ანტონიო ბანდერასის ”კანი, რომელშიც ცხოვრობს”

ანტონიო ბანდერასის ”კანი, რომელშიც ცხოვრობს”

ანტონიო ბანდერასმა ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ახალ ფილმში "კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ" მთავარი როლი შეასრულა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ფილმი, რომელიც უკვე ქართულ კინოეკრანებზეც გამოჩნდა, კლასიკური ევროპულ კინოისტორიის ნაწილი გახდება. მისი თქმით, ესპანელი რეჟისორის ყოველი ახალი ნამუშევარი მაყურებლისთვის "ახალი ალმოდოვარის" აღმოჩენაა და გამონაკლისი არც ეს ფილმი იქნება.

ბანდერასი ფილმში პლასტიკურ ქირურგს განასახიერებს, რომელიც ქალიშვილის შეურაცხყოფის გამო მის კავალერზე ორიგინალურად იძიებს შურს - ოპერაციის საშუალებით ქალად აქცევს, შემდეგ კი თავისი ქმნილება თავდავიწყებით უყვარდება. 

- ჰოლივუდში მთავარი ფულია, კინო კი მხოლოდ პროდუქტია, რომელსაც ამ ბიზნესში ფულის საშოვნელად იყენებენ. ამ სამყაროდან ალმადოვარის კინოში დაბრუნება ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო, ამისთვის პედროს მადლიერი ვარ, თუმცა მასთან მუშაობა ადვილი არ არის, პირიქით, ის მსახიობს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ძალიან დაძაბული შრომა მომიხდა მთავარი გმირის სახე რომ შემექმნა.

ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე, ჩემი გმირი შეიძლებოდა ნამდვილ ფრანკენშტეინად მექცია, მაგრამ პედროს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მონსტრის სახე არ შემექნა. მაქსიმალური თავდაჭერა და ემოციების "მკაცრი ეკონომია" მოითხოვა. მითხრა, ისეთი სახით უნდა აკეთებდე ვაგინოპლასტიკას, თითქოს პაციენტს ასპირინის რეცეპტს უწერო, თან მარწმუნებდა, მენდე, მერე ნახავ, რომ მართალი ვიყავიო... პედრო ყოველთვის ასეთია, თვალდახუჭული უნდა ენდო და შედეგშიც დარწმუნდები. ასეთი ნდობით არცერთ რეჟისორთან არ მიმუშავია".

- ფილმი პლასტიკური ოპერაციების საყოველთაო ბუმის კრიტიკაა...

- გარეგნული იერსახე ჩვენს დროში გადამეტებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ყველას ახალგაზრდული იერი სურს, 40 წელს გადაცილებული ქალები დეპრესიაში ვარდებიან და უჭირთ დანაოჭებული სახით ცხოვრების გაგრძელება. ეს შუახნის ასაკის ხალხის დისკრიმინაციაა. 20-30 წლის შემდეგ მედიცინამ შეიძლება მართლაც შეძლოს ადამიანებისთვის 200-წლოვანი სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ ეს ახალ დისკრიმინაციას დაუდებს საფუძველს - ვინ აღმოჩნდება დღეგრძელთა შორის? მხოლოდ ის, ვინც ამ სამედიცინო მომსახურებას ფინანსურად გაწვდება, ანუ მდიდრები იცოცხლებენ, ღარიბები კი დაიხოცებიან? ეს ხომ უსამართლობაა. სხვა პრობლებიც თავს იჩენს, ჩვენ ახალი ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ და ჯერ კიდევ არ ვიცით, რას მოგვიტანს იგი. ჩემი გმირი სწორედ ამ რეალობაში ცხოვრობს და სრულყოფილების ძიებაში მყოფი მეცნიერია, ქალიშვილისთვის შურისძიება მხოლოდ გამამართლებელი არგუმენტია მისი იდუმალი იმპულსებისთვის, ის სინამდვილეში ღმერთს ბაძავს. ისტორიამ კი დაადასტურა, რომ ასეთ მცდელობებს ფაშიზმამდე მივყავართ. ჩემს გმირს თითქოს თავის ქმნილება უყვარს, სინამდვილეში საკუთარ თავზეა შეყვარებული. საბოლოოდ მაყურებლის თვალწინ ეგომანიაკი წარსდგება, რომელიც საზოგადოებაში მიღებული ექიმის იმიჯის მიღმა მონსტრის სახეს მალავს. ჩვენ ფარისეველ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც გარეგნული და შინაგანი მხარე ერთმანეთს უპირისპირდება. 

- თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ, საკმარისი ქონება გაგაჩნიათ, რომ მსგავსი გასაახალგაზრდავებელი ოპერაციები ჩაიტაროთ...

- მდიდრად არ დავბადებულვარ, მხოლოდ შემთხვევის წყალობით გავმდიდრდი. 23 წლის ასაკში მადრიდში ვცხოვრობდი და ალმადოვარის ფილმში გროშების ფასად ვმონაწილეობდი, 31 წლის ასაკში ბინის ქირის გადასხდელი ფულიც არ გამაჩნდა, ამიტომაც მივაშურე ჰოლივუდს. არც ფული მქონდა, არც მანქანა, სამაგიეროდ თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ფული და ბედნიერება ერთმანეთს არ განსაზღვრავს. არც ვწუწუნებ და არც დანაშაულის გრძნობას განვიცდი ჩემი ქონების გამო, თუმცა ყველაფრისთვის საფასურის გაღება მიწევს. ზოგჯერ მინდა უჩინარი გავხდე, რადგან ნორმალური ცხოვრების ხალისი დიდი ხანია დავკარგე. კიდევ კარგი, გვერდით მეუღლე მყავს, ის ამ სირთულეებს მიმსუბუქებს. 

- უკვდავებას რაც შეეხება, 51 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ გამოიყურებით...

- რისკენ მიმანიშნებთ, პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, ყოველ დილით თეთრ ჩაის ვსვამ და თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის ასაკში. თუმცა, წინასწარ ვერაფერს იტყვი, წლების შემდეგ შეიძლება საფრთხობელას დავემსგავსო. ჯერჯერობით ვცდილობ არ მოვდუნდე, მუდმივად ვიაქტიურო და ასე შევინაჩუნო მხნეობა. სადღაც წავიკითხე, რომ ყველაზე დღეგრძელი პროფესიის წარმომადგენლები მწერლები ყოფილან. პარადოქსია, ისინი ხომ ნაკლებს მოძრაობენ, სპორტულ დარბაზებშიც კი არ დადიან, სხედან სავარძელში და ლიტრობით ვისკის ვსვამენ.

- იქნებ დროა რომ წიგნის წერას თქვენც შეუდგეთ...

- ჯერ საბეჭდ მანქანას და ვისკის შევიძენ, მერე წიგნსაც ჩავუჯდები.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება