...ის ახლა სრულიად მარტო ცხოვრობს თორაძის ჩიხში მდებარე ძველებურ სახლში, საყვარელი ადამიანების მონატრებითა და შავ-თეთრი ფოტოებით გარემოცული. ტელეფონის ზარის ხმაზე კი თვალები სხვაგვარად უბრწყინავს, რადგან ის ერთადერთი გზაა საზღვარგარეთ გადახვეწილი შვილების მიმართ უსაზღვრო მონატრების დასამარცხებლად. მაგრამ ქალბატონი ლიანა ასათიანი არავის არაფერს საყვედურობს და არც სინანულს გამოთქვამს, რომ ბედმა საყვარელ შვილებს დააშორა; ის გასაოცარი ოპტიმიზმითაა აღსავსე და სიამოვნებით იხსენებს განვლილი ცხოვრების თითოეულ ეპიზოდს, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ზედმიწევნით კარგად ახსოვს. მეხსიერებასთან ერთად, მსახიობს განგებამ ღვთაებრივი სილამაზეც შეუნარჩუნა, რითაც არასდროს გათამამებულა...
ჩვენი საუბარი "მისი ყველაზე დიდი სიამაყის" - ლექსო თორაძის ცხოვრების გარშემო წარიმართა, რომელიც 1983 წელს გასტროლიდან "გაუჩინარდა".
- იმ საბედისწერო დღეს მოსკოვში დავრჩი და ლექსოს დაბრუნებას ველოდი. იმ დროს გუგულის (დავით თორაძის) ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა, - ლექსო დაიკარგაო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მანამდე არაფერი უთქვამს უცხოეთში იმ წასვლის შესახებ. ალბათ, არც უფიქრია, რადგან ამ გასტროლებამდე, ამერიკაში რვაჯერ მაინც იყო ნამყოფი, სადაც სურვილი რომ გამოეთქვა, სიამოვნებით დატოვებდნენ... იმ დღეს მოსკოვის კონსერვატორიაში მას და ლექსოს კონცერტი უნდა ჰქონოდათ, თუმცა მოსკოვის რადიოსა და ტელევიზიის მთავარი დირიჟორი - ფედოსეევი ისე მოიქცა, რომ ლექსოს ამ საბედისწერო ნაბიჯისკენ უბიძგა. რამდენიმე დღე შვილის შესახებ არაფერი ვიცოდით და საშინელ განცდებში ვიყავით. მოგვიანებით კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ მეგობრებმა ის ქალაქ ხიხონიდან იტალიაში გადაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გააპარეს. ლექსოს როგორც "დამნაშავეს" ყველგან ეძებდნენ, მისი ფოტოები მთელ ესპანეთში გამოიფინა.
- როდის მიიღეთ მისი პირველი წერილი?
- რამდენიმე თვეში. ის რუსულ ენაზე იყო დაწერილი, რომ "კაგებეს" მისი წაკითხვა არ გასძნელებოდა:
"დედა, შენს დაბადების დღეზე, 6 დეკემბერს, მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის "ლინკოლნ-ცენტრში", "ევერი-ფიშერის" დარბაზში დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში, "კარნეგი-ჰოლზეც" კი. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა! კონცერტიდან შემოსულ ანაზღაურებას, შენს სახელზე, მთლიანად შევწირავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. მთავარია, მაგრად იდგე, ამ განსაკუთრებით მძიმე საათებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე, გახსოვდეს, ახლა ჩემთვის გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენთვის, რადგან მე აქ სრულიად მარტო ვარ! გთხოვ, გაძლოთ 2-3 თვე და შემდეგ ვეცდები, რაღაცით გაგახაროთ. თქვენ ხომ იცით მოთმინება?! მამა, მოიკრიბე მთელი ენერგია და წერე მუსიკა, რადგან მუსიკამ ჩვენ ორივე უნდა გადაგვარჩინოს. ვიცი, რომ უჩვეულოდ გავართულე თქვენი და ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამ სიძნელეებმა და განცდებმა უნდა გამოგვაფხიზლოს... თქვენ ახლა უჩემოდ ხართ, მე კი - უთქვენოდ, ამან უნდა გაგვაკაჟოს და გაამძაფროს ჩვენი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ამ საბედისწერო ნაბიჯისკენ მიბიძგეს. იყავით მაგრად და შემიმსუბუქეთ განცდები, ნუ შეგეშინდებათ, ძალა ჩვენს ერთობაშია! არავისი არაფერი გვმართებს, მხოლოდ - ერთმანეთის! არ მსურს მყიდდნენ, მამცირებდნენ და სულიერად მანადგურებდნენ სამინისტროებსა და გოსკონცერტში, მე ხომ ჯერ ბოლომდე არ ამიხდენია თქვენი ოცნებები, არც - ჩემი!"
- ვიდრე წერილი ჩვენამდე მოაღწევდა, უშიშროების თანამშრომლებმა მრავალგზის გადაიკითხეს და როცა მის "უვნებლობაში" დარწმუნდნენ, საფოსტო ყუთში ჩაუშვეს. გუგული გაზეთების ასაღებად გავიდა და იქ გახსნილი კონვერტი დახვდა, მაგრამ იმ დროს ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ ლექსო გამოჩნდა... გახარებულმა შემოირბინა ოთახში და კონვერტი გამომიწოდა. დიდხანს ვტიროდით... საბედნიეროდ, დაკითხვებზე არავის მივყავდით. თუმცა ლექსოს წასვლას ერთი უსიამოვნო ფაქტი მოჰყვა, ჩემი ძმა - რეზო ასათიანი იმ დღეებში მაღალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
- ალბათ შოკის მომგვრელი იყო ეს ამბავი თქვენთვის...
- ამას არც მე და არც გუგული არ ველოდით, გაოცებულები ვიყავით. მაშინ ისეთი დრო იყო, ერთი სკამიდან მეორეზე რომ გადამჯდარიყავი, დაფიქრება გჭირდებოდა, ქვეყნიდან წასვლა კი ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო... მაგრამ დირიჟორმა ფედოსეევმა ლექსოს შეურაცხყოფა მიაყენა. ლექსომ ეს ვერ აიტანა. ეგონათ, თვალს დახუჭავდა და ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ პირიქით მოხდა... მისი წასვლის ამბავი მთელ საბჭოთა კავშირში მეხის გავარდნას ჰგავდა. მაშინვე გოსკონცერტში დავრეკე და ყველა გავლანძღე, რადგან უსირცხვილოდ, მოვაჭრეებივით მოიქცნენ.
საბედნიეროდ, არ გაგვისწორდნენ, რატომღაც დაცულები აღმოვჩნდით. საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრი - ალექსი ინაური ჩვენი მეზობელი და ახლობელი იყო. ლექსო რომ გაუჩინარდა, გუგული პირველად მასთან მივიდა და ჩვენი გასაჭირი უამბო. ინაურმა დიდხანს უსმინა და როცა გუგულიმ საუბარი დაასრულა, ატირდა... სამწუხაროდ, გუგული დიაბეტით ავადმყოფობდა და იმავე წელს (1983 წლის 7 ნოემბერი) გარდაიცვალა.
- ქალბატონო ლიანა, ლექსო თორაძე ხომ არ ნანობს, რომ წლების წინ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?
- ვერ გეტყვით; შეიძლება, კიდეც ნანობს, მაგრამ ამის შესახებ არასდროს უთქვამს. ამერიკაში რომ წავიდა, ის უკვე ვან კლიბერნის კონკურსის ლაურეატი გახლდათ, არაფერი აკლდა, კონცერტები და გასტროლებიც მრავლად ჰქონდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, საქართველოში რომ დარჩენილიყო, მიაღწევდა თუ არა ისეთ წარმატებას, როგორსაც უცხოეთში მიაღწია...
- როგორ უძლებთ სიმარტოვეს?
- ამას წინათ, ერთმა შესანიშნავმა ჟურნალისტმა ჩემზე წერილი მოამზადა, რომელსაც სათაურად "ლიანას ძლიერი სიმარტოვე" დაარქვა. ბუნებრივია, მიჭირს მარტოობა, თუმცა ხშირად ჩამოდიან ჩემი შვილები - ლექსო და ნინოც, მაგრამ მათ თავ-თავიანთი ცხოვრება აქვთ და მათივე კეთილდღეობისთვის ჯობს აქ ვიყო. საზღვარგარეთ ცხოვრება დიდ ენერგიას მოითხოვს. გუშინ ლექსომ დამირეკა: ახალი მანქანა ვიყიდე და მინდა, გაგასეირნოო. გამეცინა, ოთახში ვეღარ დავდივარ 3-4 წელია და სად უნდა წავიდე?! წასვლაზე ფიქრიც ზედმეტია. მოგზაურობა მაშინ არის კარგი, როცა სიარული საკუთარი ფეხით შეგიძლია. სხვები არ უნდა გააწვალო. ჩემს სახლში თავს კარგად ვგრძნობ. ახლობელი ადამიანები არ მტოვებენ. მალე 85 წელი შემისრულდება და ვცდილობ, არ გავურთულო ჩემს შვილებს ცხოვრება. ლექსო ახლა "საუს ბენდის" საკუთარ სკოლაში მოღვაწეობს, 14 ივლისს უმნიშვნელოვანესი კონცერტი აქვს "ლა სკალაში" დაგეგმილი, რომლის სცენაზეც ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.
- მშობლიურ ქალაქს ბოლოს როდის ესტუმრა?
- შარშან გახლდათ ჩამოსული, რახმანინოვის III საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა, რომელიც 500-ჯერ მაინც ექნება დაკრული. ისეთი როიალი დაახვედრეს, ვფიქრობ, უარი უნდა ეთქვა გამოსვლაზე, მაგრამ... სამწუხაროდ, 2010 წლამდე, მისი შვილები თბილისში არ იყვნენ ნამყოფები. გადასარევი ბიჭები არიან, პრინცებს ჰგვანან. ლექსოს ვუთხარი, - ახლა მათ უნდა ეფერო და გაუთავებელი მოთხოვნები შეუსრულო-მეთქი. დევიდი 18 წლისაა და გარეგნულად ძალიან ჰგავს მამას; ალექსანდრე კი 17-ის გახლავთ. ის კი ზედგამოჭრილი დედაა. ლექსოს ყოფილი მეუღლე წარმოშობით ირლანდიელია, ულამაზესი ქალია. ბავშვები მასთან გაიზარდნენ, ამიტომ, ქართული არ იციან. მათი განშორებისას სიტყვა არ მითქვამს, რადგან ადამიანის პირად ცხოვრებაში მშობელი არ უნდა ჩაერიოს. თუმცა ოჯახის დანგრევა ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია, რადგან შვილები ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან. დღეს უამრავი ოჯახი ინგრევა და შვილებზე არავინ ფიქრობს, მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებთ. არასდროს მივცემდი თავს უფლებას, რომ მეუღლეს გავყროდი, რადგან ვიცოდი, ამას დიდი უსიამოვნებები მოჰყვებოდა. თუმცა არც ვმდგარვარ ამ აუცილებლობის წინაშე.
- თქვენმა სილამაზემ ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენს პირადსა და პროფესიულ ცხოვრებაში...
- ვერ გეტყვით, ალბათ არა, რადგან ადამიანი სილამაზეს ისევე ეჩვევა, როგორც შეუხედაობას და შემდეგ ერთიც და მეორეც მისთვის სულერთი ხდება. მახსოვს, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემს კლასში ახალი მოსწავლე (ბიჭი) გადმოვიდა (VIII-კლასელები ვიყავით). ის შეუხედავი იყო და ყველამ ავითვალწუნეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისე შევეჩვიეთ, რომ მასზე შეყვარებულებიც კი ვიყავით. ასე რომ, ადამიანის ცხოვრებაში გარეგნობა მთავარი არ არის. აქვე, ბარნოვის ქუჩაზე, მე-18 სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენი სახლი ოპერის უკან მდებარეობდა. ის გასტროლებზე ჩამოსული მომღერლებისთვის იყო განკუთვნილი. სახლში დედ-მამასთან და ჩემს ძმასთან - რეზო ასათიანთან ერთად ვცხოვრობდი. ამ სახლს უამრავი მომღერალი სტუმრობდა, იყო გაუთავებელი მისვლა-მოსვლა, რაც მომწონდა. თვალს ვადევნებდი მათ და ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი...
- როგორც ვიცი, დავით თორაძეს 25 წლის ასაკში შეხვდით; ის იმ დროისთვის უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო...
- ერთმანეთს 1945 წელს, გადასაღებ მოედანზე შევხვდით, როცა ქვეყანა ომისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. ის ფილმისთვის მუსიკას წერდა; საკმაოდ სიმპათიური, ელეგანტური ახალგაზრდა იყო (ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი); მე 20 წლის გახლდით, მაგრამ უკვე ნათამაშები მქონდა თეკლას როლი მიხეილ ჭიაურელის გახმაურებულ ფილმში - "გიორგი სააკაძე". გუგულის, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს, ქვეყანა იცნობდა. ის საქართველოში პირველ ჯაზორკესტრს ხელმძღვანელობდა. კარგი ხასიათი ჰქონდა, რთული არ იყო მასთან ცხოვრება, თუმცა სულ მუშაობდა და სტუმარიც უყვარდა.
- თეკლას როლმა პოპულარობა მოგიტანათ, არა?
- 16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ, ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, - მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?! მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი - ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ, ბედი იყო. ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე.
- რატომ?
- გადაღებების დროს ვხედავდი, როგორ ემუდარებოდნენ მიხეილ ჭიაურელს ცნობილი მსახიობები, მასობრივ სცენებში მაინც გვათამაშეო. ვიფიქრე, წლების შემდეგ, მეც ასეთ დღეში აღმოვჩნდები და ჯობს, სხვა პროფესიას დავეუფლო-მეთქი. ამიტომ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. რამდენიმე წელი თვალის ექიმადაც კი ვიმუშავე, პარალელურად კინოში მიღებდნენ. მძულდა სოფლის ქალის როლის თამაში. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი გმირი თავადის ქალი მაიაა! ეს ფილმი ("თავადის ქალი მაია") ლანა ღოღობერიძის შედევრი გახლავთ! მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ფილმში ვითამაშე, ჩემი შემოქმედებიდან მხოლოდ ამ როლს გამოვყოფდი, რადგან როგორც მსახიობმა, მისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე. პარალელურად, შალვა ღამბაშიძე, აკაკი ხორავა და სხვები თეატრში მიხმობდნენ, მაგრამ იქ თამაშის უფლება თავს არ მივეცი, ლექსოსა და ნინოს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი? შვილებს მარტო ვზრდიდი... 13 წლის რომ ვიყავი, დედაჩემი მეორედ გათხოვდა; მეორე ქორწინებიდან შვილი შეეძინა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. მამაც მალე დაქორწინდა სოხუმელ ქალზე და 3 შვილი გაუჩნდა. მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით. ამიტომ ვთქვი, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, თორემ შემდეგ ვინ საით წავა, არავინ იცის-მეთქი. ძნელი იყო ჩემთვის მშობლებთან განშორება. დედა რომ წავიდა, თან წამიყვანა, მაგრამ სწორი იქნებოდა, მამასთან დავრჩენილიყავი. ის ცოლს აღარ მოიყვანდა და მეტ ყურადღებას დაგვითმობდა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მსგავს შეცდომას არასდროს დავუშვებდი...
- ლექსო თორაძე ყოველთვის საუბრობს თქვენზე, როგორც არაჩვეულებრივ დედაზე. მასთან შეხვედრას ალბათ დიდი ემოციები ახლავს...
- ამ ემოციების გადმოცემა სიტყვებით წარმოუდგენელია. გავიხსენებ ნიუ-იორკში (1988 წელი) ჩემი და ლექსოს შეხვედრას. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა 5-წლიანი განშორების შემდეგ... მეტსაც გეტყვით, პირველი ქართველი დედა ვიყავი, ვისაც საზღვარგარეთ გაქცეული შვილის ნახვის უფლება მისცეს... ლექსომ აეროპორტში ისეთი ფეიერვერკი მომიწყო, ემოციების გამოხატვის დრო და ადგილი აღარ იყო...
- "დედა ტრაპზე რომ დაეშვა, ამერიკელები მისი სილამაზით გაოგნებული დარჩნენ", - წერს ლექსო თორაძე...
- ამერიკელებს ტრადიცია აქვთ ასეთი, ყველას კომპლიმენტს ეუბნებიან - ლამაზია თუ არა.
- ლექსო თორაძის წარმატება მისი ნიჭის დამსახურებაა თუ საზღვარგარეთ წასვლამაც ითამაშა ამაში როლი?
- ბუნებრივია, ნიჭიერება მუსიკოსის წარმატების აუცილებელი პირობაა, მაგრამ როგორც ცნობილი პიანისტი რიხტერი ამბობდა, ყოველდღე რამდენიმე საათი მეცადინეობის გარეშე არაფერი გამოვა... ლექსო თბილისში რომ ცხოვრობდა, დღეში 5-6 საათს მეცადინეობდა და შედეგიც სახეზე იყო; ახლა ვერ გეტყვით, რამდენს მეცადინეობს. რაც შეეხება მის საზღვარგარეთ გამგზავრებას, ეს მისი გადარჩენის აუცილებელი პირობა იყო და არა წარმატების!
- ლექსო თორაძეს თბილისში არასდროს დაუკრავს დავით თორაძის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც მას მიუძღვნა...
- სამაგიეროდ, არაერთხელ დაუკრავს ის საზღვარგარეთ. ლექსოს ოცნებაა რაჭაში, მისი წინაპრების კუთხეში სახლის შეძენა და იქიდან თბილისამდე კონცერტებით ჩამოსვლა. თუ ეს ოცნება აიხდინა, ტურნეს აუცილებლად გუგულის ნაწარმოებით დააგვირგვინებს, მაგრამ ეს დღემდე ლექსოს აუხდენელ ოცნებად რჩება...
ნატა კობიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)