ჭოხონელიძეების ბედის ირონია...

ჭოხონელიძეების ბედის ირონია...

დებმა ჭოხონელიძეებმა ზაფხულის ცხელი თვეები თავიანთ ოჯახებთან ერთად, საგურამოში გაატარეს და როგორც მითხრეს, საკმაოდ მხიარულადაც. მათი სიმღერით რომ ყველა იხიბლება, ეს არახალია, მაგრამ სოფო და თინიკო სასიამოვნო მოსაუბრენიც აღმოჩნდნენ.

თინიკო:

- დროს ძალიან მხიარულად ვატარებთ - ცეკვა, სიმღერა, იუმორი... ზოგს რომელი სიმღერა და ცეკვა უნდა, ზოგს - რომელი. თუმცა ამ ბოლო დროს ყველანი ელენეს (მარიამ როინიშვილის შვილი. - ავტ.) დაკრულზე ვცეკვავთ, პატარა ქალბატონს სიმღერით ვართობთ.

სოფო:

- თინიკოს ქმარს ისეთი იუმორი აქვს, ლაპარაკს რომ დაიწყებს, სიცილისგან სუნთქვა მეკვრება. მოსალხენად რაიმე კონკრეტული მიზეზი არც გვჭირდება. გუშინ მაგალითად, ცოტა აცივდა და ბუხრის დანთება მოგვინდა. ბუხარი რომ დავანთეთ, კარტოფილები შევყარეთ - შესაწვავად; ამას ცოტა ალკოჰოლი, ბევრი სიმღერა და გართობაც მოჰყვა. ჰოდა, კარგი განწყობილების შესაქმნელად სხვა რა არის საჭირო?! დათო და ზაზა - ქვისლები ერთმანეთთან ძალიან შეხუმრებულები არიან და სხვათა შორის, ჩვენს ყოფილ სიძესთან - გიასთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

- გაიხსენეთ, როგორ გზრდიდნენ მშობლები, რას გასწავლიდნენ?

თინიკო:

- ახლა, როდესაც ბავშვობის წლებს ვიხსენებთ, სამივე ვაღიარებთ, რომ საოცრად სწორად გვზრდიდნენ. ხშირად გვახსენდება, როგორ გვსჯიდნენ, როდესაც რამეს დავაშავებდით და როგორ გვაქებდნენ, როდესაც კარგად ვიქცეოდით.

სოფო:

- მაშინ ვფიქრობდით, რომ ძალიან მკაცრები იყვნენ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდებით, რომ ეს მზრუნველობა უფრო იყო, ვიდრე - სიმკაცრე. ისინი ყოველთვის გვაძლევდნენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ვხედავდით მშობლების საოცარ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ...

სოფიკო:

- თამრიკო ზედმეტად მორჩილი შვილი იყო. როდესაც "მზიურთან" ერთად გასტროლზე მიდიოდა, ეს მისთვის ტრაგედიის ტოლფასი გახლდათ, რაც მაოცებდა - როგორ შეიძლება ამის გამო ნერვიულობდეს, ნეტავ, სადმე მეც წამიყვანა-მეთქი. ყოველთვის მქონდა სადმე დამოუკიდებლად წასვლის სურვილი, მაგრამ მშობლები მეწინააღმდეგებოდნენ - არ უნდოდათ, სადმე მარტო წავსულიყავი ან ვინმესთან დავრჩენილიყავი. ჩვენს ოჯახში არ თქმულა სიტყვა - "მინდა"! რაც აუცილებელი იყო, ის გვქონდა და ზედმეტს არაფერს ვითხოვდით. პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. ის პერიოდი ძალიან თბილად მახსენდება.

თინიკო:

- ყოველი სუფრა, რომელიც კი ჩვენს ოჯახში გაშლილა, დასამახსოვრებელი იყო. იკრიბებოდნენ მამას და დედას მეგობრები, მოგვიანებით - თამრიკოს მეგობრებიც. ეს არ იყო ღრეობა და შეჯიბრება ღვინის სმაში. იქ მოისმენდი კარგ საუბარს, სადღეგრძელოს, სიმღერას, იუმორს.

სოფო:

- სუფრას ყოველთვის არაჩვეულებრივად უძღვებოდნენ ზეზვა ღუღუნიშვილი, გივი მარგველაშვილი, რეზო ტაკიძე, გომარ სიხარულიძე. ისინი შესანიშნავად მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, საუბრობდნენ - მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. თამრიკოსა და გიას ქორწილში თემიკო ჩირგაძე თამადობდა. ის თავისი იუმორით, სადღეგრძელოებითა და ინტელექტით სუფრას ისე წარმართავდა, გეგონებოდა, რომელიმე სპექტაკლის მონაწილე იყავი. ახლა ხშირად ამბობენ, რომ თაობათა შორის კავშირი გაწყდა და ძველი ღირებულებები, ტრადიციები დაიკარგა. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი მეგობრები და ახლობლები, რომლებისთვისაც ეს ტრადიციები კვლავაც ღირებულია.

თინიკო:

- ჩემი შვილისა და დისშვილების მეგობრებს რომ ვუყურებ, მიხარია - არაჩვეულებრივი თაობა მოდის, მოკრძალებულები და მორიდებულები არიან. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თავიანთი სამშობლოს მიმართ მათი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერი და მძაფრი ყოფილიყოს.

სოფო:

- განსხვავებული ინტერესები აქვთ და ალბათ, ასეც უნდა იყოს. მხოლოდ ის არ მომწონს, რომ ვირტუალურ ურთიერთობაზე არიან გადასულები. ვფიქრობ, ოჯახმა უნდა ასწავლოს ბავშვს ის, რასაც ინტერნეტი და ქუჩა ვერ მისცემს...

- რა მოხდა მაშინ, როდესაც თითქმის ერთდროულად, დებმა გათხოვება გადაწყვიტეთ?

- მამაჩემის ერთადერთი სურვილი იყო, მსახიობს არც ერთი გავყოლოდით. მას თამრიკოს იმედი უფრო ჰქონდა, - ეს დამიჯერებსო, მაგრამ მისმა იმედმა 25 წლის ასაკში, სწორედ მსახიობთან ერთად შექმნა ოჯახი. ერთ წელიწადში მეც გავთხოვდი და მეც იგივე პროფესიის ადამიანს გავყევი, 6 თვეში კი თინიკოც დაოჯახდა - მისი რჩეულიც მსახიობი აღმოჩნდა. ეს იყო ჭოხონელიძეების ბედის ირონია. თუმცა, მეც და ჩემმა მეუღლემაც მსახიობობა დაოჯახებისთანავე "დავთმეთ".

თინიკო:

- ვაიმედებდი, - მამა, შენ ჩემი იმედი გქონდეს, მსახიობს სახლში რა ამატანინებს-მეთქი! - მაგრამ მეც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჯგუფელს - ზაზა კაპანაძეს გავყევი ცოლად.

სოფო:

- თინიკოს გათხოვება იყო შოკი, რადგან გაიპარა... მიუხედავად იმისა, რომ სიძე ძალიან მომწონდა, მაინც ვბრაზობდი, - ეს როგორ გაბედა? რა ეჩქარებოდა? ჯერ რაღაც ენახა ცხოვრებაში, გამოცდილება მიეღო, კარიერისთვის მიეხედა და ამაზე მერე ეფიქრა-მეთქი... მამას ამის "გადახარშვა" ძალიან გაუჭირდებოდა და მოვატყუეთ, რომ თინიკო მეგობართან დარჩა. მეორე დღეს კი ვუთხარით, - მას ვიღაც იტაცებდა, ამიტომ საყვარელ ადამიანთან საჩქაროდ დაიწერა ჯვარი და რაკი ასე მოხდა, აღარ ინერვიულო-თქო. ეწყინა: ეს რატომ არ მითხარით, იმ ბიჭს მე ვერ ვასწავლიდი ჭკუასო?! იმ პერიოდში თამრიკო ფეხმძიმედ იყო და მისი დაწყნარებაც მოგვიხდა: ზაზას ნათესავები ბათუმში ჰყავდა და ნერვიულობდა, - ნამდვილად იქ წავიდოდნენ; ამხელა გზაზე ან როგორ ჩავლენ, ან როგორ ჩამოვლენო.

თინიკო:

- ალბათ ეს ნაბიჯი დიდმა სიყვარულმა გადამადგმევინა, თორემ მშობლების წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. დედ-მამასთან შეხვედრა ძალიან მძიმე იყო. მამისთვის თვალებში შეხედვა იმდენად გამიჭირდა, რომ ცრემლები ჩემდა უნებურად გადმომცვივდა. მას ჩემთვის არც შემოუხედავს, - სიძე გადაკოცნა, მერე კი გიას და დათოს მიუბრუნდა: რას ვიზამთ, რადგან ასე გადაწყვიტეს, ახლავე სუფრა გაშალეთო.

სოფო:

- მათაც უცებ აიფარეს წინსაფრები და ახალ სიძეს ისე დახვდნენ, ვითომ მართლა თავად ტრიალებდნენ სამზარეულოში.

თინიკო:

- მე და ზაზა 19 წლისანი ვიყავით, მშობლები რომ გავხდით და რა თქმა უნდა, ამას თავისი სირთულეები ჰქონდა. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი მედგა. გავიარეთ გაჭირვების წლები და ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა, უფრო გაგვაერთიანა. სამი შვილი გვყავს: უფროსი - დათა 20 წლისაა და არქიტექტორი გახლავთ, ნიკალა - 14-ისაა, ლიზა კი 7-ის.

- თქვენც დაანებეთ თავი მსახიობობას?

- ასეა, და ახლა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამჟამად სტუდიაში ვასწავლი, მეუღლე კი ბავშვების აღზრდაში მეხმარება. ის ძალიან კარგი მამა და მეუღლეა. ჩემი საქმე ვიპოვე და ამით ბედნიერი ვარ. ურთიერთობა მაქვს პატარა ბავშვებთან - ანუ მათთან, ვინც ყველაზე სუფთები არიან. მათი სიხარული და წარმატება ჩემთვის ყველაფერია. არავინ თქვას, რომ კარიერა და ოჯახი ერთმანეთთან შეუსაბამოა - თუ ქალი მობილიზებულია, ორივე საქმეს გაართმევს თავს.

- სოფო, თქვენი მეუღლეც გაგვაცანით.

სოფო:

- ჩემი მეუღლე დათო ჯაფარიძეა. ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები. ყველა მეუბნებოდა, - არაჩვეულებრივი ბიჭიაო, მაგრამ პირველად რომ ვნახე, მისით სულაც არ აღვფრთოვანებულვარ. 11 სექტემბერს საერთო მეგობარმა ცხინვალის თეატრში დაგვპატიჟა. იქ დავრჩით, ვიქეიფეთ და უკან რომ ვბრუნდებოდით, სწორედ მაშინ, გზაში "აღმოვაჩინე" რომ საინტერესო პიროვნება იყო. მოკლედ, ისე შემიყვარდა, რომ მის გარდა აღარაფერი მაინტერესებდა და ამიტომაც იყო, რომ პირველი კურსი წარმატებით ვერ დავხურე. ამან ცოტა არ იყოს, გული გამიტეხა და სწავლის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ჯგუფელებმა გადამაფიქრებინეს. შემდეგ იყო საკურსო ნამუშევარი: მიხეილ ჯავახიშვილის პიესაში - "მუსუსი" შევასრულე მოხუცი ქალის როლი.

თინიკო:

- იმდენად წარმატებული იყო, რომ სოფოზე ამბობდნენ, მომავალი სესილიააო, მაგრამ როგორც გითხარით, არტისტობა არ ისურვა.

სოფო:

- დღემდე ვერ ვხვდები, ჩემ მიერ შესრულებული როლით რატომ აღფრთოვანდნენ... თბილისში არეულობა რომ დაიწყო, იმ პერიოდში მე და დათო ერთი წლით ისრაელში წავედით. ეს იყო ძალიან ბედნიერი წელიწადი, რადგან დამოუკიდებლად ვცხოვრობდით და მივხვდით, რისი გაკეთება შეგვეძლო. მახსოვს, ჩვენ გვერდით ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ქართველები იყვნენ. დიასახლისმა მითხრა: ჩემი შვილის თანატოლები ხართ და ამხელა ქალი სიყვარულს და თანადგომას თქვენგან ვსწავლობ; ხომ ვხედავდი, როგორ გიჭირდათ, მაგრამ ერთმანეთთან კარგად იყავით; აი, მე და ჩემს ქმარს, როცა გაგვიჭირდებოდა, ურთიერთობა გვეძაბებოდაო. ამან უფრო ამაყი გამხადა, ვიდრე ჩემმა შესრულებულმა როლმა. გვყავს 17 წლის გოგო - კატო და 9 წლის ანდრო.

- თქვენს სტუდიაზეც მითხარით რამე. როგორც ვიცი, წელს იუბილარები ხართ.

თინიკო:

- წელს დაარსებიდან 10 წელი გვისრულდება. მიხარია, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სტუდია არ მუშაობს ბიზნესისთვის. ეს არის სტუდია, რომელიც დიდ ქველმოქმედებას ეწევა. ჩვენი მთავარი მიზანი მომავალი თაობის გემოვნებისა და სწორი მუსიკალური აზროვნების ჩამოყალიბებაა. თუ დამიჯერებთ, ჩვენთან 150 ბავშვი უფასოდ სწავლობს - ლტოლვილები, უსინათლოები, მზრუნველობას მოკლებულები. მართალია, ყველა ბავშვი მომღერალი ვერ გახდება, მაგრამ კარგი მსმენელი მაინც იქნება, კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევას ისწავლის.

სოფო:

- ბევრს ვშრომობთ, მაგრამ არ ვყვირით და არ ვტრაბახობთ. თუ ბავშვებს წუთით მაინც მივანიჭებთ სიხარულს, ამაზე დიდი ანაზღაურება და ბედნიერება რა უნდა იყოს?!

თინიკო:

- საესტრადო სიმღერის შემსწავლელ სტუდიაში პირველებმა დავნერგეთ ფოლკლორი, როგორც დისციპლინა.

სოფო:

- ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ აქ მხოლოდ ხალხურ სიმღერას კი არ სწავლობენ, არამედ თეორიულ ცოდნასაც იძენენ და ამით ეზიარებიან ჩვენი ერის დიდ საგანძურს. ჩვენი მოსწავლეები არაერთ კონკურსში (არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც) მონაწილეობენ და უმეტეს შემთხვევაში, იმარჯვებენ. მაგალითად, "ანა-ბანას" ბევრი გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეა. დაბოლოს, გვინდა, ყველას ვუსურვოთ იმ საქართველოში ცხოვრება, რომელშიც მუდამ ემღერებათ.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება