რისთვის შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში როსტო და ანი რეხვიაშვილი

რისთვის შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში როსტო და ანი რეხვიაშვილი

- ესენი მაკლერები არიან, - ასე გააცნო ჩვენი თავი სტუმრად მოსულ ძმაკაცს ლევან როსტოშვილმა, იმავე როსტომ. კახური იუმორი ინტერვიუს ბოლომდე გაგრძელდა, დიდხანს ვცდილობდი, ბინის ფასის დაკლებაზე დამეყოლიებინა, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, 76 ათასს კაპიკი არ დააკლდება, ბოლოს და ბოლოს "ლუდოვიკოს" საძინებელსა და "როკოკოს" ჭურჭელს ვტოვებო. მასთან სახლში როსტოს დიდი ხნის მეგობართან, ნესტან კირთაძის ერთადერთ ქალიშვილ ანი რეხვიაშვილთან ერთად მივედი. მეგობრები ტრადიციულად ცალ-ცალკე "დავკითხეთ". ანის გამოკითხვის მერე როსტო იმ პირობით დავტოვეთ ოთახში, მინიშნებებს თუ არ გააკეთებდა. მინიშნებებს ავცდით, მაგრამ რეპლიკები იცოცხლე... უხვად იყო. მაგალითად: "გველი გამიზრდიხარ უბეში" (ანის მისამართით, რასაკვირველია). ერთი სიტყვით, ამ მხიარულ ნოტზე ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ. შედეგი თავად ნახეთ.

- სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

როსტო:

- სავარაუდოდ, 2006 წელს გავიცანი ანი. ვითარება არ მახსოვს, ალბათ მეგობრების წრეში.

ანი:

- არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, 10 წლის წინ იყო ეს ამბავი.

- როგორ დაახლოვდით?

როსტო:

- მარტივად გავუგეთ ერთმანეთს, ორივე ნორმალური ადამიანი ვართ.

ანი:

- ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და ადვილად დავახლოვდით.

- რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?

როსტო:

- ყველაფერი მომწონს. მასაც ყველაფერი მოსწონს, ასე მგონია.

ანი:

- მძიმე ხასიათი აქვს. თუ ცუდ ხასიათზეა, ჯობია, არ დაელაპარაკო, ახლოსაც არ უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ ძალიან უხეშია, ნებისმიერ ადამიანთან, თუნდაც მეგობართან. მას რა არ მოსწონს? ვაიმე... არ ვიცი.

- რას გსაყვედურობს ხშირად? შენ მას?

როსტო:

- არაფერს არ ვსაყვედურობთ ერთმანეთს.

ანი:

- ორივე ერთმანეთს უყურადღებობას ვსაყვედურობთ. მე მას ვაბრალებ, რომ ცოტა დროს მითმობს, ის - მე.

- როგორია როცა უყვარს? შენ?

როსტო:

- არაამქვეყნიურია, რეალობას მოწყვეტილი. მე დიდი ხანია, არ მყვარებია და ამიტომ არ მახსოვს, როგორი ვარ, როცა მიყვარს.

ანი:

- როსტო შეყვარებული არ მინახავს, ამიტომ ვერ გეტყვი. მე როგორი ვარ? ყველაზე ლამაზი, ყველაზე ბედნიერი პლანეტაზე, ყველაზე ამაყი. ყველა მიყვარს ამ დროს. ყველაფერს ველაპარაკები, მზეს, ყვავილებს, მთვარეს, ვარსკვლავებს.

- ახლა შეყვარებულია? შენ?

როსტო:

- არ ვიცი. მე - არა.

ანი:

- არა. მე - კი, ოღონდ ჩაძიებებს, ვინ გიყვარს და ა.შ. არ ვართ (იცინის).

- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

როსტო:

- ძუნწი და ორპირი კაცები არ მოსწონს, ორ თამაშს რომ თამაშობენ, ისეთი. მე გოიმი გოგონები არ მომწონს.

- საინტერესოა, როგორ გოგონას უწოდებს როსტო გოიმს?

- მაგას ვერ გეტყვი. ეგ თვისებები ან ქცევები რომ ჩამოვთვალო, ბევრი თავის თავს ამოიცნობს და არ მინდა.

ანი:

- ზედაპირული, შტერი და ზედმეტად გადაპრანჭული ქალები არ მოსწონს. მე იმდენი რამ მაღიზიანებს, უფ... პირველ რიგში, კომპლექსიანი მამაკაცები მაღიზიანებს, არასრულფასოვნების კომპლექსით "დაჯილდოებულ" ტიპებს ვერ ვიტან. ცანცარა, ზედმეტად მხიარული მამაკაცებიც არ მო­მწონს.

- სად დაისვენა წელს? შენ?

როსტო:

- წელს ჯერჯერობით ვერ მო­ახერხა დასვენება. მოსკოვში კი იყო რამდენიმეჯერ, ბე­ლგიაშიც, თუ არ ვცდები, მაგრამ და­სასვენებლად არა, საქმეზე იყო, კონფერენციაზე. მე ეგვიპტეში დავისვენე 10 დღით მეგობრებთან ერთად.

ანი:

- ეგვიპტეში იყო, მეგობრებთან ერთად. მე ჯერ ვერ მოვახერხე. ახლა ვაპირებ თურქეთში წასვლას.

- დეპრესიულია? შენ?

როსტო:

- ზოგჯერ კი. ცოტა რთული ხასიათის ადამიანია, მაგრამ მე კარგად ვხვდები როდის არის ცუდ ხასიათზე და საერთო ენას ადვილად ვპოულობ. შეიძლება, არ ვილაპარაკოთ ამ დროს და ჩუმად ვისხდეთ, მაგრამ ერთმანეთს ვუგებთ. არ უნდა ჩააცივდე, რა გჭირსო. თუ უნდა, თვითონ გეტყვის. ხშირ შემთხვევაში მეუბნება კიდეც. მე არ ვარ დეპრესიული, არც შარიანი. აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანი ვარ.

ანი:

- კი. საშინელი დეპრესია აქვს, ისეთივე, როგორიც ხასიათი. იკეტება, მობილურს რთავს და კარსაც არავის უღებს. ბოლოს ერთკვირიანი დეპრესია ჰქონდა რაღაც სისულელეზე. მე არ ვარ მიდრეკილი დეპრესიისკენ, მაგრამ ზოდიაქოთი სასწორი ვარ და საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, მზის ამოსვლამ დამაყენოს კარგ ხასიათზე.

- ატირებული გინახავს? მას თუ უნახავხარ ამ მდგომარეობაში?

როსტო:

- ტირილი სირცხვილი არ არის. მეც მიტირია, მეგობარი დამეღუპა და ვიტირე. მაგრამ არც მე მინახავს ანი ამ მდგომარეობაში და თუ არ ვცდები, არც მას ვუნახავვარ ცრემლიანი თვალებით.

ანი:

- არა. მას ვუნახავვარ. როსტო ჩემს მეგობრებს შორის ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც შეუძლია, ამ მდგომარეობაში მნახოს და შეძლოს ჩემი ხასიათზე მოყვანა.

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?

როსტო:

- არავის დაბადების დღე არ მახსოვს დედაჩემისა და მამაჩემის გარდა. იმედია, ანის არ ეწყინება. დაახლოებით 2-3 თვის წინ ჰქონდა, მგონი ანაობის დღესასწაულს ემთხვევა. მე 27 მაისს ვარ დაბადებული.

ანი:

- 27 მაისს. მე 10 ოქტომბერს დავიბადე.

- ეჭვიანია? შენ?

როსტო:

- ერთმანეთთან ურთიერთობაში ეჭვიანები არ ვართ. ერთმანეთის მეგობრებზე არ ვეჭვიანობთ, მაგრამ ზოგადად ალბათ ანი არის ეჭვიანი, ყველა ქალი ხომ ეჭვიანია. კაციც. თუ გიყვარს და გაინტერესებს ადამიანი, ეჭვიანობ კიდეც.

ანი:

- ზომიერად - კი. შეიძლება, არ გაამხილოს, მაგრამ მგონია, რომ იეჭვიანებს მეგობრებზე, სხვა მეგობართან უფრო მეტ დროს ხომ არ ატარებს, შეყვარებულ ქალზეც, ოღონდ ზომიერად. მე არ ვარ ეჭვიანი. ეს ალბათ ცუდია.

- სად მოილხინეთ ბოლოს ერთად?

როსტო:

- მოსკოვში. დავურეკე ანის და შევხვდით.

ანი:

- მოსკოვში. ვისკი დავლიეთ.

- როგორი სიმთვრალე აქვს? შენ?

როსტო:

- მალე თვრება, მერე კისერი წყდება (იცინის) და ეძინება. ვისკი უყვარს. მეც ეგ სასმელი მიყვარს. ფანტასტიკური სიმთვრალე მაქვს. ვერ ვმღერი, მაგრამ ვცეკვავ, ვხუმრობ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.

ანი:

- ფანტასტიკური სიმთვრალე აქვს. უფრო გახსნილია, უფრო საყვარელი. მე მსმელი არ ვარ. ჩემი დოზა ერთი ჭიქა ვისკია.

- რისი კომპლექსი აქვს? შენ?

როსტო:

- გამოკვეთილი კომპლექსები არ აქვს. მე კომპლექსიანი ვარ? არ ვარ. არა, ვარ, ვარ. არა, გადაწყდა, რომ კომპლექსიანი არ ვარ. თუ იმას კომპლექსს ვეძახით, რომ სისულელეს არ გავაკეთებ ხალხში, მაშინ ვარ. საზოგადოებაში ადამიანი თავდაყირა რომ დადგება, ეგ უკომპლექსობას არ ნიშნავს. მასეთ ადამიანს მე არანორმალურს ვეძახი.

ანი:

- გამოკვეთილი კომპლექსები არც ერთს არ გვაქვს.

- მისი საყვარელი კერძი ქართ­ული სამზარეულოდან? შენი?

როსტო:

- ჭამისტი ვარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, ხაშლამაზე სულაც არ ვგიჟდები. მწვადი მიყვარს. ანის მჭადი და ყველი უყვარს. ისე ჩინური სამზარეულო გვიყვარს ორივეს.

ანი:

- მწვადი, ალბათ, რა ეყვარება მეტი, გურჯაანელია (იცინის). მე მჭადი და ყველი მიყვარს.

- ვის ელაპარაკება მობილურით დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად? შენ?

როსტო:

- ჩვენს საერთო მეგობარს მოსკოვში, ოღონდ მის სახელს ვერ ვიტყვი, არ ვიცი, ანის უნდა თუ არა მისი ვინაობის გამხელა.

- სქესი მაინც მითხარი.

- მამაკაცია, მოსკოვში ცხოვრობს, საქმიანი ურთიერთობა აქვს ანისთან, მეტს ვერაფერს გეტყვი. მე დედაჩემსა და ჩემს დას ველაპარაკები ყველაზე ხშირად. მუდმივად მირეკავენ, სად ხარ, რას აკეთებ. ვბრაზობ, ვყვირი, მაგრამ მაინც ვპასუხობ ტელეფონს. სხვა გზა არ მაქვს. სხვა შემთხვევაში მოვლენ, სადაც ვარ. თუ ვერ მიპოვიან, ვანო მერაბიშვილს დაურეკავენ და მაინც "ამომთხრიან".

ანი:

- დას, ალბათ. საქართველოში არ ცხოვრობს და... ჩემს შვილს.

- როსტომ თქვა, ერთ ჩვენს საერთო ნაცნობს ელაპარაკებაო.

- ვინ საერთო ნაცნობსო? მანდ არ მომიყვანო, როსტოშვილო (სამზარეულოში გასძახა)! ამოგიყარო შენი ცოდვები (იცინის)?

- ბოლოს რა ჭორი გაიგე მასზე? შენზე?

როსტო:

- ის, რომ დადის ჩემთან და ზურა ხაჩიძესთან. კიდევ იყო ერთი მამაკაცი ამ ჩამონათვალში, მაგრამ ვინაობას ვერ ვიხსენებ. ჩემზეც შესაბამისად ბოლო ჭორი ეგ გავიგე, რომ ანისთან დავდივარ.

ანი:

- ბოლო ჭორი ის იყო, რომ მე და როსტო ერთად დავდივართ, ერთმანეთი გვიყვარს. მე ლევან ხურციას შეყვარებულობა დამაბრალეს ბოლოს.

- ლევანი კარგი ბიჭია, რას ერჩი?

- არაფერს, ნამდვილად კარგი ბიჭია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.

- რაზე წუწუნებს? შენ?

როსტო:

- წუწუნა ტიპები არ ვართ. ეს პასუხი არ მოსულა (იცინის)?

ანი:

- უფულობაზე. ბევრი ფული უნდა კარგი ცხოვრებისთვის. მეც უფულობაზე ვწუწუნებ ყველაზე ხშირად.

- რისი ფობია აქვს? შენ?

როსტო:

- ტყუპის ეშინია. არ არის ნორმალური და იმიტომ (იცინის). მე არაფრის შიში არ მაქვს.

ანი:

- არაფრის. მე ტყუპის მეშინია არანორმალურად, ორ იდენტურ ადამიანს ვერ ვუყურებ.

- ზარმაცია? შენ?

როსტო:

- საქმიანი ტიპია ანი. ზარმაცს ვერ დაარქმევ. საოჯახო საქმეები ეზარება ალბათ. საჭმელების კეთება იცის, მაგრამ ეგეც ეზარება. მისი მოდუღებული ყავა გამისინჯავს მხოლოდ მოსკოვში, სხვათა შორის, გემრიელი. მეც არ ვარ ზარმაცი. სახლის საქმეებსაც ვაკეთებ. ჩემები სახლში თუ არ არიან, ყველაფერს თავიდან ბოლომდე მე ვალაგებ. გუშინ წავიდნენ დასასვენებლად და აბა, ეტყობა არეულობა სახლს? ჩემი დალაგებულია, გუშინ მივადექი და მივაწკრიალე.

- მშიერი ვარო, რომ წუწუნებდი წეღან...

- დღეს გათავდა საჭმელი და ჯერ მაღაზიაში არ ჩავსულვარ. აჯაფსანდალის ინგრედიენტებს ვერ ვიყიდი, მაგრამ სოსისს მოვხარშავ როგორმე.

ანი:

- საშინლად ზარმაცია. მეც ზარმაცი ვარ.

- მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში...

როსტო:

- ფეხსაცმელების. საკმაოდ ძვირად ღირებულ ფეხსაცმელებს ყიდულობს. ჩემი სისუსტე საათებია.

ანი:

- პარფიუმერიის, სუნამოების, ალბათ. ჩემი სისუსტეც ეგ არის.

- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

როსტო:

- რა თქმა უნდა.

ანი:

- 90 %-ით უნდა დაემთხვეს, ასე მგონია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება