ია სუხიტაშვილი რუსთაველის თეატრის და რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან რეჟისორის გათავისუფლების შესახებ ახლობლისგან შეიტყო.
ეს ამბავი მისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღე ჟურნალისტებთან ლაპარაკსაც ვერ ახერხებდა. არასოდეს მინახავს პრესაში იას მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და არც საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები გამოუხატავს, ამიტომ სათქმელი დაუგროვდა და რაც ამ დღეებში არ თქვა, "რეიტინგის" ფურცლებზე მოგვითხრობს.
- ია, როდის გაიგე, რომ ბატონი რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს?
- 13 აგვისტო იყო. ღამე... შეიძლება რუსთაველის თეატრის მსახიობები, ვისგანაც ამ დღეებში ინტერვიუ აიღეთ, ცოტა პატეთიკურებიც ვიყოთ და ასეთივე ფრაზებიც ვთქვათ, მაგრამ მინდა, ყველამ სწორად გამიგოს - ორი კვირის დამთავრებული მქონდა თეატრალური უნივერსიტეტი, როდესაც რუსთაველის თეატრში მოვხვდი.
ათი წელი იმ გენიალურ რეჟისორთან ვთამაშობდი, რომელსაც ჰქვია რობერტ სტურუა. მე მომიწია ამ გენიოსთან მუშაობა და მომიწევს კიდეც, იმიტომ რომ ჩემთვის რობერტ სტურუა გულში ისევ რჩება სამხატვრო ხელმძღვანელად და სულ არა აქვს მნიშვნელობა, მის თანამდებობას რა ერქმევა.
- ეს ამბავი "ფეისბუქიდან" გაიგე? ცნობილია, რომ გათავისუფლების ბრძანება რეჟისორმა საკუთარ "კედელზე" გამოაქვეყნა.
- არა, სრულიად შემთხვევით ჩემმა ახლობელმა დამირეკა და მკითხა, ითქვა, რომ რობერტ სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოხსნესო. მაშინვე დასის მმართველთან გადავრეკე, რომელმაც ეს ინფორმაცია დამიდასტურა.
14 აგვისტოს ეს ამბავი უკვე ცნობილი გახდა და ბრძანებაც ოფიციალურად გამოაქვეყნეს. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა ჩვენგანს არდადეგები ჩაგვშხამდა. მხოლოდ მსახიობებს არა, იმათაც, ვინც წლებია რუსთაველის თეატრში მუშაობს.
- ორ დღეში რუსთაველის თეატრის დასის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც თეატრში რობერტ სტურუას დაბრუნებას ითხოვდით. თუ არ ვცდები, განცხადებას ყველა მსახიობმა არ მოაწერა ხელი...
- არა, სია სრული იყო. შტატში სულ 63 ადამიანი ვირიცხებით, ხელი 73-მა მოაწერა. ხელის მომწერებს შორის იყვნენ ასევე თეატრის მხატვრები, ლიტერატურული ნაწილი და ქორეოგრაფები.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალხაზ ქვრივიშვილმა არ მოაწერა ხელი...
- არა, ყველამ მოაწერა. მინდა ერთი რამე განვმარტო - ახლა ძალიან ცუდი პერიოდია. თეატრის ბევრი მსახიობი საზღვარგარეთ არის წასული. მაგალითად კახი კავსაძე ამერიკაშია. თეატრიდან დაუკავშირდნენ, გავაცანით რა სახის წერილი მომზადდა და მისი ნებართვით ხელი მოეწერა.
- ძალიან დიდი ხანი ლაპარაკობდნენ, რომ რობერტ სტურუას თეატრიდან უპირებდნენ გათავისუფლებას...
- ეს ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ დაიწყო. სულ იყო ლაპარაკი, რომ რუსთაველის თეატრს მსგავსი რამ ემუქრებოდა. როდესაც შვიდი წელი ვრცელდება ხმა, რეალურად დღეს დადგება ეს თუ ხვალ, ზოგჯერ ამაზე არც ფიქრობ. შვიდი წელი არ არის შვიდი წუთი ან შვიდი დღე, ეს საკმაოდ დიდი დროა.
ყოველთვის ამბობდნენ, რომ თეატრში ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო სპექტაკლები იდგმებოდა. ერთი რამე მინდა გულწრფელად ვთქვა, ათი წელია, რაც ამ თეატრში ვარ და შვიდი წელია, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი მათი წარმომადგენელი ჩვენს სპექტაკლზე მოსული პირადად მე არ მინახავს.
მე ვარ იმ სპექტაკლების თანამონაწილე, რომელიც ამ შვიდი წლის განმავლობაში იდგმებოდა და მინდა აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვა, რომ გამიზნულად არასოდეს დადგმულა და მომზადებულა ვინმეზე სპექტაკლი, თუნდაც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელზე.
ითქვა ისიც, რომ სპექტაკლი "პრეზიდენტი, დაცვის ბიჭი..." არის საქართველოს პრეზიდენტზე. მე გეტყვით, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო. იმ პერიოდში, როდესაც ეს სპექტაკლი ვითამაშეთ, გასტროლებით უკრაინაში წავედით. ოღონდ "ჰამლეტი" წავიღეთ, რომელიც ათი წლის წინ დაიდგა და მე ამ სპექტაკლით მივედი რუსთაველის თეატრში. უკრაინაში სპექტაკლის დამთავრების შემდეგ სცენაზე მაყურებელი ამოვიდა, ბესო ზანგურს რომ შეხედეს, უთხრეს, თქვენ ძალიან ჰგავხართ ფიზიკურად თქვენი ქვეყნის პრეზიდენტსო.
ისე კი, ლაშა ბუღაძის ეს პიესა ვენესუელის პრეზიდენტზეა და როდესაც ამ სპექტაკლზე ვმუშაობდით, იმაზე არ ყოფილა აქცენტი, რომ მიშაზე მიზანმიმართულად რაღაცები გაგვეკეთებინა. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმეს ოდნავ მაინც სჯერა ჩემი, არასოდეს გვყოლია სცენაზე ხელისუფლების პროტოტიპები და მაყურებელთან ამ გზით არ გვილაპარაკია.
- ია, ცნობილია, რომ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი ხარ. ალბათ ბევრი იტყვის, რომ მიკერძოებული ხარ...
- არა, უბრალოდ გული მწყდება, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ ბატონი რობერტის სპექტაკლებზე, არც ერთი ამ ათი წლის განმავლობაში თეატრში არ მინახავს. კარგი ნათქვამია, რომ ათჯერ ყურით გაგონილს, ერთხელ თვალით ნანახი სჯობიაო, მოვიდნენ და ნახონ.
- ამ დღეებში გამოთქმული კრიტიკისას ისიც ითქვა, რომ დიდი ხანია, რაც სტურუას ღირებული არაფერი დაუდგამს.
- უნახავს ვინმეს ბოლო სპექტაკლი, რომლითაც სეზონი დაიხურა? "ნადირობის სეზონს" ვგულისხმობ, რომელიც ასევე პოლიტიკური გახადეს. ამ სპექტაკლში მე ერთადერთი ქალი ვარ. დანარჩენი მამაკაცები თამაშობენ.
ეს არის ამბავი ერთ მსახიობ ქალზე, რომელსაც ია ჰქვია, როგორც მე. ის სულ სხვა განზომილებაშია, მეოცნებეა და თავისი გამოგონილ ქვეყანაში ცხოვრობს. სპექტაკლი იწყება "ფიფქია და შვიდი ჯუჯათი" და ძალიან მაღალ ნოტზე სრულდება. ეს არ არის პოლიტიკური სპექტაკლი.
- აბა, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს?
- სამწუხაროდ, არ უყვართ ეს ადამიანი და ალბათ ამიტომ. ფაქტია, რომ ბრძანება გამოქვეყნდა და ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს. ყველაფერი ნათელია...
- ია, პირადად შენ თუ თვლი, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ქსენოფობიური იყო?
- არ ვთვლი, იმიტომ რომ მისი ქსენოფობიური მისწრაფება სადღაც მის შემოქმედებაშიც გამოჩნდებოდა. ჩვენთან თეატრში ბევრი ეროვნების ადამიანი მუშაობს. შეიძლება მსახიობებს შორისაც იყვნენ შერეული ადამიანები.
ჩემშიც არის ოსური სისხლი, ბებია მყავდა ნახევრად ოსი. ბატონი რობერტიც ამბობს, ბიცოლას გაზრდილი ვარ, რომელიც სომეხიაო. ბატონმა რობიკომ კომუნისტურ პერიოდში დადგა "ყვარყვარე", "რიჩარდ მესამე", "კავკასიური ცარცის წრე". მაშინ თავისუფალი იყო თეატრი. არ შეიძლება ჩვენ ასე შეგვეხონ.
რომელიმე თეატრს თუ ჰგონია, რომ არ შეეხებიან, ძალიან შემცდარან. აქ არ შეიძლება იყოს კანონები, თავისუფალი პროფესიაა... მაშინ არ მომხდარა ასეთი რამ, როდესაც თავისუფალი განცხადებებისთვის ადამიანებს ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ და ახლა რა გვჭირს? როდესაც ვამბობთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნაში ვცხოვრობთ და ევროპელები ვართ... რა დაგვემართა?
- ია, სხვა თეატრები ახსენე. მსახიობებმა თუ გამოხატეს სოლიდარობა?
- კი, როგორ არა, გამოგვეხმაურნენ სოხუმის თეატრის, ასევე მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის მსახიობები. ჩვენი მსახიობები არიან თავისუფალ თეატრში და მათი მოსაზრებებიც ვიცი. ეს ყველასთვის შოკია...
ერთი რამე მინდა ვთქვა, ნებისმიერ მსახიობს ან სტუდენტს, თუკი რუსთაველის თეატრში ყოფნა გვინდოდა, მხოლოდ რობერტ სტურუას გამო. თორემ შენობის, მისი ჩუქურთმებისა და სივრცის "ხამი" არასოდეს არავინ ყოფილა.
სურვილი გქონდა, ამ გენიოსთან ერთხელ მაინც გეთამაშა რამე. როდესაც მასთან მუშაობ, ცხოვრებისეული ფასეულობები გიჩნდება, იხვეწები, სწორ გზაზე მიდიხარ. გული მწყდება, რომ ასეთ ასაკში მოხდა ყველაფერი, ბატონ რობერტს წლები არ აკლდება, ემატება.
რა საჭირო იყო ახლა ასეთი რაღაცის გაკეთება... ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა...
- ითქვა ისიც, რომ თეატრში არიან რადიკალური და ნაკლებად რადიკალური ადამიანები, თქვენ, დასის წევრებს გგულისხმობდნენ...
- ნამდვილად არ არის ასე. მე არავის ვესარჩლები, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ყველა მსახიობი საშინელ მდგომარეობაშია. შეიძლება არსებობს პოლიტიკურად განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ შორის ბევრი ნეიტრალური, აპოლიტიკური ადამიანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი არ გვაწუხებს. პირადად მეც ზედმეტად არ ვერევი პოლიტიკაში. და ჩვენ თუ არ ვერევით პოლიტიკაში, ნურც ჩვენ შეგვეხებიან.
- "ფეისბუქზე" რეჟისორმა დაწერა, რომ მისი დასის ერთ-ერთ წევრს შავი ჯიპებით უთვალთვალებდნენ. შენ არ გაქვს რაიმე შიში?
- ქალი ვარ, მაგრამ მშიშარა არა. რისი უნდა შემეშინდეს? ჩემი ქვეყნისთვის ცუდი არასოდეს არაფერი გამიკეთებია. თუ მე ვინმე ღალატად მითვლის იმას, რომ რუსთაველის თეატრისა და რობერტ სტურუას მსახიობი ვარ, ეს მისი პრობლემაა.
ჩემი ქვეყნის მტერი და ცუდის მოსურნე არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, ბევრჯერ მქონია შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მე აქ დავრჩი, რადგან მიყვარს საქართველო. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ერთხელ რობერტ სტურუამ თქვა, "ღმერთმა კიდევ ერთი ნიჭით დამაჯილდოვა, იმით, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა". ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ამ ნიჭით არის დაჯილდოებული.
ძალიან გამიხარდება, თუკი მოვლენ ადამიანები და კარგად ნახავენ სტურუას სპექტაკლებს. ბევრი რამე აერიათ. სპექტაკლი "სტიქსი", რომელზეც თქვეს, თითქოს სტურუამ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე დადგა, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო დადგმული. შეიძლება რაღაც წინასწარმეტყველური დაჰყვება სტურუას სპექტაკლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თითოეული სპექტაკლი მიზანმიმართულად გავაკეთეთ.
- როგორც ცნობილია, სტურუას ბევრი შეთავაზება აქვს უცხოური თეატრებიდან...
- დიახ, თუმცა აქცენტი მარტო რუსულ თეატრებზე გაკეთდა. მას ასევე აქვს შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ლონდონის სამეფო, საბერძნეთისა და ისრაელის თეატრებიდან. უკრაინიდან მსახიობებმა მომწერეს, ასეთი რაღაც როგორ შეიძლება მომხდარიყოო.
- ალბათ ძნელია პირადად შენთვის მისი წასვლა რუსთაველის თეატრიდან.
- ძალიან გამიჭირდება. ათი წლის წინ ერთხელ დავობლდი, მამა გარდამეცვალა და ზუსტად ამ მდგომარეობაში დავრჩები, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში რომ ვეღარ ვიხილო.
- ამბობენ, რომ წასვლის შემთხვევაში შენ და ბესო ზანგურს თან წაგიყვანთ...
- დიდი სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთად ქვეყნის დასასრულამდე. ეს არ არის ფანატიზმი. ცხოვრებაში არავის ფანი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ყველა სფეროში ნიჭიერი ადამიანები მიყვარს. მე ამით ძალიან ვმდიდრდები.
- მის შემცვლელად რამდენიმე რეჟისორი დაასახელეს...
- რა თქმა უნდა, ვიღაცას დანიშნავენ. მე არავის მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი. დათო საყვარელიძეც ახსენეს, რომელიც ძალიან მიყვარს, მასთან გარკვეული ურთიერთობა მაქვს.
ავთო ვარსიმაშვილთან წლების წინ სატელევიზო დადგმაშიც ვითამაშე. დოისაც კარგად ვიცნობ, რომელიც ყოველთვის მოდის ჩვენთან პრემიერაზე. უბრალოდ, ფაქტია, რომ ნებისმიერ მათგანს რუსთაველის თეატრში ძალიან გაუჭირდება.
- როგორ ფიქრობ, თქვენი პროტესტის მერე თეატრში რომ დააბრუნონ, თავად რეჟისორი დათანხმება?
- არ ვიცი, საერთოდ, ხშირად მაქვს ხოლმე წინათგრძნობა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვგრძნობ. რაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან ცუდად ვარ. ჟურნალისტები მეუბნებოდნენ, მოდი, კომენტარი გააკეთეო, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, განა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვიყავი, თან აგრესიაც მქონდა. მაინც აკადემიური თეატრის მსახიობი ვარ და მინდოდა აკადემიურად ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი.
- როგორი იქნება რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე?
- ძალიან ცარიელი, უბრალო და ძალიან სევდიანი...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)