ზურა ხაჩიძის ჰოლანდიური ცხოვრება და "ქუჩის ბიჭების" მუსიკალური გეგმები

ზურა ხაჩიძის ჰოლანდიური ცხოვრება და "ქუჩის ბიჭების" მუსიკალური გეგმები

წლების წინ პოპულარული მუსიკალური ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" კვლავ შეიკრიბა. მალე გულშემატკივრებს კონცერტითაც უმასპინძლებს. თუ რა გახდა "ქუჩის ბიჭების" აღდგენის მიზეზი და სავარაუდოდ, რამდენ ხანს გაგრძელდება, ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს - ზურა ხაჩიძეს ვესაუბრე, რომელიც ძირითადად ჰოლანდიაში ცხოვრობს და საფეხბურთო სფეროში გარკვევას ცდილობს. ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად, ამჟამად ზურა საქართველოშია და აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა.

- ერთმანეთი, სიმღერა, მსმენელებთან სიახლოვე მოგვენატრა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ 5 წლის განმავლობაში პიკასო ჩვენი ჯგუფის წევრი არ იყო. ახლა ძველი შემადგენლობით დავბრუნდით. აქვე აღვნიშნავ, რომ პაატა ცეცხლაძეც ჩვენთან ერთადაა - "ქუჩის ბიჭები" უკვე ხუთნი ვართ. გულშემატკივრები ინტერნეტით ხშირად გვეკონტაქტებიან და გვთხოვენ, რომ რამდენიმე სიმღერა მაინც ჩავწეროთ. მათი აზრი გავითვალისწინეთ. ამ ეტაპზე, 3-4 სიმღერას ჩავწერთ. ვნახოთ, მსმენელი როგორ მიგვიღებს.

- "ქუჩის ბიჭების" შეკრების ინიციატორი ვინ იყო?

- ამის სურვილი ყველას გვქონდა. მე და გურამიკომ ამ იდეის რეალიზება ვიკისრეთ. ჩვენივე ფინანსებითა და "ქუჩის ბიჭების" ყველა წევრის დიდი სურვილით, აქტიური მუშაობა დავიწყეთ. 4 სიმღერას ჩავწერთ და 2 კლიპს გადავიღებთ.

- ჯგუფის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიმე წევრის დაყოლიება ხომ არ გაგიჭირდათ?

- არა, პირიქით. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ირაკლიმ თქვა, რომ დაბრუნდებოდა. ასე რომ, ყველაფერი ნათელი იყო. გავიდა დრო, წარსულში არსებული წყენა დავივიწყეთ... ყველაზე კარგია, როცა ადამიანები საერთო ენას პოულობენ. პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ ეს შეკრება ხანგრძლივია, თუმცა ჯგუფის პოზიცია დაფიქსირდება: ჩვენ ერთად ვართ. შეუძლიათ, კონცერტი ნებისმიერ ქალაქში შეგვიკვეთონ. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 8 ივლისს კლუბ "სითიში" პირველი კონცერტი გვექნება. ჩვენს ყველა თაყვანისმცემელს ვეპატიჟებით. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ბილეთის ფასი მაღალი არ ყოფილიყო.

- კონცერტის წინ როგორ განწყობილებაზე ხართ?

- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობაა, რადგან დიდი ხანია, სცენაზე არ ვმდგარვართ. ჩვენი ეს ნაბიჯი ერთგვარი საზომი იქნება: ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ვერ ვიტყვი, რომ "ქუჩის ბიჭების" სი-დი მილიონობით გაიყიდება, მაგრამ სამომავლოდ სიმღერების ჩასაწერად სტიმულს მოგვცემს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- მაყურებლების წინაშე რა რეპერტუარით წარდგებით?

- ჩვენი 5 ალბომიდან ძველ ჰიტებს, დუეტებს შევასრულებთ, ჩვენი მეგობრებიც იმღერებენ...

- დღეს თითქოს ბევრი მომღერალი მუშაობს, მაგრამ მსმენელების, მაყურებლების ყურადღების მიქცევა რთულია. თქვენ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?

- ახალი სიტყვით, ახალი მიმართულებით, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. ამ სიმღერებზე ყველა თაობის წარმომადგენელი გაერთობა, მხოლოდ თინეიჯერებისთვის არ ვიმღერებთ. ჩვენი რეპერტუარი ქართული ფოლკლორის მოყვარულთათვისაც იქნება გათვლილი.

- თავის დროზე "ქუჩის ბიჭების" დაშლის მიზეზი მისი წევრების ამბიციურობაც ხომ არ გახდა?

- არა. ჩვენ უსახსრობის, "უკონცერტობის" და "უყველაფრობის" პერიოდში დავიშალეთ. 2006 წლიდან, ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობა იყო: კონცერტები არ ტარდებოდა და არც ერთი მუსიკალური ტელეარხი არ არსებობდა. ტელევიზიები პოლიტიკური ტოქშოუებით იყო დაკავებული. მომღერლის პროფესია ტელევიზიაზეა დამოკიდებული: საზოგადოებას კლიპს ეთერით თუ არ მიაწვდი, აქტუალურობას დაკარგავს. დღეს პოპულარულია ვიდეოების ინტერნეტიდან "გადმოქაჩვა". ამ მხრივ კანონი ძალიან ლიბერალურია და მომღერლის პროდუქტს ვერ იცავს. შესაბამისად, პროდუქტი არ იყიდება, შემსრულებელი კი სიმღერას ვეღარ წერს... იძულებული ვიყავით, შემოქმედებითი პაუზა აგვეღო.

- მახსოვს, "ქუჩის ბიჭები" ჯერ კიდევ არსებობდა, როცა ჯგუფის წევრებმა სოლო სიმღერები ჩაწერეთ.

- უბრალოდ, ასეთი პროექტი იყო. უცხოეთში ამას ყველა აკეთებს. ჯგუფის დაშლა ამ ფაქტმა არ განაპირობა. გვინდოდა, ინდივიდუალური მუსიკალური შესაძლებლობები წარმოგვეჩინა.

- ბოლო წლების განმავლობაში, ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ძმაკაცები, ერთმანეთის ნათესავები ვართ. მართალია, ირაკლი თავის დროზე ჯგუფიდან წავიდა, მაგრამ ურთიერთობა მასთანაც არ გაგვიწყვეტია.

- წეღან წყენა ახსენე...

- ცხადია, როცა საქმე კეთდება, იქ აზრთა სხვადასხვაობაა.

- მაგრამ ჯგუფში საქმე აღარ კეთდებოდა.

- ირაკლის წასვლის შემდეგ, კიდევ ვმუშაობდით. ერთმანეთთან პრობლემები არ გვქონია. ბოლო 5 წლის განმავლობაში სოლო სიმღერები ჩავწერეთ. პირადად მე, შემოქმედებითად არ გავჩერებულვარ - რაღაც პროექტებში ვმონაწილეობდი, თუმცა იყო პერიოდი, როცა ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, გარკვეულ გადაცემებში ჩემს გამოჩენას კრძალავდნენ. მას შემდეგ, რაც შევიკრიბეთ, ვერ ვიტყვი, რომ სადმე რაიმე პრობლემას ვაწყდებით. ჩვენ მიმართ ტელევიზიების მხრიდან დიდი ინტერესია, მაგრამ ვიდრე გადაღებებს არ დავასრულებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეკრანზე არ გამოვჩნდეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვჩანვართ (იღიმის).

- ზურა, ამ ხნის განმავლობაში, სიმღერის გარდა, რას საქმიანობდი?

- მოგეხსენებათ, ჩემმა ცოლისძმამ არნემის "ვიტესი" (საფეხბურთო კლუბი ჰოლანდიაში) იყიდა. მას მაქსიმალურად ვეხმარები, მხარში ვუდგავარ. გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ამიტომ ძალიან ბევრი საქმეა. ჰოლანდიაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. პერიოდულად, საქართველოში მოვემგზავრებით.

- ნინიც თქვენთან ერთად არის ხოლმე?

- ის ინგლისში სწავლობს.

- როგორც თავის დროზე ნინისთან, პატარა ანასტასიასთანაც ხომ არ აპირებთ დუეტის ჩაწერას?

- ამჟამად დუეტს არ ვგეგმავ. მაგრამ ანასტასიამ საკუთარი თავი ისე წარმოაჩინა, რომ ჩვენი ჯგუფი მსგავსი რამისთვის მთელი 17 წელი "ჩალიჩობდა": წუთ-ნახევრის განმავლობაში იმღერა და მას შემდეგ, არც "ქუჩის ბიჭების", არც რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის წევრი "არ ვყოფილვარ" - "ანასტასია ხაჩიძის მამა" გავხდი (იცინის)... ეს იმის საფუძველს არ მაძლევს, რომ მივიჩნიო - ანასტასიას შემთხვევაში, ყველაფერი მოგვარებულია; მას აღზრდა სჭირდება. ამაში მეც და ხათუნაც ვმონაწილეობთ. ასევე - ნინიც, მეგობრებიც... მინდა, ქვეყნისთვის სასახელო ადამიანი გაიზარდოს. ხალხის სიყვარული მოპოვებული აქვს. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. უკვე დისკომფორტს აწყდება: ყველგან ცნობენ და ეფერებიან. არ მინდა, რომ ბავშვობიდანვე ასე გათამამებული იყოს.

- ყურადღების ცენტრში ყოფნა თავად არ სიამოვნებს?

- ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებს. როცა ბავშვი ყურადღების ცენტრშია, ის დიდ ტვირთს იკიდებს. ამას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ. თავდაპირველად, როცა პოპულარული გავხდი, ამან ძალიან დამაბრკოლა - ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას გავურბოდი. მაშინ 17 წლის ვიყავი და ვერ ვუძლებდი. ანასტასია კი ჯერ მხოლოდ 4 წლის ბავშვია. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს მადლობას ვუხდი, ვისაც ანასტასია უყვარს და აფასებს. ჩემი შვილის წარმატება ყველაზე მეტად მე გამახარებს. ცხოვრების რომელ გზასაც დაადგება, მეც და ხათუნაც მხარში ამოვუდგებით.

- გოგონები ერთმანეთზე კიდევ ეჭვიანობენ?

- ნინი ეჭვიანობს. ანასტასიას გაჩენის შემდეგ, ხათუნას ყურადღების ძირითადი ობიექტი პატარა ანასტასიაა. ნინი ამას შეეგუა. ანასტასია სიგიჟემდე უყვარს. ის ძალიან კარგად აღზრდილი, არაჩვეულებრივი ადამიანია.

- ჰოლანდიაში როგორ ცხოვრობ? იქაურ შოუბიზნესში ძალების მოსინჯვას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ აუცილებლად მოვსინჯავ. უპირველეს ყოვლისა, ვეცდები, რომ ჯგუფის პროდუქცია იქაურ პროდიუსერებს მივაწოდო; თუ ეს არ გამოვა, რომელიმე ჰოლანდიელ მუსიკოსთან ერთად მომზადებულ ნამუშევარს შევთავაზებ.

- იქაურ შოუბიზნესში როგორი სიტუაციაა?

- რა თქმა უნდა, მაღალი დონეა. ჰოლანდია წყნარი, მშვიდი ქვეყანაა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანის უფლებებს დიდ პატივს სცემენ და კანონს იცავენ... სხვადასხვა გასართობ ცენტრში, კლუბში დავდივარ, იქაურ მუსიკას ვეცნობი... ჩემს ძირითად საქმიანობას რაც შეეხება, გუნდს თამაშებზე დავყვები, ვგულშემატკივრობ და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

- რა ფუნქცია გაკისრია?

- ბევრ სიტუაციაში საჭირო ვარ: რადგან ოჯახის წევრი ვარ, ჩემ მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია. ჩემი ფუნქციაა სტუმრების მიღება, გაცილება... ხანდახან მერაბსაც დავყვები მოლაპარაკებაზე. ვერ ვიტყვი, რომ იქ მნიშვნელოვან როლს ვასრულებ, მაგრამ ეს სფერო ჩემთვის საინტერესოა. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მოგეხსენებათ, ჰოლანდიაში სპორტის ეს სახეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. რაღაცების შესწავლის შემდეგ ოფიციალურად დავიწყებ მუშაობას. ამჟამად, მერაბ ჟორდანიას ვუდგავარ მხარში, როგორც შემიძლია - ესაა ჩემი "თანამდებობა" (იღიმის)...

- წეღან საუბრისას, საავტორო უფლებების დარღვევა ახსენე. "ქუჩის ბიჭები" ახლა ამისგან დაცულია?

- არა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოება დღეს ძალიან გაჭირვებულია, რაც მუსიკოსს პირდაპირ "ურტყამს". როცა ადამიანს შია, სანახაობით ნაკლებად ინტერესდება. საზოგადოების დასაქმებაზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ ვთქვი, რომ ძალიან დიდი იმედი არ მაქვს. თუ ადამიანებს შემოსავალი ექნებათ, კონცერტებზე დასასწრებად, შვილებსაც გაუშვებენ, თვითონაც ივლიან, მუსიკალურ დისკსაც იყიდიან და მომღერლის შემოსავალიც გაიზრდება. კანონიც შეიცვლება და სახელმწიფო იმ თანხას არ დაკარგავს, რომელიც არალეგალური გზით მიედინება - მაგალითად, "პირატული" დისკების სახით.

მკითხველი უკეთ რომ გავარკვიო ამ საკითხში, უხეშად დავიანგარიშებ: საქართველო პატარა ქვეყანაა. 1 თვეში ყველა რეგიონს მოივლი და კონცერტებს ჩაატარებ. უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება, შემოსავალი 30 ათასი დოლარი იყოს. წელიწადში 1 სი-დი რომ გამოუშვა, გაყიდვიდან შემოსული თანხა დაახლოებით 30 ათასი ლარი იქნება. 5 ადამიანისათვის 60.000-ლარიანი შემოსავლით (წელიწადში) ოჯახის რჩენა, სიმღერების ჩაწერა, კლიპების გადაღება - რთულია. ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის არც ერთი სხვა პროფესია მიმზიდველი არ იქნებოდა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება