ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟმა საადმა ამბოხებულებს სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით, მოლაპარკებებისკენ მოუწოდა. განცხადება კადაფის ვაჟმა "ალ-არაბიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც საადმა განაცხადა, ის მამის სახელით საუბრობს. მისი თქმით, მრავალ ქალაქს ჯერ ისევ კადაფის მომხრეები აკონტროლებენ, თუმცა ის მზადაა ძალაუფლება ამბოხებულებს გადასცეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მუამარ კადაფი ახალ მთავრობაში შეეცდება საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. საადის თქმით, მას ამბოხებულებთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის ოფიციალური უფლებამოსილება გააჩნია.
პოლკოვნიკის მეორე ვაჟი საიფ ალ-ისლამი კი არაბულ ტელევიზიაში ბრძოლის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ქალაქ სირტში 20 000 ახალგაზრდა შეიარაღებული მებრძოლი იმყოფება, რომლებიც ბრძოლისთვის მზად არიან.
"ჩვენ მალე ტრიპოლს გავათავისუფლებთ", - განაცხადა საიფ ალ-ისლამმა.
მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება.
მომზადებულია Al Arabiya-ს მიხედვით.