ამღერდება თუ არა ევა რივასი მეგრულად

ამღერდება თუ არა ევა რივასი მეგრულად

საქართველოში, აფხაზეთთან ახლოს, ანაკლიის შემდეგ უკვე მეორე ქალაქი ამღერდება - ხობი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ძველი კოლხეთი ახლებურად წარმოაჩენს თავის ულამაზეს კუთხეს. აიეტის თვალწარმტაც ბაღებსა და სურნელოვან შადრევნებს განსაცვიფრებელი მუსიკის ჰანგები და ხელოვნების ნიმუშები შეცვლის.

ქალაქის ცენტრში დაიდგმება ფაცხები... სამფეხზე შემდგარი დიდი ქვაბი, შიგ ელარჯი და გვერდით - ოჯალეში... ძველი ტრანსპორტი - ურემი, მძღოლი, მეგრელი ბაბუ და მოპატიჟება "მოზოჯი სქუა"... ორგანიზატორების აზრით, სანახაობა ერთობ საინტერესო იქნება, თუმცა ბევრ რამეს ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებენ. ფესტივალი 16, 17, 18 სექტემბერს გაიმართება და მასში 12-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

მარინა მიქაძე, ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი, საერთაშორისო ფონდ "ხობის" დირექტორი:

- ამბობენ, წლევანდელი ფესტივალი ყველასგან განსხვავებული იქნებაო. რატომ?

- აქამდე ჩატარებული ყველა ფესტივალი საინტერესო იყო და საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორს წარმოაჩენდა. წელსაც ასე მოხდება, მაგრამ განსხვავებული კი ნამდვილად იქნება, რადგან საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ვფიქრობთ, ყველა თაობის ინტერესის გაზიარებით, დასამახსოვრებელი დღეები გამოგვივა.

- ფესტივალი ყოველ წელს ახალ გამოცემას სთავაზობს მკითხველს, ამჯერად ამ მხრივ რა იგეგმება?

- ეს ფესტივალი ამ თვალსაზრისითაც ნამდვილად გამორჩეული იქნება. გვაქვს რვა გამოცემა სხვადასხვა სფეროში. სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა ალექსანდრე ბასილაიას იმ ბენეფისის ამსახველი ვიდეოდისკი, რომელიც ხობის მე-4 ფეტივალის ფარგლებში ჩატარდა. დაინტერესებულ პირს შეეძლება ნახოს, როგორ მღერის მეგრულ სიმღერას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზურაბ სოტკილავასთან ერთად.

- მართალია თუ არა, რომ ანსამბლ "გორდელას" იუბილეს ხობში მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია უხდის?

- ბატონი გოდერძი ამ შემთხვევაში გვევლინება არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც ფონდის პრეზიდენტი და ამ საქმის დიდი ქომაგი. ანსამბლ "გორდელას" 50 წლის იუბილეს ნამდვილად ხობში უხდიან. ეს არის მეგობრობით განმტკიცებული მრავალწლიანი ურთიერთობა, რომლის დაგვირგვინება სწორედ იუბილე იქნება. როცა ფოლკლორზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ: პირველი, ვისაც ამ კუთხით საქართველოში რაიმე გაუკეთებია, ანსამბლი "გორდელაა". გამოვცემთ იუბილესადმი მიძღვნილ ალბომსა და დისკს. მოვიძიეთ ანსამბლის ნამღერი 33 სიმღერა, რომელიც პირველად გახდება ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის.

- რომელი კომპოზიტორის სიმღერები შესრულდება და ახალ რეპერტუარს თუ შესთავაზებთ მსმენელს?

- წარმოვადგენთ რუსუდან ხორავას, ოთარ ტატიშვილის, ია მაისაიას ახალ სიმღერებს. შემსრულებლების დასახელებისგან თავს შევიკავებ - სიურპრიზად დავტოვოთ.

- ქართველებიდან ვინ იმღერებს ფესტივალზე?

- საქართველოს ყველა რეგიონი საკუთარი რეპერტუარით წარდგება. იქნებიან ცნობილი შემსრულებლებიც, მათ შორის - ანსამბლი "რუსთავი"; საზოგადოების წინაშე წარდგება ახალგაზრდა მომღერალი - ნინო გოთოშია. ეს ბავშვი ნანი ბრეგვაძის სახელობის საესტრადო შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულია. ელენე ფოჩხუაც პირველად ჩვენი ფესტივალის წყალობით გახდა ცნობილი.

- გარდა თქვენი ფონდისა, კიდევ ვინ არის ფესტივალის ორგანიზატორი?

- ორგანიზატორები ვართ: განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი "ხობი", ანზორ ერქომაიშვილის "ქართული ხალხური სიმღერების ცენტრი", კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხობის რაიონის საკრებულო და მუნიციპალიტეტი.

- უცხოელი შემსრულებლებიდან ვინ ჩამოგყავთ?

- მოდი, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. თუ გნებავთ, თავად გოდერძი ბუკიას დაუკავშირდით და ის გეტყვით.

არც ვაციე, არც ვაცხელე და ბატონ გოდერძისთან სატელეფონო საუბრისთვის მოვემზადე.F ფონდის პრეზიდენტს გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, ისეთ ვიღაცაზე მითხრა, ჩამოგვყავსო, ვფიქრობ, ფესტივალზე მამრობითი სქესის მოჭარბება იქნება.

- ბატონო გოდერძი, გავიგე, ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადებით, მართალია?

- ნამდვილად ასეა. მეხუთე, საიუბილეო თარიღია და ბევრი საინტერესო რამ იგეგმება. ფესტივალი ძირითადად, ფოლკლორზე იყო ორიენტირებული, მაგრამ წელს მრავალპროფილიანი იქნება. ამასთანავე, მის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა: გამოიცემა წიგნები, დისკები, ალბომები; ანსამბლ "გორდელას" იუბილე; დიდი სანახაობა მოეწყობა ფეხბურთის მოყვარულთათვის.M მოწვეული არიან ვეტერანი ფეხბურთელები: კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომლის შეძახილი - "დინამო", "დინამო", "დინამო" - დღესაც ჩაგვესმის.

- უცხოელებიდან ვის უნდა ველოდოთ?

- ოოო, ეს საკითხი მინდა, სიურპრიზად დავტოვო. თუმცა გპირდებით, დაუვიწყარი დღეები გველის. ყველა უცხოელი სტუმარი მეგრულად ამღერდება. ამისთვის უკვე ემზადებიან.

- იქნებ რამდენიმე მაინც გაგვიმხილოთ...

- კარგი... ჩამოვლენ: ზურაბ სოტკილავა, ბოშათა ანსამბლი "რადანიკი", დუეტი აზერბაიჯანიდან, ვეფხია კუტივაძე ბელორუს გოგონასთან ერთად, ელიზა და თემურ ბოჯგუები, დიანა ლაბაძე, ხატია გადელია, ჯგუფი "მონომახის" სოლისტი ვასილი აკიმოვი, დიან დიეზი, უკრაინელი მირიან შაშენკო, ახალგაზრდებისათვის საყვარელი ერთი ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, "ევროვიზიის" ფინალისტი და ბევრი სხვა.

- ევა რივასი ჩამოგყავთ?

- დიახ, ჩამოვა.

- ევაც მეგრულ რეპერტუარს შეასრულებს?

- ალბათ...

"სიტყვაძუნწ" ბუკიას მეტი ვერაფერი დავტყუე. ამრიგად, ერთად უნდა დაველოდოთ ფესტივალს და მოვუსმინოთ, როგორ ამღერდებიან მეგრულად უცხოელი სტუმრები.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: საცივის, სულგუნის, ხაჭაპურის, ელარჯისა და ოჯალეშის დაგემოვნების შემდეგ, ყველა ერთხმად აყვირდება: "ქუგგალე სამარგალო!"

რუსუდან ლებანიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება