ცოტა ხნის წინ პაატა გულიაშვილის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე ყველა ლაპარაკობდა. მსახიობის მამა ავთო გულიაშვილი თელავის თეატრში შეკრებაზე გარდაიცვალა. ამ ამბავს ბევრი ჭორი მოჰყვა. გასულ კვირას პაატასა და მის მეუღლე ნინო ტარიელაშვილს შევხვდით, რასაკვირველია, ამ თემაზეც ვისაუბრეთ.
- სად აპირებთ დასასვენებლად წასვლას?
ნინო:
- ბავშვებს პაატას გარეშე წავიყვან ჩემს სოფელ ტეზერში, რომელიც ბორჯომისკენ არის. პაატას ტელევიზიაში სამუშაო აქვს. ასეც რომ არ იყოს, მას სოფელში წამოსვლა არ უყვარს. ყოველთვის მარტო მიმყავს ბავშვები. აგვისტოში ბავშვებს ჩემს მშობლებთან დავტოვებთ და მე და პაატა ზღვაზე წავალთ.
- პაატა, როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ზაფხულში ბევრი გეგმა გაქვს...
- "რუსთავი 2"-ზე შეიძლება, ახალი გადაცემა დაიწყოს, რომლის წამყვანიც მე ვიქნები. რუსეთიდან რეჟისორი ჩამოვიდა. საქართველოში ნოველებს იღებს. ერთ-ერთ როლზე მეც დამამტკიცეს. 25 ივლისიდან ერთკვირიანი გადაღებები მექნება სიღნაღში.
- "რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემა რა ტიპის იქნება?
- გასართობ, კარაოკეს ტიპის გადაცემას გავაკეთებთ. ორ უცნობ ადამიანს ორი ცნობილი ადამიანი მიეხმარება დავალებების შესრულებაში.
- გარუჯვა როდის მოასწარი?
- "აკვაპარკში" ფარული კამერის გადაღება გვქონდა და დავიწვი. ისეთ ადგილას ვიჯექი, ვერ ვგრძნობდი მზეს, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი, დავიტანჯე. ისეთი დამწვარი ვიყავი, ორი დღე სიცხე მქონდა, ლამის ვიტირე, არაფერმა მიშველა. საბედნიეროდ, გადავრჩი.
- ნინო, მეუღლე რომ სულ დაკავებულია, არ აპროტესტებ?
- მერვე წელი დაიწყო, რაც პაატას მეუღლე ვარ. უკვე მივეჩვიე მის რეჟიმს. ისეთი პროფესია აქვს, სახლში დიდხანს არ ჩერდება. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მოდის და მერე ისევ სამსახურში ბრუნდება. ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, ცოტა ხნის წინ ბინა გამოვიცვალეთ. ვერ ვიყიდეთ, მაგრამ ვიგირავეთ. ახალმოსახლეობა გვაქვს.
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადგილას მუშაობ, სამწუხაროა, რომ ბინის ყიდვა მაინც ვერ მოგიხერხებია...
პაატა:
- ანაზღაურება ნორმალური მაქვს, მაგრამ ბინა ძალიან ძვირი ღირს. ბავშვებსაც ბევრი რამ სჭირდებათ. არ ვწუწუნებთ, იმ ანაზღაურებისაც მადლობელი ვარ, რაც მაქვს.
- ნინო, სამსახურის დაწყებას ხომ არ აპირებ?
პაატა:
- სამსახურის დაწყებას მას შემდეგ აპირებს, რაც ჩემი ცოლი გახდა.
ნინო:
- მართლია, მაგრამ აქამდე ბავშვები პატარები იყვნენ. სექტემბერში გუგა სკოლაში მიდის, ნიკა ბაღში წავა და სამსახურს აუცილებლად დავიწყებ.
პაატა:
- ჩემზე კიდევ ერთი კარგი სიახლე შემიძლია გითხრათ. ფილმი გადავიღეთ მე და დევი დევიძემ. ესაა დოკუმენტური ფილმი კახეთზე, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მოვიარეთ კახეთის ყველა ეკლესია-მონასტერი. ფილმს დაახლოებით ერთი წელი ვიღებდით. მალე გაიმართება ფილმის პრემიერა, იმედია, ყველას მოეწონება.
- ნინო, პაატა ისეთივე მხიარულია ოჯახში, როგორც თავის გადაცემებში?
- ისეთივე მხიარული ნამდვილად არ არის. უბრალოდ, კარგ ხასიათზე თუ არის, ბევრ ანეკდოტს მიყვება.
- კახეთი თუ შეგაყვარა?
პაატა:
- შვიდი წლის განმავლობაში, რაც ჩემი ცოლია, ალბათ ორჯერ არის კახეთში ნამყოფი. თელავში მეც იშვიათად ჩავდივარ.
ნინო:
- გუგას ძალიან უყვარს კახეთში წასვლა. ამ ზაფხულს უკვე მოასწრო თელავში ცოტა ხნით ჩასვლა. თელავი მეც ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ მიხაროდა ჩასვლა, სანამ პაატას მამა ცოცხალი იყო. თელავში გამორჩეული ხალხი ცხოვრობს და ბევრი საინტერესო ადგილია.
- პაატას მამის სიკვდილს ბევრი ჭორი მოჰყვა...
- ბევრი ბინძური ჭორი გავრცელდა. ყველა, ვინც იცოდა, რომ პაატას ცოლი ვიყავი, მეკითხებოდა ამ ამბავს და თან ისეთ ჭორებს მიყვებოდნენ, გული მიხდებოდა ცუდად. ყველას ვუხსნიდი, რა და როგორ მოხდა.
პაატა:
- ამ თემაზე კომენტარს დიდხანს არ ვაკეთებდი. მხოლოდ ერთხელ მივეცი ინტერვიუ, როცა უკვე ზღვარს გადასცდა სულელური ამბების გავრცელება. ამ ტრაგედიიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედი. მამას წლების განმავლობაში აწუხებდა გული. თვეში ათი დღე მაინც საავადმყოფოში იწვა. მამას არ ვეუბნებოდით, მაგრამ ექიმმა გვითხრა, რომ მხოლოდ გულის გადანერგვა იქნებოდა მისი გადარჩენის შანსი. ოპერაცია უზარმაზარი თანხა ჯდებოდა, მაგრამ დიდი ხანი, დაახლოებით ათი წელი სჭირდებოდა დონორის მოძებნას. მამა ბოლოს 31 იანვარს გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან და მარტში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინა საღამოსაც ექიმი ჰყავდათ გამოძახებული და თეატრში შეკრებაზე რომ წავიდა, კათეტერი ეკეთა ხელზე.
- თეატრში შეკრებაზე რომ არ წასულიყო, იქნებ, დღეს ცოცხალი ყოფილიყო...
- ამასაც ვერ ვიტყვი. არ იყო მამა ისეთი პიროვნება, რომ შეკრებაზე არ მისულიყო. მამაჩემი და დუტას დედა თელავის თეატრში მუშაობდნენ. მე და დუტა თელავის თეატრის კედლებში გავიზარდეთ. როგორც ჩემზე ზრუნავდა მამა, ისევე ზრუნავდა დუტაზე და ანალოგიურად იქცეოდა დუტას დედაც. მე და დუტა ბავშვობიდან ვმეგობრობთ და დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ, ადამიანებს ყველა ხელმძღვანელთან აქვთ პრეტენზიები. თელავის თეატრის შიდა სიტუაციაში ნაკლებად ვერეოდი. ამბებს ძირითადად მამასგან ვიგებდი. თეატრის დასის თათბირზე დაიძაბა სიტუაცია და მამა გარდაიცვალა, თუმცა პირადად მასთან შეხება არავის ჰქონია. ეს ისეთივე რაღაცაა, ორმა კაცმა რომ იჩხუბოს, მესამე ესწრებოდეს და გულის შეტევა დაემართოს. მამა სხვანაირად ვერც წავიდოდა ამ ქვეყნიდან. მიუხედავად მცირე დროისა, რაც იცხოვრა, დღეს ის ქუჩა, სადაც ჩვენი სახლია, მამას სახელობისაა. მამა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თელავში გაანაწილეს და მას შემდეგ იქ ცხოვრობდა. ის არ ყოფილა კონფლიქტური ადამიანი. ხომ წარმოგიდგენიათ, 60 წლის ადამიანი, რომელიც არ იყო თელაველი და 30 წელი ცხოვრობდა თელავში, როგორ უნდა შეუყვარდეს ქალაქს, რომ ქუჩას მისი სახელი დაარქვან... დედა მიყვებოდა, პირველი დუტა მივარდა მამას, ცუდად რომ გახდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდაო. არ ვიცი, თათბირზე რომ არ წასულიყო, მამა დღეს ცოცხალი იქნებოდა თუ არა, მაგრამ მერწმუნეთ, ის ჭორები, რაც ვრცელდებოდა, მართალი რომ ყოფილიყო, ჩვენ დღეს ინტერვიუს ვერ ჩავწერდით.
- რა მოხდებოდა, ჭორები რომ მართალი ყოფილიყო?
- რა შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს, თუ მამამისს ვინმე რამეს დაუშავებს და ვიღაცის გამო შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი დაიღუპება?
- არ ვიცი, შურს იძიებდი?
- რასაც ყველა ნორმალური ადამიანი გააკეთებდა, მეც ისე მოვიქცეოდი. თავზე ხელს არ გადავუსვამდი, ვინც უნდა ყოფილიყო დამნაშავე.
- შენი აზრით, რომელი მხარე იყო მართალი თეატრში?
- ორივე მხარისთვის მომისმენია და არგუმენტები ორივეს საფუძვლიანი აქვს. მე ადრე ვმუშაობდი თელავის თეატრში, ახლა რუსთაველის თეატრში ვარ. თეატრი ინტრიგების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, როცა თეატრში საქმე კეთდება, იქ ინტრიგის დრო აღარაა. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მამა აღარაა ცოცხალი. ვიცი, რომ საბოლოო ჯამში ეს კაცი თეატრის კეთილდღეობას შეეწირა. ღმერთმა ინებოს, რომ ამ თეატრში ყველაფერი დალაგდეს. მე თუ ოდესმე მომეცემა იმის საშუალება, რამდენიმე წლის მერე, სიბერეში, მათთან მივიდე და ვითამაშო, არც მაგაზე ვიტყვი უარს. დანარჩენში ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ფაქტია, რომ მამა ცოცხალი აღარაა. ახლა ან უნდა შერიგდნენ, ან ყველაფერი უნდა დაშალონ თეატრში. ჩემი აზრით, კამათს სჯობს, საქმე აკეთონ. მამაჩემის გარშემო ატეხილ ჭორებზე ბევრს ვნერვიულობდი. დუტა პანაშვიდზე გვერდით მედგა. ჩვენ ერთად დავდგებოდით, ჭორები რომ მართალი ყოფილიყო? მამას ბოლო პერიოდში თოჯინების თეატრი ებარა, დუტამ თქვა და მართლაც, ეს თეატრი მამას სახელობის გახდა. ზუსტად ვიცი, რომ თეატრის დაშლა მამას არ გაუხარდებოდა. არ ვმეტიჩრობ ამ სიტყვებით, მაგრამ მისი სიკვდილით მისდა უნებურად თეატრში სიტუაცია განეიტრალდა.
- ჩემი აზრით, განეიტრალების ნაცვლად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა...
- მე ჩემი მხრიდან ვამბობ, რომ დუტასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. დედაჩემი ისეთი ადამიანია, ეს ამბავი მართლა ისე რომ მომხდარიყო, როგორც ჭორაობდნენ, არავის აპატიებდა. თავიდან კი ვიფიქრე, რაიმეს ხომ არ მიმალავდნენ. ჭორი გავიგე, თითქოს დუტამ მამას შეურაცხყოფა მიაყენა და მან ვერ გადაიტანა. დედა იმ თათბირს ესწრებოდა. რომ ვკითხე, მითხრა, მსგავსი არაფერი მომხდარაო. უბრალოდ, ცხარე კამათი იყო და მამამ ვერ გადაიტანა. ვინც დედას იცნობს, დამეთანხმება, რომ ის არაა ისეთი პიროვნება, ვინმეს რაიმე დაუთმოს და აპატიოს.
- ნინო, პაატა ამ ამბების შემდეგ შეიცვალა?
- რა თქმა უნდა. პაატას მამა მეც ძალიან მიყვარდა. მისთვის ბევრჯერ მითქვამს, როგორც მამა მიყვარს, შენც ისე მიყვარხარ-მეთქი. შვიდი წელი მისი რძალი ვიყავი და ჩემთვის ერთი შენიშვნაც არ მოუცია. მეგობრები ვიყავით.
- მამას ეძახდი?
- არა, ავთო ბაბუათი მივმართავდი და ეს ძალიან მოსწონდა. არ მიყვარს, მამამთილისთვის მამათი მიმართვის ფორმა. პატივისცემა საქციელში გამოიხატება და არა დედამთილ-მამამთილისთვის დედისა და მამის დაძახებაში. ავთო ბაბუა საოცრად თბილი ადამიანი იყო. ცოტა მსუქანი იყო და საოცრად ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. თეთრ წვერს ატარებდა. ხანდახან ვგრძნობდი, უნდოდა, ჩამხუტებოდა, მაგრამ ერიდებოდა. გაივლიდა და თავზე გადამისვამდა ხოლმე ხელს. მერე მე თვითონ მივიდოდი და ჩავეხუტებოდი ხოლმე.
- ნიკუშას და გუგას უნდათ მსახიობობა?
პაატა:
- გუგა პატრულზე გიჟდება. ჩვენს მეზობლად ერთი პატრული ცხოვრობს, მისი მანქანა რომ დაინახა, თვალები აუციმციმდა. მეზობელმა ჩაისვა მანქანაში და მერე გუგა მთელი დღეები სულ ამაზე ლაპარაკობდა.
ნინო:
- ამბობს, პატრულები კეთილები არიან და ადამიანებს შველიანო. ნიკუშა კი ნამდვილად ვიცი, რომ მსახიობი გამოვა.
პაატა:
- თუმცა მე რომ მკითხოს, არ ვურჩევ. მსახიობობა მართლა რთული პროფესიაა. ამ სფეროში ვარ და ვერ ვიგებ, ფილმისთვის კასტინგებს როდის ატარებენ ხოლმე. გინდა ეწყინოთ და გინდა ნუ ეწყინებათ, მაგრამ მართლა ასეა. ბევრი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც თეატრის გარდა არსად ჩანს. ბევრი ასაკოვანი მსახიობიცაა, რომელიც აღარავის ახსოვს, არადა, მათ ჯერ კიდევ ბევრი როლის განსახიერება შეუძლიათ. ალბათ შეიძლება ისეთი რამის მოფიქრება და გაკეთება, რომ არც ერთი თაობის მსახიობს არ დასწყდეს გული.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)