მარგო ლუჩკოსა და ირაკლი ჭყოიძის ცოლქმრული ურთიერთობა ხუთ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ირაკლიმ მოახერხა ის, რომ მარგოს ქართული ლანძღვა-გინებას აღარ ჰგავს და ყველა კითხვაზე ქართულად პასუხობს. წყვილს ორი წლის ნიკოლოზი ჰყავს. ის ძალიან ჰგავს მარგოს. ირაკლი ხუმრობს, ბავშვი ხასიათით დედას ჰგავს და გარეგნობით ზედგამოჭრილი მამააო. წყვილს ჩვენეული "გამოცდა" მოვუწყვეთ და რედაქციაში ცალ-ცალკე "დავკითხეთ".
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
მარგო:
- 2006 წელს, "I სტერეოში" გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი პაემანი იყო 5 აგვისტოს.
ირაკლი:
- 2004 წელს, "I სტერეოს" ოფისში გავიცანით ერთმანეთი.
- რა ეცვა, როცა პირველად ნახე? შენ როგორ გამოიყურებოდი?
მარგო:
- თეთრი შარვალი ეცვა და შავი მაისური წარწერით - "კოკაინი". მე ჯინსი და გრძელი ცისფერი მაისური მეცვა.
ირაკლი:
- ჯინსი ეცვა და ცისფერი მაისური. მე - თეთრი შარვალი და შავი მაისური.
- ქორწინების თარიღი...
მარგო:
- ორი თარიღი გვაქვს. პირველი იყო თურქეთში გემზე, რომანტიკულ გარემოში, არაოფიციალურად, 2007 წლის 7 ივლისს. და მეორე თბილისში, 2007 წლის 11 ნოემბერს ოფიციალურად. ქორწილი ჯერ არ გვქონია. ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს 11 ნოემბერს ხელის მოწერის დღეს გადავიხადოთ ქართული, ჯიგრული ტრადიციული ქორწილი, თავისი ყანწებითა და ყველა ტრადიციული ატრიბუტიკით.
ირაკლი:
- ორი თარიღი გვაქვს. 2007 წლის 7 ივლისს, ანტალიაში, რომანტიკულ გარემოში, გემზე აღვნიშნეთ ჩვენი ერთად ყოფნა. 2008 წლის 11 ნოემბერს ხელი მოვაწერეთ.
- ეჭვიანია? შენ?
მარგო:
- არ არის ირაკლი ეჭვიანი. ეტყობა მენდობა, არასდროს მეკითხება, სად მივდივარ, როდის მოვალ. მეც ვენდობი, მაგრამ საშინლად ეჭვიანი ვარ. მგონი, უკვე კარგი ექიმი მჭირდება, რომ დამეხმაროს (იცინის). სადმე რომ მიდის იწყება, ვინ იქნება იქ, როდის მოხვალ, ხომ არ დააგვიანებ. მერე ჩემს თავზე თვითონვე ვბრაზდები, მივდივარ და ვეუბნები, მაპატიე, ირაკლი, ზედმეტი მომივიდა-მეთქი. ავადმყოფი ხარო, მეუბნება. როცა სახლშია, არ ვნერვიულობ, თეთრი, საყვარელი კატა ვხდები.
- ე.ი. სასწრაფოდ უნდა დაანებოს ირაკლიმ სამსახურს თავი?
- აბა კი! ნახევარი საქართველო უმუშევარია. ახლა სამსახურის დაკარგვა იქნება?! იმდენი რამ გვჭირდება...
ირაკლი:
- ძალიან ეჭვიანია. სიამოვნებით ჩაძვრება ჩემს მობილურში. დღის განმავლობაში უამრავჯერ მირეკავს.
- შემაწუხებლად რეკავს თუ ასატანად?
- (იცინის) ასატანად. ყოველი ჩემი პასუხის, ინტონაციის მიხედვით ხვდება, შემდეგი ზარი რამდენ წუთში ან საათში უნდა განახორციელოს. მე პრაქტიკულად არ ვარ ეჭვიანი.
- ქათინაურებს ხშირად ეუბნებით ერთმანეთს?
მარგო:
- როცა გავიპრანჭები და სადმე მივდივარ, მეუბნება - შე მახინჯო, რა ლამაზი ხარო. ეს საუკეთესო კომპლიმენტია მისგან. მის იმიჯზე მე ვზრუნავ, მომწონს, როცა ფორმაშია. ამ დროს ვეუბნები, "ხოხ, ბატონო ირაკლი, რა ხართ, რა ხართ" (იცინის).
ირაკლი:
- ჩვენ ძირითადად რუსულად ვურთიერთობთ, ამიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის არის "ჩუდა", ანუ საოცრება.
- რატომ ლაპარაკობთ რუსულად, მარგო უკვე მშვენივრად მეტყველებს ქართულად...
- ჰო, მაგრამ, თავიდან მისი ქართული უფრო ლანძღვა-გინებას ჰგავდა (იცინის). ახლა ნელ-ნელა გადავდივართ ქართულზე. სხვათა შორის, ხშირად ვანებივრებ კომპლიმენტებით. თუ არ მაბრაზებს, გულუხვი ვარ. მარგოც არ არის ძუნწი ამ მხრივ.
- შენამდე რამდენჯერ ჰყვარებია? შენ?
მარგო:
- არც ერთხელ. მე ვარ მისი ერთადერთი, ყველაზე გემრიელი, საყვარელი და განუმეორებელი სიყვარული. არც მე მყვარებია ირაკლიმდე სერიოზულად. მანამდე იყო პატარა სიყვარულჩიკები, რომელიც მოდიოდა, მიდიოდა და მავიწყდებოდა.
ირაკლი:
- წარმოდგენა არ მაქვს. არც მიკითხავს. მე, ალბათ, არ მყვარებია მანამ, სანამ მარგოს შევხვდებოდი.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
მარგო:
- ახლა რომ მოვდიოდით შენთან, ისე საყვარლად ვჩხუბობდით, მერე ვიცინოდით ერთმანეთზე. მე შვიდთვიანი ვარ. ყველაფერი უცბად, სწრაფად მინდა. ახლა რაღაც სატელევიზიო პროექტს ვაკეთებ, ირაკლი მეხმარება. ერთ-ერთი ოპერატორი მიდის დასასვენებლად, ამიტომ ირაკლის ვუთხარი, სანამ წავა, მოვასწროთ და ყველაფერი გადავიღოთ-მეთქი. თან ამას მშვიდად კი არ ვამბობ, ავტომატივით მივაყრი. ბოლოს ორივემ ერთმანეთზე ვიცინეთ.
ირაკლი:
- არც ისე დიდი ხნის წინ. რომ მოვდიოდით, მაშინ ვკამათობდით. მე მიყვარს ყველაფრის ნელ-ნელა და საფუძვლიანად გაკეთება. მარგო სულსწრაფია და უნდა ყველაფერი მაშინვე, სწრაფად. ახლა ვაპირებთ მარგოს ახალი გადაცემის "პილოტის" გადაღებას, რომელიც დაეთმობა კლუბურ და ღამის ცხოვრებას. მოხდა ისე, რომ ვინც უნდა გააკეთოს "პილოტის" მონტაჟი, დასასვენებლად თურქეთში მიდის. მარგოს არ უნდა მის ჩამოსვლას დაელოდოს და უნდა ორ დღეში მოვასწროთ გადაღებაც, დამონტაჟებაც და თან უნდა გამოვიდეს იდეალური. სწორედ ამაზე ვიჩხუბეთ. ის მეუბნებოდა ზარმაცი ხარო, მე ვეუბნებოდი სულსწრაფი ხარ-მეთქი.
- რას გსაყვედურობს? შენ მას?
მარგო:
- იმას, რომ ცოტა უყურადღებო ვარ. მაგალითად, მავიწყდება მისი ტანსაცმლის მოწესრიგება. შეგნებულად არა, უბრალოდ იმდენი საქმეა სახლში, ხან ნიკოლოზი არ მაცლის არაფრის გაკეთებას... ირაკლის უყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია და როცა არ ხვდება დაუთოებული პერანგი, კი არ ჩხუბობს, უბრალოდ ამბობს, - კაი, წავალ ასე და ყველა იტყვის, ნახეთ, მარგოს ქმარი რას ჰგავსო. მე ვსაყვედურობ მაშინ, როცა ტელეფონზე არ მპასუხობს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ არის თათბირზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მაგრამ სანამ გავიგებ... ვბრაზობ, როცა აგვიანებს სახლში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოაქვს საჩუქარი, შოკოლადები, შოკოლადის ტორტი, რომ მარგო მოთაფლოს. ახლა ვფიქრობ, ოქროულობა ხომ არ მოვითხოვო დაგვიანების დასავიწყებლად, იქნებ აღარ დააგვიანოს (იცინის).
ირაკლი:
- იმას, რომ სახლში იშვიათად ვარ, ან იმას, რომ გვიან მოვდივარ. მე არ ვიცი საყვედურები. მართლა არაფერი მახსენდება. სულსწრაფობაზე უკვე ვილაპარაკე და მეტი მართლა არაფერი მაქვს სასაყვედურო.
- რისი გაკეთება ეზარება საოჯახო საქმეებიდან? შენ?
მარგო:
- ტანსაცმლის დალაგება მეზარება, განსაკუთრებით ჩემი გარდერობის. ყველაზე მეტად სადილის მომზადება მიყვარს. ირაკლი არ მეხმარება, თუ არ ვთხოვ. თხოვნას რაც შეეხება, ძირითადად ბავშვის გასეირნებას ვთხოვ ხოლმე, სხვა საქმის გაკეთება რომ შევძლო იმ დროს.
ირაკლი:
- არაფრის. როგორი შვიდთვიანიც არის ლაპარაკში, ისეთივეა საქმეში. ყველაფერს სწრაფად აკეთებს. თუმცა ჭურჭლის დარეცხვა არ უნდა უყვარდეს, ჩემი აზრით.
- შენ რაში ეხმარები?
- არაფერში.
- სურვილი არ გაქვს, თუ დრო?
- (იცინის) კარგი შეკითხვაა, ალბათ სურვილი.
- მისი გარდერობი ყოველთვის მოწესრიგებულია? შენი?
მარგო:
- ირაკლის გარდერობი მოწესრიგებულია, მეტი გზა არ მაქვს, იძულების წესით ვალაგებ. ჩემს გარდერობში ქაოსია. ჩემ მეტი იქ ვერავინ ვერაფერს იპოვის.
ირაკლი:
- არა, სადმე რომ მიდის, ხომ ფიქრობს რა უნდა ჩაიცვას. ეს არ არის უბრალოდ დგომა და ფიქრი. ეს არის ფიქრი მოქმედებებით. დგას სარკის წინ და გაუთავებლად იცვლის. მერე აღმოაჩენს, რომ აგვიანდება, მოაგროვებს ყველაფერს ერთად და შეყრის გარდერობში. ჩემი გარდერობი ყოველთვის წესრიგშია. მარგო აწესრიგებს, იცის, რომ არ მიყვარს არეულობა გარდერობში. თან, მისგან განსხვავებით, მე არ ვურევ.
- რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?
მარგო:
- "ბამბუჩა" ეს ორივეს მეტსახელია.
ირაკლი:
- "ბამბუჩა".
- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი? შენ?
მარგო:
- მარცხნივ გადაბრუნებულს სძინავს. ბავშვის საწოლი მარჯვნივ დგას და მე მარჯვნივ გადაბრუნებული ვიძინებ.
ირაკლი:
- მე მარცხნივ გადაბრუნებული ვიძინებ, მარგო - მარჯვნივ.
- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
მარგო:
- არ ვიცი, არა მგონია დაემთხვეს. ძალიან მაინტერესებს.
ირაკლი:
- არ მგონია დაემთხვეს და ეს ტრაგედია სულაც არ იქნება. უფრო მეტი საინტერესო დღე გველოდება წინ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)