ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ქალიშვილი აიშა ფეხმძიმედაა. ის სექტემბერში იმშობიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ჟურნალისტთა ინფორმაციით, აიშას რთული ფეხმძიმობა აქვს, რაც დეპრესიასა და ნერვულ შეტევებში გამოიხატება.
35 წლის აიშა კადაფის ლიბიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება აქვს. თავის დროზე მას ანალიტიკოსები ლიბიის ლიდერის თანამდებობაზე მამის შესაძლო მემკვიდრედ განიხილავდნენ.
ის პოლკოვნიკ ახმედ კადაფი ალ-კახსიზეა დაქორწინებული, რომელიც მას შორეულ ნათესავად ეკუთვნის. აიშას ახმედი მეუღლედ მუამარ კადაფიმ ხუთი წლის წინ შეურჩია. უცნობია ზუსტად რამდენი შვილი ჰყავთ ახმედსა და აიშას, ზოგიერთი ცნობით - სამი. პრესა წერდა, რომ ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ახმედ კადაფი ალ-კახსი გარდაიცვალა.
აიშას ერთ-ერთი შვილი აპრილში ნატო-ს ავიაიერიშს ემსხვერპლა. იმავე დაბომბვის დროს კადაფის უმცროსი ვაჟი სეიფ ალ-არაბი და პოლკოვნისკის სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით აიშამ პარიზისა და ბრიუსელის სასამართლოებში სარჩელები შეიტანა და ნატო-ს სამხედრო დანაშაულში დასდო ბრალი.
ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მუამარ კადაფის მეუღლე საფია ფარკაში, მისი ორი ვაჟი და ქალიშვილი აიშა ოჯახებთან ერთად ალჟირში იმყოფებიან.
მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით.