელესერიალებში "მისტერ როუდსი", "სიბილი", "სკოლა ალერსიან ველზე". 1997 წელს მიიღო ერთ-ერთი მთავარი როლი სერიალში "ჩვენი ცხოვრების დღეები".
2000 წელს გადაიღეს მინი-სერიალში "ქერა", რომელიც მერილინ მონროს ცხოვრებას ეხებოდა. იმავე პერიოდში დაამტკიცეს "ბნელი ანგელოზის" ეპიზოდურ, ფსიქოპათიისა და სერიული მკვლელის როლზე. მისი გმირი პირველ სეზონში გარდაიცვალა, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ რეჟისორებმა პერსონაჟი აღადგინეს და კიდევ ორი წელი ითამაშა.
2003 წელს გადაიღეს პოპულარულ სერიალში "დოუსონის ქოხი", ამას კიდევ მოჰყვა როლები ძირითადად სერიალებში, 2005 წელს კი მთავარი როლი ითამაშა ფილმში "სულების მსანსლავი" - ამ სურათში მას მსახიობმა მამამ გაუწია პარტნიორობა. იმავე წელს გადაიღეს მისტიკურ სერიალში "ზებუნებრივი", რომელშიც მთავარი როლი ერგო.
ჯენსენს კინოჯილდოებიც აქვს. მაგალითად, 1998 წელს მიიღო Soap Opera Digest Award-ის პრემია, ნომინაციაში "გამოჩენილი მამაკაცური დებიუტი".
კინომსახიობობის პარალელურად ჯენსენი თეატრშიც აქტიურად მოღვაწეობს. ტეხასის "კასა მანანას" თეატრში თამაშობს სპექტაკლში "რამდენიმე კარგი ბიჭი". გარდა ამისა, შემდეგ წლებში ბევრჯერ იყო ნომინირებული ტელესერიალებში საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის პირველხარისხოვანი როლისთვის. 2008 წელს კი Syfy Genre Awards-ის პრემია მიიღო კატეგორიაში "ტელევიზიის საუკეთესო მსახიობი".
გარდა ამისა, ჯენსენი მუსიკითაც არის გატაცებული. ბავშვობიდან როკის მოყვარული იყო, რაც დაეხმარა კიდეც, რომ ერთ-ერთ სურათში ჰარდროკის წარმომადგენლის დინ ვინჩესტერის როლი კარგად მოერგო. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავის კლასში რამდენიმე როკის მოყვარული შეკრიბა და თავისი ჯგუფიც დააარსა, თუმცა მათი ჩანაწერები არ შემორჩენილა.
ჯენსენმა პირადი ცხოვრების აწყობაც მოასწრო - 2006 წლიდან ხვდებოდა მსახიობ დენილ ჰარისს, რომელზეც შარშან იქორწინა კიდეც.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)