რუსეთი ტანკების წარმოებას აჩერებს

რუსეთი ტანკების წარმოებას აჩერებს

"მათ ორი რამ აქვთ კარგი - ქალები და იარაღი" - ბოლო 70 წლის მანძილზე ამ სიტყვებით შემოიფარგლებოდა მსოფლიო, თუ რაიმე კარგის თქმას დააპირებდა რუსეთზე. ამ "ფრთიან" ფრაზას ჩვენშიც მრავალი "ერთგული გულშემატკივარი" ჰყავს. დღემდე ასე იყო, დღეის შემდეგ.. ასე აღარ იქნება. ამ ჩვენთვის ტკბილ-მწარე ასოციაციების აღმძვრელი გამონათქვამიდან მეორე "კომპონენტის" ამოღება მოგვიწევს.

საქმე რუსულ ტანკებს ეხება. იარაღს, რომელიც "კალაშნიკოვის" ავტომატთან ერთად, არა მხოლოდ რუსული იარაღის სიამაყეს, არამედ, რუსული სახელმწიფოებრიობის უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ მხრივ აქვთ კიდეც საამაყო. "კალაშნიკოვზე" უფრო მარტივი და სრულყოფილი ავტომატი დღემდე ვერავინ მოიგონა. ლეგენდარული ტე-34 კი, რომელმაც პრაქტიკულად გარდატეხა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობაში აღმოსავლეთის ფრონტზე, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ტანკად აღიარეს.

დღეს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მრეწველობა აჩერებს ტანკების წარმოებას, ვინაიდან ამ საბრძოლო მანქანების ახალი მოდელები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს. სამხედრო კონსტრუქტორების მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგიების 60% მოძველებულია. როგორც ჩანს, კრიზისის მიზეზი მხოლოდ კონსტრუქტორთა უნიჭობა არ უნდა იყოს, რადგან თავდაცვის მინისტრი იმავე კონსტრუქტორებს, რომელთაც ნამუშევარი დაუწუნა, ძველი ტანკების მოდერნიზებას სთავაზობს, მისი გათვლით ძველის მოდერნიზება 30-40 მილიონი რუბლი დაჯდება, რაც ახალი ტანკის წარმოებაზე გაცილებით იაფია. 

ამასაც მოვესწარით, რუსებს იარაღის გასაკეთებლად (თანაც ტანკის) ფული ენანებათ. როგორც ჩანს, მსოფლიოში მართლა იცვლება რაღაც. ბევრი რამ კი ძველებურად გრძელდება. მაგალითად, რუსული პროპაგანდა და საკითხისადმი მიდგომა.

რუსი სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შულგინი აღიარებს, რომ დღეს რუსული შეიარაღების დონე, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, ჩამორჩება დასავლურს. მისი აზრით, ეს ყოველთვის არ არის ცუდი. მაგალითად, ამერიკა, რომლის შეიარაღებული ძალები მთლიანად მე-5 თაობის საბრძოლო ტექნიკითაა აღჭურვილი, ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ამერიკას ამ უახლესი ტექნოლოგიებით ხშირად ისეთ ქვეყნებში უწევს სამხედრო ოპერაციების ჩატარება, რომელთა შეიარაღება გასული საუკუნის დასაწყისშია შექმნილი. ამის გამო ანეკდოტურ სიტუაციაში ვარდებიან - სადღაც გამოქვაბულში ჩასაფრებული რემდენიმე მეომრის გასანადგურებლად მრავალ მილიონიან უპილოტო საფრენ აპარატებსა და "ტამაჰავკის" ტიპის რაკეტებს იყენებენ.

ვლადისლავ შულგინის სიტყვებში მართლაც არის ლოგიკა. რატომ უნდა "გაანიავო" უპილოტო თვითმფრინავებისა და "ტამაჰავკის" რაკეტების შესაქმნელად დახარჯული მილიონობით დოლარი მაშინ, როცა იგივე შედეგის მიღწევა ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვის ფასად შეიძლება. 

რას იზამ, ყველას თავისი ლოგიკა და პრიორიტეტები აქვს!

დავით შალიკაშვილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა