"ავღანეთში ქართული მისია ნატოში შესასვლელი ბილეთი არ არის!"

 "ავღანეთში ქართული მისია ნატოში შესასვლელი ბილეთი არ არის!"

ათიოდე დღის წინ საქართველოში ჩამოასვენეს ავღანეთში დაღუპული კიდევ ერთი ჯარისკაცი გია გოგუაძე, რომელიც ჰილმენდის პროვინციაში მსახურობდა.

ჰილმენდი პაკისტანს ესაზღვრება და ყველაზე საშიშ ზონად ითვლება. გია გოგუაძის დაღუპვისა და რამდენიმე ჯარისკაცის დაჭრის შესახებ პირველად ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ სხვის ომში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება, რომ ავღანეთში დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და საოცნებო ნატოში შესვლის გარანტი გახდება, ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ავღანეთში ქართული კონტინგენტის ზრდა არც "ნატოში შესასვლელი ბილეთია" და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება:

- გია გოგუაძე ტყვიით დაიღუპა ჰილმენდის პროვინციაში. ამავე ოპერაციის დროს 4 ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა ნაღმზე. სამს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ორი გერმანიაში გადაიყვანეს, ორი - ავღანეთშია ჰოსპიტალიზებული. გერმანიაში გადაყვანილი ერთი ჯარისკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია...

- რატომ მალავდა ხელისუფლება ამას?

- ხელისუფლებისთვის ავღანეთის მისიას ვიწროპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ამას ჩვენი პრეზიდენტი აკეთებს პოლიტიკური იმიჯის განსამტკიცებლად დასავლეთის თვალში. ხელისუფლებას არ სურს, ჩვენს საზოგადოებაში ეს თემა იყოს აქტუალური, იმსჯელოს და გამოიტანოს ადეკვატური დასკვნები ან მოითხოვოს თუნდაც ჯარების გამოყვანა. ხელისუფლებას არ სურს გავრცელდეს ნეგატიური ინფორმაცია.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები, რომ არ დავასუსტოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა, საზოგადოების აზრი, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენმა ხელისუფლებამ, კერძოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი მიიღო სულ სხვა გადაწყვეტილება. ჰგონია, რაც მეტ ჯარისკაცს გაგზავნის ავღანეთში, მით უფრო კმაყოფილი იქნება დასავლეთი მისით.

- ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაც სწორედ ამ მისიის გაფართოებას ეხებოდა და სააკაშვილი მას ავღანეთში კონტინგენტის გაზრდას შეჰპირდა.

- სააკაშვილმა ბაიდენთან შეხვედრისას საჯაროდ თქვა ეს, თორემ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული და შეთანხმებული შეერთებულ შტატებთან. ამერიკამ ამ განცხადებიდან უახლოეს დღეებში გამოგზავნა სამხედრო დახმარება, რომელიც საჭიროა ამ სამხედრო მისიის მოსამზადებლად - "ჰამერის" ტიპის ჯავშანმანქანები და სხვა იარაღი.

- რა შედეგს მოგვიტანს სხვათა ომში თავგანწირვა?

- ძალიან მადარდებს ჩვენი ბიჭების ბედი. ამას რომ რაიმე შედეგი მოჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ჩვენმა ბიჭებმა მართლა გაწირონ თავი, მაგრამ ვფიქრობ, ამ მისიას პირდაპირი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ამით მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი სარგებლობენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კი სუსტდება, გვეხოცება ბიჭები და ვერ ვიღებთ იმ გამოცდილებას, რაც გვჭირდება.

- იმის გარანტია მაინც თუ არსებობს, რომ ნატოში მიგვიღებენ?

- ამ მისიაში მონაწილეობით ნატოში მიღების ან მის კარზე დაკაკუნების გარანტია არ არსებობს. ეს არ არის ბილეთი ნატოში გასაწევრებლად, საჭიროა 28 ქვეყნის პოლიტიკური ნება, რომელიც ეფუძნება ამ 28 ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. იმან, იქ 100 ჯარისკაცი გყავს თუ 100 ათასი, შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, მაგრამ არა -  პირდაპირი. ამას ხელისუფლება იყენებს საკუთარი პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად დასავლეთის თვალში.

- ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ვის ჰყავს ავღანეთში?

- თუ არ ვცდები, ნატოს არაწევრ ავსტრალიას - 1550 ჯარისკაცი.

- ბატონო ირაკლი, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებს და ამერიკელი სამხედროების სრულად გამოყვანას 2014 წლისთვის დაასრულებს. რას იზამს სააკაშვილი ასეთ შემთხვევაში?

- ავღანეთი აქილევსის ქუსლად იქცა მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, ნატოსთვის და ამერიკელებისთვის. სერიოზული თანხები იხარჯება და საზოგადოება უკმაყოფილოა ამ დაუსრულებელი პროცესით. ამიტომ ობამამ თავის წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, ავღანეთიდან ჯარები უნდა გამოვიყვანოთო. ამერიკელები აწარმოებენ მოლაპარაკებას "თალიბანთან" და მიღწეულია შეთანხმება, რომ თუ ამერიკელები გავლენ, თალიბები შეწყვეტენ ტერორისტულ აქტებს. ნატოს მისია დასრულდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკელები იქ აღარ იქნებიან.

ასეთ შემთხვევაში თალიბებმა შეიძლება მოახერხონ ადგილობრივი ხელისუფლების დამხობა და ჩამოგდება, ამიტომ იქ ამერიკული ბაზები მაინც დარჩება. გარდა ამისა, ჯარების გამოყვანა საჭიროებს მნიშვნელოვან რესურსს და შეთანხმებულ და კოორდინირებულ მოქმედებას. ამ შემთხვევაში, ალბათ, აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას და გათვლის, როგორ აპირებს საქართველო თავისი კონტინგენტის გაყვანას თუ დამატებას.

- თუ ამერიკელებს გაჰყავთ ჯარები, ჩვენ რატომღა ვზრდით იქ კონტინგენტს?

- ცხადია, თუ ამერიკელებს გაჰყავთ თავისი ნაწილები, ნატოს წევრებიც - გერმანია, საფრანგეთი და სხვებიც იტყვიან, ჩვენც გავიყვანთ, რადგან ჩვენი საზოგადოებაც ითხოვს ამასო. ამ ვითარებაში შეიძლება გარკვეული დეფიციტი შეიქმნას და თუ რომელიმე ქვეყანა გამოთქვამს ინიციატივას, რომ არ გაიყვანოს ჯარი და პირიქით, დაამატოს, ამით ნატოც და აშშ-იც კმაყოფილი დარჩებიან. სავარაუდოდ, ჩვენი ხელისუფლება ასიამოვნებს შტატებს.

ჩემი აზრით, ვიწროპოლიტიკური ინტერესები ჩართეს, რომ სააკაშვილით კმაყოფილი იყოს დასავლეთი და აქ თვალი დახუჭონ აქაურ არადემოკრატიულ პროცესებზე - საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ხელისუფლებას სჭირდება, დასავლეთმა ეს არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნიოს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წინასწარ ჩადებული პოლიტიკური დივიდენდებია.

ცნობისათვის

ანტიტერორისტული მისიით ავღანეთში გაერთიანებული კოალიციის შემადგენლობაში ქართული საჯარისო ნაწილები 2004 წლიდან იმყოფებიან. ოპერაცია ნატოს ეგიდით ხორციელდება, თუმცა, მასში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის არაწევრი ქვეყნებიც მონაწილეობენ. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. ჩვენზე მეტნი იქ მხოლოდ ამერიკელები, ბრიტანელები და კანადელები არიან, ანუ სამხედროთა რაოდენობით მე-4 ადგილზე ვართ, ხოლო თუ ქვეყნის მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით დავითვლით, ჩვენზე წინ მხოლოდ ამერიკაა. ავღანეთის მისიას 9 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ნანა ციცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე