ნანკა კალატოზიშვილი ერთ-ერთ ბათუმურ ზღვისპირა კლუბში აღმოვაჩინეთ, დახურული წვეულება მიჰყავდა და ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. პოპულარობა რომ კარგია, ამაში ალბათ ბევრი დაგვეთანხმება, მაგრამ როცა ნანკას ვუყურებდი, როგორ იშორებდა მისი გაცნობის აბეზარ მსურველებს, მისი ნერვების შემშურდა.
მსგავს შემთხვევებს ნანკა თავად აგვარებს და მთავარია, ძალიან არ გააბრაზონ, შეყვარებულს, კალათბურთელ ირაკლი კეიდიას კი ასეთ დროს საერთოდ არ მიმართავს დასახმარებლად. მას ამას არც ვაკადრებო, ამბობს. ირაკლისთან ერთად ნანკა ძალიან ბედნიერია და ამის შესახებ ჩვენც გვესაუბრა ინტერვიუში, რომელიც ბათუმში ჩავწერეთ. მოგეხსენებათ, ნანკასა და ნინი ბადურაშვილს ახლა "ფეისკონტროლი" სწორედ ამ ზღვისპირა ქალაქიდან მიჰყავთ.
- ნანკა, რა უფრო შეიძლება დავარქვათ დღევანდელ მდგომარეობას, მუშაობა დასვენებასთან ერთად თუ პირიქით?
- უფრო არის დასვენება, ვიდრე მუშაობა, პარასკევსა და შაბათს გადაცემებს ვწერთ და დანარჩენი დრო თავისუფალი მრჩება, თუმცა ექსპრომტად სხვა სამუშაოებიც გამოჩნდა. მაგალითად, ზოგიერთმა კლუბმა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მირეკავენ ხოლმე, ღონისძიებისთვის წამყვანი გვჭირდებაო და თუ თავისუფალი ვარ, მივდივარ და მიმყავს. მუშაობასა და დასვენებას ძალიან კარგად ვათავსებ ერთმანეთთან.
ქობულეთში მაქვს ნაპოვნი ძალიან მაგარი ადგილი და სახლი. იქ ვცხოვრობ, ბათუმში კი საქმისთვის ჩამოვდივარ. დრესკოდიანი ზღვის ატანა არ შემიძლია. საღამოს პლაჟზე ბუნგალოს რომ სტუმრობ, ჩემი აზრით, მაქსიმუმ საცურაო კოსტიუმითა და პარეოთი უნდა იარო, და როცა ამ დროს გრძელი კაბებით, მაღალი ქუსლითა და მაკიაჟით დადიან, ძალიან მაგრად მხვდება თვალში. ასეთ ადგილებში ვერ ვისვენებ, შეიძლება, ერთი დღე გავერთო, გამეცინოს და მერე მბეზრდება. ნირვანა დასვენება მოვიწყვე. სახლი ზედ პლაჟზე დგას, არ არის არც ხმაური, არც არანაირი მუსიკა. არის ბუნგალო, სადაც ვიკვებები. თუ გართობა მინდა ან საქმე მაქვს, ბათუმს ვსტუმრობ. მარტო საქართველოში ხდება ასეთი რამ, რომ ზღვაზე გრძელი კაბებით დადიან.
- ეს რისი ბრალია?
- მენტალიტეტისა და გაქანების ბრალია. აქ იმიტომ ჩამოდიხარ, რომ დაისვენო სამოსისგან, მაკიაჟისგან, ყველაფრისგან და ყველასგან. არადა, აქ უფრო იტვირთებიან. თბილისში არ დადიან ისეთი "პეროებით", როგორითაც აქ. იმ სიგრძის "პერო" აქვთ, რომ ამით ინიავებენ კიდეც (იღიმება). ამიტომაც ვარ ქობულეთში, ამ ყველაფრისგანაც ვისვენებ და იმ ხალხისგანაც, რომელთაც ყოველდღე ვხედავ თბილისში. იდეალურ ადგილას ვარ.
- ვისთან ერთად ხარ?
- შეყვარებულთან ერთად. მე და კედო ვართ ერთად (ირაკლი კეიდია – ავტ.). მყავს იქაური მეგობრები, რომლებსაც სიამოვნებით ვეკონტაქტები, ჩემი თბილისელი მეგობრები კი ბათუმში არიან და მათთან ერთადაც ხშირად ვარ. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, რომ მეგობრებისგან კი არა, შეიძლება ოჯახის წევრებისგანაც გჭირდებოდეს დასვენება.
- შეყვარებულისგან არა?
- (იცინის) არა, რა თქმა უნდა, რაღაც არ მინდა კედოსგან დასვენება. ისიც ჩემნაირია. ირაკლის ვკითხე, სად ერჩივნა დასვენება და მასაც უყვარს წყნარად დასვენება. ძალიან "ტუსოვშიკები" ვართ ორივენი, მაგრამ ესეც გვბეზრდება. ამიტომ ჯობია იყო იქ, სადაც ისვენებ. ამგვარი დასვენების გამო ერთმანეთს ლუარსაბი და დარეჯანი შევარქვით (იღიმება). ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული, მეტი საქმე არ გვაქვს. რაიმეს გაფუჭება თუ გინდა, ბათუმში ჩამოხვალ. მანქანით არ ვართ, ტაქსით დავდივართ იქით-აქეთ, რადგან ბათუმში რომ ჩამოდიხარ საღამოს, დალევა ხომ გინდა?
- შენ ხომ არ სვამ?
- ძალიან ბევრს არა, ორი ჭიქა მყოფნის ბედნიერებისთვის, მაგრამ ამ დრესკოდიანი ხალხის ყურებაში აუცილებლად უნდა დალიო. მტერმა უყურა ამათ ფხიზელი თვალით (იცინის). კიდევ კარგი, ძალიან კარგად ვერ ვხედავ, მინუსი მაქვს.
- ნანკა, გადაცემაზეც მინდა გკითხო. "თბილისი ლაივს" მიჰბაძეთ, ბათუმში რომ გადმოიტანეთ გადაცემა?
- არა, ჩვენ სხვა ნიშა გვაქვს. ჩვენ შეიძლება, წინასწარ მოვყვეთ, რა მოხდება ამა თუ იმ ღონისძიებაზე, ხოლო იმას, რა მოხდება რეალურად იქ, უკვე "ბათუმი ლაივი" აშუქებს. ძალიან ლამაზი სტუდია მოვიწყვეთ ერთ არაჩვეულებრივ საცხოვრებელ კომპლექსში. მის ეზოში ნინო ჩუბინიშვილის დიზაინით გაკეთებული ქანდაკებები დგას. ამას წინათ თიკო იყო ჩვენთან მოსული გადაღებაზე, მეც ვიყავი მის გადაცემაში, ვმეგობრობთ და კარგად გამოგვდის ერთად მუშაობა. კონკურენციაზე არ არის ლაპარაკი.
- განსხვავებული გამოდის აქ "ფეისკონტროლი"?
- ძალიან ბევრის საშუალებას გვაძლევს. მინი-კლიპებს ვიღებთ, რაღაცებს ვმაიმუნობთ. დიდი მადლობა მხატვარს, რომელმაც ასეთი ლამაზი სტუდია მოგვიწყო და ოპერატორებს. ერთ-ერთი მათგანი, ბუხო, გადაცემის ჩაწერის დღეს ჩამოდის ხოლმე და როგორც კი გადაღება მთავრდება, უკან მიდის, თბილისში, რადგან მეორე დილას ისევ გადაღება აქვს. ქედს ვიხრი მის წინაშე. მოკლედ, მინდა, მაყურებელმა იცოდეს, რომ გადაცემა ჩანაწერით გადის. წინასწარ უნდა დავაანონსოთ, ვინ გვყავს სტუმრად, ამიტომ ჩვენს გვერდზე ვწერთ ხოლმე, რომ მათთან შეკითხვები მოვიდეს, მაგრამ მგონი, ჯერ ვერ მიხვდა ხალხი, რომ ღია ეთერში არ ვართ. ახლა მწირი კომენტარებია. ზოგადად გადაცემის განმავლობაში ათასზე მეტი კომენტარი მოდის ხოლმე. ვინც ბათუმშია, ჩაწერაზე მოსვლა და დასწრებაც შეუძლია.
- რამდენ ხანს იქნება გადაცემა ბათუმში?
- მთელი აგვისტოს განმავლობაში. პირველად ვარ ზღვაზე ამდენი ხნით. ერთი ჩანთით და ერთი ჩემოდნით წამოვედი, რაც მართლა პირველად ხდება. გადაცემაზე რა დამჭირდება, როგორი ჩაცმულობა, წინასწარ არ ვიცი, ამიტომ ყველაფერი წამოვიღე. თან გარეცხვაც რომ აღარ დასჭირდეს, იმდენი მაქვს, მეყოფა აგვისტოს ბოლომდე. ამ ჩემოდნის მიმართ მაგარი გაუცხოება დამემართა. ვუყურებ და ჯერ არ ამომილაგებია (იცინის). მიკვირს, რატომ მაქვს ამხელა ჩემოდანი ზღვაზე წამოღებული.
- დასასვენებლად საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ?
- იტალიაში გახლდით ჩემს დასთან ერთად, ძალიან მინდა, ასეთივე დასვენება საზღვრებს გარეთ კედოსთან ერთად მოვიწყო.
- ნანკა, ტყუპისცალი ძმა რომ გყავს, ვიცით და დის შესახებ არაფერი მსმენია.
- უფროსი და მყავს, ფსიქოლოგია და საზღვარგარეთ ხშირად დადის სიმპოზიუმებზე. ორი დისშვილი მყავს, 18 და 13 წლისანი. მე და თიკას მამები გვყავს სხვადასხვა, თიკა თავის მამას ჰგავს, მე ჩემსას, მაგრამ მაინც გვამსგავსებენ თვალებით. საოცარი ადამიანია, ყველაზე მაგარი ტიპია. ჩვენს ურთიერთობას კარგზე მეტი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ის რომ არ მყავდეს, ალბათ ცხოვრებას საერთოდ სხვა თვალით შევხედავდი. კიდევ კარგი, გაჩნდა და ჩემი დაა. ძალიან ჭკვიანია და საოცარ რჩევებს იძლევა. თიკა რუხაძეა გვარად და ასეთივე გვარით "ცენტრ-პოინტში" მუშაობდა კიდევ ერთი თიკა და ყველას ერეოდა ერთმანეთში. ბოლოს გაიცნეს ერთმანეთი. ვერავინ ხვდება, რომ რუხაძე შეიძლება ჩემი და იყოს. ჩემი და და ძმა ისეთი ჭკვიანები არიან, ვკითხულობ ხოლმე, მე ვისთან ვარ-მეთქი. მამშვიდებენ, შენ შენს პროფესიაში ხარ კარგიო (იცინის).
- საზაფხულო კარგი ამბავი გაიხსენე.
- ახლა, როცა კედოსთან ერთად ვისვენებ, ყველაზე მაგარი ზაფხული მაქვს. ერთნაირი დასვენება და გართობა გვიყვარს.
- რომანტიკული ზაფხული გაქვთ?
- კედოსთან ერთად სულ რომანტიკა მაქვს. შეუძლია, ღამე პლაჟზე საათობით იჯდეს, ყველაფერში აგყვება და ალღოს აგიღებს. პრობლემა საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობაში. ვალენტინობა მომიწყო უმაგრესი. ვახშამი გაამზადა, სანთლების ფონზე მივირთვით. საღამოს დამირეკა, სახლში როდის მოხვალო და რომ მივედი, გაოცებული დავრჩი. თავად მემსახურებოდა. რაც თავად ვერ გააკეთა, იყიდა და მოიტანა. დაბადების დღე მქონდა საოცარი.
8 მაისს ყველა ჩემს მეგობარს დაურეკა და გააფრთხილა, რომ ჩემთვის არ მოელოცათ. დაბადების დღეს არ ვიხდი ხოლმე, მაგრამ მეგობრებს ყოველთვის ვნახულობ. გამიკვირდა, რომ მთელი დღის განმავლობაში არავინ დამირეკა. საღამოსკენ კედოს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემს ძმასთან ვაპირებდი ასვლას, მასაც ხომ დაბადების დღე აქვს. გამოგივლი და ერთად ავიდეთო, მიპასუხა. რომ მოვიდა, დიდი მაგნიტოფონი ეკავა ხელში, თავის ორ მეგობართან ერთად იყო, სამივენი ჯამბაზების ფორმაში გამოწყობილიყვნენ და ასე მილოცავდნენ დაბადების დღეს. ძალიან დავიბენი. მერე უცბად თავი ამოვყავით პატარა დახურულ კაფეში, სადაც შუქის ანთების შემდეგ ყველა ჩემი ახლობელი დავინახე. ნამდვილი კინო მომიწყო. სერიოზული დღესასწაული მომიწყვეს წელს, ხომ მშვიდობაა-მეთქი, ვკითხულობდი.
- ნანკა, ისევ ზღვის თემას დავუბრუნდეთ და მე და შენ აქ რომ ვისხედით, ერთი-ორმა ადამიანმა ინტერესით ცოტა შეგაწუხა. ასეთი შემთხვევა ხშირია ხოლმე?
- დისკომფორტია მაშინ, როდესაც დისტანციას არ იცავენ. ასეთ შემთხვევას შენც შეესწარი, მაგრამ როდესაც სიყვარულს გამოხატავენ ნორმის ფარგლებში, ვცდილობ, მეც იმავეთი ვუპასუხო. მსახიობობა მაინც სახალხო პროფესიაა. უფასოდ მაქვს შეზლონგი, სიმინდი, ბევრ შემთხვევაში სასმელიც (იცინის). ბევრი ძალიან საყვარელი ადამიანია, რომლებიც, რითაც შეუძლიათ, პატივს მცემენ. თუმცა არის ბევრი უზრდელიც, წარბი ზურგამდე მაქვს ხოლმე გადავარცხნილი, ზოგჯერ ისე იქცევიან. ამ დროს ყურადღებას არ ვაქცევ. ძალიან მაგრად უნდა მომიშალო ნერვები, რომ ავფეთქდე, მაგრამ თუ ავფეთქდი, მერე დამიჯერე, შეიძლება, სხვა ქალაქშიც გადავწვდე.
- ირაკლის არ მიმართავ ხოლმე დასახმარებლად?
- არც ვაკადრებ ასეთ რამეს.
- როგორი დამოკიდებულება აქვს შენი თაყვანისმცემლების მიმართ?
- დამცინის ხოლმე და ბომონდს მეძახის, მაგრამ მე სულ ვეუბნები, რომ საქართველოში ბომონდი არ არსებობს (იცინის). თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, გაგებით ეკიდება, რადგან ის თავადაც სახალხო ადამიანია. მინახავს მის თამაშებზე გოგონებს, ბიჭებს პლაკატები რომ სჭერიათ ხელში და ზედ კეიდია ეწერა. ეს ძალიან მომწონდა და ამაყად ვუყურებდი.
- საბოლოო ჯამში, შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?
- მართლაც ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა ამინდები თუ გამოვა კარგი, უკეთესი იქნება, თორემ გავცივდი (იცინის).
- კარგი, სასექტემბროდ როგორი გეგმები გაქვს?
- სექტემბერში მცირე ხნით ვისვენებთ და მერე ღია ეთერში დაბრუნდება "ფეისკონტროლი". თეატრში სექტემბერში დამეწყება აქტივობა. "სირანო დე ბერჟერაკს" წარვადგენთ ერთ-ერთ ფესტივალზე. ასევე ვმონაწილეობ ფილმში, რომლის გადაღებებიც მალე დაიწყება. ძალიან სპეციფიკური სცენარია, ვერ მოვყვები. ნიკა ჯავახიშვილი იღებს. სცენარი მეუღლესთან ერთად თავად დაწერა. ჩემი მეგობარია და ყველანი მივეხმარებით.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)