დათო ოქიტაშვილს პირველი მანქანა სიმამრმა უყიდა

დათო ოქიტაშვილს პირველი მანქანა სიმამრმა უყიდა

ოჯახმა ხელოვნებით მოწამლა. მოცეკვავე დედამ ზედმეტი ცელქობისა და აქტიურობისთვის თავისი ქორეოგრაფიული ანსამბლიდან გამოაგდო. დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილით პოლონურ ჯარში წავიდა. შვილებს მეგობრობასა და ქველმოქმედებას ასწავლის. უხარია, რომ ფერით მას არ დაემსგავსნენ.

დათო ოქიტაშვილის სახელს არაერთი სახელმწიფო სამსახური უკავშირდება. ერთ-ერთი უკანასკნელიდან მისი წამოსვლა სკანდალთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერზე დღეს ჩემი რესპონდენტი დაწვრილებით საუბრობს.

- ვაკეში დავიბადე და გავიზარდე. ორი ინსტიტუტი დავამთავრე, ყოფილი "გეპეი" - მეტალურგიული განხრით და უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. თუმცა არც ერთი სპეციალობით არ მიმუშავია. ოჯახმა მომწამლა. დედა მოცეკვავე იყო, ბუხუტი დარახველიძესთან ცეკვავდა. ჩვენს ოჯახში ბევრი ცნობილი ადამიანი იყრიდა თავს, თუმცა არასდროს მქონდა სურვილი, ჩამებარებინა თუნდაც თეატრალურზე, მიდრეკილება არ მქონდა. დედა ჩემს სკოლაში ცეკვას ასწავლიდა. მასთან დავდიოდი, მერე რეზო ჭოხონელიძესთან გადავედი, დედამ გამომაგდო ანსამბლიდან. ძალიან ცელქი ვიყავი, სულ წინ ვდგებოდი რეპეტიციებზე. სოლისტობა მინდოდა. სხვათა შორის, კარგად ვცეკვავდი.

ახლაც კარგად ვცეკვავ და თავხედობა მყოფნის სუხიშვილების სოლისტებთან ერთად გავშალო ხელი ოსურში. ომიანობის პერიოდში, როცა არც სინათლე იყო თბილისში და არც სხვა ბევრი საყოფაცხოვრებო პირობა, ჩემს მეგობართან ერთად მცირე ბიზნესი წამოვიწყე, სწორედ მაშინ გადავწყვიტე გამეკეთებინა კონცერტი ფილარმონიაში სახელწოდებით - "დიდი და პატარა თბილისელები". შევკრიბე ყველა თაობის ხელოვანები, ნანი ბრეგვაძე ეკასა და ნატალიასთან ერთად, ჭოხონელიძეების ოჯახი, მაია ჯაბუა და სხვები. ის 23 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. მაშინ კიდევ ერთხელ მოვიწამლე ხელოვნებით, 21-22 წლის ვიქნებოდი და დავიწყე ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. დღემდე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ამ საქმის გარეშე. მე მიყვარს ხელოვანები. ბევრ ცნობილ ადამიანთან უკვე ოჯახით ვმეგობრობ, ფაქტობრივად, ვარსკვლავური ცხოვრებით ვცხოვრობ.

- მაგრამ მანამდე იყო უდარდელი წლები...

- ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემი მშობლები სულ საბავშვო ბაღის და შემდეგ სკოლის დირექტორის კართან იყვნენ ატუზულები. საბავშვო ბაღში ერთი გოგო მიყვარდა. მე და ეს გოგო საოცრებებს ვაკეთებდით. ერთი აკვარიუმიდან მეორე აკვარიუმში ვსვამდით თევზებს. ჩემზე უფროსი იყო ეს გოგო, ლელა ერქვა. ის რომ სკოლაში შევიდა, მე ისევ საბავშვო ბაღში დავდიოდი. ამ გოგოსთვის მეზობლის ბაღიდან ვარდებს და ბალს ვიპარავდი. დედას ვაიძულებდი სამკაული ეყიდა, რომ ლელასთვის მეჩუქებინა. ეს სიყვარული მერვე კლასამდე გაგრძელდა... ჩემზე ყველა ამბობდა, ამისგან არაფერი გამოვაო. სკოლაში უზრდელობითა და ცელქობით გამოვირჩეოდი ყველასგან. მარტო ჩემი ნათლია და კლასის დამრიგებელი მზია მეგრელიშვილი მიცავდა ასეთი ხმებისგან. არადა, ისეთი თავხედი ვიყავი, გოგოსაც კი ვცემე, კევს მიღლაჭუნებდა, გავაფრთხილე, გაგარტყამ-მეთქი და არ შეიმჩნია, გაბერა და სახეზე გაიხეთქა, ვერ მოვითმინე და ხელუკუღმა გავარტყი.

- როგორ გსჯიდნენ მშობლები?

- ეზოში არ მიშვებდნენ, მკეტავდნენ სახლში წიგნებთან, მაგრამ თუ არ გინდა სწავლა, ვერავინ გაიძულებს. ძალდატანებით სწავლა გამორიცხულია. მერვე კლასიდან დავწყნარდი. ყველაზე მეტად ჩემს მშობლებს ჩემგან ის გაუკვირდათ, რომ 18 წლის ასაკში გადავწყვიტე ჯარში წავსულიყავი, ოღონდ არა საქართველოში, არა პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ საზღვარგარეთ. მაშინ ჩემი ოჯახისთვის პრობლემა არ იყო ისე მოეგვარებინათ ყველაფერი, რომ კოჯორში მემსახურა, როგორც სხვები მსახურობდნენ, მთელი დღე წამოწოლილები იყვნენ და საღამოს სახლებში ბრუნდებოდნენ. ამიტომ გაუკვირდათ მშობლებს ჩემი ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილება. მინდოდა, ორი წელი საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი. მანამდე ოჯახზე ვიყავი დამოკიდებული, მამა, ეს მჭირდება, დედა, ეს მომეცი და უცებ პოლონეთში წავედი ჯარში. ეს ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. დღეს შემიძლია ყველა ქართველ მშობელს ვუთხრა, რომ ბიჭმა აუცილებლად უნდა გაიაროს ეს სკოლა. ჯარში ვისწავლე დისციპლინა, საკუთარი თავის მოვლა, მშობლების მეტი პატივისცემა, მონატრების გრძნობა, დამოუკიდებლობა, მეგობრობა, გვერდში დგომა. იქ 18 წლის ბიჭები ერთმანეთს ვუვლიდით. იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. გამიმართლა, დივიზიის უფროსი იყო უკრაინელი ალექსეი ჩერნაბრივჩენკო, რომელმაც ერთ-ერთი დავალების საუკეთესო შესრულებისთვის ერთ თვეში სახლში გამომიშვა. სახლში რომ ჩამოვედი, დედაჩემი არ იჯერებდა, რომ გამომიშვეს, ეტყობა, ვერ გაუძელი და გამოიპარეო, მეუბნებოდა.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

- ტყუილთან შორს ყოფნას მთხოვდნენ მშობლები. უამრავი მეგობარი მყავდა და მყავს დღემდე. მამაჩემი მეუბნებოდა, ეს ცხოვრება საცერია, როცა გაიზრდები და ადამიანად ჩამოყალიბდები, ამ საცერს შეაქანებ, 2-3 ადამიანი დარჩება ზედაპირზე, დანარჩენი ჭუჭყს გაჰყვებაო.

- როდის შეაქანე ეს საცერი?

- ამას დღემდე ვაკეთებ. შემიძლია ადამიანს ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ არა ტყუილი. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, არასდროს არავის ზემოდან არ უყურო, არასდროს არავის დასცინოო. ამასვე ვასწავლი ჩემს შვილებს. ზედმეტი გათამამება არავის რგებს. 16-17 წლის გოგო-ბიჭები მანქანებით რომ დარბიან ქალაქში, გული მისკდება. ბავშვმა ბავშვობა უნდა გაიაროს. ლაღი ბავშვობა გვქონდა, არაფერი გვაკლდა მე და ჩემს ძმას, მაგრამ სანამ 25 წლის არ გავხდი, მამა საჭესთან არ გვსვამდა არც მე და არც მალხაზს. პირველი მანქანა სიმამრმა მაჩუქა. მამაჩემმა უთხრა, თავი მომჭერი, მანქანის პრობლემა კი არ გვქონდაო.

- მშობლებიდან ვის უფრო ჰგავხარ?

- ხასიათითაც და გარეგნულადაც მამას ვგავარ, დედა თეთრი იყო. ჩემს შვილებს ვეუბნები, თქვენ გადარჩით, მე რომ არ დამემსგავსეთ, თორემ ვერ გათხოვდებოდით-მეთქი (იცინის).

- პირველი ხელფასი...

- 18 წლის ვიყავი, როცა სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე ცენტროლიტის ქარხანაში, მემოდელე-ხარატად, მიწას ვტენიდით რკინით სხვადასხვა ყალიბში. მე-5 საამქროში ვმუშაობდი. 100 მანეთი მქონდა ხელფასი. მაშინ კუს ტბაზე ძალიან ცნობილი რესტორანი იყო და მეგობრები, უბნელები დავპატიჟე იქ პირველი ხელფასით. კიდევ დედას ვუყიდე ლამაზი შარფი, მამას - კუბოკრული პერანგი. ზოგადად ასეთი თვისება მაქვს, როცა სხვა ქვეყანაში მივდივარ, ახლობელი ადამიანებისთვის ჩამომაქვს საჩუქრები. მახსოვს, როცა მერიის კულტურის სამსახურის უფროსად დამნიშნეს 2000 წლის მაისში, ივლისში მომიხდა ათი დღით თურქეთში წასვლა. იქიდან დავრეკე და გავიგე რამდენი გოგო მუშაობდა აპარატში. ყველა მათგანს საჩუქრები ჩამოვუტანე. მახსოვს, ერთ-ერთ მაღაზიაში ვზივარ, წინ ეს საჩუქრები მიყრია და ვითვლი, რამდენი რა არის, რომ ზუსტად მეყოს. ამ დროს ერთ-ერთი ზექართველი შემოვიდა მაღაზიაში და თქვა, ერთი ამ ბარიგას უყურეთ, რა დღეშიაო. ძლივს "გადავყლაპე". ჩამოვედი, დავურიგე გოგონებს საჩუქრები და შოკში იყვნენ. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. არასდროს გამკვირვებია არც მდივანი, არც მანქანების მომსახურება. მე მყავდა მძღოლი, დომენტი ბიძიას ვეძახდი, რომელიც არასდროს მელოდებოდა. ყოველთვის ჩემთან ერთად იჯდა, ჰქონდა თავისი კუთხე, თავისი კომპიუტერი, თავისი სამუშაო მაგიდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან.

- რა თემებზე საუბრობდით შენ და დომენტი ბიძია?

- ყვველაფერზე, სულ მარიგებდა. ერთხელ მითხრა, გუშინ არ მოიქეცი კარგადო, "ვანოს შოუში" რაღაც მოვყევი ალა პუგაჩოვაზე და შევიგინე. სულ ვთხოვდი, კიდევ მირჩიე რამე-მეთქი.

- დათო, შენ მუშაობდი "მოქალაქეთა კავშირშიც"...

- ჰო, იქ გავიცანი ჩვენი პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანია და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკას ქმნიან. მერე ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში კობა იმედაშვილთან და ზაზა შენგელიასთან. იქიდან გადავედი მერიაში. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე ჩემი კანდიდატურა ზურაბ ჟვანიას ინტელიგენციამ შესთავაზა. წერილს ხელს აწერდნენ: სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე, ნანი ბრეგვაძე, ნუცა ჯანელიძე, მედეა ჩახავა. ყველაზე კარგად სწორედ ეს სამსახური მახსენდება. ჩემი მმართველობის პერიოდში თბილისში სამი თეატრი გაიხსნა. რუსთაველისა და ვაკის სარდაფები და გლდანში ბავშვთა თეატრი. იმ პერიოდში ყველა მუსიკალურ სკოლას რემონტი ჩაუტარდა, გადაეცა საჭირო ინვენტარი, ინსტრუმენტები. აღვადგინეთ ილია ჭავჭავაძის ორი მუზეუმი. ვამაყობ ამ ყველაფრით. შემდეგ დაიშალა ეს სამსახური, გადაკეთდა და გადავედი კულტურის სამინისტროში, ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსად.

- საიდანაც სკანდალურად წამოხვედი...

- რამდენიმე ჭორი არსებობს ამ ფაქტის შესახებ. თურმე ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში დავდიოდი და ვიხვეწებოდი, კულტურის მინისტრად დამნიშნეთ-მეთქი. ამის გამო მცემეს და საავადმყოფოში ვიწექი.

- მართლა გცემეს?

- ჰო, ეს ორი წლის წინ იყო, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამ ჭორის გამავრცელებლები მეცოდებიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ დათო ოქიტაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ვიღაცას რამეს სთხოვს. მეორე ჭორი, რომელიც გამივრცელეს, "რივერ დანსს" უკავშირდებოდა. ვითომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანე და სხვა ანსამბლი ჩამოვიყვანე საქართველოში. მაშინ კულტურის მინისტრი დავარწმუნე ჩემს სიმართლეში. არასდროს არავინ მომიტყუებია. ჩვენ ეს ღონისძიება ლაშა ონიანთან ერთად გავაკეთეთ და 80 ათასი ლარი დაჯდა, რომლითაც დღეს ფილარმონიაში კონცერტს ვერ ჩაატარებ. ვიღაცას არ აწყობდა ამ ფასად ასეთი ცნობილი ჯგუფის ჩამოყვანა საქართველოში, რადგან თვითონ უფრო ძვირად ჩამოჰყავდა. ამ ფაქტის გამო ერთ-ერთმა ტელევიზიამ კულტურის სამინისტრო გალანძღა. მე დავწერე განცხადება და დავტოვე კაბინეტი. ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა, არაერთხელ დამიწყია ცხოვრება ნულიდან.

- დღეს რას აკეთებ?

- დღეს ვარ საქართველოს ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი. ეს არის პროფკავშირული გაერთიანება, სადაც დაახლოებით თხუთმეტი ათასი ადამიანია ჩართული. ახლა სადაც ვიმყოფები, ეს არის "გოლდენ ტალანტის" ოფისი, რომელიც ატარებს ფესტივალს ბათუმში 7-დან 10 სექტემბრამდე. მე ვარ ამ ფესტივალის პრეზიდენტი. ეს არის ჩემი მეორე სამსახური.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- ჩემი მეუღლე ირინა დოლიძე ჩემი მამიდაშვილის დაქალი იყო. მაშინ შეყვარებული მყავდა და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე, ჩემი შეყვარებული და ირინა ერთად დავდიოდით კინოში. მერე შეყვარებულს დავშორდი. ირინაში რაც ყველაზე მეტად მომწონდა, მისი თავმდაბლობა და ადამიანურობა იყო. მივხვდი, რომ ირინასნაირი ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე. როცა სიყვარულში გამოვუტყდი, შეიცხადა, ჩვენ მეგობრები ვართ და ძმასავით გიყურებ, აღარ დამირეკოო. მერე კონცერტზე დავპატიჟე, შევთავაზე სახლში გაგაცილებ-მეთქი, უარი არ უთქვამს. მაშინ დაიწყო ჩვენ შორის რომანი.

- შენგან ყველაზე დიდი სიურპრიზის შესახებ რომ ვკითხო ირინას, შენი აზრით, რას გაიხსენებს?

- სიყვარულის დღეს ბუშტი ვაჩუქე, რომელშიც ვარდი იყო. ამას წინათ ბათუმში ვიყავი. ჩვენი შეუღლების დღე იყო. იქიდან დავრეკე ერთ-ერთ შესაბამის კომპანიაში და ირინას ვარდები გავუგზავნე. გაგიჟებულა, დათომ როგორ გამომიგზავნა, თბილისში არ არისო. ალბათ ეს ორი სიურპრიზი გაახსენდება. ჩვენ გვიჩხუბია კიდეც, გვიკამათია, მაგრამ ის, რომ ირინას სახლის კარი გაეხუროს და წასულიყოს, არ მომხდარა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ასეთი თანამგზავრი შემხვდა. რთულია ჩემი გაძლება, მძიმე ხასიათი მაქვს.

- მართლა?

- ჰო, როცა ირინა ხედავს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ბავშვებს ეუბნება, ნუ გაეკარებით, გიჟი მოვიდაო (იცინის). ბევრჯერ გულიც მიტკენია, დაუმსახურებლად შეურაცხყოფაც მიმიყენებია, მაგრამ ის ხვდება, რომ ამას გულით არ ვაკეთებ. ბედნიერი ვარ, რომ ირინა ჩემი შვილების დედაა.

- თავად რა გამოცდილება გაუზიარე შვილებს?

- მეგობრობა ვასწავლე. ის, რომ თავში არასდროს არაფერი არ უნდა აუვარდეთ, ადამიანების მიმართ უნდა იყვნენ გულკეთილები. ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი მეგობრობს ჩემი სიდედრის, ანუ ბებიამისის მეზობელ თავის თანატოლ გოგონასთან, რომელსაც ძალიან უჭირს და ყოველ პარასკევს თათა ტანსაცმელს ან ტკბილეულს ჩუქნის. ხშირად ერთად დადიან კინოში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილები თავის წილ ქველმოქმედებას ეწევიან.

- შეცდომებზე რას მეტყვი, რას ნანობ ხშირად?

- ბევრი შეცდომა დავუშვი, მიმნდობი ადამიანი ვარ. თუნდაც კულტურის სამინისტროდან წამოსვლის ამბავი გავიხსენოთ. ვენდე ადამიანებს და როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ბევრი დაიმალა. მე ამ ადამიანებს დღეს არ დავასახელებ. გავა დრო და ყველა ყველაფერს მიხვდება. არაფერს ვნანობ. მუდმივი არაფერია, საიდანაც წამოხვალ, უკან აღარ უნდა დაბრუნდე. ჩემზე ბევრი ბინძური ჭორი მსმენია, მაგრამ ამ დროს სოფიკო ჭიაურელის სიტყვები მახსენდება, ერთხელ რომ დამამშვიდა: - "როცა ადამიანზე ჭორაობენ, ის აინტერესებთ, თუ აღარაფერს იტყვიან, მაშინ უნდა ინერვიულოო".

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება