აშშ-ში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის რიჩარდ, იგივე დიკ ჩეინის მემუარების წიგნი გამოვიდა - "ჩემს დროს". წიგნში ძირითადად ჯორჯ ბუში-უმცროსის მმართველობის მძიმე წლებია აღწერილი - 11 სექტემბრის ტერაქტი და ომი ერაყთან.
წიგნის ბოლოში ჩეინი 2008 წლის სექტემბერს თბილისში ვიზიტის შესახებაც წერს - აგვისტოს ცნობილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში. "აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ძალებმა რუსი სამხედროების ხელმძღვანელობით ქართული სოფლები დაცხრილეს სამხრეთ ოსეთში. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გასცა, საპასუხო ზომები მიეღოთ, რამაც, რასაკვირველია, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მისცა საბაბი, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული საომარი ოპერაცია გაეჩაღებინა".
ჩეინი იმაზეც წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა კი არ იყო, არამედ "უდიდესი ნაბიჯი წინ, ბოლო 60 წლის განმავლობაში ადამიანთა თავისუფლების სახელით გადადგმული".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)