"გოროზი მერის" საზაფხულო არდადეგები

"გოროზი მერის" საზაფხულო არდადეგები

მსახიობ ნანუკა ლითანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ჯერ კიდევ გასულ ზამთარს მინდოდა. დავურეკე და ვთხოვე, - თუ შეიძლება, მეუღლესთან (თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველ ზურა გეწაძესთან) ერთად, ოჯახურ ინტერიერში ჩაგწერთ-მეთქი. მიპასუხა: - სიამოვნებით, მაგრამ ზურა ავადაა და იქნებ ინტერვიუ სხვა დროისთვის გადავდოთო. დათქმულ დროს რესპონდენტებს ვეღარ შევეხმიანე, რადგანაც თავად გავხდი ავად... ნანუკას მეორედ ივლისში დავურეკე, - ახლა მაინც ჩავწეროთ ჩვენი გადადებული ინტერვიუ-მეთქი. შეწუხდა, - სიამოვნებით, მაგრამ ქალაქში არ ვარ, თბილისში სექტემბრამდე ვერ ჩამოვალო და დასძინა, - შვილებთან ერთად დაბა ფასანაურში ვისვენებო. ამ ამბავმა გამახარა, რადგანაც ზუსტად 2 კვირაში, კუთვნილი შვებულების გატარებას მეც სწორედ ფასანაურში ვაპირებდი და როცა ეს ნანუკას ვუთხარი, ისე გაიცინა, მივხვდი, "გოროზი მერი" (როგორც მას სერიალში ოთარ ტატიშვილის გმირი ეძახდა) სულაც არ იყო უხასიათო... მოკლედ, ნანუკას 19 აგვისტოს, ფერისცვალებას შევხვდი და მასთან სტუმრად მისული იმაშიც დავრწმუნდი, რომ მერი-ნანუკა უგემრიელეს ყავას ხარშავს, შესანიშნავი დიასახლისია და ძალიან უყვარს სტუმრები...

არდადეგები მთაში

-  როგორ ისვენებთ?

-  კარგად. არაჩვეულებრივ ბუნებაში ვარ შვილებთან ერთად და შესანიშნავ ჰაერს ვსუნთქავ, აქაურობა ენერგიით მავსებს. უფროსი ვაჟი 3 წელია, დასასვენებლად მარტო მიდის და ჩვენთან ერთი-ორი დღით თუ ჩამოვა, ისიც მაშინ, როდესაც პატარა დაიკო მოენატრება. მოკლედ, აქ 3 ბავშვით ვარ ჩამოსული, მეუღლე კი თბილისშია, მუშაობს და ჩვენს მონახულებას მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს. ადრე, როცა ერთი და იგივე პროფესია გვქონდა, მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით, მაგრამ მას მერე, რაც რეჟისორი და შემდეგ უკვე თეატრის მმართველი გახდა, მე და ბავშვებს მის გარეშე გვიწევს არდადეგების გატარება. არადა, ზურასაც ჩემსავით უყვარს ბუნებაში ყოფნა...

-  ბევრი დასასვენებლად ზღვისპირეთში მიდის, თქვენ კი უპირატესობა მთას მიანიჭეთ და აგარაკად ფასანაური აირჩიეთ.

-  დავიწყებ იმით, რომ ზღვისპირა ქალაქში დიდხანს ყოფნა სიამოვნებას არ მანიჭებს, ამიტომ იქ მხოლოდ რამდენიმე დღით თუ წავალ. ცურვაც არ ვიცი და გარუჯვა ხომ საერთოდ არ შემიძლია, მზეზე წოლისას ვიტანჯები... და როდესაც სექტემბერში, ზღვიდან ყველა გარუჯული ბრუნდება, მე "თეთრი ყვავივით" ვარ (იცინის). მოკლედ, ზღვა არ მიყვარს და იქ ფულის ხარჯვას მთაში ყოფნა მირჩევნია.

4 შვილის დედა

-  შვილებიდან ყველაზე უმცროსს - 2-წლინახევრის ნუცას გვერდიდან არ იცილებთ. ამასთან, 16 წლის სალომე და 14 წლის ზუკაც მუდმივად თქვენი ყურადღების ცენტრში არიან. არ იღლებით?

-  (იღიმება) ნუცა ჯერ ძალიან პატარაა და მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. სერიალის გამო, ივლისში ერთ-ორჯერ, ფასანაურიდან წასვლა მომიხდა და ბავშვებთან ჩემი მშობლები დარჩნენ. როცა დავბრუნდი, ნუციკომ მისაყვედურა, - შენ რატომ დამტოვეო?.. დაღლაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც ეს ჩემი მოვალეობაა, მე ხომ დედა ვარ!

-  ახალგაზრდა შემოქმედ ოჯახებში მრავალშვილიანობა იშვიათი რამაა. თქვენ და ზურას კი ეს ნამდვილად არ გიშლით ხელს და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობთ... პირადად თქვენ, როგორც გატყობთ, საკმაოდ აქტიური ხართ.

-  კი, ასეა. ერთ ადგილზე უქმად გაჩერებაც არ შემიძლია, სულ ვმოძრაობ და თუ გავჩერდი, ე.ი. ცუდად ვარ (იცინის)...

-  აქტიური და ენერგიული რომ ხართ, ისიც მეტყველებს, რომ შვილები ძიძის გარეშე გაზარდეთ, რაც ჩვენი რეალობისთვის უჩვეულო რამაა...

-  რატომ არის უჩვეულო? პირიქით, ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ფიქრობს, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს! ძიძასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მაქვს: უცხო ადამიანს ბავშვს ვერ ვანდობ! ის კი არა, ნუციკოს დედაჩემს რომ ვუტოვებ, მაშინაც ვერ ვისვენებ, მუდმივად ვურეკავ და ბავშვის ამბავს ვკითხულობ. ისე, ჩემი პატარა ცოტა სიბერეში კი გამიჩნდა, ხომ იცი (იცინის)...

-  რა დროს სიბერეა?

-  ასე იმიტომ ვამბობ, რომ უფროსი შვილი - ერეკლე უკვე 20 წლისაა. ვხუმრობ ხოლმე: ვერ ვხვდები, ნუციკო ჩემი შვილია თუ შვილიშვილი-მეთქი. მეჩვენება, რომ მასზე "დაფეთებული" ვარ, მისი დაბადება რაღაც სხვანაირად ვიგრძენი და განვიცადე... თუმცა, თავის დროზე უფროსებზეც ასეთი "დაფეთებული" ვიყავი და ახლაც, როცა სადმე მიდიან, ხშირ-ხშირად ვურეკავ. ისე, ერეკლე ამის უფლებას აღარ მაძლევს და მეც გავაცნობიერე, რომ უკვე იმ ასაკშია, როცა აღარ შეიძლება, გამუდმებით კუდში ვდიო. ბოლოს და ბოლოს, დედამ შვილს თავი არ უნდა მოაბეზროს.

-  მეხუთე შვილიც რომ გაგიჩნდეთ...

-  (მაწყვეტინებს) ახლა მგონი, ბებიობისთვის უნდა მოვემზადო, მაგრამ თუკი მეხუთე შვილსაც მოგვცემს ღმერთი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... სხვათა შორის, ასეთი რამ მემართებოდა - გამანაწილებდნენ როლზე და მალევე გაირკვეოდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჰოდა, დავტოვებდი ყველაფერს და დეკრეტში გავდიოდი. ერეკლეზე ფეხმძიმობისას საკურსოსთვის პირანდელოს "ავტორის მაძიებელ 6 პერსონაჟზე" ვმუშაობდი, ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა, რომელსაც თან გადავყევი, მაგრამ ვერ ვითამაშე...

-  როგორც ვიცი, ერეკლე მსახიობია. მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა თქვენ მოახდინეთ?

-  ერეკლე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს, მესამე კურსზე გადავიდა. არ გვეგონა, მსახიობობას თუ გადაწყვეტდა. კარგად ხატავს და ვფიქრობდით, სწავლას ან სამხატვრო აკადემიაში გააგრძელებდა, ან მუსიკალურ სასწავლებელში, მაგრამ სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გამოგვიცხადა, - მსახიობობა მინდაო. კინოსარეჟისოროსა და სამსახიობოზე ერთდროულად აბარებდა და ორივეგან 100-100 ქულა დააგროვა. ეხვეწებოდნენ, - კინოსარეჟისოროზე დარჩიო (მისი თემა მოეწონათ), მაგრამ უარი თქვა. ახლა სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, გოგი მარგველაშვილის ჯგუფშია.

-  სალომესა და ზუკაზეც გვიამბეთ.

-  სალომეს ბებიაჩემის (მსახიობი სალომე ყანჩელი. - ავტ.) სახელი ჰქვია. მას "ტექნიკური" ტვინი აქვს, მათემატიკის მოყვარულია. კარგი სმენაც აქვს და მუსიკალური ცხრაწლედი დაამთავრა. ახლა გალობს... ზუკას, იმავე - ზურაბ-იოანეს არტისტისთვის საჭირო მონაცემები კი აქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას იზამს...

წარმატებული როლი ტელესერიალში და პოპულარობა

-  სერიალმა - "შუა ქალაქში", კერძოდ კი თქვენმა პერსონაჟმა (მდივანი მერი), პოპულარული გაგხადათ...

-  ერთხელ "ღამის შოუს სტუდიიდან" დამირეკეს და მითხრეს, - მსახიობი გვჭირდება, რომელიც ირაკლი ჩხეიძის მდივნის როლს შეასრულებს. არ ვიცით, ამ პერსონაჟის ბედი როგორ განვითარდება, მაგრამ იქნებ მაინც მოხვიდეთო. ეს პროექტი უკვე ისეთი წარმატებული იყო, სიმართლე გითხრათ, ამ წინადადებამ დამაფრთხო და მეუღლეს დავურეკე, - რა ვქნა-მეთქი? მიპასუხა, - რას მეკითხები? თუ მსახიობი ხარ, მიწვევა უნდა მიიღოო. მოკლედ, "ღამის შოუს სტუდიაში" საკმაოდ შეშინებული მივედი, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა, შიში გამიქრა, ეს კი პირველ რიგში, ჩვენი რეჟისორის - გოჩა კორხელაურის, იმავე კოხის დამსახურებაა. როცა მასთან და ოთარ ტატიშვილთან პირველივე შეხვედრამ, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, დავმშვიდდი...

-  რას ნიშნავს თქვენთვის პოპულარობა?

-  ამ როლმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ტელესერიალს უზარმაზარი აუდიტორია ადევნებს თვალს. მანამდე მხოლოდ თეატრის მაყურებელი თუ მიცნობდა, ახლა ყველამ იცის, რომ მსახიობი ვარ. ადამიანები თბილად მხვდებიან, რაც ძალიან სასიამოვნოა. აქაც, ფასანაურში, უცხო ბავშვები მეკითხებიან, - თქვენ ნამდვილად ის მერი ბრძანდებით, "შუა ქალაქში" რომ თამაშობსო? ყველაზე მეტად ის უკვირთ, რომ ვიცინი და ვიღიმი. აქ ახალი ჩამოსულები ვიყავით, როცა ვიღაცამ მანქანა გააჩერა - როგორც ჩანს, ავტომობილში მსხდომმა ბავშვებმა მიცნეს. პატარების მამას უთქვამს, მოდი, მერისთან სურათი გადავიღოთო, მეუღლეს კი შეუჩერებია, - მოიცა, მაგის თავი გაქვს, რამე უკმეხად არ გვითხრასო... ასე რომ, "ღამის შოუს სტუდიის" მიმართ მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის...

-  ხასიათით მერის ხომ არ ჰგავხართ, ცხოვრებაშიც ისეთივე მკაცრი ხართ?

-  უხასიათო არ ვარ და იუმორიც კარგად მესმის. ისე, ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, მკაცრი ვარ...

ქორწინებიდან 21 წლის შემდეგ...

-  ამას წინათ ოთარ ტატიშვილის შოუშიც გამოჩნდით და აუდიტორიას ასეთი ტექსტით მიმართეთ: "მე ვარ კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და ძალიან მიყვარს თეატრის კოლექტივი, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ამ თეატრის მმართველი, ეს მმართველი კი ჩემი ქმარია". როდის დაიწყო თქვენი და ზურა გეწაძის სიყვარული?

-  ჩვენ თეატრალურ ინსტიტუტში ჯგუფელები ვიყავით, მიშა თუმანიშვილის ჯგუფში გახლდით. მეორე კურსზე ვიყავით, როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, 1-ელ სექტემბერს ქორწინებიდან 21 წელი შეგვისრულდება...

-  როგორც გავიგე, თურმე ზურა, როგორც მსახიობს, გჩაგრავთ. ასეა?

-  როცა ზურა თეატრის მმართველად დანიშნეს, მე მეოთხე შვილი შემეძინა. მერე ლაშა ბუღაძის "შვიდი პატარა პიესა" დადგა და იმ წარმოდგენაში არ ამიყვანა, რადგანაც იქ საჩემო როლი არ იყო. ჰოდა, ეს ამბავი ხელზე დავიხვიე და ხუმრობით ვამბობდი, - სპექტაკლში როლი არ მომცა, მჩაგრავს-მეთქი... ახლა ჩვენს თეატრში ზურას ინიციატივით, დიდი პროექტი იწყება - "თუმანიშვილის მოწაფეები მის თეატრში". რობერტ სტურუამ, თემურ ჩხეიძემ, დათო საყვარელიძემ, დათო დოიაშვილმა და ლევან წულაძემ ჩვენი თეატრის სცენაზე თითო სპექტაკლი უნდა დადგან და ეს ღონისძიება მიშა თუმანიშვილის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. იმედი მაქვს, რომელიმე სპექტაკლში მაინც მოვხვდები...

სახელოვანი წინაპარი

-  ცნობილი მსახიობის - სალომე ყანჩელის შვილიშვილი ხართ. ბებია კარგად გახსოვთ?

-  16 წლის ვიყავი, როცა ბებია (62 წლის ასაკში) გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონდა... მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, მსახიობი გამოვსულიყავი. არ უყვარდა, როდესაც მასთან საგრიმიოროში ვინმე შედიოდა, მხოლოდ მე მაძლევდა ამის უფლებას და Mმეუბნებოდა, - ჩემ შემდეგაც ამ მაგიდასთან შენ უნდა დაჯდეო. განიცდიდა: შენს მსახიობობას ვერ მოვესწრები, იქამდე ვერ მივაღწევო. ძალიან ძლიერი ქალი იყო - მძიმე სენს ბოლომდე ებრძოდა, არც ერთ გასტროლს არ აკლდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მოგზაურობა ადვილი არ იყო. დაავადების აღმოჩენის შემდეგ რომ ეგონათ, 2-3 წელიწადს იცოცხლებდა, 8 წლის შემდეგ გარდაიცვალა. გული სწყდებოდა, რომ ახლობლებიდან მისი სახელი შვილს არავინ დაარქვა. ამიტომაც შევპირდი, - შენს სახელს ჩემს გოგონას დავარქმევ-მეთქი. შენ რომ შვილი გეყოლება, მე ამქვეყნად აღარ ვიქნები და ალბათ, აღარც გეხსომებიო, - მითხრა. როცა გავიგე, მეორე შვილი - გოგონა უნდა შემძენოდა, ძალიან გამიხარდა, რადგანაც შანსი მომეცა, ბებიასთვის მიცემული პირობა შემესრულებინა.

-  ბაბუა - ოთარ ლითანიშვილიც ცნობილი ადამიანი იყო. ის წლების განმავლობაში ქალაქის მთავარი მხატვარი, ერთი პერიოდი კი ქალაქის მერიც გახლდათ. მასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

-  თბილი. კარგის მეტს მასზეც ვერაფერს ვიტყვი. ის 2003 წელს გარდაიცვალა...

-  რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ასეთი ადამიანების მემკვიდრე და შვილიშვილი ხართ?

-  პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა. წლების შემდეგ შესაძლოა, ადამიანებს ძველი თაობის მსახიობები დაავიწყდეთ, მაგრამ ბებია-ბაბუა ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იარსებებს... მახსოვს, ბებიასთან ერთად სიარული მიხაროდა და მეამაყებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ ყოფილა, რომ ტაქსის მძღოლებს ჩვენთვის ფული არ გამოურთმევიათ... მეამაყებოდა და მეამაყება, რომ ვარ სალომე ყანჩელის შვილიშვილი.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება