ქეთა ლორთქიფანიძე: ”გველს არაერთხელ მივფერებივარ”

ქეთა ლორთქიფანიძე: ”გველს არაერთხელ მივფერებივარ”

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის ფობია მაინც არა აქვს. ამ ფობიებიდან ზოგიერთი საკმაოდ უცნაურია და ბევრ ადამიანში ღიმილსაც კი იწვევს. მაგალითად, ამას წინათ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ციხის თანამშრომლების მეშინიაო; ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ვინმეს ციფრების ან ლამაზი ქალების ეშინია.

გადავწყვიტე, რამდენიმე ცნობილ ქალბატონს დავკავშირებოდი და მათი ფობიები შემეტყო. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა თითქმის უშიშარი ყოფილა...

ქეთა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

- ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ არაფრის არ მეშინია. ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- ქვეწარმავლებიც არ გაშინებს?

- არა. გველი შემიძლია ხელში დავიჭირო და მივეფერო კიდეც. ეს არაერთხელ გამიკეთებია და მათი მოფერება ძალიან მსიამოვნებს. ერთადერთი, ტარაკანი მეზიზღება, თორემ შიშით, არც მისი მეშინია.

- წყლისაც რომ არ გეშინია, ალბათ კარგად ცურავ...

- არა, ცურვა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ არაერთხელ ჩამიყვინთავს, ფსკერსაც შევხებივარ ფეხით და ისევ ამომიყვინთავს. გარკვეულ მანძილს ნამდვილად ვერ გავცურავ... წყალში რომ ვიყო და პირდაღებული ნიანგი ან ზვიგენი დავინახო, რასაკვირველია, შემეშინდება. ამას ალბათ ფობია არც ჰქვია.

ასეთ დროს მგონი, ყველა ნორმალური ადამიანი შეშინდება. ერთადერთი, ყველანაირი სტიქიის მეშინია - მნიშვნელობა არა აქვს, ეს მიწისძვრა იქნება თუ წყალდიდობა; მაგრამ ვერც ამას დავარქმევ ფობიას, რადგან ძილის წინ ნამდვილად არ ვფიქრობ, ახლა მიწისძვრა იქნება, თავში რაღაც დამეცემა და მოვკვდები-მეთქი.

- ცრუმორწმუნე თუ ხარ?

- ნამდვილად - არა. არც შავ კატას ვაქცევ ყურადღებას, არც 13 რიცხვს და არც ორშაბათ დღეს. ასეთ რამეებზე საერთოდ არ ვფიქრობ.

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- განსაკუთრებულს ვერაფერს ვიხსენებ; მგონი, ძალიან უშიშარი ვარ... როგორ არა - ვირთხების მეშინია ძალიან. კარგა ხანია, მათ არსად შევხვედრივარ, მაგრამ მათ ნახვას მირჩევნია, დიდი გველი ვნახო.

- კი, მაგრამ ვირთხის ნაკბენი გველისაზე ნაკლებად სახიფათო რომ არ არის?

- მაინც გველი მირჩევნია. ვირთხას ვერ ვიტან. დანარჩენი არაფერი მაშინებს. უფრო სწორად - ჩემი დევიზია, რომ აბსოლუტურად ყველაფრის შიში უნდა დავძლიო და ყოველთვის ვცდილობ, ასე მოვიქცე. ამის წყალობით, ბნელ სადარბაზოშიც კი უშიშრად შევდივარ.

- რაიმე უცნაური ფობიის შესახებ თუ გსმენია?

- როგორ არა?! ერთ ჩემს ახლობელს ძეგლების შიში აქვს...

- ცრუმორწმუნე თუ ხარ?

- ზოგადად - არა, მაგრამ ხალხში გავრცელებულ ცრურწმენებს ხანდახან ყურადღებას მაინც ვაქცევ. ისე, სიზმრების უფრო მჯერა, რადგან ჩემს მეუღლეს ყოველთვის უხდება სიზმარი.

- ალბათ ბედისწერისაც გჯერა...

- ნამდვილად, რადგან ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობისას ბევრი ისეთი დამთხვევა მომხდარა, მერე მივხვდი - ეს ბედისწერა იყო. მაგალითად, ადრე თურმე ერთმანეთს შევხვედრივართ, მაგრამ არც ერთს არ გვახსოვდა.

გარდა ამისა, როცა დავქორწინდით, მერე გაირკვა, რომ გარკვეულ ადგილებში ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, მაგრამ ავცდით, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მაინც ერთად ვართ, ეს კი ბედისწერაა...

ხატია შამუგია, პიარ-მენეჯერი:

- ერთადერთი, კალიების მეშინია ძალიან. იმდენად მეზიზღება, რომ მათ დანახვასაც კი ვერ ვიტან.

- მერე, როგორ უმკლავდები ამ შიშს?

- მოსაკლავად ნამდვილად არ დავდევ, უბრალოდ, ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ ამ ბოლო დროს კალიები ძალიან მომრავლდნენ. დანარჩენი აბსოლუტურად არაფრის მეშინია, არც წყლის და არც - სიმაღლის. ვერ გეტყვით, სიმაღლე ძალიან მსიამოვნებს-მეთქი, მაგრამ მაღალი სართულიდან გადმოხედვის პრობლემა ნამდვილად, არ მაქვს.

- ცრუმორწმუნე ხარ?

- არა, არანაირ ცრურწმენას ყურადღებას არ ვაქცევ. მხოლოდ სიზმრების მჯერა, რადგან გამორიცხულია, სიზმარი არ ამიხდეს. თან, ხომ ხდება, რომ ადამიანი სიზმარს ნახავს და მერე მსჯელობს - ესა თუ ის ნანახი რას ნიშნავს. მე ეს მსჯელობა არ მჭირდება, რადგან რასაც ვნახავ, ყველაფერი ზუსტად მიხდება...

თამთა ჭელიძე, მომღერალი:

- ბავშვობიდან მეშინია ცირკის და კლოუნების. ერთადერთხელ ვარ ცირკში ნამყოფი და მაშინაც ბოლო ხმაზე ვიტირე. მას შემდეგ იქ წასვლის სურვილი აღარ გამჩენია.

- შენი შვილიც არ წაგიყვანია ცირკში?

- ლიზის უყვარს ცირკიც და კლოუნებიც, მაგრამ იქ ყოველთვის მამამისს დაჰყავს, მე - არა. ისე, ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ სიმაღლისაც მეშინია, არ ვიცი - რატომ. სხვას ვერაფერს ვიხსენებ.

- რაიმე უცნაური ფობიის შესახებ თუ გსმენია?

- კონკრეტულ მაგალითს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვიცი, რომ უამრავი ასეთი ფობია არსებობს. წიგნი მაქვს წაკითხული ფობიებზე და იმდენი სასაცილო შიშის შესახებ ეწერა, რომ კარგად ვიხალისე.

- ბედისწერასა და ცრურწმენებზე რას გვეტყვი?

- ბედისწერის ნამდვილად მჯერა. რაც შეეხება ცრურწმენებს, ბავშვობიდან დიდი ბებია რაღაცებს მასწავლიდა ხოლმე და იმას უბრალოდ შეჩვეული ვარ, მაგალითად - დილით მარჯვენა ფეხით რომ უნდა ავდგე; ტანსაცმელშიც პირველად მარჯვენა ხელი უნდა გავუყარო. ამ ყველაფერს დღემდე ვასრულებ, რადგან ბავშვობიდან მიმაჩვიეს.

შავი კატისა და რაღაც მაგდაგვარი ცრურწმენების კი ნამდვილად, არ მჯერა. არც 13-ს "ვერჩი" რამეს, პირიქით - ვგიჟდები ამ რიცხვზე, რადგან ჩემი შვილი, ლიზი სწორედ 13 რიცხვშია დაბადებული...

ნანა ჩუბინიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება