"ვამაყობ, რომ ის დღეები გმირად დაბადებული ადამიანის გვერდით გავატარე"...

"ვამაყობ, რომ ის დღეები გმირად დაბადებული ადამიანის გვერდით გავატარე"...

წინაპრების სისხლი არ მასვენებსო, - ეუბნებოდა დედას და ასეც იყო: ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭმა - ალექსანდრე თანდაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ხალხის ყველა განსაცდელი გადაიტანა. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ვერც რუსი ჯარისკაცის ნიჩაბს გადაურჩა და გაზითაც მოიწამლა; მერე, 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში დაიჭრა, მაგრამ სამხედრო საქმიანობაზე მაინც არ აუღია ხელი... 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. 8 აგვისტოს რუსული ავიაციის დაბომბვაში მოყოლილი ორი უახლოესი მეგობრის - ალექსანდრე თანდაშვილისა და ერეკლე ყულოშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს...

ალექსანდრე (ალიკა) თანდაშვილის მიერ ღირსეულად გავლილ გზაზე ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე ვრცლად უკვე მოგითხრობდით, ახლა კი კვლავ ვუბრუნდებით, რადგან 19 აგვისტოს, ფერისცვალებას, მას 40 წელი შეუსრულდებოდა.

სერჟანტი რეზო გაბიტაშვილი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც საბედისწერო დაბომბვამდე ალიკას გვერდით იმყოფებოდა. ის მძიმედ დაიჭრა, მაგრამ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დაბომბვის შედეგად დაღუპულ მეომრებს შორის კი, სხვებთან ერთად, ალიკა და მისი სამხედრო ნაწილის უფროსი ერეკლე ყულოშვილი ამოიცნეს...

რეზო გაბიტაშვილი იხსენებს:

- ომი რომ დაიწყო, IV ქვეითი ბრიგადის არტილერიაში ვმსახურობდი. ალიკა ჩვენს ბრიგადაში მანამდე 2 თვით ადრე გადმოვიდა. სხვაგან სთავაზობდნენ სამსახურს, მაგრამ მან პირად შემადგენლობაში ყოფნა არჩია... მალე ომიც დაიწყო და იმ 5 დღის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით. ალიკა თავისი საქმის პროფესიონალი იყო. აფხაზეთის ომი გამოვლილი ჰქონდა, ერაყის სამშვიდობო მისიაშიც იყო ნამყოფი. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მას და ჩვენი ნაწილის მეთაურს, ერეკლე ყულოშვილს ერთმანეთი ერაყში გაუცნიათ, იქ დამეგობრებულან... აგვისტოს დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე მე და ალიკა მოწინააღმდეგის არტილერიის დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ გადავრჩით: პატარა ორმო დაინახა და იქ ჩავხტით...

მე ომში პირველად მომიწია ყოფნამ და როგორც ჩანს, სახეზე მეწერა, რომ ძალიან ვნერვიულობდი. ახალბედებს გვეშინოდა, გვეგონა, თითოეული სიგარეტის მოწევა უკანასკნელი იქნებოდა... ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის, რაც იმ დღეებში გამოვიარეთ. ალიკა მაწყნარებდა, - ნუ გეშინია, როგორც კი დაბომბვის ხმას გაიგონებ, სადმე ორმოში ჩახტი; შეიძლება, კონტუზია მიიღო, მაგრამ აუცილებლად გადარჩებიო. მისი სიტყვები დღემდე ყურებში მიდგას... მე მეკავშირე ვიყავი და ერთად მოგვიწია ყოფნამ. როცა იმ უმძიმეს 5 დღეს ვიგონებ, ვფიქრობ, რომ ასეთი გმირების იმედზეა საქართველო... 8 აგვისტოს ჩვენი ასეული ცხინვალის შესასვლელთან იდგა. ალიკა, როგორც კი სროლის ხმას გაიგონებდა, ტყვიამფრქვევით ხელში პირველი გარბოდა და გზას "ასუფთავებდა". თავისი სიმამაცით სხვებს მაგალითს აძლევდა.

- ვიცი, რომ თქვენ თვალწინ დაიღუპა...

- დიახ. როცა დაბომბვა დაიწყო, დავიფანტეთ. მე ძალიან მძიმედ დავიჭერი, მუცლის ღრუ, თავი და ხელ-ფეხი დაზიანებული მქონდა (ახლაც სამკურნალო შვებულებაში ვიმყოფები)... გონს რომ მოვედი, აფეთქებისგან დაგლეჯილი მეომრების სხეულები და ძირიანად მოთხრილი ნაძვები დავინახე... მერე გავიგე, რომ ალიკა და ჩვენი ნაწილის უფროსი ერეკლე ყულოშვილი ერთად დაღუპულან.

- სამხედრო საქმიანობას აგრძელებთ?

- დიახ. ფიზიკურ დატვირთვას ვერ ვიტან, მაგრამ სამხედრო სამსახურში მუშაობას ვაგრძელებ. ეს ჩემი საქმეა, რომელსაც უნდა ვემსახურო. დღემდე მახსოვს ალიკას დარიგებები და ვამაყობ, რომ ის მძიმე დღეები გმირად დაბადებული ადამიანის გვერდით გავატარე.

ლალი პაპასკირი, ჟურნალი ”გზა”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე