მართალია, მომღერალმა ნინო ძოწენიძემ თითქმის მთელი ზაფხული თბილისში გაატარა, მაგრამ ქალაქიდან რამდენიმედღიანი გასვლები ჰქონდა და დანაკლისს ამით ინაზღაურებდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მთავარია, საქმე იყოს კარგად, თორემ თუ არ დავისვენებ, ეს დიდად არ შემაწუხებსო. მიუხედავად ამისა, ნინოს საზაფხულო თემაზე ვესაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მთაში არასდროს დაუსვენია, უყვარს ზღვა და უკვე რვა წელია ერთსა და იმავე ადგილას დადის.
- ზაფხულზე, რა თქმა უნდა, დასვენება მახსენდება, მაგრამ წელს ისე მოხდა, რომ აქამდე ქალაქიდან ვერ გავედი. მხოლოდ სამი დღით ვიყავი ბათუმში ჯაზფესტივალზე და ამ დროში იმდენი კარგი რამ მოვასწარი, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ დავისვენე კიდეც. ალბათ, 20 აგვისტოს შემდეგ კიდევ გავალ ქალაქიდან, პატარ-პატარა კონცერტები მაქვს დაგეგმილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ზაფხულს მუშაობაში ვატარებ. მთავარია, საქმე იყოს კარგად, თორემ თუ არ დავისვენებ, ეს დიდად არ შემაწუხებს.
- მაინც გვითხარი, როგორი დასვენება გიყვარს?
- არ მიყვარს მთა და მშვიდი დასვენება, ვერ ვუძლებ სიწყნარეს და სიმშვიდეს, ამიტომ ზღვა მირჩევნია თავისი აქტიური ცხოვრებით.
- საერთოდ, დასასვენებელ ადგილს რის მიხედვით აფასებ?
- ვინაიდან ძირითადად ზღვაზე ვარ ორიენტირებული, ჩემთვის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ახლოს ვიყო ზღვასთან, რათა არ დამჭირდეს ჩაცმა, გამოწყობა და დიდი მზადება პლაჟზე გასვლისას. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ არ მიყვარს ბათუმში დასვენება, რადგან ყველა შემთხვევაში გიწევს ზღვამდე გარკვეული მანძილის გავლა.
- როგორც ყველა ქალი, შენც ზაფხულისთვის მასაჟით, დიეტით ან სხვა საშუალებებით თუ ემზადები?
- ამ დროს უფრო ვცდილობ, ვიდიეტო, მაგრამ არ გამომდის, ერთი-ორი დღე შეიძლება გავძლო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება ეს ორი დღეც მეყოს, რადგან, როგორც წესი, ფორმაში მალე ვდგები. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, მსუბუქად ვიკვებო, თუმცა გურმანი ვარ, მიყვარს ხორცი და კაცური საჭმელები.
- რადგან ზღვა ასე გიყვარს, ალბათ კარგად ცურავ...
- კი, საკმაოდ კარგად ვცურავ, მაგრამ ცოტა მშიშარაც ვარ, როცა დიდი ტალღებია, ვერ ვბედავ შესვლას. ერთხელ შევედი დიდ ტალღებში და ისეთმა ტალღამ დამარტყა, მეგონა ჩამითრევდა, მაგრამ დაქალი მწვდა თმაში და გამომიყვანა, შეიძლება ითქვას, სიკვდილს გადამარჩინა. ამის შემდეგ შეშინებული ვარ.
- ზღვის ექსტრემალური გასართობები არ გიზიდავს?
- არა, გასართობი პარკი "ციცინათელა" ახალი გახსნილი რომ იყო, მივედით, ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ ატრაქციონზე მითხრა, არ არის საშიშიო და დავჯექი, მაგრამ ისე შემეშინდა, იქიდან კინაღამ მკვდარი ჩამომიტანეს.
- ნინო, ზღვაზე წასვლამდე კანს თუ ამზადებ ნამზეურისთვის?
- მიუხედავად იმისა, რომ ნამზეურს საკმაოდ რთულად ვიღებ, წინასწარ კანს მაინც არ ვამზადებ რუჯისთვის, არც სოლარიუმის "ზაგარი" მიყვარს.
- რაც შეეხება ჩაცმას, ცხელ სეზონზე როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- ისე ცხელა, რომ რაც შეიძლება გრილ და სიფრიფანა სამოსზე ვარ გადასული, რომ არ შემაწუხოს. 6-7 წლის წინ ვამბობდი, რომ სიცხე მიყვარდა, მაგრამ ახლა ვეღარ ვიტან, ამიტომ ზაფხულში ძალიან გრილად ვიცვამ.
- ზღვაზე ყოფნისას აქტიურად ერთობი?
- როცა დასასვენებლად მივდივარ, ორიენტაციას ბავშვზე ვაკეთებ, ამიტომ კლუბებისთვის მაინცდამაინც ხშირად ვერ ვიცლი, ბავშვთან ერთად ეს ცოტა ძნელია.
- ალბათ პლაჟზე ყურადღების ცენტრში ექცევი, ეს ხომ არ გაკომპლექსებს?
- არ მაკომპლექსებს, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოა როცა დასასვენებლად წასულს ვიღაც გაკვირდება და გიყურებს, ზედმეტად ყურდაღების ცენტრში ყოფნა არ მსიამოვნებს.
- დასასვენებლად საქართველოს კურორტებს არჩევ თუ საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებ?
- უკვე რვა წელია ბავშვთან ერთად ქობულეთში ერთსა და იმავე სახლში დავდივარ. ყოველი ზაფხულის ბოლოს ვამბობთ, მომავალ წელს სხვაგან წავიდეთო, ვგეგმავთ კიდეც სხვაგან დასვენებას, მაგრამ მაინც ისე ხდება, რომ ყოველ ზაფხულს ჩვენს "ხაზეიკა" ვარდოსთან მიგვიწევს გული და იქ მივდივართ.
- ნინო, საოცნებო დასასვენებელი ადგილი თუ გაქვს?
- ჩემი ოცნებაა მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში დავისვენო, ისე მიყვარს ეს ქვეყანა, იქ ცხოვრებაზეც არ ვიტყოდი უარს.
- ნინო, დასასვენებლად წასვლისას ბევრი ბარგის წაღება გჩვევია?
- კი, მერე კი ვნანაობ, ამდენი რამე რატომ წავიღე-მეთქი, მაგრამ რომ არ წავიღო, ვიცი, ზუსტად ის მომინდება, რაც წაღებული არ მექნება, ამიტომ ბევრი რამ დამაქვს თან.
- დასასვენებელ ფულს მთელი წლის განმავლობაში აგროვებ თუ კონკრეტულ მომენტში აგვარებ ამ საკითხს?
- მე არაფერს ვაგროვებ, არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ გადავდო, თუ კონცერტებიდან რაღაც თანხა შემომდის, ეგრევე იხარჯება, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი გიგას ევალება და ის აგვარებს ამ პრობლემას.
- როგორი მეგზურია გიგა დასვენებისას?
- ის, ფაქტობრივად, ვერასდროს ისვენებს, რადგან სულ საქმეშია. როცა სადმე მივდივართ, ვეუბნები, დაისვენე, აღარ იფიქრო პრობელმებზე და საქმეზე-მეთქი, მაგრამ არასდროს იქცევა ასე. ყოველთვის საქმეშია ჩაფლული, ბავშვობიდან ასეა მიჩვეული და სხვანაირად არ შეუძლია.
- დასასვენებლად ან სამოგზაუროდ წასულს, სახლის, ქალაქის, ქვეყნის ნოსტალგია მალე გეუფლება?
- სხვათა შორის კი. როცა სხვა ქვეყანაში ვარ, მენატრება ჩემი ყველაფერი, მაგრამ როცა ბათუმში ან ქობულეთში ვარ, არ მაქვს მსგავსი განცდა, თუმცა თბილისში რომ შემოვდივარ, გული მაინც სხვანაირად მიძგერს. მოგეხსენებათ, მე ქუთაისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ადრე ვამბობდი, ქუთაისი მიყვარს და თბილისი მომწონს-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისში გადმოვედი, იგივე გრძნობა მეუფლება, რაც ადრე ქუთაისში შესვლისას... 13-14 წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ, ბევრი კარგი მოგონება დამიგროვდა და ჩემს გულში ესეც ჩემს მშობლიურ ქალაქს გაუტოლდა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)