"ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში წასვლას აიძულებენ", - აღნიშნავს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, სამხედროების უფლებათა დამცველი ირაკლი სესიაშვილი. ამჟამად ავღანეთში 950 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ეს საქართველოს არმიის სახმელეთო ძალების თითქმის 5%-ია. ერთი დანაყოფი ქაბულში, საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობს, მეორე - პაკისტანის საზღვართან ახლოს, ჰელმანდის პროვინციაში. უახლოეს მომავალში საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას კიდევ 650 კაცით აპირებს. თუ როგორ აიძულებენ ჯარისკაცებს ნატოს მისიაში მონაწილეობას და რისთვის სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა, - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება.
- ბატონო ირაკლი, ჯარისკაცებზე ზეწოლისა და ავღანეთში მათი იძულებით გამგზავრების კონკრეტული ფაქტები თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცებს ერაყში გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ფიზიკურად უსწორდებიან. ოღონდ კონკრეტული ადამიანების გვარებს, მათივე უსაფრთხოების გამო, ვერ დავასახელებ. ასეთი ფაქტების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ზეწოლას ყველა ჯარისკაცზე ახორციელებენ, ზოგიერთი მათგანი ავღანეთში მენტალიტეტის გამოც მიდის.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ჯარი არის ერთი ოჯახი და როდესაც შენი თანამებრძოლი და ძმაკაცი იძულებულია, ცხელ წერტილში წავიდეს, შენც ვალდებული ხარ, მის გვერდით დადგე.
- თქვენი აზრით, რატომ ზრდის ჩვენი ხელისუფლება კონტინგენტს, როდესაც ევროპული ქვეყნები თანდათან ამცირებენ თავიანთი ჯარისკაცების რაოდენობას ან სულაც ტოვებენ ამ ქვეყანას?
- ზოგადად, ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში ქართველების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია: გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები სერიოზულ გამოცდილებას იძენენ, ეს ერთგვარად, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საშუალებაც არის. პრობლემა ის გახლავთ, რომ კონტინგენტი დაუსრულებლად იზრდება. ჩვენს ქვეყანაში არსებული საფრთხეებისა და დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, ავღანეთში უკვე ისედაც ბევრი ჯარისკაცი გვყავს გაგზავნილი. შესაბამისად, კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდა - დანაშაულის ტოლფასია.
- მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა განაცხადა, - ნატო, არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, უუნარო ორგანიზაცია გახდება და ვაშინგტონი ალიანსს აღარ დააფინანსებსო, - სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც დადოს ფსონი და ახალი ალიანსი ჩამოაყალიბოს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამერიკელებმა მართლაც დააფასონ ქართველების თავდადება ავღანეთში და ჩვენი ქვეყნის პრობლემებს უფრო გულისხმიერად მოეკიდონ?
- მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გეიტსმა ნატოს მიმართ შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია გამოხატა. შეერთებული შტატები ხედავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, უფრო აქტიურად მონაწილეობენ ამერიკულ პროექტებში, ვიდრე გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია... ალიანსში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის შექმნითა და ევროპის საზღვრების გარკვეულწილად შემოსაზღვრით, ნატოს გაფართოება დასრულდა და ზედმეტი სატკივარი აღარ სჭირდებათ. ახლა ევროპა მთავარ აქცენტებს სოციალურ კეთილდღეობაზე აკეთებს და უსაფრთხოებისთვის ზედმეტი ფულის გაღება არ სურს, რადგან ამაზე ამერიკა ისედაც ზრუნავს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნატო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და შეერთებულ შტატებს ისეთივე ხმა აქვს, როგორიც თუნდაც ლიტვას: ერთი ქვეყანა - ერთი ხმა. ამ ფონზე, აშშ რიგ შემთხვევებში, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და საკუთარი სურვილისამებრ ვერ მოქმედებს. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ევროპა ვაშინგტონის პოზიციას მხარს არ უჭერს. ერთი სიტყვით, შეერთებულ შტატებს ეს ვითარება მოჰბეზრდა და ევროპა გეიტსის პირით გააფრთხილა, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყნები აშშ-ის მნიშვნელობასა და როლს არ დააფასებენ, ახალ ალიანსს შექმნის, სადაც რეალურ პარტნიორ ქვეყნებს შეიყვანს და კარგადაც დააფინანსებს, ხოლო ნატო სოლიდური დაფინანსების გარეშე დარჩება. აშშ-ის პრეტენზიები ობიექტურია, მაგრამ არა მგონია, სიტუაცია გართულდეს. ჩემი აზრით, ევროპა თეთრი სახლის ულტიმატუმს გაითვალისწინებს, რადგან ამერიკის გარეშე, მსოფლიოში უსაფრთხოების საქმეში რაიმე ღირებულ წვლილს ვერ შეიტანს. ეს ლიბიის ოპერაციამაც დაადასტურა. სხვათა შორის, თავის დროზე, ევროპა შეეცადა, შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად შეექმნა შეიარაღებული ძალები. შექმნა კიდეც, მაგრამ არა მგონია, ბევრს სმენოდეს რაიმე ასეთი ძალების მისიის შესახებ.
- ჩვენს ქვეყანას ნატოში გაწევრების თვალსაზრისით, უმთავრესად, ევროპის მხრიდან ხვდებოდა წინააღმდეგობა. რამდენად შესაძლებელია, რომ ამერიკამ ევროპას თავის ერთ-ერთ ულტიმატუმად, ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხიც წამოუყენოს?
- შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონს ეს რეალურად დასჭირდებოდა. დღეს საქართველოს, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი, თანაც კონტინგენტის გაზრდას კიდევ აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოსგან ისედაც იღებს იმას, რაც სჭირდება და ზედმეტად თავს აღარ შეიწუხებს.
- მაშინ რატომ ზრდის კონტინგენტს საქართველო?
- ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ანუ - სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით. დასავლეთს აქვს საფუძველი, რომ სააკაშვილი გააკრიტიკოს და მისგან დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს. სააკაშვილი ამ მითითებას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეასრულებს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სვლა მისი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ დასავლეთის კეთილგანწყობილების შენარჩუნების მიზნით, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ამერიკას ძალიან სჭირდება. ამერიკას კი ახლა საქართველოსგან ყველაზე მეტად, სამხედრო ძალა სჭირდება და ისიც ისე იღებს ქართველ სამხედროებს, როგორც "ჩუპა-ჩუპსებს". რაც მეტ ქართველს გაგზავნის სააკაშვილი ავღანეთში, მით მეტი მხარდაჭერა ექნება მის დიქტატორულ რეჟიმს ამერიკისგან. ე.ი. სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ხარჯზე ინარჩუნებს.
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)