"ჩვეულებრივ ასე არ გამოვიყურები, როგორც ჩემს ახალ ფილმში - "პასტორი": მე სტანდარტული სხეული მაქვს, ამიტომაც მომიწია სპორტულ დარბაზში შევლა", - ამბობს მსახიობი პოლ ბეტანი, რომელიც სულ ახლახან გამოსული სკოტ სტიუარტის ტრილერით წარდგა მაყურებლის წინაშე. "პასტორი" კორეული კომიქსის მინ-ვუ ხუნგის მიხედვით არის აგებული.
"თუ ვინმეს ვაწყენინე ამ ფილმით, მაპატიონ!"
- რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ ფილმის მიმართ მორწმუნეებს?
- უკვე რამდენჯერმე მომიხდა ასეთ საკამათო ფილმებში მონაწილეობა, რომლებსაც, მიუხედავად ჟურნალისტების წინასწარმეტყველებისა, არ გამოუწვევიათ პოლემიკა. "და ვინჩის კოდმაც" კი კარგად ჩაიარა. როცა კი მოვხვედრილვარ კათოლიკურ ქვეყნებში, ყველგან კარგად შემხვედრიან, რეცენზიებიც კარგი ყოფილა და წარმოიდგინეთ, მთელი ესპანეთი, ძალიან კათოლიკური ქვეყანა, ფეხით მომივლია და არავის არაფერი უთქვამს. იმ მოგზაურობაში უილიამ დეფო მახლდა, რომელმაც ძალიან სარისკო როლი შეასრულა - მარიამ მაგდალინელთან წევს, თუმცა ესპანელები მასზე გიჟდებიან.
- საიდუმლო არ არის, რომ თქვენ ათეისტი ხართ...
- ათეისტი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა რაღაც შემოქმედებითი ძალის სამყაროში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის აცნობიერებს ჩვენს არსებობას, ამიტომ ასე ვთქვათ, ღმერთის არ მწამს, თუმცა სამყაროში რაღაც შემოქმედი ძალა მაინც არსებობს და ამის მოხარული ვარ.
- ფილმში ბევრი ჯვარია, რომელთა მეშვეობითაც თქვენი პერსონაჟი ვამპირებს უმკლავდება. ისე ჩანს, თითქოს ეს უბრალოდ ჯვარი კი არა, ერთგვარი საბრძოლო იარაღიც არის?
- რასაკვირველია, ასეთი სცენებიც გვაქვს. მაგრამ, მაგალითად, "დრაკულაში" სხვა ჯვრებია და იმით გულებს უხლეჩენ, თუმცა არავის გასჩენია ამასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა. არა მგონია, ვინმეს ჩემი ჯვრით ბრძოლის გამო თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო, მაგრამ თუ ასეა, მაპატიოს!
"არასდროს ვყოფილვარ ლაჩარი"
- რა უნარ-ჩვევები შეიძინეთ სპეციალურ სასწავლო ბანაკში, როდესაც ამ ფილმისთვის ემზადებოდით?
- რვა თვე ვვარჯიშობდი, სანამ ფილმის გადაღებებს დავიწყებდით. ჩვეულებრივ ასე არ გამოვიყურები, როგორც ამ სურათში ვჩანვარ. საკმაოდ ბევრს ვვარჯიშობდი. რაკი მზად იყვნენ ჩემთვის კარგად გადაეხადათ იმისთვის, რომ ბოევიკის გმირის გარეგნობა მქონოდა, ვიფიქრე, რომ ღირდა სპორტულ დარბაზში შევლა. ასეც გავაკეთე! მერე კი ბაგირზე აკრობატიკით ვიყავი დაკავებული, სავსებით ცხადია, რომ ამ უნარ-ჩვევებს ნორმალურ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ გამოვიყენებ.
- ეს არ გეხმარებათ იმაში, რომ თავი უფრო დაცულად და ძლიერად იგრძნოთ, მაგალითად, შეძლებთ ქუჩაში ყაჩაღების მოგერიებას?
- არასდროს ვყოფილვარ ლაჩარი, მაგრამ ახლა ვცდილობ, კონფლიქტებს მოვერიდო. ახალგაზრდობაში ამის გამო ბევრი პრობლემა შემექმნა.
- ხშირად თამაშობთ გულცივ ადამიანს - მართლა ასეთი ხართ ცხოვრებაში თუ უბრალოდ ტიპაჟებს ქმნით?
- არ ვიცი. არა მგონია, ჩემი გმირები ცივსისხლიანები იყვნენ. "და ვინჩის კოდში" და "პასტორში" ცოტა გულცივი ვარ, მაგრამ "უიმბლდონში" არ უნდა ვიყო ასეთი. მომწონს სხვადასხვაგვარი როლები და ჩემი კი არა, სხვათა გადასაწყვეტია, მოვახერხე თუ არა ისეთი ადამიანის სახის შექმნა, რომელიც თავის ცხოვრებაში მომხდარი ამბების კვალდაკვალ იცვლება. არასდროს ყოფილა ჩემთვის საინტერესო საკუთარი თავის განსახიერება, ან ერთ ამპლუაში მუშაობა. როცა ამბობენ: "ო, ვგიჟდები მასზე! მოდით, მოვიწვიოთ, ის ხომ ასეთია!" ეს სრულიად არ მაინტერესებს. ჩემთვის საინტერესოა გარდასახვა - არ ვამბობ, რომ ეს გამომდის, მაგრამ მე ეს მაინტერესებს.
- მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?
- მალე შვილი გამიჩნდება. რასაკვირველია, მე კი არა, ჩემს ცოლს (მსახიობ ჯენიფერ კონელის, რომელიც პოლ ბეტანის მეუღლეა და მას უკვე ორი შვილი გაუჩინა. სხვათა შორის, ჯენიფერ კონელი ის პატარა გოგონაა, რომელიც რობერტ დე ნიროს შეყვარებულს თამაშობს ფილმში "ერთხელ ამერიკაში" - მთარგმ.), ამიტომაც, ამ ზაფხულს არ ვიმუშავებ. ჩემი ფილმი ამ შემოდგომაზე გამოდის მსოფლიო კინოეკრანებზე, შესაბამისად, მის სარეკლამო კამპანიაში ჩავერთვები, სხვა გეგმები კი ჯერ არ ვიცი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)