ვივიენ ლის ტრაგიკული სიყვარული

ვივიენ ლის ტრაგიკული სიყვარული

ლოურენს ოლივიე და ვივიენ ლი თავის დროზე ჰოლივუდში ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნეოდა.

30-იანი წლების ამერიკას რთული პერიოდი ედგა. სწორედ ამ დროს რეჟისორმა ვიქტორ ფლემინგმა მარგარეტ მიტჩელის რომანის "ქარწაღებულნის" ეკრანიზაცია გადაწყვიტა. სურათისა, რომლის მთავარი გმირი - სკარლეტ ო'ჰარა მოგვიანებით მთელი აშშ-სთვის იმედის სხივად იქცა და ადამიანებს მომავლის რწმენა დაუბრუნა.

რომანის გმირისთვის მარადიული სიცოცხლის შთაბერვა ახალგაზრდა, მშვენიერმა ინგლისელმა მსახიობმა ვივიენ ლიმ მოახერხა.

1935 წელს ლონდონის ერთ-ერთ თეატრში "რომეო და ჯულიეტას" დგამდნენ. რომეოს როლს მამაკაცური და ვნებიანი ლოურენს ოლივიე ასრულებდა. მის მიერ ნათამაშები რომეო გულწრფელობითა და ვნებით გამოირჩეოდა. როდესაც ვივენმა ეს სპექტაკლი იხილა, მიხვდა, რომ ლოურენსმა მისი გული სამუდამოდ დაიპყრო.

ამის შემდეგ ლი მის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. ერთხელ კულისებშიც კი შევიდა და გაეცნო. ოლივიეს ახალგაზრდა მშვენიერი გოგონას ყურადღება ძალიან ესიამოვნა და გადაწყვიტა, მადლიერების ნიშნად, მის სპექტაკლს დასწრებოდა. იმ დროს ვივენი პიესა "კეთილშობილების ნიღაბში" თამაშობდა. ოლივიე ვივიენის გრაციოზულობამ გააოგნა. მაყურებლები მხოლოდ ლის უცქერდნენ.

წყვილი მალე ფილმის "ხანძარი ინგლისის თავზე" გადაღებებზე შეხვდა ერთმანეთს. ისინი მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილის ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და გრძნობებს არც მალავდნენ. ორივე დაქორწინებული იყო. ვივიენს ქმარ-შვილი ჰყავდა, ლოურენსიც მამა გახდა. მას შვილი მსახიობმა ჯილ ესმონდმა გაუჩინა.

ლოურენსსაც და ვივიენსაც მეუღლეებმა განქორწინებაზე უარი უთხრეს. ვივიენი მკაცრ რელიგიურ ოჯახში იყო გაზრდილი, მაგრამ ლოურენსის გამო მზად იყო ყველასთვის ზურგი ექცია. მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა.

ცოტა ხანში ოლივიე ფილმის "როგორ მოვიპაროთ მილიონი" გადაღებებზე აშშ-ში გაემგზავრა. იქ მან ტრავმა მიიღო და აღელვებული ვივენი აშშ-ში ამბის გასაგებად ჩავიდა. სწორედ ამ დროს ფორტუნამ გაუღიმა და "ქარწაღებულნის" სინჯებზე მივიდა. ლი დარწმუნებული იყო, რომ მასზე კარგად სკარლეტ ო'ჰარას როლს ვერავინ შეასრულებდა. ეს პროდიუსერებმაც შენიშნეს და ახალგაზრდა ქალი როლზე დაამტკიცეს.

მოგვიანებით ვივიენი ყვებოდა, რომ ფილმის გადაღებების პერიოდში თავისი გმირის ხასიათი იმდენად გაითავისა, რომ როლიდან გამოსვლა გაუჭირდა. ოლივიე ვივიენის ამ ფილმში თამაშს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მისი სიჯიუტის წინაშე უძლური აღმოჩნდა.

მსახიობის გარჯა და ნიჭი დაფასდა. მას ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" გადასცეს. მეუღლემ და კოლეგამ ვივიენს წარმატება ვერ აპატია. ლოურენსმა თავი ღირსებაშელახულად იგრძნო და ვივიენის დამსახურებულ ჯილდოს ფანჯრიდან გადაუძახა.

სიყვარულმა შურს სძლია და 1940 წელს წყვილმა იქორწინა. ამის შემდეგ ახალდაქორწინებულებს "ლედი ჰამილტონში" შესთავაზეს თამაში. ლიმ მეუღლე აქაც დაჯაბნა, რის გამოც ურთიერთობა სერიოზულად დაეძაბათ. ვივიენი ცდილობდა, ლოურენსისთვის ეგრძნობინებინა, რომ ჯილდოები მისთვის არაფერს ნიშნავდა - მათ დაუდევრად ეპყრობოდა, მაგრამ ოლივიე შურს ვერ უმკლავდებოდა.

გარდა ამისა, წყვილს შვილი არ უჩნდებოდა. ვივიენი ორჯერ იყო ფეხმძიმედ და ბავშვი ორჯერვე დაკარგა.

1944 წელს ვივიენ ლი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს მაშინ, როდესაც ლი აქტიურ ცხოვრებაზე ოცნებობდა და კარიერის გაგრძელება სურდა. "ჩემთვის სიცოცხლე მუშაობაა", - ეუბნებოდა ვივიენი გაოგნებულ ექიმებს.

ლიც და ოლივიეც სამაგალითო მეუღლეების იმიჯი შეენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. წამლების მიღებისგან ლის მანიაკალური დეპრესიის შეტევები განუვითარდა, რაც ოლივიეს ღლიდა. მან ცოლი ცეილონში გაუშვა, სადაც ფილმ "სპილოების გზაში" უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ვივიენმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ფილმის პროდიუსერებმა ის ელიზაბეტ ტეილორით შეცვალეს.

1960 წელს ოლივიე და ლი დაშორდნენ. თუმცა ვივენს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ქმარი დაუბრუნდებოდა. მან ლოურენსის გვარიც კი შეინარჩუნა და სიცოცხლის ბოლომდე "ლედი ოლივიედ" დარჩა. ლოურენსმა სხვა ქალი შეირთო. იგი ვივიენის სიკვდილიდან 30 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება