ქართველმა რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ საკუთარი ფილმი "უშენოდ მგონი მოვკვდები" მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა. ფილმის პრეზენტაციისას პრესკონფერენციაზე რეჟისორმა განაცხადა, რომ ადამიანმა ყოველდღე ისე უნდა იცხოვროს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს.
ფილმი "უშენოდ მგონი მოვკვდები" აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების" მიხედვითაა გადაღებული. "ფილმი სიყვარულზე, მეგობრობაზე და ბედისწერაზეა. ყოველი დღე ჩვენთვის შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ალბათ, საჭიროა დაფიქრება, თუ როგორ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ ისე, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს" - განაცხადა ლევან თუთბერიძემ.
რეჟისორის აზრით, მთავარ გმირებს - ყაჩაღსა და სიცოცხლის მოყვარულ მწერალს - რაღაც საერთო აქვთ და ეს ამბიციაა. "მათ ორივეს სურთ ისეთი რამის გაკეთება, რაც შეუძლებელია", - აღნიშნავს რეჟისორი.
"უშენოდ მგონი მოვკვდები" ლევან თუთბერიძის მესამე ფილმია.
მოსკოვის საერთაშორისო 33-ე კინოფესტივალი 23 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში 17 სურათი შევიდა. მათ შორის თუთბერიძის "უშენოდ მგონი მოვკვდები".