ნინო ჩხეიძე იმიჯს აღარ შეიცვლის

ნინო ჩხეიძე იმიჯს აღარ შეიცვლის

მომღერალი ნინო ჩხეიძე, როდესაც მასთან ინტერვიუზე მივედი, ცოტა გადაღლილი მეჩვენა. ამისი მიზეზი თავად მითხრა, - ზაფხულში ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ალბომი დაემთავრებინა, კლიპიც გადაიღო და გარდა ამისა, იმისთვის, რომ კლიპში გამხდარი გამოჩენილიყო, ორკვირიანი შიმშილობაც გადაიტანა. ნინოს დიეტებთან დაკავშირებით ადრეც ჰქონდა პრობლემები და ჯანმრთელობა გაუუარესდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მისთვის კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა. დანარჩენზე თავად მოგიყვებათ...

- ძალიან მიყვარს ზაფხულში მუშაობა. ძირითად საქმეებს სწორედ წელიწადის ამ დროს ვაგვარებ ხოლმე. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ დროს ყველა გასულია ქალაქიდან, არავინ გაწუხებს. არ არიან მეგობრებიც, გადაცემები არ იწერება, მოკლედ, მკვდარი სეზონია. შეგიძლია, ჩაიკეტო სტუდიაში და წყნარად აკეთო შენი საქმე. ახლაც ასე ჩავიკეტე სტუდიაში ორ ადამიანთან, ჩემს მენეჯერ მარიკა ლორთქიფანიძესა და ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად, ეს უკანასკნელი ჩემს სიმღერებზე მუშაობს ხოლმე. მთელი ალბომი დავასრულეთ. კლიპის გადაღებაც გადავწყვიტე.

აქამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო აუცილებელი კლიპების გადაღება, ახლა ვფიქრობ, რომ ვიზუალური მხარითაც უნდა გამოვჩნდე ტელევიზიით. ერთი-ორი ვიდეორგოლი კი მაქვს გადაღებული, მაგრამ ისინი მოძველდა. შვიდი ალბომი მაქვს გამოშვებული, 120 სიმღერა ჩაწერილი და სამი კლიპი ნამდვილად ცოტაა. სტუდიაში, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს. კამერის წინ ასე თამამად ჯერ არ ვარ, რადგან მაინც ახალი ამპლუაა ჩემთვის. მოსამზადებელი პროცესი და გადაღება უფრო მეტად უცხო გარემო აღმოჩნდა. ჩავწერე დუეტი კაბუსთან და სწორედ ამ სიმღერაზე გადავიღე კლიპი. ტანგოს სტილში ჩავწერე ერთი ძველი სახალისო სიმღერა, არაქართული, არ გავამხელ, რომელი.

- კაბუ და ტანგო ერთად რთულად წარმოსადგენია.

- (იცინის) მე წარმოგადგენინებთ. მე და კაბუ შეყვარებულებს ვთამაშობთ, მუდმივად სხვადასხვა ადგილას ვართ, ერთმანეთს ვერ ვხედავთ, მოკლედ, უპასუხო სიყვარულის შესახებ არის. ამ კლიპისთვის ტანგოს ცეკვა ვისწავლე. ცოტა ვნერვიულობ. მონტაჟს ვესწრები და თავად ვადევნებ თვალს. კლიპი ზურა მენთეშაშვილმა გადაიღო.

- კაბუსთან პირველად იმუშავე?

- ასეა. მისი ხმა ძალიან მოუხდა სიმღერას, რეჩიტატივი აქვს, არა მძიმე რეპი. კაბუ ძალიან ნიჭიერი ადამიანია, გავგიჟდი მის მუშაობაზე, ისეთ სახეებს იღებს, სხვადასხვანაირს... ბევრი კადრი დაგენანება ამოსაჭრელად. კაბუსთან მანამდე არანაირი პროფესიული შეხება არ მქონია, უბრალოდ, ვიცნობდი. სიმღერა ერთი წლის წინ ჩავწერე. მივხვდი, რომ რეჩიტატივი მოუხდებოდა. კაბუ სტუდიაში რომ მოვიდა, ყველანი გამოგვაგდო იქიდან, გვთხოვა, მარტომ უნდა ჩავწეროო. ტექსტი, რომელსაც ასრულებს, თავად დაწერა.

- ცეკვა არ გაგიჭირდა?

- გიორგი წერიაშვილი, რომელიც კლიპში პარტნიორობას მიწევს, იმავდროულად ქორეოგრაფიც გახლდათ. მან მასწავლა ცეკვა და გადაღების დროს მიმანიშნებდა, ახლა მარცხნივ, ახლა მარჯვნივო. საინტერესო ისაა, რომ გადაღებამდე ორი კვირით ადრე გადავწყვიტე, რომ საკმარისად გამხდარი არ ვიყავი და ისევ დავიწყე შიმშილობა. ცეკვა რომ უნდა გადაგვეღო, უკვე ვქანაობდი, შიმშილისგან გული მიმდიოდა. არადა, ტანგოში არის დაფიქსირებული მოძრაობები, გადაღებულია ერთი ეპიზოდი, როცა გიორგი მატრიალებს და ქათამივით ვმოძრაობ, რადგან უკვე ვეღარ ვიკავებ თავს (იცინის), გზააბნეულივით ვარ... ვფიქრობ, კლიპის პრემიერის შემდეგ ეს კადრებიც ვაჩვენო ხალხს (იღიმება).

- რა გაშიმშილებს?

- კლიპის გადაღებები რომ დასრულდა, მაინც ძალიან ცოტას ვჭამდი. მეორე დღეს სასწრაფო გამოვიძახე, რადგან მეგონა, რომ გული მაწუხებდა. დავხვდი გამოპრანჭული. სასწრაფო რომ მოდიოდა, ფორმაში მოვიყვანე თავი, აბა, ისე ხომ არ დავხვდებოდი?! წნევა მივარდებოდა, ამიტომ ყავას ვსვამდი. სანამ ექიმები მოვიდოდნენ, "ფეისბუქსაც" ვესტუმრე. რომ მოვიდნენ, დამინახეს, რომ ყავის ჭიქით ხელში ვარ წამოგორებული და კომპიუტერი მაქვს ჩართული, კითხულობდნენ, ავადმყოფი სად არისო (იცინის). გადამიღეს კარდიოგრამა, რომ ნახეს, არაფერი არ მჭირდა, მკითხეს, დღეს რა გაქვს ნაჭამიო. ვუპასუხე, დღეს ბევრი რამ მივირთვი, სამი ვაშლი და მაწონი-მეთქი და, შე უბედურო, მშიერი ხარო (იცინის). ეცინებოდათ და ვერაფერი ვეღარ მითხრეს.

- მშვიდობიანად დასრულდა კლიპის გადაღებები?

- კი, სექტემბრის ბოლოს იხილავთ. ამ დროისთვის ალბომიც გამოვა. სახელი ჯერ არ ვიცი, სათაურების შერჩევა სულ მიჭირს. სიმღერას რა დავარქვა, ისიც არ ვიცი ხოლმე. უსახელო ალბომი ხომ არ გამოვუშვა (იცინის)?

- შენს ალბომში კიდევ რა სიმღერები შევა კაბუსთან დუეტის გარდა?

- ბევრი ახალი სიმღერა და ერთიც ისეთი, ყველა რესტორანში რომ მღერიან - "მახალისებს დღეს მზიანი დარი, დღეს ხომ შენი დაბადების დღეაააა" (მღერის... ავტ.). ბევრი მეკითხება, რადგან პოპულარული გახდი, ცდილობ გადაუხვიო და სხვა სტილში ჩაწერო სიმღერებიო? არანაირად არ ვცდილობ თავის დაძვრენას. მე ჩემი ნიშა ნაპოვნი მაქვს, ზოგჯერ ექსპერიმენტებს ვაკეთებ, ისეთს, როგორიც ლექს-სენთან იყო და ახლა კაბუსთან არის, მაგრამ ის ჟანრი, რითაც ცნობილი გავხდი, სულ აქტუალურია ჩემთვის.

- ნინო, რას მიაწერ იმას, რომ ბევრი რამ, რაც შენს სახელს უკავშირდება, კომერციულია. როგორ ახერხებ ამას?

- შინაგანი ალღო მაქვს. მარტივია - ვთქვათ, უნდა მოვამზადო ბრინჯის ფლავი ან ჩახოხბილი. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, რომ ტკბილი ფლავით გაგაოცებ, ჩახოხბილი კი არ გამომდის. ვიცი, რითაც უნდა წარმოვაჩინო თავი. რაც ჩემს შესაძლებლობებს წარმოაჩენს, იმას ვაკეთებ. ინტუიციით ვხვდები. არასდროს ვეჭიდები ისეთ საქმეს, რაც არ გამომივა. ამა თუ იმ სტილს, ვიცი, სხვა ჩემზე უკეთ შეასრულებს. ეს ალბათ არ უნდა ვთქვა, მაგრამ ასეა.

ბევრ რამეზე მითქვამს უარი. ტელევიზიიდან მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გადაცემის წამყვანობაზე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, მაგრამ თუ გავაკეთებ ტელეგადაცემას, ისეთივე წარმატებული უნდა იყოს, რაც ჩემთან დაკავშირებული სხვა ბევრი რამ, ხალხი ჩემგან ითხოვს რეიტინგულ პროდუქტს, უბრალოდ, რაღაც გადაცემა წავიყვანო და ვიყო რიგითი ტელესახე, ასე არ მინდა. სულ არ გავაკეთებ.

- ექსპერიმენტები ახსენე და გიყვარს იმიჯის შეცვლა. ახალ კლიპში როგორი იქნები?

- გადავწყვიტე, იმიჯი აღარ შევიცვალო და მექნება სულ შავი გრძელი თმა. რატომ ვიჭრიდი მოკლედ და ვიღებავდი ქერად, დღემდე არ ვიცი. ახალ კლიპშიც კლასიკური იმიჯი მექნება, სადა, დახვეწილი და არაგამომწვევი. "ივსენლორანულ-შანელური" (იღიმება). წინა წელს "ივ სენ ლორანს" ჰქონდა სწორედ ასეთი სტილი, შლაპა, შავი კაბა და სწორედ ეს იმიჯი მაქვს აღებული, თუმცა ზოგმა შესაძლოა, "შანელის" სტილად მიიღოს.

როცა სადღაც გამოვდივარ, სულ ვფიქრობ, რა ჩავიცვა. მხოლოდ სიმღერა არ სჭირდება მაყურებელს. იმიჯი და სიმღერა ერთმანეთთან შერწყმული უნდა იყოს. ადრე ყველას ეგონა, რომ ჩოხა უნდა მცმოდა, ასე არ არის, მაგრამ კოსმონავტური კოსტიუმები, ტყავები არ მოუხდება ჩემს რეპერტუარს. სულ ვცდილობ, იმიჯი ახალი იყოს, მაგრამ სტილიდან არ ამოვვარდე.

- ნინო, დასვენებისთვის ვერც ერთი დღე ვერ მოიცალე?

- მეუღლესთან ერთად გახლდით ევროპაში, ოღონდ ივლისში. ათი დღე გავატარეთ იქ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ მოსაყოლად ღირდეს. მე და ჩემი მეუღლე, თუ მომენტი ჩაგვივარდა, აუცილებლად მივდივართ ხოლმე ევროპაში, სამი-ოთხი დღეც რომ იყოს, უკვე კარგია. იტალიასა და საფრანგეთში გახლდით, თუმცა პირველად არა, ამიტომ არაფერს გავუოცებივარ. იტალიელები უფრო მეტად მომწონს, რადგან ტემპერამენტით ძალიან ვგავართ. ფრანგები ცოტა ცივები არიან. იტალიელი შეიძლება, მოვიდეს და გკითხოს, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე, რაღაც გამოგიგზავნოს. ერთმა მზარეულმა თევზი ჩამომიჭრა, რომელსაც მანამდე თვალი დავადგი და ვიკითხე, რა არის-მეთქი (იღიმება).

- პარიზში შეიძინე რაიმე?

- ამჯერად არაფერი, მხოლოდ დავათვალიერე.

- ნინო, ინტერვიუს განმავლობაში ძალიან დაღლილი მეჩვენები.

- ასეა...

- რთული მომენტი გქონია ცხოვრებაში? ყველა მხიარული სიმღერებით გიცნობს.

- არადა, ხშირად ვარ დეპრესიულ ხასიათზე. მღლის ფრენა, ხშირად დავდივარ ისრაელში გასტროლებზე. შეპირებული ვარ ხოლმე და უარის თქმა არ გამომდის. თავს რომ სულ უნდა მიხედო, დიეტაზე იყო, ეს ყველაფერი სტრესია. ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ გაძლევს იმის საშუალებას, იყო თავისუფალი და სულ ბედნიერი. ამ დროს განტვირთვის საშუალება არიან მეგობრები - მათთან შემიძლია ვთქვა, რაც მინდა, მივიდე შეუღებავი, რადგან მათთვის სულ ერთია, როგორ გამოვიყურები. როცა არ იცნობ ადამიანს, ვერ ეტყვი, ხასიათზე არ ვიყავი და გამოპრანჭვა დამეზარა-მეთქი.

- სიმღერას არ გამოჰყავხარ დეპ­რესიიდან?

- სიმღერა მაშინ მიყვარს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, თუმცა ვერ გავაშლაგერე ჩემი მოწყენილი სიმღერები. მაგრამ ინტერვიუ ოპტიმისტურად დავასრულოთ - მოწყენილი სახეები დღეს არ იქნებააააა (ღიღინებს – ავტ.)...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება