წლების წინ პოპულარული და შემდეგ დაშლილი ჯგუფი - "ქუჩის ბიჭები" ისევ შეიკრიბა და ცოტა ხნის წინ კონცერტიც გამართა. შეკრების ინიციატორი მისი წევრები - გურამ ლომიძე და ზურა ხაჩიძე იყვნენ და ამ საქმისთვის ორივემ საჭირო თანხაც გაიღო (სიმღერები ჩაწერეს, კლიპები გადაიღეს). აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით გურამსაც და ზურასაც საზღვარგარეთ უწევთ ცხოვრება. გასულ კვირას რედაქციაში სტუმრობა გურამ ლომიძეს ვთხოვე.
- როგორც გავიგე, "ქუჩის ბიჭების" კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
- კი, კმაყოფილები ვართ.
- ამდენწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნება არ გაგიჭირდათ?
- ადვილი ნამდვილად არ იყო - სცენაზე გასვლის წინ ყველანი ვღელავდით. თითქმის ისეთივე განცდა გვქონდა, როგორიც 1-ელ კონცერტზე, მაგრამ სცენაზე გასვლის შემდეგ, მღელვარება გაქრა. ვმღეროდით როგორც ძველ, ისე ახალ სიმღერებს.
- ამ ზაფხულს რა გეგმები გაქვთ?
- ცოტა ხანში ტელეეთერში ახალი კლიპი გავა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა, ზურა მენთეშაშვილმა გადაიღო; სიმღერის ტექსტი და მუსიკა აჩი ფურცელაძეს ეკუთვნის. მელოდიასა და ტექსტში ცოტა ცვლილებები შევიტანეთ. კლიპის პრეზენტაციის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას მეორე ვიდეორგოლზე, რომელიც აგვისტოს დასაწყისისთვის უნდა გვქონდეს მზად. გადაღებების შემდეგ აჭარაში გადავინაცვლებთ, სადაც უფრო დიდი მასშტაბის კონცერტს ვგეგმავთ. რამდენიმე საკლუბო კონცერტის ჩატარებაც გვინდა. აგვისტოს 20-ში კი ზურა ხაჩიძე ჰოლანდიაში მიემგზავრება. მერე ცოტას დავისვენებთ და სექტემბერში მეც ვბრუნდები ამერიკაში, მაგრამ საახალწლოდ ისევ ვაპირებთ შეკრებას და კონცერტებს; ახალი სიმღერების ჩაწერასაც.
- ე.ი. სეზონურად მუშაობა გადაწყვიტეთ?
- კი, ჩვენი შესაძლებლობებითა და ფინანსებით სეზონურად ვიმუშავებთ. ამასთან, თუ ვინმეს სურვილი ექნება და ამა თუ იმ კონცერტში მიგვიწვევს, მეც და ზურაც ჩამოვალთ საქართველოში, ოღონდ, ის ღონისძიება მგზავრობის ხარჯებს უნდა ანაზღაურებდეს.
- გურამ, რას იტყვი ჯგუფში პიკასოს დაბრუნებაზე? თავის დროზე მისი წასვლა გარკვეულ უსიამოვნებასთან იყო დაკავშირებული. იყო გულისტკენაც...
- ნათქვამია, დრო ყველაფრის მკურნალიაო და სწორედ დრომ განსაზღვრა პიკასოს ჩვენს ჯგუფში დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს, მოგვენატრა კიდეც. თან, პიკასო "ჩვენი სახლის" ერთ-ერთი "კედელი" იყო, რომელიც ჩამოიშალა... ასეთივე მტკივნეული იქნებოდა "ქუჩის ბიჭების" ძირითადი ოთხეულიდან (ვინც თავიდან ვიყავით), ნებისმიერის წასვლა. მართალია, პიკასოს ნაცვლად პაატა ცეცხლაძე დაგვემატა, რომელმაც უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი ჯგუფი, მაგრამ მას დღესდღეობით ბევრი საქმე აქვს - პატრიარქის გუნდში გალობს, მღერის ანსამბლ "ბასიანში". მასთან ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ურთიერთობასა და თანამშრომლობას.
- როგორ ცხოვრობ იქ? არ გაგიჭირდა ამერიკაში თავის დამკვიდრება?
- მოკლედ, ჩემმა ბიძაშვილმა, დედაჩემის ძმისშვილმა მიწვევა გამომიგზავნა (ის უკვე 10 წელია, რაც ჩიკაგოში ცხოვრობს). ვიზის აღებაზე პრობლემა არ შემქმნია. ჩიკაგოში სასტუმრო ვიზით გავემგზავრე და შემდეგ იქ დავიწყე საბუთების გაკეთება - 6-თვიანი ვიზა გამიხსნეს. ბიძაშვილებმა მანქანა, სახლი და სამუშაო დამახვედრეს. მართალია, ბევრი რამით უზრუნველყოფილი ვიყავი, მაგრამ თავიდან მაინც გამიჭირდა, რადგანაც სცენიდან პირდაპირ სრულიად უცხო სამუშაოზე აღმოვჩნდი, მაგრამ იმასაც შევეგუე.
- მძიმე სამუშაო იყო?
- საკმაოდ. 3 წლის განმავლობაში ძალიან ვიწვალე.
- არ გვეტყვი, რას აკეთებდი?
- ბიძაშვილს რესტორანი ჰქონდა და იქ ვმუშაობდი - მზარეული გახლდით.
- ე.ი. მზარეულობა გამოგდის?
- კი, საკმაოდ კარგი კულინარი ვარ. თავიდან ენაც არ ვიცოდი. სადღაც 2 წელი დამჭირდა, რომ ენა ამეთვისებინა. 3 წელიწადში კი უკვე ნორმალურად მოვიკიდე ფეხი. საკუთარი ბიზნესიც ავაწყვე. ახლა უკვე ფეხზე მყარად ვდგავარ და ჩემს ბიზნესს ვავითარებ.
- რა ბიზნესია?
- ყიდვა-გაყიდვა-გადაზიდვა. თავიდან ჩემს ბიძაშვილთან დავიწყე მუშაობა, მერე მანქანების ყიდვა-გაყიდვაზე გადავედი. საქართველოშიც, მეგობრებს რამდენიმე მანქანა გამოვუგზავნე. ამ ბიზნესს ბევრი მოგება არ მოჰქონდა და სხვაგან გადავინაცვლე. ახლა კი საკუთარი კომპანიის მფლობელი ვარ. ჯერჯერობით მცირე ბიზნესად ითვლება, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობ, რომ საქმე წინ წავიდეს.
- ამერიკაში არ გიცდია, რომელიმე კლუბში, ბარში ან რესტორანში მუსიკოსად გემუშავა?
- კი, ვცადე. გარკვეული პერიოდის მანძილზე რესტორანში სიმღერამაც მომიწია და ძალიან არ მომეწონა ეს საქმიანობა. ამიტომაც, თავი დავანებე. როდესაც რესტორანში სიმღერას იწყებ, მერე იქ რჩები და როგორც მუსიკოსი, ვეღარ ვითარდები.
- ჩიკაგოში სახლი ხომ არ შეიძინე?
- სახლი არც თბილისში მაქვს და არც - ამერიკაში. ქირით ვცხოვრობ.
- ძალიან ჭკვიანი და საყვარელი შვილი გყავს - ნიკუშა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს - მამიკო ამერიკაში იმიტომ არის წასული, რომ მე დამეხმაროსო.
- თავისთავად. სხვანაირად არც შეიძლება. ბავშვს ყველაფერს ვუგზავნი, რაც სჭირდება. ნიკუშასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
- ყოფილ მეუღლესთან - ხატია შამუგიასთანაც რომ კარგი ურთიერთობა გაქვს, ესეც ვიცით...
- კი, ყოფილ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ნიკუშა კი უკვე იმხელაა, რომ ერთმანეთთან ძმებივით ვართ... IX კლასის შემდეგ სასწავლებლად ამერიკაში წავიყვან. კარგად სწავლობს. ყველაფერი მშვენივრად გამოსდის.
- ისე, შენ და ხატიამ როგორ მოახერხეთ, რომ ასეთი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ?
- ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ დროს შევწყვიტეთ თანაცხოვრება, როცა საჭირო იყო და ოჯახური ურთიერთობა არ გადაიზარდა სერიოზულ სკანდალში, რაც ორივეს დაგვაზიანებდა. დღესდღეობით ჩვენი ურთიერთობის ყველაზე დიდი და მყარი საფუძველი ნიკუშაა - ჩვენი შვილი.
- ხატია ამ თქვენი კონცერტისწინა პერიოდში მხარში დაგიდგათ, ბევრ რამეში დაგეხმარათ.
- ყოველთვის გვეხმარებოდა, გვეხმარება და იმედი მაქვს, მომავალშიც მოგვეხმარება. ის ჩვენი ჯგუფის ყველა წევრის მეგობარია, ყველანი პატივს ვცემთ და გვიხარია, რომ ჩვენ გვერდითაა.
- ამერიკაში როცა დამოუკიდებლად, მარტო იკვლევდი გზას, რა იყო შენთვის მთავარი სირთულე?
- ყველაფერი. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და ყველაფერს თავიდან იწყებ, ძნელია. მით უმეტეს, რომ აქ პოპულარულ "ქუჩის ბიჭს" ჩიკაგოში არავინ გცნობს. თუმცა არა, ქართველები ვინც იქ არიან, ყველანი არაჩვეულებრივად შემხვდნენ და პატივს მცემენ. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ აქ დირექტორი და უფროსი არასდროს მყოლია. ჩემს ნებაზე ვიყავი, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა, იქ კი მენეჯერისა და უფროსისთვის უნდა დამეჯერებინა....
- ახლა მენეჯერი თვითონ ხარ. მკაცრი ხარ?
- ძალიან მკაცრი არა, მაგრამ მომთხოვნი ვარ - საქმე უპირველეს ყოვლისა!
- საქართველოში რომ ჩამოხვედი, შენი კომპანია ამერიკაში ვის დაუტოვე?
- 2 კომპანიონი მყავს და ახლა ისინი მუშაობენ. ისე, ჩემი აქ ყოფნით გარკვეულ ზარალსაც ვნახულობ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო...
- ეს "ქუჩის ბიჭი" ჩიკაგოში პირველად რამ გაგაოცა?
- ცათამბჯენები რომ დავინახე, გაოცებისგან მეტყველების უნარი წამერთვა. ძალიან ლამაზია ჩიკაგო, მოწესრიგებული ხალხი ცხოვრობს, ამას გზებზე მოძრაობისასაც იგრძნობ. იქ ცხოვრება საათივითაა აწყობილი.
- სოციალური ქსელის ("ფეისბუკი") საშუალებით შენი ფოტოები მაქვს ნანახი, სადაც პატარა ბავშვთან ერთად ხარ გადაღებული. მერე ხმაც გავრცელდა, გურამიკომ ამერიკაში ცოლი მოიყვანაო. რას გვეტყვი ამაზე? ის ბავშვი მართლაც შენი შვილია? ოფიციალური ქორწინებით გაჩნდა თუ...
- ეს თემა დახურული მაქვს და მასზე არ ვსაუბრობ.
- მაშინ სურათები რატომ განათავსე "ფეისბუკზე"?
- ვაღიარებ, რომ სურათები დევს...
- მეორედ დაქორწინებაზე აღარ ფიქრობ?
- ვეძებ ისეთ ქალს, რომელიც ბოლომდე გამიგებს. მნიშვნელობა არა აქვს, რა ეროვნების იქნება. ისე კი დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველი იყოს.
- უცხოელ გოგონებს თავს როგორც პოპულარული ჯგუფის "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი, ისე აცნობდი?
- კი, და ამით ბევრი გოგო მოვხიბლე იქ. ასე რომ, პოპულარობა იქაც მეხმარება.
- როგორები არიან ამერიკელი გოგონები?
- რომ გითხრა, ფანტასტიკურები და მომწონს მათი ცხოვრება-მეთქი, მოგატყუებ. ამერიკაში რაც არ მომწონს, ის არის, რომ ქალების უფლებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე - მამაკაცების. ეს ამერიკელი გოგონების საქციელში გამოიხატება. ლიდერობა სურთ, რაც კავკასიელ მამაკაცებთან ურთიერთობისას არ გამოსდით.
- ამერიკაში რა გენატრება ხოლმე?
- ყველაფერი - ქართული...
- აქ რომ ჩამოხვედი, პირველად ვინ მოინახულე?
- ჩემი ძმა, ხატია, ნიკუშა და შემდეგ უკვე ყველა... მეორე დღეს კი ხინკლის საჭმელად წავედი - ძალიან მომენატრა.
- იქ არ აკეთებენ ხინკალს?
- კი, მეც გამიკეთებია, მაგრამ იქ ისეთი პროდუქტი არ არის, როგორიც ჩვენთან.
- ისე, შენმა კულინარიულმა მონაცემებმა გამაოცა. სად ისწავლე?
- დედაჩემიც კარგი კულინარია. 14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი და ცხოვრებამ მასწავლა. რაღაცებს დედაჩემს ვეკითხები. ბებიაჩემმაც ბევრი რამ მასწავლა. პურის ცხობა მისგან ვიცი. სხვათა შორის, ძალიან ადვილია...
ლალი ფაცია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)