ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ცნობს და შეწყალების იმედი აქვს. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
"ის მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება საშინელება იყო, მაგრამ აუცილებელი", - განაცხადა ადვოკატმა გეირ ლიმპეტადმა. ადვოკატის თქმით, ბრეივიკს სურს ნორვეგიის საზოგადოებაში რევოლუცია მოაწყოს, რათა ქვეყანაში ლიბერალურ ემიგრაციულ პოლიტიკასა და ისლამის გავრცელებაზე გაიმარჯვოს.
უკვე ცნობილია ანდერს ბრეივიკის დანაშაულის დეტალები, მოტივები და მსოფლმხედველობა. აღმოჩნდა, რომ ტერორისტი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ეთაყვანება.
თავის 1500 გვერდიან მანიფესტში ("2083 ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია") ბრეივიკი მოიხსენიებს რუსულ მაფიას, კრემლის პოლიტიკური კურსის მიმდევარ ორგანიზაცია "ნაშის" და პუტინს.
დოკუმენტში ავტორი აღწერს სხვადასხვა სახის იარაღის შეძენის რამდენიმე ხერხს. იარაღის შეძენის ერთ-ერთ წყაროდ ბრეივიკი რუსულ მაფიას ასახელებს. ტერორისტი ასევე დაწვრილებით აღწერს ბომბების შექმნის პროცესს.
"კულტურულ-კონსერვატორული" და "პატრიოტული" ახალგაზრდების აღზრდის აუცილებლობაზე საუბრისას მანიფესტის ავტორს მაგალითად მოჰყავს რუსული ორგანიზაცია "ნაში".
გარდა ამისა, ბრეივიკი რუსეთს მოიხსენიებს იდეალური პოლიტიკური წყობის მაგალითად. "ევროპაში უფუნქციო დემოკრატია უნდა შეიცვალოს დემოკრატიის მმართველობითი ფორმით, რუსულის მსგავსად", - აღნიშნავს დეკლარაციის ავტორი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას ბრეივიკი აღნიშნავს, რომ "პუტინი მასზე სამართლიანი და გაბედული ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც პატივისცემის ღირსია". ამასთან ბრეივიკის თქმით "პუტინის პოლიტიკის პროგნოზირება რთულია, ამიტომ უცნობია ის პოტენციურ საუკეთესო მეგობრად დარჩება თუ მტრად".
კითხვაზე "ვისთან ისურვებდით შეხვედრას ამჟამინდელი მოღვაწეებიდან" ბრეივიკი პუტინთან ერთად, რომის პაპსაც მოიხსენიებს.
რაც შეეხება მტრებს, ნორვეგიელი ტერორისტი თავის მთავარ მტრად დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, გორდონ ბრაუნსა და ტონი ბლერს, ასევე პრინც ჩარლზს მიიჩნევს.
ბრიტანელი პოლიტიკოსების ფოტოები ნაშრომის ერთ-ერთ თავში, "მოღალატეთა კატეგორიაშია" განთავსებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ევროპაში ისლამის გავრცელების გამო სიკვდილს იმსახურებენ.
ბრიტანელი პოლიტიკოსების გარდა, ჩამონათვალში არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო. ამასთან, ბრეივიკს შედგენილი აქვს 100 პოლიტიკური პარტიის სია, რომელებიც "პირდაპირ და ირიბად" მხარს უჭერენ ევროპის ისლამიზაციას.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება. ანდერს ბრეივიკი სასამართლო მოსმენების ღია რეჟიმში ჩატარებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ბრეივიკი გეგმავს დეტალურად მოყვეს თავისი დანაშაულის მოტივებზე და სურს ეს საჯაროდ გააკეთოს. ამასთან, ტერორისტს სურს, სასამართლოს წინაშე უნიფორმით წარსდგეს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, კონკრეტულად, რომელი უნიფორმის ჩაცმას აპირებს ბრეივიკი.
ნორვეგიის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო პროცესის დახურულ და ასევე, ღია რეჟიმში ჩატარებაა შესაძლებელი. როგორ წარიმართება პროცესი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს სასამართლო მოსმენის პირველ სხდომაზე მიიღებენ. ბრეივიკი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად მიიჩნევა. ამიტომ მას არ შეუძლია საქმის მასალებს სრულად გაეცნოს. ბრეივიკს ბრალს გამოძიების დასრულების შემდეგ წაუყენებენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.