მეორე წელია, საქართველოში "მის თინეიჯერი" ტარდება. სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა და "მის მსოფლიო თინეიჯერის" ეროვნულმა დირექტორმა საქართველოში, ეკა მგალობლიშვილმა სააგენტოს პედაგოგებთან ერთად 4 თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კასტინგი ჩაატარა საუკეთესო თინეიჯერების გამოსავლენად. თბილისში კონკურსი 2 ტურად ჩატარდა. პირველი ტურიდან შეირჩა 22 საუკეთესო გოგონა და დაჯილდოებაზე 22 მისიდან ჟიურიმ საუკეთესო ამოარჩია - 14 წლის თბილისელი, წარმოშობით იმერელი, სვანური გვარის მატარებელი ნინი გველესიანი. ნინი სწორედ ზემოხსენებული სააგენტოს მოდელია. მას 48 ქვეყნის მის თინეიჯერთან მოუწევს პაექრობა.
ნინი:
- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. არავის სჯეროდა, რომ გავიმარჯვე, სანამ ტელევიზორში არ ნახეს.
ეკა:
- საუკეთესო გოგონები ვნახეთ მესტიაში. უსაჩუქროდ არავინ დაგვიტოვებია. ნინის კი ნოუთბუქი, მობილური ტელეფონი და სხვა პრიზები ერგო. უკმაყოფილო ჩანდა მაინც, მეუბნებოდა, არ შეიძლება, ყველა ეს პრიზი ერთ პროფესიულ ფოტოაპარატში რომ გადამიცვალონო (იცინის).
- ნინი, როგორ ემზადები გვატემალაში წასასვლელად?
- 2-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით თითოეული საათი გაწერილია, 12 კოსტიუმი უნდა წავიღოთ და 12 ფეხსაცმელი. ახლა ძირითადად დიზაინერებთან დავრბივარ. ფატი ბუშიჰედი და გოგა ნიქაბაძე მიკერავენ კოსტიუმებს.
- ნინი, მითხრეს, ცოტა პუტკუნა იყო და წონაში დაიკლოო, მართალია?
ეკა:
- ჩვენ ამას ვეძახით პუტკუნას, ახლა როგორც გამოიყურება. აქაოდა გავიმარჯვეო და ტორტის ნაჭერს ტორტის ნაჭერზე გეახლებოდათ, ამიტომაც მოიმატა წონაში.
ნინი:
- ახლა დილა-საღამოს ვვარჯიშობ, ვცურავ. ვიცავ დიეტას. საშინელებაა. არავის ვურჩევ (იცინის). დღე იწყება ლოთობით. ერთი ჭიქა წითელი ღვინო უნდა დალიო და დღის განმავლობაში მხოლოდ ორი მოხარშული კვერცხი ჭამო. თუ გადავრჩი 2 ოქტომბრამდე, გავემგზავრები გვატემალაში.
- ეკა, კლავთ ბავშვს?
- (იცინის) მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ეს დიეტა, მაგრამ აბა, რა ეგონა, აქამდე რატომ მიიყვანა საქმე?!
ნინი:
- მარკუს მეტრეველმა მასწავლა.
- შეყვარებული ხარ?
- არა და სხვათა შორის, 5 წელი გათხოვების უფლება არ მაქვს. დედაჩემი მადლობას უხდის ეკა მგალობლიშვილს ამ ფორმალობისთვის (იცინიან).
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)