ვისთან ერთად აღმოაჩინა სამყარო ახლიდან სალომე ბაკურაძემ

ვისთან ერთად აღმოაჩინა სამყარო ახლიდან სალომე ბაკურაძემ

სალომე ბაკურაძემ წლევანდელი ზაფხული არაჩვეულებრივად გაატარა, ორი თვე ზღვაზე იყო და შედეგად არაჩვეულებრივი ნამზეური აქვს. მოგეხსენებათ, მომღერალმა პროექტ "ბრავოში" ეგვიპტეში მოგზაურობა მოიგო. ჰოდა, ცოტა ხნის წინ ამ ქვეყნიდან ემოციებით დატვირთული დაბრუნდა. მართალია, სალომე დასვენებისა და მოგზაურობის ამბებზე გახსნილად გვესაუბრა, თუმცა თავიდანვე გამაფრთხილა, ჩემს რჩეულსა და პირად ცხოვრებაზე არაფერი მკითხოო, არადა მაინტერესებდა, რატომ გაემგზავრა ეგვიპტეში დაქალთან და არა შეყვარებულთან ერთად...

-  აქამდე არც ერთ აზიურ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, გარდა თურქეთისა. ძალიან მინდოდა აზიური ქვეყნების დათვალიერება, დიდი კულტურის მქონენი არიან და მსურდა, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. საერთოდ, როდესაც სამოგზაუროდ მივდივარ, ყოველთვის წინასწარ ვგეგმავ რა უნდა ვნახო, არ მინდა დრო ბოდიალში დავკარგო. მოგზაურობისას თითქმის არ მძინავს, ღამით გვიან შევდივარ სასტუმროში და ადრევე გამოვდივარ, რომ ბევრი რაღაცის ნახვა შევძლო. ეგვიპტეში ჩასულიც, რასაკვირველია, ასე ვიქცეოდი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ის არ მინახავს. როგორ შეიძლებოდა ეგვიპტეში ჩასულს პირამიდები არ მენახა, მაგრამ ვინაიდან იქ არეულობა იყო, ყველა მირჩევდა, კაიროში არ ჩავსულიყავი და ამ საოცრების ნახვა, ისევ ჩემი უსაფრთხოების გამო, მომავლისთვის გადამედო, ასეც მოვიქეცი და გადავწყვიტე ამჯერად სხვა ღირსშესანიშნაობები მენახა. მოვინახულე საჰარა, გავისეირნე აქლემებზე, ვნახე ბედუინების სოფლები, ასევე გახლდით არაჩვეულებრივ კუნძულზე, სადაც წყალქვეშა სამყაროსაც გავეცანი. შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად დასვენება და გართობა ერთმანეთს შევუთავსე.

-  ვისთან ერთად იყავი წასული?

-  ჩემს დაქალთან ერთად, რომელიც ჩემს მსგავსად პირველად იყო ამ ქვეყანაში. საერთოდ, არ მიჭირს უცხო ქვეყანაში გზის გაგნება, ერთი-ორჯერ კი დავკარგულვარ, მაგრამ ესეც საინტერესო და სანახაობითი ყოფილა. დაკარგვასაც თავისი ხიბლი აქვს და ბოლოს ექსკურსიასავით გამოდის.

-  უფრო ვრცლად მოგვიყევი, როგორ გარისკე აქლემზე დაჯდომა, ხშირად ამბობენ გატაცების დიდი საშიშროებააო...

-  მაინც გავრისკე, არადა ყველა მაფრთხილებდა, დედამ ცალკე დამარიგა, აქლემებზე არ დაჯდე, გატაცების საშიშროებააო, მაგრამ ჩავედი თუ არა, მეორე დღესვე აქლემზე დავჯექი და როცა დედამ ეს ფოტო ნახა, მითხრა, რა მაგრად დამიჯერეო (იცინის). თავიდან მოგიყვებით ყველაფერს. საჰარის ტური მოიცავდა ჯიპებით ქვიშაში დიდი სისწრაფით სეირნობას, რაც ექსტრიმთან და ადრენალინთან იყო დაკავშირებული, ამის შემდეგ ვისეირნეთ კვადროციკლებით, დავათვალიერეთ მთელი ტერიტორია და მივედით საჰარა პარკში, სადაც ვნახეთ ყველანაირი ცხოველი, რაც კი დედამიწაზე სულდგმულობს. იქვე იყო ეგზოთერიუმი, სადაც ისეთი ლამაზი და სასაცილო ხვლიკები ვნახე, გალიის გარეთ რომ ყოფილიყო, ალბათ მოვეფერებოდი, სასაცილოდ დახტოდნენ და ძალიან ლამაზი ფერის იყვნენ. ვნახე იმდენი წლის და იმხელა კუ, რომ კინაღამ ქართულად ლაპარაკი დავუწყე. ამ სანახაობის შემდეგ გადავინაცვლეთ ბედუინების სოფელში, სადაც მათი ცხოვრების წესს გავეცანით, გავიგეთ როგორ ქსოვენ, როგორ აცხობენ პურს, როგორ ხატავენ ულამაზესი ქვიშით, იმდენი ფერის ქვიშა ვნახე, გაოცებული ვუყურებდი. გარდა ამისა, ჩაგვიტარეს კონცერტი ადგილობრივებმა, ასევე იყო კონკურსებიც, სადაც დამთვალიერებლებიც მონაწილეობდნენ, მე და ჩემს დაქალს არც ერთი კონკურსი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია, რასაკვირველია, იქ მამღერეს, რის შემდეგაც ეგვიპტელებმა თქვეს ვარსკვლავი ვიპოვეთო, ეგონათ, მათ პირველებმა აღმოაჩინეს ჩემში სიმღერის ნიჭი (იღიმება).

საღამოს ადგილობრივი კერძებით გაგვიმასპინძლდნენ, მე ამ საკითხშიც რისკიანი ვარ და დავაგემოვნე მათი სამზარეულოს შედევრები, მაგრამ ვერ ვიტყვი გემრიელად მივირთვი-მეთქი, ცოტა სპეციფიკურია ეგვიპტური სამზარეულო, თუმცა არაჩვეულებრივი ტკბილეული აქვთ. უკან დაბრუნებამდე ტელესკოპით გაგვახედეს და ამით დასრულდა ეს ერთდღიანი არაჩვეულებრივი ტური, რომელმაც შესანიშნავი ემოციებით დაგვტვირთა. მეორე ტურის საშუალებით მოვხვდით ფარადაის კუნძულზე, სადაც იახტით გადავადგილდებოდით. რამდენიმე ადგილზე გავჩერდით, ჩავყვინთეთ და დავათვალიერეთ წყალქვეშა სამყარო, ულამაზესი თევზები ვნახე, რაც ყველაზე მთავარია, ეს არსებები ჩემი ხელიდან ჭამდნენ, არ გარბოდნენ, შეგეძლო მოფერებოდი, ასევე აღმაფრთოვანა დელფინებმა, რომლებიც ისე ლამაზად ცურავდნენ, იფიქრებდი, ეს ყველაფერი დადგმულიაო, მაგრამ საოცარი სწორედ ისაა, რომ ყველაფერი წყალქვეშ ხდებოდა. ამ ტურის ფარგლებში იახტით სეირნობაც შედიოდა, მივედით ისეთ კუნძულზე რომელიც მხოლოდ ფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებში მინახავს.

-  როგორც ვხვდები, ამ მოგზაურობით სამყარო ახლიდან აღმოაჩინე...

-  კი, ნამდვილად დაუვიწყარი იყო ეს მოგზაურობა და კიდევ ვაპირებ ეგვიპტეში წასვლას, ოღონდ ზამთარში.

-  შენი სურათი ვნახე ჩილიმით, გასინჯე იქ ყოფნისას?

-  კი, აღმოსავლურ ქვეყანაში ჩასული ადამიანი ჩილიმს თუ არ გასინჯავ, მაშინ რაა მამული?! (იღიმება) გარდა ამისა, ერთი შეხედვით, სულ რამდენიმე წამში ვისწავლე არაფატკას გაკეთება. გამყიდველმა, ვინც ამ არაფატკას ყიდდა, მითხრა, შენ ისე კარგად აკეთებ ამას, წინა ცხოვრებაში აუცილებლად ეგვიპტელი იქნებოდიო (იღიმება).

-  რაც შეეხება ეგვიპტელ ხალხს, როგორები არიან? როგორი მამაკაცები ჰყავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ქალების მიმართ?

-  ყოველი მეორე მამაკაცი სადღაც გეპატიჟება.

-  ანუ მექალთანეები არიან?

-  კი, ძალიან. მიმტანიც კი, რომელიც სასტუმროში გემსახურება, გეკითხება, საღამოს ჩაის ჩემთან ერთად ხომ არ მიირთმევო, შენ ამ დროს ეუბნები უარს და ისიც მიდის. შემოტევაზე არ გადმოდიან, უბრალოდ გთავაზობენ, არჩევანი შენზეა, ჩემგან კი ყოველთვის უარყოფითი პასუხი იყო. კომპლიმენტებიც მრავლად იციან და არ იშურებენ უცხოელი ქალებისთვის.

-  ეგვიპტეში თუ შეიძინე სამკაულები და მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთები?

-  ყველა მეუბნებოდა, ძალიან ლამაზ სამკაულებს ნახავ და აუცილებლად იყიდეო, მაგრამ უცხო და განსაკუთრებული ვერაფერი ვიპოვე და ამიტომ არ მიყიდია, გამოგიტყდები და უფრო მეტს ველოდი. სამახსოვროდ "ბრელოკები" ჩამოვიტანე და შევინახე.

-  საზღვარგარეთ წასულს ქვეყ­ნის, სახლის ნოსტალგია მა­ლე გეუფლება?

-  ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ატარებ დროს და როგორ ერთო­ბი. რასაკვირველია, საქა­რთველო მიყვარს, მაგრამ იმდენი ხნით არსად წავსულვარ, რომ ნოსტალგია მეგრძნო, თუმცა რომ ჩამოვდივარ, მერე ვხვდები, ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.

-  ეგვიპტის შემდეგ დასვენება ბათუმში განაგრძე, ახლა აქაური დასვენების შესახებ მოგვიყევი...

-  სანამ ეგვიპტეში წავიდოდი, მანამდეც ბათუმში ვიყავი, წელს ორი თვე ზღვაზე ყოფნა გამომივიდა, ეგვიპტის შემდეგაც ამ ქალაქს ვეწვიე, რომელიც ძალიან გაზრდილი და გალამაზებულია. რა თქმა უნდა, ბევრი დამსვენებლი ჰყავს, მაგრამ არ ჩანს, რადგან გაიზარდა პლაჟი, ბულვარი, უფრო მეტია გასართობი ადგილები და ხალხიც გადანაწილდა, ადრე თუ თავშეყრის მხოლოდ ორი ადგილი იყო, ახლა ასე აღარ არის. გარდა ამ ყველაფრისა, აღმაფრთოვანა ანაკლიამაც, რომელიც შეუდარებელია თავისი სილამაზით, კლიმატითა თუ სხვა თვისებებით.

-  ვინაიდან ორი თვე ზღვაზე გაატარე, არაჩვეულებრივად გაირუჯებოდი...

-  სანამ ეგვიპტეში წავიდოდი, უკვე საკმარისად გარუჯული ვიყავი, თუმცა მეუბნებოდნენ, იქ ფერს ვეღარ მიიღებ, იქაური ნამზეური განსხვავებულიაო, მაგრამ იქიდან ოქროსფერი ჩამოვედი. ჩემი დაქალი, რომელიც ჩემთან ერთად იყო ეგვიპტეში, არ იყო გარუჯული, იქ კი კომბოსტოსავით შვიდჯერ გადავაძრეთ კანი, ავატარს ვეძახდი, რადგან ყურიდანაც კი სძვრებოდა კანი. მე კი არაჩვეულებრივ ფერზე დავბრუნდი.

-  ეგვიპტის რა გითხრა, მაგრამ ბათუმში ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცეოდი, თუნდაც პლაჟზე...

-  კი, როგორ არა. ვგიჟდები იმ ადამიანებზე, რომელთაც შეუძლიათ ემოციის თბილად გამოხატვა, ზოგიერთს ჰგონია, რომ მიცნობს და პირდაპირ ღიმილით მხვდება. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ადამიანებს უყვარხარ და ამას გამოხატავენ.

-  ასეთი კარგი დასვენების შემდეგ რა გეგმები გაქვს, შენი საქმიანობის შესახებ გვითხარი ერთი-ორი სიტყვა..

-  დიდი სურვილი მაქვს მქონდეს ვიდეორგოლი და ამაზე მინდა ვიმუშაო, ამასთანავე იმედია, სისრულეში მოვიყვანთ დუეტების იდეას გიორგი სუხიტაშვილთან და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად. მოკლედ, ვეცდები, ჩემი მსმენელი კიდევ გავანებივრო ახალი სიმღერებით.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება