თემო მჟავია ქალებს ომს უცხადებს

თემო მჟავია ქალებს ომს უცხადებს

ნინო მუმლაძე და თემო მჟავია, როგორც თავად გვითხრეს, ერთ-ერთ ახალ წელს ბათუმში დაახლოვდნენ. ერთ სასტუმროში დაიდეს ბინა და კარგადაც მოილხინეს. მას შემდეგ ორი თუ სამი წელი გავიდა და მჟავიას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ამბობს, რომ სუსტი სქესი ძლიერი აღმოჩნდა და ყველაფერში ჯაბნის, ამიტომ ომს უცხადებს მათ. სწორედ მაშინ, როცა ამ თემაზე ასე მონდომებით ლაპარაკობდა, კინოთეატრის ფოიეში შემოსული არც ერთი გოგონა არ გამორჩენია მის მხედველობის არეს. თანაც, მანამდე უყურებდა, სანამ გოგონები თვალს მიეფარებოდნენ.

-  სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ნინო:

-  მე და თემო ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით და ერთმანეთს ასე თუ ისე ვიცნობდით. ჩვენი მეგობრობა დაიწყო გასულ ახალ წელს, ბათუმში, სადაც საახალწლო კონცერტზე მეგობრებთან ერთად ჩავედი. თემური "კომედი შოუს" დანარჩენ ბიჭებთან ერთად იყო ჩამოსული. შევხვდით ერთმანეთს, როგორც ხდება ხოლმე და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

თემო:

-  დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მერე სამი წლის წინ, 2 იანვარს ბათუმში შევხვდით. ერთ სასტუმროში ვიყავით - მე ჩემი "სასტავით", ნინო - თავის მეგობრებთან ერთად. ოღონდ, რომელი ახალი წელი იყო, არ მახსოვს. (ამ დროს თემოს ტელეფონმა დარეკა. "ინტერვიუზე ვარ, გადმოგირეკავ" - უპასუხა - ავტ.). მაგარია, ინტერვიუზე ვარ, გადმოგირეკავო, რომ ეტყვი. "დასტოინის" შთაბეჭდილებას ტოვებ (იცინის).

-  რა წარმოდგენა შეგექმნა თავიდან მასზე? როგორ გგონია, მას რა შთაბეჭდილება დარჩა შენზე?

ნინო:

-  მხიარული და სასაცილო ად­ა­მიანის შთაბეჭდილება დამრჩა თავიდანვე. ეტყობოდა, რომ კრეატიულად, თა­ვ­ისუფლად მოაზროვნე ადამიანია. მგონია, რომ მასაც კარგი წარმოდგენა შეექმნა ჩემზე. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ისეთი ნუნუკა არ ვეგონე, როგორიც ეკრანზე ვიყავი.

თემო:

-  ნინოსგან ყოველთვის დადებითი ენერგია მოდის. ჩემზე რა გითხრა, სადაც მნახა, ყველგან გათიშული მთვრალი ვიყავი და კარგი შთაბეჭდილება როგორ უნდა შექმნოდა?!

-  რაზე წუწუნებს ხშირად? შენ?

ნინო:

-  ჯერ თემური მასეთ მდგომარეობაში არ მინახავს. სულ ქეიფსა და ტაშ-ფანდურში ვართ, კარგ ამბებში ვხვდებით ერთმანეთს და როდის უნდა იწუწუნოს? მე კომფორტი მიყვარს და თუ არ მაქვს, მაშინ ვწუწუნებ. არ მგონია, ეს თემომ იცოდეს. მასთან არასდროს მიწუწუნია.

თემო:

-  გათხოვება მინდაო (იცინის). ქმარი მინდა, ქმარი მინდაო, სულ ამბობს. თან უცხოელი უნდა, შვედი, ქართველი კი არა. მე ბოლო დროს ხშირად ვწუწუნებ იმაზე, რომ არ მომწონს როგორ ერთობიან საქართველოში ახალგაზრდები. სადაც უნდა წახვიდე და როგორ ორიგინალურადაც უნდა დაგეგმო დღე, ბოლოს მაინც სახინკლეში ამთავრებ გათხლეშილი მთვრალი... კიდევ ჩემი სისუსტე მოტოებია. მყავს მოტო, მაგრამ 2011 წლის მინდა.

-  რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

ნინო:

-  ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტად ტრადიციული ქართველი ქალები არ უნდა მოსწონდეს. მე... აუ, ბევრი რამ მაღიზიანებს (იცინის). პირველ რიგში უყურადღებობა, როცა შენ გვერდით მყოფი მამაკაცი იმდენ ყურადღებას არ გაქცევს, რამდენიც გჭირდება, როცა არ გისმენს, როცა ვერ ხედავს, რომ შენ განსაკუთრებული ხარ. ამ შემთხვევაში იმ მამაკაცზე ვამბობ, ვინც მაინტერესებს. თორემ ზოგადად მამაკაცები მაგრად "მკიდია" (იცინის).

-  არის ასეთი კონკრეტული მამაკაცი შენს ცხოვრებაში?

-  არა და არც მყოლია ოფიციალური შეყვარებული, რომელსაც გამოვამზეურებდი და მით უფრო, ჟურნალისტებს გავაცნობდი. პატარ-პატარა ფლირტები და გატაცებები კი მქონდა. მომწონს მამაკაცები, რომლებსაც აქვთ იუმორის გრძნობა. სხვა შემთხვევაში ურთიერთობას ვერ შევძლებ.

თემო:

-  დიდი ცხვირები. სულ მეუბნება, რატომ გაქვს ამხელა ცხვირიო. რა უნდა აღიზიანებდეს ნეტავ? ალბათ ძალიან მთვრალი, ან მეტისმეტად ქართველი მამაკაცები, ფესვებში რომ აქვთ გამჯდარი ქართველობა. ცოლებს სამზარეულოში რომ უჩენენ ადგილს და ტერიტორიას რომ უხაზავენ, სად გაიარონ და სად - არა... მე ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ საწინააღმდეგო სქესზე, იმიტომ, რომ ქალები ძალიან მიშლიან ნერვებს. მგონი ზოგადად საწინააღმდეგო სქესი მაღიზიანებს. აუ, რა ვთქვი, ეს სათაური იქნება, უეჭველი. ქალს ერთი უნიკალური თვისება აქვს, ყოველთვის ჯობნის კაცს.

-  იმედგაცრუებული მეჩვენები, ვინ მოგიგო ბოლოს?

-  ყველა მჯობნის. ვერ ამოვხსენი ქალის ფსიქოლოგია. მეყო უკვე, საკმარისია. დღეიდან ომს ვუცხადებ ქალებს! ვეღარ მომერევიან!

-  თუ იცი, ვისი ფოტო აქვს დაყენებული მობილური ტელეფონის ეკრანზე?

ნინო:

-  არ ვიცი. მე ალუბლები მიყენია.

თემო:

-  ენრიკო ჯანელიძის. 2009 წლამდე მაესტრო მორისის ფოტო ეყენა, მერე შეცვალა ენრიკოთი. მე ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ უცენზურო ფოტოები მაქვს მობილურის ეკრანზე და ფეისბუქზე. ძირითადად ცნობილი ფოტოგრაფების ფოტოებს ვდებ, მართლა შედევრებს. რა მოხდა მერე, უცენზურო ფოტოშიც ხომ არის სილამაზე.

-  როგორი მეორე ნახევარი იქნება? შენ?

ნინო:

-  არ აუკრძალავს ცოლს არაფერს. თავისუფალი, დემოკრატიული ურთიერთობა ექნებათ. იმავდროულად იქნება მზრუნველი. მეც, ვფიქრობ, ნაკლებ პრობლემებს შევუქმნი ქმარს, იმიტომ, რომ თვითონ ვარ თავისუფლების მოყვარული და არც ქმარს შევზღუდავ. მზრუნველი ვიქნები. ვინც მიყვარს, ყოველთვის თავს ვევლები, თუმცა ეჭვიანიც ვიქნები.

თემო:

-  ძალიან მაგარი. იმიტომ, რომ ადამიანების მოვლა უყვარს. ცუდ ხასიათზე თუ ხარ, აუცილებლად გკითხავს რა გჭირს. გაანებივრებს ქმარს, ოღონდ იმავეს მოითხოვს მისგანაც. მე რაც შემეხება, არ ვიცი, ვიქნები კი მეორე ნახევარი?! ისე ვარ გაბოროტებული... კონკრეტული არაფერი მომხდარა, არც "ლიმონკა" შემოუგდია ქალს ჩემთვის და არც ძმაკაცთან უღალატია. უბრალოდ, ერთ დღეს მივხვდი, რომ ქალებს შეუძლიათ დაგიმონონ. ბოლო დროს კი მივხვდი, რომ ცოლი არ მინდა, ბავშვი მინდა. პატარა ბავშვებს რომ ვხედავ ქუჩაში, ვჩერდები და ვეფერები. არ მიყვარს, მშობლები შვილებს რომ ეჩხუბებიან.

-  რისი კომპლექსი აქვს? შენ?

ნინო:

-  რისი კომპლექსი უნდა ჰქონდეს, შეხედე, თემო მჟავიაა (იცინის), ხომ ნახეთ როგორ გამოიყურება. ვგიჟდები, სკეტჩებში წითელ კაბაში რომ ვხედავ. არც მე მაქვს რაიმე კომპლექსი, ასე რომ იყოს, დღეს მსახიობი არ ვიქნებოდი.

თემო:

-  ძუძუების. ყველა ძუძუებზე უყურებს და იმიტომ. ძირითადად მოსწონს, მაგრამ ზოგჯერ ყელში ამოსდის. მე რაც შემეხება, ჩემი კარიერიდან გამომდინარე კომპლექსები აღარ მაქვს, დავძლიე. ყველა ჩემს გარეგნობაზე ლაპარაკობს. კომპლექსი მაქვს ზოგჯერ იმის, რომ მეტი ინტელექტი მინდა მქონდეს, ვიდრე მაქვს.

-  რისი გაკეთება ეზარება ყველაზე მეტად? შენ?

ნინო:

-  არ ვიცი, მგონია, რომ თუ რამის გაკეთება არ უნდა, არც გააკეთებს. მე ხასიათის ადამიანი ვარ. შეიძლება, ზოგჯერ ყველაფერი დამეზაროს, ზოგჯერ კი ისეთი მოტივირებული ვიყო, მთები გადავდგა. საოჯახო საქმეებიდან დალაგება მეზარება ყველაზე მეტად. თავდაყირაა ჩემი გარდერობი.

თემო:

-  ჭურჭლის გარეცხვა ეზარება ალბათ. მე მიყვარს ჭურჭლის გარეცხვა. მე, ვახო ბიჭიკაშვილი და ფაქო რომ ვცხოვრობდით ერთად, ჭურჭელს სულ მე ვრეცხავდი. ეტყობა, მივეჩვიე. სახლის დალაგება მეზარება და მანქანის გარეცხვა.

-  მხარჯველია? თვის ბოლომდე თუ ჰყოფნის ხელფასი? შენ?

ნინო:

-  "ჟმოტი" ნამდვილად არ არის. რამდენად ჰყოფნის ფული თვის ბოლომდე, არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ჯერ არ დაურეკავს ფულის სასესხებლად. მეც ასეთი ვარ, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ ფულის გადანაწილებას. ჩემი მეგობრები ხუ­მრობენ ხოლმე, როგორც ღორს ტი­ლი არ გამოელევა, ისე ნინოს ფული არ გაუთავდებაო. ყველა რომ ნასესხები ფულით დადის, მე ჩემი ხუთი ლარი მაინც მიდევს ხოლმე ჯიბეში.

თემო:

-  ჩემთან არ დაურეკავს ფულის სასესხებლად. არც წუწკობს, თუ აქვს, ხარჯავს. მე არასდროს მიმყვება ფული თვის ბოლომდე. ვალებს ვიღებ, მეგობრებს ვურეკავ და მეხმარებიან ხელფასამდე. ბანკივითაა რა, უბრალოდ, პროცენტს არ მახდევინებენ და მადლობა მათ ამისთვის.

-  მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?

ნინო:

-  ვიცი, რომ მოტოები უყვარს ძალიან. ალბათ სიამოვნებით გაჩერდებოდა ასეთი მაღაზიების ვიტრინებთან და არა მარტო გაჩერდებოდა. მე შოპინგი მღლის. ხომ არიან ქალები, რომლებიც დეპრესიიდან მაღაზიებში სიარულით გამოდიან, ჩაიცვამენ, გაიხდიან, კიდევ ჩაიცვამენ, კიდევ გაიხდიან. მე არ ვარ ასეთი. მიყვარს სამკაულების სექცია, მაგრამ საკონდიტრო მაღაზია ჩემი სისუსტეა. სიამოვნებით დავათვალიერებ ლამაზ და გემრიელ ტორტებს და არა მარტო დავათვალიერებ (იცინის).

თემო:

-  ბიუსტჰალტერების სექცია გვიყვარს ორივეს. ერთად დავდივართ ხოლმე ასარჩევად (იცინის). შეიძლება, კაცებმა არ აღიარონ, მაგრამ ქალის ლამაზი თეთრეულის სექციის დათვალიერებას არაფერი სჯობს.

-  როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ნინო:

-  იმდენ შეკითხვაზე ვთქვი, არ ვიცი-მეთქი, ნამდვილად არ დაემთხვევა (იცინის).

თემო:

-  რაც მნიშვნელოვანია, ის დაემთხვევა, მაგრამ ზოგი შეკითხვის პასუხზე ვხუმრობდი, იმედია, მკითხველი მიხვდება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება