"ხანში შესული" ბიკინი და თეა ლომიძის ცეცხლოვანი საზღვაო სამოსი

"ხანში შესული" ბიკინი და თეა ლომიძის ცეცხლოვანი საზღვაო სამოსი

დღეს ყველაზე პოპულარული საცურაო კოსტიუმი - ბიკინი უკვე 65 წლისაა. მისი პირველი მოდელი პარიზელმა ლუი რეარმა შექმნა. როგორც ცნობილია, მან ჟაკ ხაიმის მიერ რამდენიმე თვით ადრე შექმნილი საცურაო კოსტიუმის - "ატომი" მოდელი დახვეწა...

XX საუკუნის 10-იან წლებში, წითურთმიანი ლამაზმანის - რიტა ჰეივორტის ეროტიკული ფოტოები ჟურნალის გარეკანებს, ჯარისკაცების ყაზარმებს და მძიმე სატვირთო მანქანებს ამშვენებდა. მათ შორის 1 ფოტო ისტორიას განსაკუთრებულად შემორჩა: ის იმ ატომურ ბომბზე იყო მიკრული, რომელიც 1945 წელს, წყნარი ოკეანის ტროპიკულ კუნძულ ბიკინიზე ჩამოაგდეს... მოგვიანებით, "ბიკინი" ლუი რეარის გამოგონილ პლაჟის თამამ სამოსსაც უწოდეს...

თავდაპირველად, ტოპმოდელები ბიკინით პოდიუმზე გასვლას აპროტესტებდნენ. პირველი ჩვენებისათვის, საცურაო კოსტიუმის შემქმნელებმა სტრიპტიზის მოცეკვავეებიც კი დაიქირავეს, რომლებსაც საზოგადოების წინაშე ბიკინით გასვლის არ ერიდებოდათ. იტალიის, ესპანეთისა და პორტუგალიის სასულიერო პირები ბიკინის გამოჩენას უარყოფითად შეხვდნენ - მომცრო ზომის საცურაო კოსტიუმის ჩაცმას სასტიკად კრძალავდნენ, სამართალდამცველები კი პროვოკაციული სამოსის ტარებაში შემჩნეულ ქალბატონებს აკავებდნენ, ტრუსის სიგრძეს უზომავდნენ და სოლიდური თანხით აჯარიმებდნენ...

დღეს უკვე "ხანში შესული" ბიკინი სუპერპოპულარული საცურაო კოსტიუმია. ასაკის მატებასთან ერთად, ზომაში კიდევ უფრო იკლებს, მაგრამ ქართველმა დიზაინერმა - თეა ლომიძემ, რომელიც საზღვაო სამოსის კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება, როგორც კი ბიკინის ასაკი შეიტყო, "მკაცრი ტონით" განაცხადა:

- გადავდივართ ფოხნებზე!..

- გინდათ, საცურაო კოსტიუმების მოდა საწყის მდგომარეობას დაუბრუნოთ?

- არა, მუხლამდე ჯობია! ქალი ფეხს ფეხზე რომ გადაიდებს და კაბიდან ვარდისფერი ფოხანი ჩანს, სულ სხვაა! მოდის სფეროში ახალი მიმართულება იქნება!

- ...მაგრამ გარუჯვის მოყვარული ხალხისთვის არაპრაქტიკული იქნება.

- არა, რატომ?! პლაჟზე რომ გავლენ, აიკეცავენ! ხვდები, რა სიახლეა?

- ხუმრობა იქით იყოს და, მგონი, თქვენ მიერ შექმნილ ბიკინებს ასაკი მაინც დაეტყო - "დასერიოზულებულა": კლასიკური ფერები შეგირჩევიათ...

- 65 წლის თუ გახდა, ასაკოვანი ყოფილა და "დავასერიოზულე": შავი, თეთრი, ნაცრისფრის გრადაციები შევარჩიე.

- საცურაო კოსტიუმებზე ადრეც გიმუშავიათ?

- 2003 წელს, "16 რაუნდში", პირველი ჩვენებაზე, ყაისნაღით ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები წარმოვადგინე. 3 ცალი ილჰამ ალიევის ცოლმა შეიძინა - ძალიან მოეწონა! ერთადერთი "კუპალნიკი" ვერ გაიყიდა, რადგან ძალიან "მოხდილი" იყო. მას შემდეგ, შეკვეთებზე ვმუშაობდი. ყაისნაღით ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები ნიუ-იორკსა და უკრაინაშიც წაიღეს.

- ახლა როგორი საცურაო კოსტიუმები გაქვთ?

- ახლა ყაისნაღით არ ვქსოვ და მხოლოდ საცურაო კოსტიუმებს არ ვქმნი. ცეცხლოვან საზღვაო კოლექციას ვამზადებ, ექსკლუზიური შარფებით.

- თანამედროვე მოდის ტენდენციები გაითვალისწინეთ?

- კი, მაგრამ ჩემი ხედვა მაქვს. მაგალითად, ვარდისფერი ჩემთვის მიუღებელია, რადგან მასში ორმაგი ვჩანვარ. ყვითელი საერთოდ არ მიყვარს... მოდა ისაა, რაც გიხდება! მომხმარებელმა სამოსი თუ ბიკინი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს.

- საცურაო კოსტიუმზე მუშაობა რთულია?

- ძალიან. ბიკინს კარგი ტანი უნდა "მოჰყვებოდეს". ლამაზ ტანზე უფრო კარგი იდეა მოდის. ჩემთვის ბიკინის შესაქმნელად იდეა არ მომდის, პირიქით - ვფიქრობ, სხეული როგორ დავმალო.

- შეიძლება, გოგონა გამხდარი იყოს, მაგრამ პრობლემა მაინც ჰქონდეს - მაგალითად, პატარა მკერდის გამო. ამ შემთხვევაში, როგორი საცურაო კოსტიუმი უნდა შეარჩიოს?

- შეიძლება, კაბაში პატარა მკერდი შენიღბო. "კუპალნიკში" ამას ვერ გააკეთებ: წყლიდან ამოსვლის შემდეგ "გუბკიდან" წყალი თქრიალით წამოვა. საცურაო კოსტიუმში თითქმის შიშველი ხარ და ვერაფერს იღონებ. ზოგს პატარამკერდიანი ქალი მოსწონს, გემოვნებაზე არ დაობენ. ყველა ერთნაირი რომ იყოს, დავიღუპებით. პლაჟი ამითაა საინტერესო: ვიღაცას შეხედავ და იხალისებ, როგორც - ჩემზე. სხვათა შორის, ბულგარეთში ველურ პლაჟზე ვიყავი. ასეთ პლაჟზე კიდევ გასვლის სურვილი არასოდეს მექნება. არაესთეტიკური სანახაობა იყო. იქ ყველა გახდილია. შესვლა ფასიანია.

- თქვენც გაიხადეთ?

- არავითარ შემთხვევაში! ბულგარეთიდან საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი. 45 წუთი შუალედი მქონდა. ქუჩაში ხომ არ დავდგებოდი? გოგოებმა პლაჟზე წასვლა გადავწყვიტეთ (ბარგი უკვე ჩაბარებული მქონდა). იქ მისულებს ყველა შიშველი დაგვხვდა, 4 გოგოს კი სარაფანი და "ესპადრელები" გვეცვა.

- ამის გამო, "ფეისკონტროლიორმა" ხომ არ გამოგაგდოთ?

- არა. უბრალოდ, შიშვლებს არავინ უყურებდა, ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა. მათ ფონზე, ველურებს ჩვენ უფრო ვგავდით. ზღვაში შესვლა ისე მინდოდა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელით და სარაფან-"ესპადრელებიანად" შევცურეთ. წყლიდან ამოსულს უკვე აეროპორტში მაგვიანდებოდა. თვითმფრინავში სველი სარაფნით ავედი. ხავერდის წითელი სავარძელი ჩემი საჯდომის ზომაზე დავასველე...

- მახსოვს, რომ მოგვიყევით - მცირე ზომის საცურაო კოსტიუმი როგორ მოირგეთ... თეა, მოდი, პუტკუნა ქალბატონებს პრაქტიკული რჩევები მიეცით.

- ჩემი აზრით, ჩემნაირმა ზღვაზე საერთოდ არ უნდა გაიხადოს, მაგრამ წყალში ქურქით ვერ შევალ. ცურვა მიყვარს, ვგიჟდები!.. იცი, წყალში კარგად რატომ ვარ? წონას ვერ ვგრძნობ, მიწაზე კი ვგრძნობ. დელფინივით ვცურავ... "კუპალნიკს" რაც შეეხება, ერთ-ერთ მულტფილმში ბეჰემოთს პატარა, ფუშფუშელა კაბა რომ აცვია, ხომ გახსოვს? ზუსტად ასეთი მაქვს და საცურაო კოსტიუმზე ვიცვამ ხოლმე.

- ფერი?

- როცა იხდი, ფერს რაღა მნიშვნელობა აქვს? რამდენიმე წლის წინ, ქობულეთში ვისვენებდი. მეგობარს ვურეკავდი, - ჩამოდი, მაგარ დროს ვატარებ-მეთქი. მიპასუხა: - ვერ ჩამოვალ, წონაში 6 კილოგრამით მოვიმატეო. - შე უპატრონო, მე რომ პლაჟზე გავიხდი, შენ ვინ შემოგხედავს-მეთქი? - ვუთხარი. თან, წითელი ბაფთებით გაფორმებული "კუპალნიკი" მაქვს...

- კარგი. თქვენს კოლექციაზე საუბარს დავუბრუნდეთ...

- ყველაფერი - საცურაო კოსტიუმები თუ მასზე გადასაცმელი პერანგები ხელით ნამუშევარი იქნება. კოლექციაში "კუპალნიკი" ცოტა მაქვს. აქცენტი საზღვაო სამოსზე გავაკეთე - რაც შეიძლება, ზღვაზე ჩაიცვა, რომ კარგად გამოიყურებოდე.

- და რა შეიძლება, ზღვაზე ჩაიცვა იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე?

- ზაფხულია, ცხელა და ხალხი მაქსიმალურად იხდის. დღეს ვეღარ მოვიფიქრე, მეტი რა გამეხადა. კიდევ კარგი, რომ კარგი ტანი არ მაქვს, თორემ ალბათ, სულ გახდილი ვივლიდი. "ფეშენ" ადგილებში შარვლის ჩაცმას "არ ვცნობ"! ეს ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ. ზოგს შორტი მოსწონს, ზოგს - ბრიჯი... მე ქალი ლამაზ კაბაში გამოწყობილი მომწონს.

- საცურაო კოსტიუმზე სამკაულის გაკეთება კარგ ტონად მიიჩნევა?

- გააჩნია, რამდენს და როგორ გაიკეთებენ. სტილიდან "ამოვარდნილი" არ უნდა იყოს. პლაჟზე ბრილიანტის კოლიეთი გასვლა არაა ლამაზი. თუ ბუნებრივი ქვებისგან შექმნილ ლამაზ სამკაულს გაიკეთებენ, რატომაც არა? ჩემი საცურაო კოსტიუმები რაღაც დეტალებით გაფორმებული იქნება. არ მინდა, რომ ერთფეროვანი იყოს - უნდა ემჩნეოდეს, რომ დიზაინერის შექმნილია.

წინათ თუ ბევრ კურორტზე ბიკინის ტარება იკრძალებოდა, როგორც იცით, დღეს ეს საზღვაო სამოსი მთელ მსოფლიოში პოპულარულია. მიუხედავად ამისა, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა ისეთი მოდელი გოგონას პოვნა, რომელიც ფოტოკამერის წინ ბიკინიში გამოწყობილი დადგებოდა.

საბოლოოდ, თეა ლომიძის საზღვაო სამოსში გამოწყობასა და ფოტოების გადაღებაზე მოდელი და მომავალი მსახიობი - 22 წლის ხატია ტყავაშვილი დაგვთანხმდა:

- ჩემთვის ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ზღვარს გადავაბიჯე. ზუსტად ისეთი ადამიანი ვარ, როგორიც ფოტოების გადაღებამდე ვიყავი. "კუპალნიკში" ჩაცმულ ადამიანებს ზღვაზე ყველა ვხედავთ. ვინმე ასე გამოწყობილი ქუჩაში რომ გავიდეს, ე.ი. გიჟია, მაგრამ ჟურნალში დაბეჭდილი ჩემი ფოტოები გამაღიზიანებელი რატომ უნდა იყოს?! მოდელობა ჩემი პროფესიაა (მსახიობობასთან ერთად). არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ჩემი ეს ნაბიჯი უხეში და გამაღიზიანებელი ყოფილიყო. შეთავაზება ჩვეულებრივად მივიღე.

- ერთ-ერთმა გოგონამ ფოტოგადაღებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამის უფლება შეყვარებულმა არ მისცა.

- მე შეყვარებული არ მყავს.

- რომ გყავდეს და წინააღმდეგი იყოს?

- მაშინ ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი. თუკი ჩემი გახდა მის თავმოყვარეობას შელახავს, მაშინ ასეთ წინადადებაზე უარს ვიტყვი.

- რომელი სააგენტოს მოდელი ხარ?

- ამჟამად - არც ერთის. იმის დრო არ მაქვს, რომ რომელიმე სააგენტოში ვიყო. სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობ, II კურსის სტუდენტი ვარ.

- საცურაო კოსტიუმებისათვის თეას მიერ შერჩეული ფერები შენთვის კომფორტულია?

- ყველაზე მეტად ამ ფერის სამოსსა თუ ბიკინიში ვგრძნობ თავს კომფორტულად. ერთ ფერში "დამჯდარი" ბიკინი მომწონს.

- საზაფხულო სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობ?

- ზაფხულში ჩემი შარვლები კარადაში "იკეტება" (იცინის). შორტები, კაბები მაცვია, რადგან წელიწადის ამ დროს ჯინსის შარვალში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. გრილ სამოსს ვარჩევ, ოღონდ გამომწვევს - არა. ზედმეტი მაკიაჟიც არ მიყვარს, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი...

- საზაფხულო გარდერობი უკვე განაახლე?

- კი, ზღვისთვის ყველაფერი ახალი შევიძინე: ფეხსაცმელები, კაბები, შორტები, საცურაო კოსტიუმები...

- საცურაო კოსტიუმებს დიზაინერს უკვეთ?

- არა, მაღაზიაში ვყიდულობ, რადგან დიზაინერთან ვიზიტებისთვის დრო არ მაქვს. ბევრს დავდივარ, რომ სასურველი ნივთი შევარჩიო. პრეტენზიული ვარ.

- ბუნებრივი ქვებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები მოგწონს?

- ძალიან, მაგრამ რატომღაც არ შემიძენია.

- სხვათა შორის, თეამ აღნიშნა, - გამხდარმა გოგონებმა ბუნებრივი ქვებით გაფორმებული ბიკინები არ უნდა ჩაიცვან - ზღვაში ჩაიძირებიანო.

- (იცინის) კარგად ვცურავ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება