სოლოგიტარისტი გია ფეიქრიშვილი ბევრ ცნობილ კომპოზიციასთან ერთად საკუთარსაც ქმნის და ასრულებს. მუსიკოსი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი დღესდღეობით რეალიზაციას მხოლოდ ბარში ან რესტორანში თუ ახდენს. მიაჩნია, რომ გაუმართლა, როდესაც ტანია მარიასთან ერთად სცენაზე რამდენიმე წუთით მაინც იდგა, რამდენიმე წლის წინ კი ბრაიან ადამსის მოწონებაც დაიმსახურა. გია 8 წლიდან უკრავს და ამიტომაც ხუმრობს - გიტარა ჩემი მეორე ნახევარია, რადგან ყველაზე დიდი დრო მასთან მაქვს გატარებულიო.
- უკვე 35 წელია, ვუკრავ. თავიდან ფორტეპიანოს ვსწავლობდი, მაგრამ შემდეგ გიტარამ დამაინტერესა. მუსიკალური სასწავლებელი აკორდეონის განხრით დავამთავრე. როკი ბავშვობიდანვე მომწონდა. მახსოვს, 8-9 წლისანი ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები, გიტარას ვუკრავდით და ვმღეროდით, ვითომ ბიტლზს ვბაძავდით. სკოლაში ბელაფონტეს (40-50-იანი წლების ამერიკელი მომღერალი იყო) მეძახდნენ. რადგან სიმღერა ძალიან მიყვარდა, ეს მეტსახელი შემარქვეს და სხვათა შორის, დღემდე შემომრჩა. მოგვწონდა და ვუსმენდით ბიტლზს, " პინქ ფლოიდს" , " დიფარფლის" , " აბბას" . ალბათ გახსოვთ, მაშინ რა დროც იყო. გრძელი თმის გამო გვიჭერდნენ. გრძელი თმა რატომღაც ერთგვარ პროტესტად აღიქმებოდა. ჩვენ კი ჰიპობა მოგვწონდა, როკს უხდება. ერთ ჩემს მეგობარს რამდენიმე უცხოური ჯგუფის ფირფიტები ჰქონდა (თითო 100-200 მანეთი ღირდა, ძალიან ძვირი იყო), ერთად ვიკრიბებოდით და ვუსმენდით ხოლმე. მაგნიტოფონით ვახერხებდით გემოვნების დახვეწას, თვალსაწიერის გაფართოებას. აბა, რადიოს თუ ჩართავდი, სულ ერთსა და იმავე ქართველ მომღერლებს მოუსმენდი. რა თქმა უნდა, კლასიკა კარგია, მაგრამ იმის იქით ხომ გინდა რაღაც სხვა, ახალი? თან, იმ ასაკში ვიყავით, რომ ახლის ძიება გვჭირდებოდა. მოკლედ, ჩვენი " მასწავლებელი" , ვინც სმენა და გემოვნება დაგვიხვეწა, მაგნიტოფონი იყო.
- ვინც გიცნობს, ყველამ იცის შენი დამოკიდებულება როკის და გიტარის მიმართ - შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებული ხარ...
- (იცინის) ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად აინტერესებთ როკმუსიკა. რატომღაც ხმაურიანი ჰგონიათ, იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ. დეზმეტალს, სისხლიან მეტალს და რაღაც ამის მსგავსს კარგ მუსიკად რატომღაც ვერც მე აღვიქვამ. ეს როკი არ არის. როკმუსიკა მაგარია! გიტარას კი ამოუწურავი შესაძლებლობა აქვს, მით უმეტეს, ელექტროგიტარას. ჯიმი ჰეისი გიტარას ალაპარაკებდა. ამ ინსტრუმენტს მართლაც ბევრი რამის თქმა და გადმოცემა შეუძლია. იცით, დღეში 12-13 საათს ვუკრავდი, ოჯახის წევრები მსაყვედურობდნენ - ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიტარა გიყვარსო.
- ერთ-ერთ ფესტივალზე პირველი გიტარისტის წოდებაც მოგანიჭეს, ხომ?
- 24 წლის რომ ვიყავი, ბალტიისპირეთში ჩატარდა როკფესტივალი. 50-მდე ჯგუფი მონაწილეობდა. ჩვენმა ჯგუფმა - " მწირი" პირველი ადგილი დაიკავა. კლასიკურ როკს ვუკრავდით. პირველი გიტარისტის წოდებაც მაშინ მომანიჭეს. საინტერესო წინადადებები გვქონდა, მაგრამ ჩამოვედით თუ არა, ქვეყანაში არეულობა დაიწყო (90-იან წლებს ვგულისხმობ) და ჩვენი კარიერაც და მუსიკაც კარგა ხანს დავიწყებას მიეცა. ჯგუფიც დაიშალა - ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგი ჰოლანდიაში, ზოგმაც ცხოვრების სხვა გზა მონახა...
- თქვენ როგორ ცხოვრობდით იმ პერიოდში?
- როგორ ვცხოვრობდი და ბაზრობაზე კასეტებს ვყიდდი. თავი ამით გამქონდა. ჩემს ჭიას ვახარებდი და ხშირად ვუკრავდი, მაგრამ ცოტა არ იყოს, ფორმიდან ამოვვარდი. ახლა უფრო ადვილია თავის გატანა - უამრავი რესტორანი და ბარი გაიხსნა და იქ რაც მიყვარს, იმ საქმეს მაინც ვაკეთებ. პროფესიონალიზმს ჩემი დაუღალავი შრომით და მონდომებით მივაღწიე. ვამბობდი: თუ ვარ, უნდა ვიყო პირველი-მეთქი! მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გინდ პირველი იყავი და გინდ - ბოლოდან პირველი, მგონი, სულერთია!.. გული მწყდება, მაგრამ ასეა...
- ახლა მიამბე, ტანია მარიას კონცერტზე როგორ აღმოჩნდი?
- ბიბი კვაჭაძემ დამირეკა და მითხრა, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო ერთ კონცერტში. თავიდან არ უთქვამს, ტანია მარიაზე თუ იყო ლაპარაკი. დავთანხმდი და ვუთხარი: ვინც უნდა იყოს, მასთან მუშაობა არ გამიჭირდება-მეთქი. სხვებთან ერთად მოასმენინეს ჩემი მუსიკაც და სასიამოვნოა, რომ მან ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. სტუდია - " ბრავო რეკორდში" მისი ერთი ძველი ჰიტი ჩავწერეთ, რომელსაც ჰქვია - " ერთად" . აკუსტიკურ გიტარაზე ვუკრავდი. წინადღეს მომცეს ჩანაწერი და ნოტები, რეპეტიცია ორჯერ გვქონდა, მეორე დღეს კი კონცერტზე დავუკარი. ურთიერთობაში ძალზე უბრალო იყო. დიდი პრეტენზიები არ ჰქონია. უბრალოდ, თავიდან გაგვაცნო საკუთარი მოთხოვნები და ეგ იყო. მახსენდება, სცენიდან ძმაკაცებივით რომ გავედით - მქუხარე აპლოდისმენტების შემდეგ ხელი გადამხვია, რამაც ძალიან დამაბნია (იცინის).
- ბრაიან ადამსს როგორღა შეხვდი?
- რამდენიმე წლის წინ საქართველოს რომ სტუმრობდა, ერთ-ერთ რესტორანში შოუბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა სავახშმოდ მოიყვანეს. იქ ბენდთან ერთად ვუკრავდი. ერთი კომპოზიციის შემდეგ ადგა, ჩემკენ წამოვიდა, ხელი ჩამომართვა და შემაქო: - კარგად უკრავ, ახლა სასტუმროში წავალ, გამოვიცვლი და მალე დავბრუნდებიო. რესტორნის მეპატრონემ კი რატომღაც იმ დღის ხელფასი იმ ერთ კომპოზიციაში გადამიხადა და მითხრა, რომ თავისუფალი ვიყავი. ნეტავ, სხვა დროსაც ასე იყოს, რომ მთელი საღამოს ხელფასს ერთ კომპოზიციაში მიხდიდნენ. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რატომ " მოგვტეხეს" იქიდან, ვერ მივხვდი. იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინათ, რა ნიჭიერი მუსიკოსები გვყავს, დაგვმალეს... ამ ამბის ერთმა მომსწრემ კიდეც აღნიშნა: - აქ ასე ხდება, ვინც სცენაზე უნდა იდგეს, რესტორანშია და ვინც რესტორანში უნდა უკრავდეს და მღეროდეს, ის - სცენაზეო. სამწუხაროდ!..
- მერე, გული არ გწყდება, რომ პროფესიულ სცენაზე არ დგახარ?
- გული როგორ არ მწყდება, მაგრამ რა ვქნა?! აქ ყურით კი არა კუჭით აფასებენ მუსიკას ანუ ფულით. ვისაც ფული აქვს, ის არის ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსიც და მომღერალიც. ან უბრალოდ, ბედმა უნდა გაგიღიმოს და გაგიმართლოს. სხვანაირად აქ ვერაფერს მიაღწევ. აქედან რომ წავიდე და წარმატებას სხვა ქვეყანაში მივაღწიო, მაშინ აქაც დამაფასებენ. 90-იან წლებში მოსკოვში ჩატარდა ფესტივალი - " როკი ტერორის წინააღმდეგ" . ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს ღონისძიება გააშუქა. იქ ყველამ გაგვიცნო და ყველას მოვეწონეთ. მაღაზიებშიც კი გვცნობდნენ და გვესალმებოდნენ. ჩამოვედით და ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მუსიკოსმა მითხრა: თურმე რა მაგრად უკრავ, ტელევიზიით მოგისმინეო. შე კაი კაცო, აქ არ ვიყავი?! ვერ ხედავდი, როგორ ვუკრავდი? ჯერ უცხოეთში უნდა მაღიარონ იმისთვის, რომ დამინახო?! ეს გულდასაწყვეტია... ერთხანს ანტალიაში ვიყავი სამუშაოდ. ყველა მოდიოდა და თბილ სიტყვებს არ იშურებდა, მადლობას მიხდიდნენ; უხაროდათ, კარგ მუსიკას რომ უსმენდნენ. აქ კი მაშინვე ფეხს დაგიდებენ, ტაშის დაკვრაც კი ეზარებათ. დღემდე ვნანობ, თავის დროზე სერიოზული წინადადებები რომ მქონდა მოსკოვსა და ამერიკაში წასვლასა და იქ მოღვაწეობაზე და რომ არ დავთანხმდი; მაგრამ მაშინ დაოჯახებული ვიყავი და თავი შევიკავე... ბევრი კომპოზიციის შექმნის იდეა მიჩნდება, მაგრამ რომც ჩავწერო, ვის რაში სჭირდება?! აქ მაინცდამაინც " აბობოქრებულ ზღვაში" უნდა იმღერო ან რაღაც ამის მსგავსი, რომ ვიღაცას მოეწონო...
- გია, მიწისქვეშა გადასასვლელებშიც უკრავ, ხომ?
- ჩემს მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე, როდესაც სხვა საქმე არ გვაქვს. სხვათა შორის, რეალური მსმენელი და დამფასებელი იქ უფროა. ვისაც ბარსა რესტორანში დასაჯდომი ფული არ აქვს, რა ქნას?! ბევრს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა სურს, მაგრამ ამისთვის 100 ლარს ვერ გადაიხდის. რესტორანში ღიპიან და ფულიან ბიძებს ჩემი გიტარა ისე აინტერესებთ, როგორც მე - ჩინური.
- ე.ი. მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია?
- არც ერთი წუთით! რომ მითხრან, მილიარდს მოგცემთ და გიტარას არ გაეკაროო, დაუფიქრებლად ვეტყვი უარს...
ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)