მამუკა ჩარკვიანის სიმღერები არაერთი წელია, ჰიტადაა ქცეული. ბოლო პერიოდში მომღერალი და კომპოზიტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსმენელების ახალ-ახალი სიმღერებით განებივრებას ხშირად ვერ ახერხებდა, მაგრამ ახლა მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ იგი ძალიან კარგად გრძნობს თავს და სულ მალე კიდევ ორ ახალ სიმღერას ჩაწერს. მასთან სტუმრობა ერთი დღესასწაულია: გულთბილი მასპინძელი, რომელსაც სტუმრები უყვარს და სიმღერები, რომლის მოსმენასაც ადამიანი გულგრილად ვერ მოახერხებს.
- რამდენიმე თვის წინ 12 ახალი სიმღერა ჩაწერეთ, ახლა კიდევ ორს წერთ...
- კი, ვმუშაობ, მუზამ არ მიმატოვა. ორივე ახალი სიმღერა ჯანსუღის ლექსზეა დაწერილი. ერთი ჩემს დისშვილს, ირმა გიგანს ეძღვნება, მეორე კი ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, ვახტანგ კოპალეიშვილს. ვახტანგი აფხაზეთის ომში იბრძოდა და თბილისში ჩამოსული ინსულტით გარდაიცვალა. ძალიან მომენატრა.
მამას ვთხოვე, ლექსი დამიწერე, რომელშიც იქნება სიტყვები - "მშვიდობით მეგობარო!" მან კი მიპასუხა: - მშვიდობით არა, ნახვამდისო! სიმღერის რეფრენიც ესაა, "მშვიდობით არა, ნახვამდის". ისე კი, "მონატრება" ჰქვია. ეს სიმღერა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, ყველა მეომარს მივუძღვენი, ვინც საქართველოს შესწირა თავი.
- პატარა ირმამ თუ მოისმინა მისთვის შექმნილი სიმღერა?
- კი და ძალიან მოეწონა. სიმღერის ტექსტი ჯანსუღმა ირმას მიუძღვნა, რომელზედაც მერე სიმღერა დავწერე. ზაფხულის პერიოდში მუსიკოსების უმრავლესობა ქალაქიდანაა გასული. როგორც კი ყველა შეგროვდება, ამ სიმღერებს სტუდიურად ჩავწერ და იმედი მაქვს, ბევრ მსმენელს გავახარებ.B ბატონმა მერაბ სანოძემ, - ამ სიმღერების ჩაწერაში თანხას არ ავიღებო - მითხრა. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი!
- რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კონცერტის შესახებაც ვისაუბროთ, ძალიან ემოციური გამოვიდა.
- სიმართლე რომ გითხრათ, კონცერტის ჩატარება მეგობრებმა დამაძალეს, მაშინ კარგად ვერ ვიყავი და ჩამაცივდნენ, 55 წლის იუბილე უნდა აღნიშნოო. ვინც სურვილი გამოთქვა, ყველამ ჩემი სიმღერა შეასრულა. ცოტაც მე ვიმღერე და გამოვიდა საღამო. დარბაზი ტიროდა, ძველი დრო გაახსენდათ, ამასთან ერთად, მეც ძალიან ცუდად გახლდით - ვერ ვდგებოდი.
ჩემი კონცერტი სპონსორის გარეშე ჩატარდა. მსმენელი თუ არ მოვიდოდა, დარბაზის გადასახადსაც კი ვერ დავფარავდით. ცოტა მერია წაგვეხმარა, ერთ-ერთმა ბანკმაც წაგვაშველა ხელი. ნანუკა ჟორჟოლიანის დიდი დამსახურებაა, რომ ეს კონცერტი შედგა. შესაძლოა, ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩანაფიქრი, რომ სხვა მომღერლებსაც ემღერათ ჩემი სიმღერები, გამოგვივიდა.
- ცოტა ხნის წინ კი 12 ახალი სიმღერა შესთავაზეთ მსმენელს. რამდენი ხანი მზადდებოდა ისინი?
- ეს სიმღერები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ნელ-ნელა გავაორკესტრეთ და ჩავწერეთ. მათზე მთელი ზამთრის განმავლობაში ვმუშაობდით. გამოვიდა დისკი, სადაც ახალი და ის ძველი სიმღერები შევიდა, რომლებიც ჩემს პირველ კონცერტზე გიტარის თანხლებით, ცოცხლად მაქვს შესრულებული.
- კიდევ ერთი დისკის გამოშვებას ხომ არ გეგმავთ?
- 3 სიმღერით ახალ დისკს ვერ გამოვუშვებ. მუშაობას ვაპირებ და ალბათ 1 წელიწადში მეოთხე ალბომიც გამოვა. ვნახოთ, როგორ "დამეწერინება" სიმღერები (იღიმის).
- როგორც ჩანს, თქვენი მუზაც ჭირვეულია, არა?
- მუზა საერთოდ ჭირვეულია, შენ არაფერს გეკითხება და ხან მიდის, ხან - მოდის. მისი წასვლა-მოსვლა განწყობილებაზეა დამოკიდებული. ამ დროს კი ყველაფერი მოქმედებს - თითოეული ნიუანსი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. დღეს მუშაობა ძალიან რთულია, სიმღერებიც ნაკლებად იწერება.
ამ ბოლო დროს გაჰიტებული სიმღერა აღარ მომისმენია. სხვათა შორის, ამას წინათ საავტორო უფლებების სამსახურიდან დამირეკეს, მაუწყეს, რომ ჩემს პლასტიკურ ბარათზე თანხა დარიცხულა. მომღერლები მიჩვეულები ვიყავით, კვარტალში ერთხელ 20-50 ლარს გვაძლევდნენ. ამჯერად კი ჰონორარი გაცილებით მეტი იყო, რამაც გამაკვირვა. გამიხარდა, რომ ხელოვანი ადამიანების ნაღვაწი ფასდება.
- ბატონო მამუკა, პირველად როდის დაწერეთ სიმღერა?
- 17 წლის ასაკში სიმღერა "ჩამოთოვა ისევ" დავწერე. სცენაზე კი 40 წლის ასაკში გამოვედი. მამაჩემის, ჯანსუღ ჩარკვიანისადმი მიძღვნილი საღამო ტარდებოდა და მერაბ სეფაშვილს ვთხოვე, "მწვანე რტოები" ემღერა. მერაბმა ამიყოლია, ერთად ვიმღეროთო... ვიმღერეთ და სულ მალე ჰიტი გახდა. მახსოვს, იმ წელს მუსიკალური დაჯილდოება - "ლიგა 1996" ჩატარდა, ჩვენს დუეტს კი ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ნომინაციაში პირველი ადგილი ერგო.
მას შემდეგ დაიწერა "ჩემი აღარა ხარ, მორჩა", "ირინოლა", "მაღლა და მაღლა". მოპოვებული ჯილდო საკმაოდ დიდი სტიმული იყო ჩემთვის. იმ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველი მეორე მღერის და შენი სიმღერა კი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვებს, პატარა საქმე არ გახლავთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე აღმოვჩნდი სცენაზე და დღემდე მოვდივარ.
- მანამდე არ გქონიათ სურვილი, რომ სცენაზე გემღერათ?
- არა… ჩემი თაობის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გიტარაზე ვუკრავდი და ახლობლების წრეში ვმღეროდი. ახალგაზრდა როცა ხარ, მთელ ქალაქს ხარ მოდებული და ასე თუ ისე, ერთხელ მაინც ჰქონდათ ჩემი სიმღერა მოსმენილი.
- რამდენად იოლი იყო 40 წლის ასაკში სცენაზე გამოსვლა?
- ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩემი და მერაბის სიმღერა საზოგადოებისთვის იმდენად დიდი მოულოდნელობა იყო, რომ დარბაზი ლამის დაინგრა. მახსოვს, კულისებში დაბრუნებისას, ნერვიულობისგან მიკროფონი ისე მქონდა ჩაბღუჯული, ჩემმა მეუღლემ ძლივს გამომართვა. სცენაზე ყოველი გამოსვლისას ვღელავ, მაგრამ მალევე მეხსნება ნერვიულობა. ფილარმონიაში ჩემი 4 კონცერტი გაიმართა და ოთხივე - ანშლაგით. იმედი მაქვს, შემდეგი კონცერტიც ანშლაგებით ჩაივლის.
- მაშინ, როცა ბატონმა ჯანსუღმა თქვენი პირველი სიმღერა მოისმინა, როგორი იყო მისი რეაქცია?
- მამას დადებითი რეაქცია ჰქონდა. მეუბნებოდა, - გაეცი სიმღერები, შენ თუ არ მღერი სცენაზე, სხვები იმღერებენო. ქალაქში ძალიან ცნობილი იყო სიმღერა "ირინოლა". ძალიან ბევრი ადამიანი მღეროდა, მაგრამ სცენაზე არ ასრულებდნენ. სუფრიდან სუფრას, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა ეს სიმღერა. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს სიმღერებს ასრულებენ. ამას წინათ, ახალგაზრდები მესტუმრნენ და ერთმა ბიჭმა თითქმის მთელი ჩემი რეპერტუარი დაუკრა.
- რა გრძნობაა, როცა თითქმის 20 წლის წინ გაჰიტებულ სიმღერებს დღესაც სიამოვნებით მღერიან?
- გადასარევი გრძნობაა. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, ქუჩაში მაჩერებენ და ჯერ კიდევ აქვთ იმის სურვილი, რომ მომიკითხონ. ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს, რთულია, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე გიყვარდეს, უნდა ეცადო, ისე იცხოვრო, ადამიანები არ მოიძულო. თუ ერთხელ აიღე თავზე ვალდებულება, რომ სიმღერა მიაწოდო მათ, რომც მოკვდე, მაინც უნდა დაწერო. უნდა ემსახურო ხალხს, მთავრობას კი არა (იღიმის)?!
- წეღან სამომავლო კონცერტი ახსენეთ, როდის აპირებთ ჩატარებას?
- ალბათ ოქტომბრის თვეში. მინდა, პატარა დარბაზში გიტარით დავჯდე და ძალიან უშუალო და გულწრფელი კონცერტი ჩავატარო. 15-20 სიმღერას ვიმღერებ, შემდეგ კი მაყურებელს ვთხოვ, მითხრან თუ რის მოსმენას ისურვებენ. ამასთან ერთად, წამყვანიც მე ვიქნები.
წინა კონცერტზე მაყურებელს მოვუყევი, მე და ირაკლი ჩარკვიანი ხანდახან ვეშლებოდით და ირაკლის მეძახდნენ. ერთხელაც, როცა ისევ მისი სახელით მომმართეს, ვუპასუხე: - ირაკლი მოკვდა და მე ცოცხალ-მკვდარი მამუკა ჩარკვიანი ვარ-მეთქი. გულიანად გაეცინათ.
- რას ბრძანებთ, ბატონო მამუკა, ცოცხალ-მკვდარს სულაც არ ჰგავხართ! ვხედავ, თქვენი მკურნალობა კარგად მიმდინარეობს.
- მაშინ ვიყავი, მაშინ (იცინის)! დიდი მადლობა, ახლა ნამდვილად კარგად ვარ. ცოტა ნევროზი დამრჩა, რომელიც თანდათანობით გაივლის. 56 წლის ვხდები, ჩემი დასალევი უკვე დავლიე და ახლა შემოქმედების დროა.
ინტერვიუს დასასრულს ბატონმა მამუკამ ორივე ახალი სიმღერა ჩემთვის დაუკრა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შეუძლებელია, უსმენდეთ მის სიმღერებს და ტანში ჟრუანტელი არ გივლიდეთ. "შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები". ამ სიტყვების შემდეგ, მომიბრუნდა და: - ეს სიმღერა დაიმახსოვრე და მე რომ აღარ ვიქნები, მოუსმინე 100 წლის შემდეგ. ბოლო ფრაზით გამხნევებულმა, თავი ენერგიულად დავუქნიე, - მხოლოდ 100 წლის შემდეგ, ბატონო მამუკა.
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)