სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" მესამე სეზონი ტრაგიკულად დამთავრდა. მანანა მშობიარობას გადაჰყვა, შვილს კი მისი მეგობარი დოდოშკა გაზრდის. ამ ამბავმა გული ბევრს დასწყვიტა. ყველა კითხულობს, რატომ მოკლეს სცენარისტებმა მანანა, რას ერჩოდნენო. გასულ კვირას სერიალის განუყრელ მეგობრებს მანანასა და დოდოშკას, ანუ ია შუღლიაშვილსა და ქეთევან კანტიძეს შევხვდი და შევეცადე, გამერკვია, რატომ გაიმეტეს სცენარისტებმა სერიალის ერთ-ერთი დადებითი პერსონაჟი.
- ყველას გული დასწყდა, სერიალში მანანა რომ დაიღუპა.
ქეთევანი:
- განსაკუთრებით მე დამწყდა გული. აღარ ვიცი, რა უნდა ვქნა. აღარ მყავს გვერდით მეორე ნახევარი.
ია:
- მეორე ნახევარი, ვალერი ხომ გყავს ისევ.
ქეთევანი:
- ვალერი კი მყავს, მაგრამ სამსახურში მანანას გამო მიხაროდა მისვლა, მას ვუმხელდი ჩემს ყველა საიდუმლოს და ახლა რა მეშველება. მანანა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ქოთქოთა დოდოშკას წყნარი მანანა აწონასწორებდა. რატომ დაემართა მანანას ეს საშინელი ამბავი, არ ვიცი. მისი სიკვდილი მე ძალიან გვიან, ლამის გადაღების წინ გავიგე და ძალიან დამწყდა გული.
- სერიალში ეს პირველი დიდი ტრაგედიაა, როგორც ვიცი.
ია:
- პირველი სეზონის ბოლოს კობა მოკვდა, რომელიც ლაშას ძმამ მოკლა და ამ ამბავზეც დიდხანს ლაპარაკობდნენ ქალაქში. ვერ გაიგეს, რატომ მოკლეს ის ადამიანი.
ქეთევანი:
- ახლა კი მანანა მოკვდა, რა საშინელებაა.
- სცენარისტებთან მანანას სიკვდილი არ გააპროტესტეთ?
ია:
- სპეციალურად დამიბარეს და მითხრეს, შენი გმირი მოკვდებაო. მანამდე მე სრულიად უცხო ხალხისგან გავიგე, რასაც უპირებდნენ მანანას, მაგრამ არ დავიჯერე. ვამბობდი, მანანა ფეხმძიმედაა და რატომ უნდა მოკლან-მეთქი. რომ დამიბარეს, მითხრეს, ცუდი ამბავი უნდა გითხრათო. ვუთხარი, ვიცი, რასაც აპირებთ-მეთქი. რა აზრი აქვს გაპროტესტებას, როცა იცი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ძალიან დამწყდა გული, ასეთი ბედი რომ ხვდა ჩემს გმირს. მომწონდა სერიალში მუშაობა. არაჩვეულებრივი გადამღები ჯგუფი იყო. გული მწყდება, რომ ასეთ კარგ ოჯახს უნდა გამოვაკლდე. მითხრეს, რომ სხვა პროექტში აუცილებლად დამაკავებენ.
- ქეთევან, გაგიჭირდათ მანანას სიკვდილის სცენის გადაღება?
- სხვათა შორის, მართლა გამიჭირდა. რამდენიმე დუბლად გადავიღეთ. როგორც ლათინოამერიკულ სერიალებში ხდება ხოლმე, ისეთი სიუჟეტი არ ყოფილა. მშობიარობის შემდეგ ექიმი გამოვიდა და თქვა, სამწუხაროდ, ქალბატონიო... და თავი დახარა. ჩუმი განცდის თამაში მევალებოდა. ამ სერიის გასვლის შემდეგ ყველა მეკითხებოდა, რატომ მოკვდა მანანაო. ეს პერსონაჟი ყველას უყვარდა. ჯერ კობაზე ატყდა ერთი ამბავი, ახლა მანანაზე. ვერ მიხვდნენ, რატომ მოკლეს ეს ხალხი.
ია:
- რატომღაც ორივე შემთხვევაში დადებითი პერსონაჟი დაიღუპა. კობაც მაშინ დაიღუპა, როცა გამოსწორდა და ოჯახს დაუბრუნდა. მანანას ბავშვი ეყოლა, თითქოს ყველაფერი აეწყო და მაშინ დაიღუპა.
ქეთევანი:
- ამ ქალს არაფერში არ გაუმართლა. ხან ძველი შეყვარებული ნახა, ხან ახალი ადამიანი გაიცნო, მაგრამ პირადი ცხოვრება მაინც ვერ ააწყო.
ია:
- მე მიმაჩნია, რომ არ არის კარგი, როდესაც სერიალში დადებითი გმირი კვდება.
ქეთევანი:
- ბოროტი რომ მოკვდება, ყველას უხარია. მგონი, ამ შემთხვევაში იმიტომ მოკლეს მანანა, რომ ყველას გული დასწყვეტოდა.
ია:
- კი მაგრამ, სერიალი ხომ გარკვეული იდეოლოგიის მატარებელია. კეთილი ადამიანი რატომ უნდა იღუპებოდეს. ცხოვრებაში კონკიას ამბებიც ხომ ხდება...
ქეთევანი:
- კონკიასავით გაუმართლა ჩემს დოდოშკას. ბავშვობიდან არავის ჰყვარებია და მერე ორ კაცს ერთდროულად შეუყვარდა. დოდოშკა ახლა რთულ სიტუაციაშია. უახლოესი მეგობრის შვილი, გოგონა უნდა გაზარდოს.
ია:
- გოგო ჩნდება? ეგეც არ ვიცოდი.
- ხომ შეიძლება, მოგვიანებით სერიალში მოვლენები ოცი წლის შემდეგ განვითარდეს და თქვენი შვილის თამაში მოგიწიოთ.
- არ ვიცი, ყველაფერი ჩვენს ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ისე კი, მითხრეს, რომ ხანდახან შეიძლება, დოდოშკას სიზმრებში გამოვჩნდე.
ქეთევანი:
- ხანდახან კი არა ყოველღამე, საუკეთესო მეგობარს ასე მალე როგორ დავივიწყებ.
- გადაღებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. თქვენ რამდენჯერმე რთული ეპიზოდის შესრულება მოგიხდათ...
- მე ერთხელ მანქანას ჩავუვარდი, ერთხელ ქორწილის დროს დავეცი და თავი დავარტყი. საბედნიეროდ, რბილი რაღაც იყო დადებული და თავი ძალიან არ მტკენია.
ია:
- მე კი ფეხმძიმობის პერიოდში კიბეზე დავგორდი. ამ როლის თამაში მე თვითონ არ გამჭირვებია. ამ ეპიზოდის რამდენჯერმე გადაღება დაგვჭირდა. რეჟისორს ყოველ ჯერზე გული უსკდებოდა. ყოველთვის, როცა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, ის ინერციით ხელგაშლილი მორბოდა ჩემკენ.
ქეთევანი:
- კასკადიორებიც ვართ.
- გადასაღებ მოედანზე ხშირად იყავით ერთად. რთული ილეთების შესრულების გარდა, კიდევ რას იხსენებთ ხშირად?
ია:
- ხშირად რესტორანში გვქონდა გადაღებები, რაც ძალიან გვიხაროდა.
ქეთევანი:
- ეს ფაქტი ჭამისადმი ჩემმა ლტოლვამ განაპირობა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე და ია მარხვაზე ვიყავით და მწვანილს ვჭამდით. გადამღებ ჯგუფს კი ხაჭაპურები და ხინკალი ხვდებოდათ. ქართულ მენტალიტეტს როგორც შეეფერება, ქმარს შეუღლებამდე დავყავდი რესტორნებში და მერე ცოლად რომ გავყევი - აღარ.
ია:
- და როგორც ქართულ მენტალიტეტს შეეფერება, მერე საჭმელებს დოდოშკა ამზადებს და ნათესავებს ეპატიჟება. დანარჩენი მსახიობები შურით სკდებოდნენ, ჩვენც გვინდა რესტორნებში და გემრიელ საჭმელებთან სცენების გადაღებაო, ამბობდნენ.
- სერიალმა დაგამეგობრათ, თუ მანამდეც მეგობრობდით?
- ჩვენ ერთად ვართ მარჯანიშვილის თეატრში. ქეთინო ჩემი დასის ხელმძღვანელია. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ.
ქეთევანი:
- თუმცა სერიალმა უფრო დაგვაახლოვა. როგორც იცით, მე პროფესიონალი მსახიობი არ ვარ. ია ყველაფერში მეხმარებოდა. რეპეტიციებს ერთად გავდიოდით. ბევრი რამ მასწავლა.
ია:
- მგონი, კარგი წყვილი ვიყავით გადასაღებ მოედანზეც და სერიალშიც.
- როგორც სერიალში, ცხოვრებაშიც ოჯახებით იკრიბებოდით?
- ასეთი შეკრებები არ გვქონდა. ორივე ძალიან დაკავებულები ვართ.
ქეთევანი:
- იას ბავშვი ჰყავს და სულ გარბოდა გადაღებებიდან. თან სიმღერებს წერდა, ხან თეატრში რეპეტიციები ჰქონდა. ამიტომ ოჯახურ შეკრებებს ვერ ვახერხებდით.
- ოჯახის წევრებმა მანანას გარდაცვალება როგორ მიიღეს?
ია:
- გულდაწყვეტილები იყვნენ. ტრაგიკულად არავის მიუღია ეს ამბავი, მაგრამ მათთვისაც კარგი იქნებოდა, ჩემი პერსონაჟი ცოცხალი რომ დარჩენილიყო, თუმცა ეს ხომ სერიალია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ქეთევანი:
- ჩემს მეუღლეს ძალიან ეწყინა ეს ამბავი. თქვა, მშვენიერი გოგო იყო, რას ერჩოდნენ მანანასო. ჯერ იყო და მაყურებელმა ვერ გაარკვია, მანანა ვისგან იყო ორსულად. მეკითხებოდნენ, გაგვაგებინე, ეგ ქალი ვისგანაა ორსულადო. ამბობდნენ, შეხედე, რა ჩუმჩუმელა ყოფილა, არადა, რა წყნარი ჩანდაო. მერე ქმარი გამოჩნდა და თქვეს, ააა, პატიოსანი ყოფილა, ბავშვს ქმრისგან აჩენსო. ბოლოს თითქოს დალაგდა ყველაფერი და ახლა ეს საშინელება დაგვემართა (ოხრავს - ავტ.), არავინ იცის, შეიძლება, დოდოც კვდება, მერე ის ბავშვი გაიზრდოს და ორივე დედას დასტიროდეს. აქეთ მანანას, იქით - დოდოშკას (იცინიან).
- ია, ქეთინო როგორი უფროსია?
- თეატრში ძალიან მკაცრია. სერიალის გადაღებებზე კი ისეთია, როგორიც სინამდვილეში. თეატრში სიმკაცრე აუცილებელია.
ქეთევანი:
- სერიალში მსახიობი ვარ. თეატრში კი ძირითადად დისციპლინას ვემსახურები. იმაზე ვზრუნავ, რომ მსახიობს მუშაობისთვის ყველა პირობა ჰქონდეს, არ დააგვიანოს რეპეტიციაზე და სპექტაკლზე. თეატრშიც თუ არტისტობა დავიწყე, არაფერი გამოვა.
- ვერაფრით ვერ წარმომიდგენიხართ მკაცრი.
- მოდი ერთხელ თეატრში დაუგეგმავად და ნახავ, როგორი მკაცრიც ვარ.
- იასთვის თუ მიგიცათ შენიშვნა?
- კი, დააგვიანა ერთხელ სპექტაკლზე. სად ხარ ამდენ ხანს, ია, ხომ გამოგიჭირე-მეთქი, მაგრამ მან ღიმილით და მშვიდად მიპასუხა, მეორე ნაწილში შევდივარ სპექტაკლშიო. შესაბამისად, კოვზი ნაცარში ჩამივარდა.
- თეატრში ჯარიმები მოქმედებს?
ია:
- რა თქმა უნდა. დაგვიანებაზე ერთი თვის ხელფასი იხსნება. შეიძლება, ორი თვის ხელფასიც დაექვითოს მსახიობს, თუ სპექტაკლზე დააგვიანებს. პირადად მე ასეთი შემთხვევა არ მქონია და არც ქეთინო ჩამიგდია უხერხულ მდგომარეობაში. მოწესრიგებული მსახიობი ვარ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)