"ბოლოს მონასტერში დიდ დროს ატარებდა, მონაზვნად აღკვეცა სურდა"

"ბოლოს მონასტერში დიდ დროს ატარებდა, მონაზვნად აღკვეცა სურდა"

ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი - ზინაიდა კვერენჩხილაძე განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მეტყველებითა და გამორჩეულად ტრაგიკული არტისტიზმით 1956 წლიდან ამშვენებდა რუსთაველის თეატრის სცენას. არაერთ ფილმშიც არის გადაღებული, "დათა თუთაშხიაში" მონაზვნის როლი შეასრულა და ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში მისი ცხოვრება სწორედ ამ გზით წავიდა, მაგრამ არ დასცალდა... 79 წლის ასაკში ინსულტით გარდაცვლილი მსახიობი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს, ბერი გაბრიელის საფლავის მახლობლად...

ვასო კიკნაძე, თეატრის კრიტიკოსი:

- ზინა კვერენჩხილაძესთან თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ურთიერთობა - თეატრალურ ინსტიტუტში ერთდროულად ვსწავლობდით, თუმცა ის ჩემ შემდგომ კურსზე იყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში გაანაწილეს, სადაც მე სალიტერატურო ნაწილის გამგედ დავხვდი. 1960 წლიდან, მას შემდეგ დავმეგობრდით, როცა მან, როგორც ამომავალმა ვარსკვლავმა, ბრწყინვალედ ითამაშა ლელას როლი "ბახტრიონში". ამის შემდეგ, მისი დრამატული ნიჭი საზოგადოებამ აღიარა. ზინა კვერენჩხილაძე რუსთაველის თეატრში წლების განმავლობაში ითვლებოდა, როგორც ფართო მასშტაბის ტრაგიკული ემოციის, სიღრმის, ტემპერამენტის მქონე მსახიობი.

არაერთი ნიჭიერი ქალი მსახიობი ჰყავდა რუსთაველის თეატრს, მაგრამ ტრაგიკული როლის შემსრულებლების დეფიციტი ყოველთვის იგრძნობოდა, რასაც ზინა კვერენჩხილაძე ავსებდა, თავისი ანტიგონეთი, ფედრათი, მედეათი... ზინაიდა გამორჩეული საზოგადო მოღვაწეც იყო, ყველგან გახლდათ, სადაც პატრიოტული საქმე კეთდებოდა. თეატრალური ცხოვრება რომ აყვავებულიყო, ყინვაში, თოვლში, წვიმაში, დმანისში უსასყიდლოდ ჩადიოდა და იქ ქართული კულტურის აღმავლობაზე ზრუნავდა. ქართული პოეზიის შესანიშნავი პროპაგანდისტიც გახლდათ - მხატვრული სიტყვის შეუდარებელი დიდოსტატი იყო.

- იქნებ ქალბატონი ზინაიდას პიროვნულ თვისებებზეც გვესაუბროთ.

- მაქსიმალისტი იყო, ძალიან მომთხოვნი, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ამქვეყნიურ ჯილდოებს ახლოს არ იკარებდა, არ უყვარდა მსახიობების პრემიები. 2 წლის წინ მისთვის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია უნდა მიენიჭებინათ და სასტიკი უარი განაცხადა - აქამდე ყოველგვარი პრემიის გარეშე მოვედიო... მან ბრწყინვალე წიგნი - "ჩემი ანტიგონე" დაწერა, რაც ქართული თეატრმცოდნეობისთვის დიდი შენაძენია. დიდი სიღრმითა და ფილოსოფიური განზოგადებითაა შექმნილი. ქართულ ხელოვნებაში მეორე ნამუშევარი არ მინახავს, რომ მსახიობს თავის შემოქმედებასა და ერთ კონკრეტულ როლზე ასე დაეწეროს.

- გავიხსენოთ ბოლო სპექტაკლი, სადაც ქალბატონმა ზინაიდამ ითამაშა და სადაც პარტნიორობას მედეა ჩახავა და თამარ სხირტლაძე უწევდნენ...

- ეს იყო "მოხუცი ჯამბაზები", რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა. მომღერლის როლს თამაშობდა. ვისაც უნახავს ეს წარმოდგენა, ყველას ახსოვს, როგორი ელეგანტური, სამაგალითო ოსტატი იყო, აკადემიური სტილი ჰქონდა. წლების განმავლობაში მსახიობის მეტყველებას ასწავლიდა თეატრალურ უნივერსიტეტში, შესანიშნავი პედაგოგი გახლდათ. ის ჩემი კარგი მეგობარი იყო და მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია ჩემთვისაც და ქართული თეატრისთვისაც.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- ქართულმა თეატრმა დიდი, ტრაგიკული მსახიობი დაკარგა... როდესაც მიშა თუმანიშვილთან სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, ის რუსთაველის თეატრში მუშაობდა. "ანტიგონე" ახალი დადგმული გახლდათ, სადაც ბატონი სერგო ზაქარიაძე და ქალბატონი ზინა თამაშობდნენ და ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა იყო ქართულ თეატრში. სტუდენტ-პრაქტიკანტებს სპექტაკლზე მორიგეობა გვევალებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი საათით ადრე უნდა მივსულიყავით თეატრში, გვენახა, მსახიობებს დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. მერე კი კულისებში უნდა ვმდგარიყავით.

ისე მომწონდა, რომ თითქმის 1 წელიწადი "ანტიგონეს" კულისებიდან, პატარა ჭუჭრუტანიდან ვადევნებდი თვალყურს. ჩემთვის ეს უნივერსიტეტიც იყო, სამსახიობო ოსტატობის აკადემიაც და საერთოდ, ყველაფერი. ქალბატონი ზინა პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობდა და მთლიანად გარდაიქმნებოდა. მისი ყველა როლი კარგად მახსოვს - ფედრა, მედეა... მაგრამ "ჭინჭრაქასა" და რობიკო სტურუას სპექტაკლში "ვახშმობის წინ" განსაკუთრებული იყო...

ტრაგიკული როლების გენიალურ შემსრულებელს ამავე დროს საოცარი კომედიური ტალანტი ჰქონდა, სახასიათო მსახიობი იყო და გული მწყდება, რომ რეჟისორებმა ის არ "გამოიყენეს". რთული და ძლიერი პიროვნება იყო, ლექსებს მხატვრულად ისე კითხულობდა, გაოცდებოდი. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, საქართველოს ქალებს მოვუწოდე, იქ წავსულიყავით; იმ მატარებელში ერთ-ერთი პირველი სწორედ ქალბატონი ზინა ჩაჯდა...

გოგი მარგველაშვილი - მისი შვილი მიყვებოდა, შინ რომ მივედი, დედა ჩანთას ალაგებდა. ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, მოკლედ ლაპარაკი იცოდა და მიპასუხა: უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა წავიდეო. თეთრი მანდილი ეკეთა და გალსა და ოჩამჩირეში ლექსებს კითხულობდა... ქალბატონი ზინას ძმას - გივის, ახლოს ვიცნობდი, ისიც ნიჭიერი კაცი იყო. საბჭოთა პერიოდში გემით უცხოეთში გაიპარა. და-ძმას ერთმანეთის დიდი სიყვარული ჰქონდა. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, რაც ქალბატონი ზინასთვის დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ ამაზე არასდროს ლაპარაკობდა. ყველაფერი მის შემოქმედებაზე აისახა.

უნდოდა, მარიამობის დღესასწაულის შემდეგ მონასტერში საბოლოოდ დამკვიდრებულიყო, რადგანაც იქ დიდხანს ცხოვრობდა... სამთავროს მიწამ მიიბარა მისი ნეშტი და ამაზე დიდი მადლი რა შეიძლება იყოს?!.

თეკლა (გველესიანი), სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონი:

- ქალბატონ ზინაიდას, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანსა და ღრმა სულიერი კულტურის მქონე პიროვნებას, ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი. თუმცა წინამძღვართან - იღუმენია ქეთევანთან (კოპალიანი) და მონასტრის კრებულთან უფრო ღრმა ურთიერთობებსა და აქ მის დამკვიდრებას 2005 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. ქალბატონი ზინაიდა ოცნებობდა, რომ სამთავროს მონასტრის ახლოს ერთი ოთახი ჰქონოდა და დედა ქეთევანმა ჩვენთან საცხოვრებლად მოიწვია, რასაც იგი, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდა.

ქალბატონი ზინაიდა, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მონასტრის შინაგანაწესით ნაკლებად იყო შეზღუდული. სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული - თავისი სურვილისა და საჭიროებისამებრ გასულიყო ან დაბრუნებულიყო. სწორედ ამ ფონზე წარმოჩნდა მისთვის დამახასიათებელი უდიდესი შინაგანი კულტურა, თავმდაბლობა, უბრალოება და ტაქტის გრძნობა, რომლითაც მან საოცრად ბუნებრივად მოახერხა შერწყმოდა და შეერთებოდა მისთვის უჩვეულო, "მკაცრ" გარემოს და მოთხოვნებს, რომელთაც მონასტერი ნებსით თუ უნებლიეთ, მის მკვიდრთ უყენებს.

დიდი რწმენით და მოკრძალებით გამოირჩეოდა სიწმინდეების მიმართ. მადლობა უფალს, რომ ქალბატონ ზინაიდას ადამიანის ეს უიშვიათესი თვისებები ჰქონდა. მართალია, ყველანი მის ბრწყინვალე სპექტაკლებსა და მის მიერ წაკითხული ქართული პოეზიის შედევრებზე გავიზარდეთ, მაგრამ მხოლოდ ამ ნიჭის გამო არ ვცემდით პატივს. ვისაც ოდნავ მაინც აქვს მონასტრული ცხოვრების გამოცდილება, იცის, თუ როგორ ათანაბრებს ის ერში მკვეთრად განსხვავებული სტატუსისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. წინა პლანზე შინაგანი თვისებები იწევს, გარეგანი რეგალიები თითქოს იხსნება.

როგორც ამბობენ, მონასტერში ვერსად დაიმალები და ვერაფერს ამოეფარები - ყველა ღირსება და ნაკლი ჩანს და აქ კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა ამ ადამიანის ღირსებები. მან შეძლო, სამაგალითო ყოფილიყო თითოეული ჩვენგანისთვის... დედა ქეთევანი ხშირად გვეუბნებოდა, მისგან ბევრი რამ შეგიძლიათ ისწავლოთო. კეთილი, უანგარო და წრფელი ადამიანი იყო.

მონასტერში ცხოვრების დროს იღუმენია ქეთევანის შემოქმედებას გაეცნო - იგი სასულიერო ლექსებს წერს და ისინი სწორედ ქალბატონმა ზინაიდამ გამოამზეურა საზოგადოების წინაშე. ახალ რეპერტუარში მთელი ნაკრები ჰქონდა შეტანილი, რაც ჩვენთვის სასიხარულო იყო.

- ცნობილია, რომ სამონასტრო ცხოვრება საკმაოდ რთულია, დედებს ბევრი საქმის კეთება უხდებათ. თქვენთან ყოფნისას ქალბატონი ზინაიდა სამონასტრო საქმიანობაში თუ მონაწილეობდა?

- არა, არ იყო ფიზიკურად იმდენად მხნედ, რომ რაიმეთი დაგვეტვირთა. როცა სტუმრები მოდიოდნენ, ქალბატონი ზინაიდა თავისი ლექსებით, პოეზიით იღებდა მონაწილეობას და ჩვენთვის ეს იყო სასიხარულო. სამთავროში ცხოვრების ხანას თან ახლდა მისი უხილავი შინაგანი მზადებაც, რომ გადაწყვეტილება მიეღო - საბოლოოდ მონასტერში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო...

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მონასტრისა და მის პირად მოძღვარს - არქიმანდრიტ ლაზარეს დაურეკა და უთხრა, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სამთავროში აუცილებლად ჩამოვიდოდა, რადგან აღსარების თქმა და ზიარების მიღება სურდა. გარკვეული მიზეზების გამო მისი აქ ჩამოყვანა ვერ მოხერხდა... დედა ქეთევანი ამბობს, ქალბატონ ზინაიდას ჩამოსვლა და ზიარება რომ მოეხერხებინა, ალბათ, დღეს ცოცხალი იქნებოდაო. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ მისი სურვილი შეუსრულებელი არ დარჩენილა - საბოლოო განსასვენებელი სამთავროში მიუჩინა უფალმა.

- სამთავროს ეზოში დაკრძალვის ნებართვა, რის მიხედვით ეძლევათ საერო პირებს? როგორც ცნობილია, მორის ფოცხიშვილი და გოდერძი ჩოხელიც ტაძრის ეზოში არიან დასაფლავებულნი...

- დიახ, ეს ყველაფერი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ხდება. ვფიქრობ, ეს იმ ადამიანებისთვისაც საპატიოა, ვინც აქ იკრძალებიან და ჩვენთვისაც - ჩვენი პატარა პანთეონი გვაქვს სამთავროში.

რამაზ იოსელიანი, მსახიობი, პედაგოგი:

- გოგი მარგველაშვილი (ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილი) თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი ჯგუფელი იყო და სპექტაკლი არ გვითამაშია ისე, ქალბატონი ზინას რომ არ ეგულშემატკივრა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მიშა თუმანიშვილი "განდეგილს" რომ დგამდა, მეტყველებაში გვამეცადინებდა, გვეხმარებოდა. როგორც კოლეგა, მომთხოვნი და მკაცრი გახლდათ. ყოველთვის მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გულისხმიერი, კაცთმოყვარე და რაც მთავარია, ღვთისნიერი, სულიერად ძლიერი იყო. მისი ნათამაშევი თითქმის ყველა სპექტაკლი მინახავს და ყველგან გენიალური იყო. მე ის ძალიან მიყვარდა...

- სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, მკაცრი პედაგოგი იყო?

- ყველა სტუდენტს უზომოდ უყვარდა; მათთან დედაშვილური ურთიერთობა ჰქონდა. ნამდვილი პედაგოგი იყო - მზრუნველი, მომთხოვნი. ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, თანამედროვე თეატრს მსგავსი დონის ტრაგიკოსი მსახიობი ქალი არ ჰყოლია.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება