ვისი შესრულებული "თეთრი ვარდები" ჯობია - ნუკრი კაპანაძის თუ სოფო ნიჟარაძის

ვისი შესრულებული "თეთრი ვარდები" ჯობია - ნუკრი კაპანაძის თუ სოფო ნიჟარაძის

"თეთრ ვარდებს" დიდი ხნის წინ თამარ იშხნელი ასრულებდა, შემდეგ - მანანა მენაბდე. წლების წინ ეს შესანიშნავი მელოდია, რომელიც, როგორც "რეიტინგმა" მოიძია, ლიანა მოისწრაფიშვილს ეკუთვნის, ნუკრი კაპანაძემ სრულიად ახლებური ვერსიით შემოგვთავაზა. კლიპი, რომელიც მომღერალს რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაუღო, ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულია, ნუკრის მიერ შესრულებული "თეთრი ვარდები" კი ბევრისთვის საყვარელ სიმღერად იქცა. წლების შემდეგ, 2011 წლის აგვისტოს ბოლოს სოფო ნიჟარაძის შესრულებით "თეთრი ვარდები" ქუთაისის ერთგვარ ჰიმნად აჟღერდა. კლიპი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ტელევიზიამ გადმოსცა, კახა ბუხრაშვილმა გადაიღო. მასში სუხიშვილების მოცეკვავეები ტანგოს ასრულებენ, რომელიც ილიკო სუხიშვილმა დადგა.

ინტერნეტსივრცეში ამ კლიპისა და სოფოს შესრულების გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა და მსჯელობა გაიმართა. თითქმის ყოველი მეორე მომხმარებლის გვერდზე ნუკრი კაპანაძის ძველი კლიპი დაიდო. მოკამათეთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სოფო ნიჟარაძის ნამღერი ახლოსაც ვერ მივა ნუკრი კაპანაძის შესრულებასთან, რადგან ეს უკანასკნელი ყველა ფრაზას და იმ სევდას, რომელიც სიმღერის ტექსტსა და მელოდიაშია ჩაქსოვილი, ზუსტად გადმოსცემს, ახალგაზრდა სოფო ნიჟარაძე კი სიმღერას მიუზიკლის სტილში ასრულებს. მეორე ნაწილი კლიპითაც კმაყოფილია და სოფოს შესრულებითაც. ვინაიდან სოფო ნიჟარაძე ბოლო დროს კომენტარებზე უარს ამბობს, "რეიტინგმა" მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, ნუკრი კაპანაძესთან კი სატელეფონო კომენტარის ჩაწერა მოვახერხეთ მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი პრესასთან არცთუ აქტიურად ურთიერთობს.

ნუკრი კაპანაძე:

- იცით, როდესაც კომენტარს ვაკეთებ, იქ ჩემი განწყობა არ ჩანს ხოლმე, ამიტომ მინდა, სწორად გამიგოთ, რასაც ვამბობ. ვარ აბსოლუტურად კეთილგანწყობილი. სოფო მშვენიერი გოგონაა. მაყურებელს ჩემი კლიპიც ნანახი აქვს და ახალიც. ორივე ნამუშევარს მაყურებელი შეაფასებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავის დროზე, როდესაც ეს სიმღერა ჩავწერე და კლიპიც გადავიღე, ხალხის სიყვარული დაიმსახურა. იცით, როგორ არ მაინტერესებს დანარჩენი ყველაფერი (იღიმება)?

სიმღერა "თეთ­რი ვარდები" პი­რ­ველად თამარ იშხნელის შესრუ­ლებით მოვისმი­ნე. მასთან რომ და­ვდიოდი, მაშინ. ის თავად გვასწავლიდა ამ სიმღერას. შემდეგ ას­ევე მოვისმინე მანანა მენაბდის შესრულებით და ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო ვერსია.

მინდა, ასევე ყველამ იცოდეს, რომ როდესაც წლების შემდეგ "თეთრი ვარდების" ჩაწერის სურვილი გამიჩნდა, მაშინ საავტორო უფლებების შესახებ არავინ ფიქრობდა, ამიტომ ეს სიმღერა არ მაქვს ნაყიდი. ასე რომ, ყველა მომღერალს აქვს უფლება, ახლაც და მერეც, თავისუფლად შეასრულოს კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება ჩემ მიერ შესრულებულ "თეთრ ვარდებს", მინდა ვთქვა, რომ ამ სიმღერის ვერსია გვეკუთვნის მე და თემურ მაისაშვილს და ბევრი ვიმუშავეთ, რომ სიმღერა ისეთი გამოსულიყო, როგორიც გამოვიდა. არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ სხვამაც შეასრულოს, მაგრამ "თეთრი ვარდების" ჩვენი ვერსია არ ჰგავს სხვას. ასევე მინდა, ხვალ და ზეგ მოვისმინო ამ სიმღერის ახლებური ვარიანტი, რომელიც არ დაემსგავსება წინას და დაიბადება, როგორც ახალი სიმღერა. აი, ეს არის შემოქმედება და ძიების პროცესი. თუ ამას აკეთებ, სწორედ მაშინ ხარ შემოქმედი. მოხარული ვარ, რომ ხალხს ჩემი ვერსია მოსწონს და უყვარს. ამ ყველაფერს ვამბობ ღიმილით და თბილად.

- რამდენადაც ვიცი, სწორედ ახლა კიდევ ერთი ძველი სიმღერის ახლებურ ვერსიაზე მუშაობთ.

- დიახ, ნინო ჩხიკვაძის საბავშვო სიმღერა "სურვილი" ავარჩიე და ამ სიმღერის, ასე ვთქვათ, ზრდასრული ადამიანის ვერსია ჩავწერე (იცინის). სწორედ ამას ვამბობ, ისეთი ვარიანტი გამოდის, რომელიც შესაძლოა, კომპოზიტორმაც ვერ იცნოს, თუმცა კი მასთან ერთად ვმუშაობ. ეს არის იმისი ლოგიკური გაგრძელება, რასაც მე წლებია ვაკეთებ. მეორე სიმღერაც ჩავწერე, რომელიც სპეციალურად ჩემთვის თეონა კინწურაშვილმა დაწერა. ორივე სიმღერაზე ვიმუშავე ზაზა მარჯანიშვილთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე არანჟირების ავტორი. ის გახლავთ ამ სიმღერების მუსიკალური პროდიუსერი. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია.

- და როდის იხილავს ეს სიმღერები მზის სინათლეს?

- მალე დასრულდება მუშაობა, თუმცა ჯერ არ ვიცი, სად შედგება პრემიერა. ვინც პირველი დარეკავს ხოლმე, თუნდაც რადიოდან ან ტელევიზიიდან, მას მიაქვს ახალი სიმღერა. მე ჩემი სიმღერების მომვლელი არ გახლავართ (იცინის). ზოგჯერ რადიოშია პრემიერა, ზოგჯერ აბსოლუტურად არაცნობილ გადაცემაში. ჩემი სიმღერების პოპულარობას დიდი ხნის შემდეგ ვხვდები ხოლმე. ზოგჯერ წელი გასულა და მერე მივმხვდარვარ, რომ რომელიმე სიმღერა პოპულარული გახდა. მე ასე მირჩევნია, ვიდრე ეფექტისთვის რაღაც სიმღერების ჩაწერა. ასე ვცხოვრობდი და მომწონს ასეთი მუშაობა (იღიმის).

კლიპი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული ტელევიზიის ეთერით ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ხედავთ, კახა ბუხრაშვილს ეკუთვნის. ეს ის რეჟისორია, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ანდობს ამგ­ვარი კლი­პების გადაღებას. თა­ვის დროზე კახა ბუხრაშვილმა თავის გუნდთან ერთად გადაიღო "გამარჯობა, აფხაზეთო შენი", "ბესამე მუჩო", "ბათუმს ქათქათას", "ჩვენ ავაშენებთ სახლს". ასევე ბუხოს, როგორც მას საახლობლო წრეში უწოდებენ, ეკუთვნის ყველა კლიპი, რომელიც პოლიციის შესახებ გინახავთ ტელეეთერით. "მე მიყვარს ქუთაისი" მისთვის მორიგი დაკვეთა იყო. როგორც თავად რეჟისორი იხსენებს, ქუთაისის შესახებ ვიდეორგოლის მომზადებისას დიდი ჯგუფი შეიკრიბა. დაკვეთა კი კულტურის სამინისტროსგან მიიღო.

კახა ბუხრაშვილი, რეჟისორი:

- ამ კლიპის იდეაც და სცენარიც მე მეკუთვნის. მანამდეც არაერთ კლიპზე მიმუშავია. სოფო ნიჟარაძესთან კი პირველად არ ვმუშაობ. მასთან ერთად "ბათუმს ქათქათას" გავაკეთეთ.

- როგორია სოფო მუშაობისას?

- სოფოსთან წინასწარ ვთანხმდები ხოლმე, როგორი უნდა იყოს კამერასთან და ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ასრულებს. პროფესიონალია.

- რაიმე პრობლემა გქონდათ გადაღების დროს?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო სუხიშვილების დროის დეფიციტი. კლიპი სამ დღეში უნდა გადაგვეღო, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ანსამბლის წევრებს გასტროლები ეწყებოდათ და ის სამი დღეც არ ჰქონდათ, ამიტომ ორ დღემდე შეგვიმცირდა დრო. ასევე ამინდმაც შეგვიშალა ხელი და რამდენიმე დღით მოგვიწია გადაღებების გადადება, რადგან სულ წვიმდა.

- სუხიშვილებს რომ უნდა ეცეკვათ, ესეც თქვენი იდეა იყო?

- ერთობლივად გადავწყვიტეთ. გადაწყდა, რომ "თეთრი ვარდების" არანჟირება ტანგოს სტილში უნდა გაკეთებულიყო. სიმღერის არანჟირება საკუთარ თავზე ნიკა მემანიშვილმა აიღო. ვინაიდან სუხიშვილები ისედაც ცეკვავენ ტანგოს და კოსტიუმებიც ჰქონდათ, პრობლემა არ უნდა ყოფილიყო მათი გადაღება. კლიპის ქორეოგრაფია, რასაკვირველია, ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის. ამ კლიპისთვის ტანგო სპეციალურად დადგა.

- თქვენი დამკვეთები კმაყოფილი დარჩნენ კლიპით? თავად თქვენ რას ფიქ­რობთ?

- რომ არ დარჩენილიყვნენ კმაყოფილი, არც ჩაიბარებდნენ ჩემს ნამუშევარს (იღიმება). მეც კმაყოფილი ვარ და დამკვეთებიც.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, რომ სოფო ნიჟარაძე თითქმის ყველა სამთავრობო პროექტის აქტიური მონაწილეა. როგორც ამბობენ, კლიპის დაფინანსება საკუთარ თავზე მთლიანად კობა ნაყოფიას აუღია, რომელიც, შეგახსენებთ, "აგვისტოს 5 დღის" ერთ-ერთი დამფინანსებელი და პროდიუსერი გახლდათ. საინტერესოა, კიდევ რას შემოგვთავაზებს ხელისუფლება და რომელი ქალაქის გასაპიარებლად ამღერებენ კვლავ სოფო ნიჟარაძეს.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება