ერთი თვეა, რაც სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომიც დაიცვა. ამბობს, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობისგან, ვიდრე სადიპლომო ნაშრომს დავასრულებდიო. არადა, ვინ იცის, როგორი მსახიობი გამოვიდოდა, მშობლების კვალს რომ გაჰყოლოდა?.. რამდენიმე სარეკლამო რგოლში მაინც მოხვდა. ძალიან ლამაზი გოგონაა და ვფიქრობ, იმიტომაც შეარჩევდნენ. ოჯახიც გამორჩეულად ლამაზი აქვს - თავისი პატარა და დიდი ოჯახიც... ჩემი რესპონდენტი ბევრისთვის საყვარელი მსახიობების - ზურაბ ცინცქილაძისა და თამარ დათუაშვილის უმცროსი ქალიშვილი, ტყუპი მერაბიკოსა და მარიამის დედა, ანი ცინცქილაძეა, რომელსაც საზაფხულო არდადეგებზე ტელეფონით ვესაუბრე.
- ანი, საით ხარ - ტრადიციისამებრ, ბათუმში თუ ასევე ტრადიციისამებრ - კოჯორში?
- (იცინის) ამჯერად, ტრადიციისამებრ, კოჯორში. ბათუმი უკვე მოვიარეთ. ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ ზღვა. თავიდან ეშინოდათ, მაგრამ ბოლოს წყლიდან ვეღარ ამომყავდა - უშიშრად შერბოდნენ დიდ ტალღებში. ხშირად დავდიოდით ჩემს სოფელშიც, რომელიც დაახლოებით 5 კილომეტრშია ბათუმიდან. იქაურობა განსაკუთრებით მერაბიკოს შეუყვარდა. ყოველ დილით იღვიძებდა ტირილით, სოფელში წამიყვანეთო. მართლაც ულამაზესი ადგილია - ზღვაც კი მოსჩანს. ბავშვების დაბადების დღეც ბათუმში აღვნიშნეთ.
თითოეულს ცალ-ცალკე ტორტი ჰქონდა, მერაბიკოს - ბიჭის, სპაიდერმენი ეხატა, მარიამს - გოგოსი ანუ ვარდისფერი და ბარბიანი. შემდეგ დელფინარიუმში ვიყავით, სადაც ულამაზესი შოუ ვნახეთ და მერე - აკვაპარკში. მოკლედ, ვეცადეთ, რომ ბავშვები გაგვერთო, რადგან იქ თანატოლი არავინ ჰყავდათ. მერაბიკო და ზურა ბაბუა ძალიან მეგობრობენ. ზურას "ბაბაკის" ეძახის. ერთად შეცურავდნენ ხოლმე წყალში და საათობით იყვნენ. მერაბიკო, რა თქმა უნდა - გასაბერი ჟილეტით.
ზურა ძალიან კარგი ბაბუაა და მასთან ერთად ბავშვები უფრო დამჯერებიც არიან, ჩვენ - ქალებს კი გვაგიჟებენ და ძალიან, ძალიან ცელქობენ. ახლა კოჯორში ვისვენებთ. რაც მთავარია, ბავშვები აქაც კარგად ერთობიან, რადგან გვერდით ბევრი თანატოლი ბიძაშვილი ჰყავთ. მხიარულად ვატარებ ზაფხულს: მათთან ერთად ხან ქვიშაში ვთამაშობ, გზები გამყავს და სასახლეებს ვაშენებ, ხან ველოსიპედზე "ვკატაობ", ხან სასრიალოებზე ვსრიალებ. ამიტომ, რომც გინდოდეს, ვერ მოიწყენ... ჩემი მშობლები, და და დისშვილები კი ახლა ზღვაზე ისვენებენ. ჩვენ ალბათ მეტად ვეღარ ჩავალთ, რადგან პატარები ბაღში შემყავს, ბაღი კი პირველ სექტემბერს იწყება. მეც მუშაობის დაწყებას ვაპირებ. ალბათ ჩემი პროფესიით, სარეკლამო სააგენტოში ვიმუშავებ.
- მაგისტრატურაში არ აბარებ?
- მაგისტრატურა ერთი წლით გადავდე, რადგან მსურს, ზუსტად განვსაზღვრო, სად ჩავაბარო. არ მინდა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგა. ბავშვობიდან ტანსაცმლის დიზაინერობა ან მსახიობობა მინდოდა, საბოლოოდ კი სხვა რამ ავირჩიე, თუმცა ხელოვნებას არ ვუღალატე. მაგისტრატურისთვის ალბათ მაინც მოდელირებას ავირჩევ. ამიტომ მოსამზადებლად და კარგად მოსაფიქრებლად ერთი წელი მაქვს.
- სადმე გადაღება რომ შემოგთავაზონ?
- გადაღება ძალიან მიყვარს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ალბათ პროფესიადაც ყოველთვის ისეთი რამ უნდა აირჩიო, რაც ძალიან გიყვარს, გამოგდის და გეხერხება. ფოტოგადაღებაც ძალიან მიყვარს და სარეკლამო რგოლისაც. ეპიზოდური როლები მხატვრულ ფილმებშიც შემისრულებია, სერიალებშიც მითამაშია. დიდი სიამოვნებით შევასრულებდი მხატვრულ ფილმში მთავარ როლს. სერიალიც - "გოგონა გარეუბნიდან" ძალიან მომწონს.
მიმაჩნია, რომ დანარჩენ ქართულ სერიალებს ჯობია. ყველა თაობისთვისაა, ძალიან კარგი მსახიობები თამაშობენ, გემოვნებით არის ყველაფერი გაკეთებული, სიუჟეტიც საინტერესოა - მოკლედ, ყოველ პარასკევს, 10 საათიდან მთელი ოჯახი ამ სერიალს ვუყურებთ... ვაა, რა რეკლამა გამომივიდა (იცინის)?!. მომწონს, ჩემი მამიკოც ამ სერიალში რომ თამაშობს და ვისურვებდი, სინამდვილეშიც ტელევიზიის მეპატრონე ყოფილიყო.
- ზურა ჰგავს მის გმირს, არჩილ წილოსანს?
- ძალიან. არჩილიც ისეთივე თბილი და ლმობიერია, როგორიც - მამა. ბათუმში რომ ვიყავით, პატარა ბავშვები სულ გარს ეხვეოდნენ ზურას, სურათების გადაღება უნდოდათ, გაბრწყინებული სახით უყურებდნენ, მშობლებს ეძახდნენ: აი, არჩილიო (იცინის)! ეს გმირი მართლაც, ყველას უყვარს. მახსოვს, ერთხელ მამას საქორწინო ეპიზოდის გადაღება ჰქონდა თბილისში, რესტორანში. ეს რესტორანი ვაკის პარკში მდებარეობს. მერაბიკო და მარიამიც სულ იქ არიან ხოლმე. მამაჩემს შეუყვანია რესტორანში და დეკორაციები და მსახიობები უჩვენებია. შინ რომ დაბრუნდნენ, მარიამი დედაჩემს ეუბნება, - იცი, მე ზურას ქორწილში ვიყავი და არ შევედიო, ანუ დაამშვიდა, მე შენ მხარეს ვარო (იცინის). ძალიან მომწონს, დედაც და მამაც მსახიობები რომ მყავს. მიმაჩნია, რომ კარგია, როდესაც ცოლ-ქმარს ერთი და იგივე პროფესია აქვს. ვფიქრობ, უფრო უგებენ ერთმანეთს და უწყობენ ხელს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში ასეა - დედა ყველაფერში ეხმარება მამას და - პირიქით.
- ისე ლაპარაკობ, მგონი, გული გწყდება, მსახიობი რომ არ ხარ.
- კარგი იქნებოდა, მეც მათ გზას გავყოლოდი. დედა ბოლო წუთამდე მთხოვდა, სამსახიობოზე ჩააბარეო და არ დავუჯერე, ახლა კი... ვნანობ. მაგრამ ტყუპთან ერთად ნამდვილად გამიჭირდებოდა. მინდა, ჩემი შვილებიდან რომელიმე მაინც გამოვიდეს მსახიობი. უფრო მარიამზე ვფიქრობ, რადგან მერაბიკო ფეხბურთზე მინდა, ვატარო.
მართალია, ჩემს მეუღლეს უნდა, მარიამი ჩოგბურთელი იყოს, მაგრამ ვნახოთ, რისი ნიჭიც აღმოაჩნდება, მერე თვითონ აირჩევს. მარიამი უფრო ჩემზეა მოჯაჭვული, მერაბიკოს მამიკო და ბაბუები უყვარს. მარიამი სულ იპრანჭება, კაბებს იცვლის, ტუშს ისვამს, ცეკვავს, მღერის. ისე, და-ძმა ძალიან ჩხუბობს, როგორც ტომი და ჯერი (იცინის). ბუნებით ორივეს გვგვანან - მეც და მამასაც, გარეგნობით კი ორივე - ჩემს მეუღლეს.
ბევრ რამეს ვსწავლობ ზურასგან, სკოლაშიც მეხმარებოდა, აკადემიაშიც, დიპლომზე მუშაობის დროსაც. ახლაც მუდამ იდეებს მაწვდის. დედას და მამას რომ ვუყურებ, მიხარია: 38 წელიწადზე მეტია, ცოლ-ქმარი არიან და როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს! მამა ძალიან ყურადღებიანია, ორივე კი - თბილი და მზრუნველი. დღეს ასეთ ახალგაზრდა წყვილს იშვიათად შეხვდები. აი, ასეთი ოჯახი მაქვს, ასე ვცხოვრობთ და იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით - სიყვარულით. მე კი... ჯერჯერობით გრაფიკოსი დიზაინერი ვარ, ბაკალავრიატდამთავრებული, თუმცა ვნახოთ, შეიძლება, მოდელიერ-დიზაინერად ან მსახიობადაც მოგევლინოთ მომავალში. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება (იღიმის).
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)