23 ივლისს 30 წელი შესრულდა, რაც ციცი ფალავანდიშვილი "გეპეის" კაპელას დირიჟორობს. ამ დღის აღსანიშნავად ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში კაპელის ახალი თაობის კონცერტი გაიმართა. ჩვენ ქალბატონ ციცის კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრეთ და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ... ნაზი, ქალური, გულჩვილი, პატარა, დიდი... ყველა ეს ეპითეტი ქალბატონ ციცის ესადაგება. ამაში ჩვენი ინტერვიუს გაცნობის შემდეგ თავად დარწმუნდებით.
- სიყვარულით სავსე გარემოში გავიზარდე. ჩემი მშობლები 46 წლის განმავლობაში ისე ცხოვრობდნენ, რომ 46 წამიც კი არ ყოფილან უერთმანეთოდ. საკმაოდ განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან. მამა იყო თბილი, რბილი, ხმამაღალ სიტყვას არ იტყოდა. დედა ძალიან აქტიური იყო, მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე. დღესაც მეშინია დედაჩემის. ოჯახში გვქონდა ჩვენი კანონები, კრიტერიუმები, რა შეიძლებოდა, რა არ შეიძლებოდა, რა გვეკადრებოდა და რა - არა. სულ იმას მსაყვედურობდა დედა, რომ ვერ გავიზარდე, მაშინაც კი, როცა გათხოვილი ვიყავი და შვილები მყავდა. მუდმივად მაკონტროლებდა, სად მივდიოდი, ვისთან ერთად მივდიოდი, რამდენ ხანში მოვიდოდი. ერჩივნა ჩემთან მოსულიყვნენ მეგობრები, ვიდრე მე წავსულიყავი მათთან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არსად არ მიშვებდნენ.
როცა სადმე მივდიოდი, დედა და მამა სეირნობდნენ, მერე მხვდებოდნენ და მოვყავდი სახლში. ყოფილა შემთხვევები, გათხოვების მერეც, რომ უამინდობის დროს ქოლგით დამხვედრია დედა გაჩერებაზე. ერთხელ ოცი წუთით დამაგვიანდა და მთელი ქალაქი შეძრა დედაჩემმა, სახანძროში, სასწრაფოში, საავადმყოფოებში, ყველგან რეკავდა თურმე. მაშინ ვბრაზდებოდი, ვსაყვედურობდი კიდეც, პატარა ხომ არ ვარ-მეთქი, მაგრამ ახლა პატიება მინდა ვთხოვო ამ საყვედურებისთვის. როცა დედა გარდაიცვალა და ჩემი ტელეფონი დადუმდა, არავინ მომიკითხა, კინაღამ გავგიჟდი. როგორც კრუხი წიწილებს, ისე გვყავდა გადაფარებული დედა და მამა მე და ჩემს ძმას. ისე მოახერხეს, რომ გათხოვების შემდეგაც მათ სადარბაზოში დავიდე ბინა, რომ ახლოს ყოფილიყვნენ ჩემთან.
სულ ეგონათ, რომ მარტო ვერაფერს გავაკეთებდი. ახლა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე, ამავე სადარბაზოში ჩემი ძმა და რძალი ცხოვრობენ. პირველი დარტყმა და ტრაგედია 45 წლის ასაკში მივიღე, როცა ჯერ დედა გარდაიცვალა და ხუთი წლის შემდეგ მამა. ვნახე იმის მაგალითი, როგორ შეუძლია უერთგულოს ქვრივმა მამაკაცმა გარდაცვლილ მეუღლეს. ხუთი წლის განმავლობაში ერთი დღე არ გამოუტოვებია მამას, დედაჩემის საფლავზე რომ არ ასულიყო ყვავილებით. ეს მისთვის სამსახურივით იყო. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრეც დედას საფლავზე იყო მამაჩემი. როცა გავიგე, ძალიან ვინერვიულე, ვუსაყვედურე კიდეც. სალაპარაკო მქონდაო, მითხრა. მშვიდად წავიდნენ ჩემი მშობლები ამ ქვეყნიდან, ისე, რომ არავინ შეუწუხებიათ. ფაქტობრივად, მათი მოვლაც კი არ დამჭირვებია. დედამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ამის გამო დღემდე ვერ ვუყურებ მძინარე ადამიანს. დედის გარდაცვალებიდან მალევე მამას სიმსივნე აღმოაჩნდა. აქეთ გვამხნევებდა. ბოლოს გვეუბნებოდა, მე დედასთან წავალ და თქვენ მშვიდად იყავითო. არც ერთს "ვაი" არ უთქვამს, მშვიდად დატოვეს აქაურობა.
- მშობლების პროფესიებზე რას გვეტყვით?
- ჩემი პროფესია მამასგან გამომდინარეობს. მამა სოსო (არჩილ) ფალავანდიშვილი დირიჟორი გახლდათ, პარალელურად მუსიკას ასწავლიდა სკოლაში. დედაჩემი, თამარ რევაზიშვილი, პროფესიით ეკონომისტი იყო და ისიც პარალელურად მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ყველა ვმღეროდით. არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდათ ჩემს მშობლებს. ერთმანეთს ხოცავდნენ ნარდის თამაშის დროს, გაუთენებიათ ნარდის თამაშში. როცა პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, ქალები კაცებს ვეთამაშებოდით.
- თქვენ ვის ჰგავხართ?
- დედას ვერ ვგავარ. მის სიტყვას წონა ჰქონდა. მე ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ. დედა რომ იტყოდა, რვა კაცი მის ნათქვამზე დადიოდა ოჯახში. თუმცა მამაკაცს თავისი ადგილი ჰქონდა, მის სიტყვას დედა ვერ გადავიდოდა და ჩემი ძმა რომ იტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე სამი წლით უფროსი ვარ მასზე, უთქმელად ვეთანხმებოდი. მე და ჩემი ძმა ტყუპივით გავიზარდეთ. თუ სადმე უნდა წავსულიყავი, მამუკას ვუთანხმებდი. დედაც და მამაც ამბობდნენ, კაცია და შესაბამისად, დიდიაო. სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში მშობლები ვაფუჭებთ ბიჭებს. პატარააო და ვათამამებთ. კაცი რომ არის, პატარაობიდანვე უნდა იგრძნოს ბავშვმა. ქალს ყოველთვის უნდა მოუაროს, რა ასაკისაც უნდა იყოს. თუ პატარაობიდანვე ვერ მიხვდება, რომ სკამი დაუთმოს, კარი გაუღოს, წინ გაატაროს, დიდობაში ვეღარ ისწავლის.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- ცელქი ვიყავი, მაგრამ ჩემ გამო მშობლებს სკოლაში არ იბარებდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამა ისედაც სულ სკოლაში იყო, ჩემს სკოლაში ასწავლიდა მუსიკას. მე და მამა ერთად ვუმალავდით დედას, როცა შატალოზე მივდიოდი. მასწავლებლობის შვილობით ნამდვილად არ ვსარგებლობდი. მამა ამბობდა, ჩემთვის ნიშანს მნიშვნელობა არ აქვს, მე მინდა, ჩემი შვილები განათლებულები იყვნენო. 10 წლამდე თვითონ გვიკითხავდა წიგნებს, მერე გვაკითხებდა და ასე ნელ-ნელა შეგვაყვარა წიგნი და კითხვა. რომ გითხრათ, სკოლაში გადასარევად ვსწავლობდი-მეთქი, მოგატყუებთ. საშუალო დონის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ჰუმანიტარულ საგნებს კარგად ვსწავლობდი. წარმატებით დავამთავრე მუსიკალური სკოლაც.
ჩემს მშობლებს ვეუბნებოდი, არ შეგარცხვენთ-მეთქი. მერე ჩავაბარე მეორე სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და ერთი გამოცდით მოვეწყვე კონსერვატორიაში. იმ პერიოდში ჩემ გარშემო აბიტურიენტები მანქანებით მიჰყავდათ და მოჰყავდათ გამოცდებზე. ჩვენს ოჯახს მართლა არ ულხინდა ამ მხრივ. ჩემი მშობლები ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდნენ. ამის მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ფულზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება. დავდიოდით საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მისაღებ გამოცდებზეც. მახსოვს, ძალიან დიდი კონკურსი იყო და როცა გამოაცხადეს, რომ ხუთიანი მივიღე, დედა სიხარულს ვერ მალავდა. შინ რომ ვბრუნდებოდით, გაიძახოდა, რატომ არავინ მეკითხება, რა ნიშანი მიიღეო (იღიმის).
- პირველი ხელფასი...
- 14 წლიდან ჩემი ხელფასი მქონდა. როგორც გითხარით, მამა დირიჟორი იყო, მე კონცერტმაისტერად ვმუშაობდი მასთან. 70 მანეთი მქონდა ყოველთვიური შემოსავალი, რომელსაც ოჯახის ყულაბაში ვდებდი. ჩვენ ყველანი ამ ყულაბაში ვაგროვებდით დანაზოგს და მერე ვისაც სჭირდებოდა, ის იყენებდა.
- თქვენს სტუმართმოყვარეობაზე ლეგენდები დადის, კულინარიული გამოცდილება ვისგან მიიღეთ?
- (იცინის) ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ 45 წლამდე ჩაის ადუღების მეტი არაფერი ვიცოდი. ძალიან მიფრთხილდებოდნენ და იმიტომ. დედა რომ გარდაიცვალა, ცალკე მას ვტიროდი და ცალკე ჩემი ოჯახის წევრებს, დაიხოცებიან მშივრები-მეთქი. კიდევ კარგი, ძალიან მომთხოვნი მეუღლე არ მყავს. დედის შემდეგ ეს საქმე მამამ გადაიბარა. მეც ვეხმარებოდი. სხვათა შორის, დედას რომ საყვედურობდნენ, შვილს რატომ არ ასწავლი კერძების მომზადებასო, პასუხობდა, მაგას იმდენი აქვს ნანახი, ბევრი წვალება არ დასჭირდება, ადვილად აითვისებსო. მართლაც, ადვილად ავუღე ალღო, მთლად დედას მსგავსად არა, მაგრამ ამბობენ, რომ გემრიელი კერძები გამომდის.
- მე ვიცი, რომ უკრაინელი სტუმრებიც არაერთგზის გაგიოცებიათ ქართული სამზარეულოთი...
- (იღიმის) ნამდვილად ვცდილობდი.
- სასიყვარულო გამოცდილებისთვის ფონი, როგორც მივხვდი, თქვენი მშობლების სიყვარულმა შექმნა. საკუთარი გამოცდილება ამ მხრივ რა ასაკში მიიღეთ?
- როგორც გითხრით, მუდმივად მაკონტროლებდნენ მშობლები. ათი დღით დამტოვეს მარტო და დრო ვიხელთე (იცინის). იმერეთში წავიდნენ და მთელ თბილისს ჩააბარეს ჩემი თავი. სწორედ ამ დღეებში გავიცანით მე და გიამ ერთმანეთი. მშობლები რომ დაბრუნდნენ დასავლეთიდან, მამას გავუმხილე ჩემი გრძნობების შესახებ. ყველაფერი ტრადიციების სრული დაცვით მოხდა. გია იყო და დღემდე არის ძალიან სიმპათიური, ძალიან ნიჭიერი. პროფესიით კონსტრუქტორია, მაგრამ ავამღერე (იცინის). თავიდან ყველა ამას მეკითხებოდა, - მღერის? - ჯერ არა, მაგრამ მალე ავამღერებ-მეთქი, ვპასუხობდი. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს დედამთილ-მამამთილთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ჯერ დედამთილისთვის შენობით არ მიმიმართავს. ეს პატივისცემის "თქვენობაა".
- როგორ უნდა კვებო სიყვარული, რომ უსასრულო იყოს?
- ამის რეცეპტი არ არსებობს. ერთს გეტყვით მხოლოდ, ბოლომდე არასდროს არ უნდა გაიხსნა, შენი საიდუმლო ყოველთვის უნდა გქონდეს და როგორც კი რაღაც გამოილევა, ის უნდა გახსნა. წაკითხული წიგნი მაგარი თუ არ არის, ორჯერ და სამჯერ არ წაიკითხავ. და კიდევ ერთი, არასდროს არ უნდა ჩაერიო მის პროფესიაში, მის პირადში. არ უნდა უკირკიტო, სად წავიდა, რატომ წავიდა, ვისთან ერთად წავიდა. თუ მოტყუება უნდა, მეტ საბაბს აძლევ იმისთვის, რომ მოგატყუოს. ძალით ძაღლს ვერ დააბამ სახლში და... ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა. ხშირად სვამენ კითხვას, ღალატის პატიება შეგიძლია? იცით რა, მე არაფრის მპატიებელი არ ვარ. უფალმა უნდა აპატიოს ყველას. არც ბოდიში მიყვარს. მირჩევნია, საქციელით მაგრძნობინოს, რომ დამნაშავეა, ვიდრე ბოდიში სიტყვით მომიხადოს.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, რა არის მთავარი მოთხოვნა, აკრძალვა?
- ძალიან გვიან მივხვდი, რომ დედა ვიყავი, ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. ისეთი მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მაქვს დღემდე შვილებთან, რამეს ისე რომ არ გავაკეთებდი, ბებოს ვეტყვიო, მემუქრებოდნენ ხუმრობით. ასე რომ, შვილებთან მოთხოვნებისა და აკრძალვების დონეზე არ ვურთიერთობ.
- მაგრამ ყველაზე მეტად რა გატკენთ გულს?
- დაუმსახურებელი საყვედური. მაგალითად, ნინი თუ რამეს დააშავებს, გიგი მსაყვედურობს, აი, შენი გაზრდილი შვილიო და პირიქით. გიგის დანაშაულზე ნინი მსაყვედურობს... გია უფრო ლოიალურია შვილებთან, ვიდრე მე.
- შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვსო, მითხარით, ქალაქში ამბობენ, რომ გიგის უკრაინელი შეყვარებული ჰყავს. რა იცით ამის შესახებ?
- ახალი ჩამოსული ვარ კიევიდან. მისვლა-მოსვლაც გვაქვს უკვე. არაჩვეულებრივი გოგონაა. რომ გითხრათ, უცხოელ რძალზე ვოცნებობდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სადაური იქნება. ეს გიგის პირველი შეყვარებული არ არის. მე ყველა მის რჩეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა და დღემდე მაქვს. ეგოისტი უნდა ვიყო, რომ არ მიყვარდეს ის ადამიანი, ვისაც ჩემი შვილი უყვარს.
- უკრაინელ სარძლოს როგორ მიიღებს ქართველი სადედამთილო?
- ყველას კარგად მივიღებ, ვინც უნდა იყოს. მთავარია, გიგი იყოს ბედნიერი. ძალიან ლამაზი, ეფექტური, მაღალი გოგონაა ჩემი მარინა. ქართული სახელი ჰქვია და სხვათა შორის, ჰგავს კიდეც ქართველს. კიევიდან რომ მოვფრინავდით, აეროპორტში, თვითმფრინავში ყველა კითხულობდა, რატომ ელაპარაკებით რუსულადო. რამაც გამაოცა, ის იყო, რომ დედა დამიძახა. მიუხედავად თავისი პატარა ასაკისა, 21 წლის არის, თავისი საქმე აქვს. ფოტოგრაფია და მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების ასეულშია. რა იქნება მომავალში, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ გიგის ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ყველა მისი შეყვარებული მომწონდა.
- დასასრულ, შეცდომებზეც მინდა გკითხოთ...
- ყველამ მომიტევოს, თუ ვინმესთვის რამე მიწყენინებია. მოუფრთხილდით ერთმანეთს, სანამ აქ ვართ. ერთმანეთის სიყვარული და მოფრთხილება ვისწავლოთ, მერე დაგვიანებული რომ არ იყოს. ზოგჯერ დამგვიანებია იმ ადამიანების მოფერება, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)