რატომ დაენგრა თეა დანელიას ექვსწლიანი ოჯახური ცხოვრება

რატომ დაენგრა თეა დანელიას ექვსწლიანი ოჯახური ცხოვრება

ალბათ არასოდეს წაგიკითხავთ თეა დანელიას ასეთი გულახდილი ინტერვიუ. "ღამის შოუს" ბენდის ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა თავისი პირადი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალები გაგვიმხილა. შოუს პარალელურად, ის ერთ-ერთ ბარში მღერის. ექვსწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ მიხვდა, რომ მისთვის მუსიკა ყველაფერი იყო და ცხოვრებაც თითქოს თავიდან დაიწყო. წარსულიდან ბევრი სასიამოვნო მოგონება აქვს, საკუთარ სიძლიერეშიც არაერთხელ დარწმუნდა, მაგრამ მანამდე საინტერესო ცხოვრების გზა განვლო.

- ცხოვრებაში ის მომენტი არასოდეს მქონია, ქალი ვარ და ფრჩხილი არ მომტყდეს ან ქარში თმა არ ამეწეწოს-მეთქი. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. არასოდეს მაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა, ამიტომ ვერ ვიტყვი, როდის ვიგრძენი, რომ გავიზარდე, ახლა უკვე ქალი ვარ, რაღაცებს უნდა შევეშვა. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს და ახლაც შემიძლია, ჩემს შვილთან ერთად იგივე გავაკეთო.

- როგორი ბავშვი იყავი?

- ჩემი მეგობრები ძირითადად ბიჭები იყვნენ. სკოლაში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მხოლოდ კლასელ ბიჭებთან ვმეგობრობდი. კონსერვატორიაში სწავლისას ორი მეგობარი გოგონა მყავდა. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, უბრალოდ, ასეთი ვარ. ვაფასებ იმ ქალებსაც, რომლებიც ქალურები არიან, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხელოვნური არ არის და მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ვიღაცამ თქვას, როგორი კარგი და ნატიფიაო. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანი, როგორიც სინამდვილეში ხარ, ისეთი უნდა იყო.

- შენი ხასიათის გამო მშობლებთან პრობლემები არასოდეს გქონია?

- იყო პერიოდი, როდესაც დედა მეუბნებოდა, შვილო, ამხელა გოგო ხარ და ქუჩაში ფეხბურთის თამაში აღარ შეიძლებაო. მშობლები და შვილები ერთმანეთს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად გაიცნობენ ხოლმე. ასეთ მომენტში პატარა ბრძოლა იყო, მაგრამ ყოველთვის ისე უნდა მოიქცე, როგორც შენ მიიჩნევ საჭიროდ. თუ დამჭირდა, ისიც შემიძლია, რომ ძალიან ქალური ვიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს მე არ ვარ. იქ უკვე ვიტყუები და მერე ვიღლები. ამიტომ მირჩევნია, არ მოვიტყუო და როგორიც ვარ, ისეთი ვიყო.

- მეგობარი ბიჭებისგან არასოდეს გიგრძნია, რომ როგორც ზრდასრულ გოგონას, ისე გიყურებდნენ?

- რაღაცები ყოფილა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ორივეს ბევრი გვიცინია. მითქვამს, ვის უხსნი სიყვარულს-მეთქი და მას უპასუხია, - აა, დამავიწყდა, შენ ხომ კაცი ხარო. საერთოდ, ვისთანაც ვმეგობრობ, გარკვეული გვაქვს, რომ სქესი არაფერ შუაშია. შემიძლია მათთან ერთად წავიდე და ვიჩხუბო, როგორც მათ შეუძლიათ ჩემთან, დაქალების შეკრებაზე დასხდნენ და ყავა დალიონ. აქ სქესი არაფერ შუაშია, ეს არის მეგობრობა.

- წასულხარ ბიჭებთან ერთად საჩხუბრად?

- კი და მიჩხუბია კიდეც (იცინის). ეს ადრე იყო.

- ბიჭებთან მეგობრობის პარალელურად მოკლე ვარცხნილობასაც ხომ არ ატარებდი?

- არა, ეს არის ყველაზე მოკლე ვარცხნილობა, რაც ოდესმე მქონია. ბავშვობაში დედა დაგვაყენებდა მე და ჩემს და-ძმას და სამივეს "პაჟს" გვჭრიდა. 13 წლიდან გადავწყვიტე, რომ თმის გაზრდა მინდოდა, ოღონდ ეს გრძელი თმა სულ შეკრული მქონდა. კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ საკუთარ ვარცხნილობაზე ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყე. ერთადერთი ფერი, რომელიც არ მქონია, არის ლურჯი. და­ნარჩენი - სტაფილოსფერი, ჟოლოსფერი, წითელი, შავი, ყველაფერი ვცადე. წელიწად-ნახევარია ამ ვარცხნილობას ვატარებ. ამდენი ხანი რაღაც რომ არ შემეცვალოს, პირველად ხდება. ძალიან შევეჩვიე და ჩემი გახდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე ვიქნები, შეიძლება, ხვალ გადავიპარსო.

- პირველად რა ასაკში შეგიყვარდა?

- პირველად ბაღში შემიყვარდა, ოღონდ ეს ძალიან ტრაგიკული სიყვარული იყო (იცინის). იმ ბავშვს საშა ერქვა, გვარი არ მახსოვს. რუსულ ბაღში დავდიოდი და ქართულენოვანები მხოლოდ მე, ჩემი ძმა და კიდევ ერთი ბავშვი ვიყავით. საშას მერე მივხვდი, რომ სიმპათიური და ლამაზი ბიჭები მთლად კარგები არ არიან. ცისფერი თვალები ჰქონდა, ქერა თმა. ბაღიდან ვმღეროდი და ახალ წელს ფიფქია ვიყავი. მაშინ ამ ბიჭმა მე ამირჩია. ერთხელ სპექტაკლი გვქონდა, სადაც მე დედა თხას ვთამაშობდი, საშა ჩემი ერთ-ერთი შვილი - ბეკეკა იყო. შუა სპექტაკლის დროს წავიქეცი. გალანტურად მოვიდა ჩემი კავალერი, მაყენებს და ვერ ამაყენა. ერთხელ გამომქაჩა, მეორედ, ბოლოს ხელი ჩაიქნია და წავიდა. აი, იქ მივხვდი, რომ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყო და ვიღაც ცისფერთვალება და სიმპათიურ მამაკაცებს არ უნდა ვენდო. მას მერე ასე ვარ. თუ წავიქცევი, მე თვითონ ვდგები. იმ მომენტში თითქოს თავმოყვარეობა შემელახა, როგორ დამტოვა-მეთქი. დედამ მკითხა, შენ რას იზამდიო? თუ ვერ ავაყენებდი, გვერდზე დავუწვებოდი, რომ თავი მარტო არ ეგრძნო-მეთქი.

- მას შემდეგ ლამაზი ბიჭები აღარ მოგწონდა?

- სიმპათიურებიც მომწონდა და არასიმპათიურებიც. რაღაც კრიტერიუმები არ მქონია, ვთქვათ ის, რომ თმა შუაზე არ უნდა ჰქონდეს გაყოფილი.

- თუნდაც თეთრი წინდა და შავი ფეხსაცმელი ეცვას?

- არა, თეთრი წინდა არა, საშინლად მაღიზიანებს. მაგალითად, ვხედავ, რომ რუსთაველზე სპორტული ტანსაცმლით დადიან, თეთრი წინდები აცვიათ და ზონრები აქვთ ჩატანებული. არ შემიძლია (იცინის). როგორც კი მაგას ვხედავ, ზევით რომ აპოლონი იყოს, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი.

- საკუთარ თმაზე ექსპერიმენტები გყვარებია. სიყვარულში თუ ხარ ცვალებადი?

- სიყვარული არის ზუსტად ისეთი გრძნობა, როგორიც მეგობრობა, რომელსაც, უბრალოდ, ვნება ახლავს, რაც მეგობრობაში არ არის. როგორ გითხრა, სტაბილური არ ვარ-მეთქი, გათხოვილი ერთხელ ვიყავი.

- ქორწინებამდე დიდხანს გიყვარდათ ერთმანეთი?

- ექვსი თვე და მერე გავთხოვდი. მაშინ 21 წლის ვიყავი და ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯერჯერობით მარტო ვარ. ალბათ რაღაცებზე ესეც მოქმედებს, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვიტანჯები, უბრალოდ აღარ მინდა იმაზე ნაკლები გრძნობა. იმაზე მეტი კი ჯერჯერობით არ მოსულა.

- როგორი შეყვარებული იყავი?

- მაშინ პატარა ვიყავი, ეს გრძნობა გავაიდეალე. თუ რაღაც მომენტში სიყვარული ისეთ რაღაცებზე გათქმევინებს უარს, რაც შენი ნაწილია, მაშინ ცოტა უნდა დაფიქრდე, ეს ის სიყვარულია თუ არა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გჭირდება.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ ვიყავი ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და არასოდეს მინანია გათხოვება. ის ექვსი წელი საერთოდ არ ვმღეროდი, მაგრამ არც ეგ მინანია. დღეს რომ ვმღერი, ეს დამოკიდებულება ჩემი ნამღერის მიმართ იმიტომ შეიცვალა, რომ ექვსი წელი არ მიმღერია.

- ხშირად გამიგია, რომ ქორწინება ყველაფერს აფუჭებს.

- არ ვიცი, შეიძლება, არ აფუჭებს, უბრალოდ, აჩქარებს პროცესებს, რომლებიც ისედაც მოსახდენი იყო. თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ქორწინება იქნება თუ არა, მაინც ერთად იქნებიან. თუ ერთმანეთი პირველ ადგილას არ დააყენეს, მაშინ ქორწინება რა არის? როცა ერთ ოჯახში იწყებ ცხოვრებას, ყოველდღიური პასუხისმგებლობა იზრდება.

- ექვსი წელი დაოჯახებული თეა დანელია სულ სახლში იყო?

- კი, სულ შინ ვიყავი. არაფერს ვაკეთებდი და ეს ექვსი წელი ამაყად ვიჯექი სახლში. ვინც მიცნობდა, ყველა გაოგნებული მიყურებდა, მანამდე სულ გარეთ ვიყავი და უცებ ბრახ და დავჯექი. ეს იყო ჩემი არჩევანი. იმ მომენტში ეს მჭირდებოდა. დღეს რომ მკითხო 30 წლის თეას ამ გამოცდილებით, იმავეს თუ გავაკეთებდი, არა, მაგრამ იქ რომ დამაბრუნო, იმავეს გავიმეორებდი. რაღაცები ვისწავლე, ზოგი რამ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. ამ პერიოდმა საკუთარი თავი შემაცნობინა, ოღონდ სხვა კუთხით.

- ამ წლებში თუნდაც საკუთარი თავისთვის არ მღეროდი?

- როგორ არა. ჩემს შვილს ვუმღეროდი ან მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, მაგრამ ეს სხვა სიმღერა იყო, ქართულად რომ ვთქვათ, დროის გატარება. შინ თუ სრულიად მარტო ვიყავი, საკუთარი თავისთვის მაშინ ვმღეროდი, ცოტა სხვაგან გავდიოდი... მაგრამ ვიღაცების თანდასწრებით არა.

- ალბათ აღარც ფიქრობდი, რომ დადგებოდა დრო და მომღერალი გახდებოდი.

- არა. როდესაც ჩემს ქმარს გავყევი ცოლად, ასი პროცენტით დარწმუ­ნებული ვიყავი, რომ ერთად ვიცხოვრებდით, ერთად დავბერდებოდით, ერთ დღეს მოვკვდებოდით "კრესლო-კაჩალკებში" ადიელაგადაფარებულები, შვილიშვილები ჩაის მოგვართმევდნენ.

- ამბობ, ბედნიერი ვიყავიო და ტკივილი თუ მოგიტანა ამ დაშორებამ. ვისი ინიციატივით დაშორდით?

- ზრდასრული ადამიანები ვართ, ერთ დღეს ვისაუბრეთ, რომ იმ დღიდან ცალკ-ცალკე გვეცხოვრა. მართლა კარგი ურთიერთობა გქვონდა და პატივს ვცემდით ერთმანეთს. ყავა დავლიეთ და დავიშალეთ.

- მეუღლე რა პროფესიის იყო?

- მშენებელი. ცალკე ვცხოვრობდით. როდესაც დავცილდი, 4-5 თვე ბავშვთან ერთად მარტომ გავაგრძელე ცხოვრება, რაც ჩემს მშობლებს არ ესმოდათ. მოდი, აქ იყავი, ხელს ვინ გიშლისო, მაგრამ მაინტერესებდა ამას რამდენად შევძლებდი. არ ვმუშაობდი, საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. მეუღლეს დავშორდი თუ არა, ორ კვირაში მუშაობა დავიწყე. მერე კონცერტები წამოვიდა და მაშინ მივხვდი, რომ შემიძლია, არავის იმედზე არ ვიყო და საკუთარ თავს მივხედო.

- ძლიერი ადამიანი ხარ...

- გააჩნია, ამას ვინ რას ეძახის. არ მიყვარს ცუდად ყოფნა. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ უბრალოდ, მოვლენების მიმართ ზერელე დამოკიდებულება მაქვს. ასე არ არის. შეიძლება უფრო მძაფრად აღვიქვამ რაღაცებს, მაგრამ როდესაც ვიცი, რომ ამას ჩემთვის კარგი არაფერი მოაქვს, ვჩერდები.

- როდის მიხვდი, რომ ყველაფერმა გადაიარა და ახალი ცხოვრება დაიწყე?

- როგორც კი სიმღერა დავიწყე. რა დღესაც ბარში მივედი და ხმა ამოვიღე, საკუთარი ხმის გაგონების შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

- ბავშვმა როგორ მიიღო მშო­ბლების დაცილება?

- საკმაოდ აზრიანად. ერთხელ საუზმე გავუმზადე, მაშინ ოთხი წლის იყო და მითხრა, დაჯექი, ახლა რაღაც უნდა გკითხო, ოღონდ, არ მომატყუოო. პირდაპირ მითხრა, მამა სად არისო. ვუპასუხე, დედიკო, მე და მამამ გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ-მეთქი. მამაზე ცუდი არასოდეს მითქვამს და ვთვლი, რომ ეს სწორია. ერთი დღეც რომ იცხოვრო ადამიანთან, მეორე დღეს საზოგადოებისთვის და მით უმეტეს შვილისთვის იმ ადამიანზე ცუდის თქმა ძალიან მდაბიო ადამიანის დამახასიათებელია. ისეთის, რომელიც საკუთარ თავსაც არ სცემს პატივს. ის ექვსი წელი, რომელიც მე იმ ადამიანთან გავატარე, ჩემი წარსული და არჩევანია. მას თუ გავლანძღავ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვლანძღავ. მას არ მოვუტაცებივარ, ოჯახის შექმნა ორივემ ერთად გადავწყვიტეთ. გამოვიდოდა - ხომ კარგი, მაგრამ რატომ არ გამოვიდა? ანგელოზივით შვილი მყავს და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, თვითონ იმ ადამიანმაც და მასთან თანაცხოვრებამაც.

- თეა, ალბათ დადგება დრო და გათხოვდები. ამ შემთხვევაში რომ ისევ მოგიწიოს სიმღერაზე უარის თქმამ?

- არა, მაშინ ასე იყო საჭირო, რომ მივმხვდარიყავი, რა არის ჩემთვის მუსიკა. თან მაშინ მეც პატარა ვიყავი და ის ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი, მომღერლად ვერ აღმიქვამდა. იმ მომენტში სცენაზე რომ ვმდგარიყავი, შეიძლება, ეს საქმე არც მიმეტოვებინა. დღეს ვინმე რომ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, ერთმანეთი შეგვიყვარდეს და რაღაც პერიოდის შემდეგ დაოჯახება გადავწყვიტოთ, მას უკვე ეცოდინება, ვინ ვარ და რას ვაკეთებ, ამიტომ ეს თემა აღარ განიხილება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება