რის გამო დასცინოდა რძალს სოფიკო ჭიაურელი

რის გამო დასცინოდა რძალს სოფიკო ჭიაურელი

ეკა ჭიჭინაძე ნიკუშა შენგელაიას მეუღლე და შესაბამისად, სოფიკო ჭიაურელის რძალი გახლავთ. დამეთანხმებით ალბათ, რომ დიდი პატივია ასეთი ცნობილი ოჯახის წევრობა და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს მაშინ, როცა ზრდი პატარა გიორგი შენგელაიას. მართალია, თავად ნიკუშას ამჟამად შემოქმედებითი ტაიმ-აუტი აქვს აღებული, მაგრამ, როგორც ეკამ გვითხრა, თურმე "იმუქრება", ხატვა უნდა დავიწყო და მერე ნახავთ, თქვენთვის დრო რომ აღარ დამრჩებაო. ამ ისტორიული ოჯახის წვერებზე, უფრო კი სოფიკო ჭიაურელზე ვრცლად სწორედ მისი რძალი გვესაუბრება.

- ეკა, საუბარი თქვენი და ნიკუშას სიყვარულის ამბით დავიწყოთ...

- ეს გახლავთ 17 წლის წინანდელი ამბავი. არაფერი განსაკუთრებული ამ ისტორიაში არ არის, ნიკუშას მეგობარ გოგიტა ჭყონიასა და კიდევ სხვა მეგობრებთან ერთად ნიკუშას სახელოსნოში მივედით. მას შორიდან ადრეც ვიცნობდი, ჩემთვის სრულიად უცნობი არ იყო, მაგრამ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მოგვეწონა ერთმანეთი, მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

- ეს დაახლოებით ხდებოდა 1994-1995 წლებში, მაშინ, როცა არ იყო გაზი, შუქი და ქვეყანას რთული პერიოდი ედგა...

- კი. არეულობა იყო და ყველა ერთად ვიკრიბებოდით, რომ დრო უფრო საინტერესოდ გაგვეყვანა. ნიკუშას სახელოსნოში ჰქონდა შეშის ღუმელი, რითაც იქაურობას ათბობდა და ყველა იქ დადიოდა.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი შეყვარებულობის პერიოდი?

- ორი წელი. შემდეგი ორი წელი ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ცოლ-ქმარი არ გვერქვა. იმ პერიოდში ნიკუშა შემოქმედებითად იყო დატვირთული. ახალი გატაცება ჰქონდა, საქსოფონზე უკრავდა, თან ხატავდა, სწორედ ამ შემოქმედებითმა წვამ გადაგვატანინა 90-იანი წლების არეული პერიოდი. მე მგონი, ეს ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი იყო, რადგან მაშინ ამის მეტი სხვა საქმე არაფერი იყო და ყველა ცდილობდა თავის სფეროში მაქსიმალურად დახარჯულიყო, რათა ეს დრო გაელიათ, ნიკუშა ასე იყო ყოველ შემთხვევაში..

- გარდა იმისა, რომ უკრავდა, თქვით ხატავდაო, თუ დაუხატავს თქვენი პორტრეტი?

- არა, საერთოდ არ დაუხატავს ჩემი პორტრეტი, სულ ვეხვეწები დამხატე-მეთქი, მაგრამ არ მხატავს. 7-8 წლის წინ პარიზში ვიყავით, კაფეში ვისხედით და მაშინ დამხატა, უფრო სწორად, პატარა ჩანახატი გააკეთა ფანქრით და მას განსაკუთრებულად ვინახავ. თუ ამას არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს დავუხატივარ არც მე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი, არადა, ფანტასატიკურ პორტრეტებს ხატავს. სანამ შენთვის საყვარელი ადამიანები ცოცხლები არიან, ვერ ფიქრობ იმას, რომ დახატო, ვერ იაზრებ, რომ ეს გასაკეთებელი გაქვს. აბა, როგორ შეიძლება არ დახატო ვერიკო, სოფიკო. ახლა კი ნანობს, მაგრამ მაშინ, როცა ვერიკო ცოცხალი იყო, ნიკუშას სხვა გატაცებები ჰქონდა, მერე კი უკვე გვიანი აღმოჩნდა. მეც სულ ვეუბნები, დამხატე, სანამ ძალიან დავბერებულვარ-მეთქი, მაგრამ მაინც არ მხატავს (იცინის). ახლა შემოქმედებითი ტაიმ-აუტი აქვს აღებული.

- რამდენად რთული იყო თქვნთვის, გამხდარიყავით ასეთი ცნობილი ოჯახის წევრი, გაშინაურებოდით ისეთ დიდ და ცნობილ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, გიორგი შენგელაია...

- სოფიკო იმდენად უშუალო ადამიანი იყო, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს გამჭირვებია. შეიძლება, თავიდან ცოტა და­ძაბული ვიყავი, მაგრამ ეს დაძაბულობა თავად სოფიკომ რამდენიმე წუთში თავისივე უშუალობითა და უბრალოებით მომიხსნა. ასეთი თვისებები მარტო დიდ ადამიანებს ახასიათებთ, მხოლოდ კარგ პიროვნებებს შეუძლიათ იყვნენ მარტივი ურთიერთობებში.

- სოფიკოსთან ერთად თუ მოგიწიათ ცხოვრებამ?

- შეიძლება ითქვას, რომ არა. თავიდან, როცა მე და ნიკუშა ერთად ვიყავით და ჯერ არ გვერქვა ცოლ-ქმარი, ვცხოვრობდით ნიკუშას მამასთან - გიორგი შენგელაიასთან. გიორგის ძალიან მოვწონდი და გვაძალებდა, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა. 35 წლის გახლდით, როცა გაგვიჩნდა გიორგი, რის შემდეგაც გვქონდა ქორწილი.

- როგორც ყველა ოჯახს, ალბათ თქვენც გქონდათ რთული პერიოდები, როგორ გადალახეთ ეს ყველაფერი?

- სწორედ ზემოთ ხსენებული ორი წელიწადი არის ის დრო, როცა კარგად გაიცნობ ადამიანს, ეჩვევი და ამ პერიოდში დაინახავ, შეძლებ თუ არა მასთან მთელი ცხოვრების გატარებას. მე თუ მკითხავთ, ასეთი ორი წელი ყველა წყვილმა უნდა განვლოს. ისე, მე და ნიკუშას არც იმ ორი წლის განმავლობაში და არც მერე ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონია და დღემდე ასე ვართ, თუ ვკამათობთ რამეზე, ეს ყოფით საკითხებს ეხება. იმდენად შეგნებულ ასაკში შევხვდით ერთმანეთს, რომ ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.

- როცა თქვენთან ადრე ვიყავი ინტერვიუს ჩასაწერად, მახსოვს, მეუბნებოდით, სოფიკო ამ კორპუსის აშენების საშინელი წინააღმდეგი იყო, ამბობდა, ხედს მიფარავსო...

- (იცინის) მართალი ხართ, ასე იყო, საშინლად წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე და ნიკუშა ისეთი უსახლკაროები ვიყავით, რომ აუცილებლად გვჭირდებოდა სახლი. ხან გიორგისთან ვცხოვრობდით, ხან დიღომში, ხან სოფიკოსთან თეატრში. მოგეხსენებათ, მისი სახლის პირველ სართულზე გახლდათ თეატრი და იქ ვიყავით შეკედლებულები. ბოლოს ძალიან შევეხვეწეთ მე და ნიკუშა და როგორც იქნა დაგვთანხმდა ამ სახლის აშენებაზე.

- რატომ ცხოვრობდით თეატრში და არა ზემოთ, სოფიკოსთან? როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

- ცოტა სასაცილოდ მახსენდება (იცინის), რადგან ჩვენ ვცხოვრობდით ოთახში, რომელიც გადიოდა საგრიმიოროში, ანუ მსახიობები რომ საგრიმიოროში შესულიყვნენ, ჩვენი პაწაწინა ოთახი უნდა გაევლოთ. გარდა ამისა, 7-იდან 9 საათამდე ან ხმა არ უნდა ამოგვეღო და ჩუმად ვყოფილიყავით, ან საერთოდ უნდა გავსულიყავით ჩვენი "სახლიდან". მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვიტანდით ამ ყველაფერს, ვიცინოდით, ახლა ნამდვილად ვერ გავუძლებდი ამას. ზევით, სოფიკოსთან არ იყო იმის პირობები, რომ ჩვენ იქ გვეცხოვრა. თითქოს დიდი სახლია, მაგრამ იქ მხოლოდ სოფიკოსა და კოტეს საძინებელი, სანდროს ოთახი და ერთი დიდი ოთახი იყო, ასე რომ, ჩვენი ადგილი არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ გვჭირდებოდა საცხოვრებელი და სოფიკო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ახლაც არ გვექნებოდა..

- ცოტა მეტი გვიამბეთ სოფიკოზე, ალბათ მეგობრული ურთიერთობა გქონდათ მასთან...

- სოფიკო გახლდათ ძალიან სტუმართმოყვარე. თითქმის ყოველ საღამოს სტუმრები ჰყავდა, მაგრამ რასაკვირველია, ჰქონდა განსაკუთრებული დღეები, რომელსაც გამორჩეულად აღნიშნავდა. ეს იყო ვერიკოს, მიშას დაბადების დღე, მისი ქორწილის დღე. ახალ წელსა და მსგავს დღესასწაულებზე აღარაფერს ვამბობ. ყოველთვის სიცოცხლით სავსე და ენერგიული იყო, არასდროს არაფერი ეზარებოდა, მშრომელი იყო, ჰყავდა უამრავი მეგობარი, ძალიან კარგად ერთობოდნენ, მღეროდნენ, არაჩვეულებრივად ხუმრობდნენ, მათ ყურებას არაფერი სჯობდა. ნამდვილად შესაშური იყო ის, რომ იმ ასაკშიც კი ასე გულიანად ერთობოდნენ, ამასაც ნიჭი უნდა.

- თავის პროფესიულ საქმიანობაში კი იყო დაუღალავი, მაგრამ სახლში ფუსფუსი და დიასახლისობა თუ უყვარდა?

- კი, არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. სადილების კეთება არ უწევდა, მაგრამ თუ რამეს მოამზადებდა, მისი გემო კარგა ხანს არ დაგავიწყდებოდა. არაჩვეულებრივ პასკებს აცხობდა აღდგომისთვის. საშინაო საქმესაც არავის ანდობდა და ყველაფერს თავად უძღვებოდა.

- როგორც უფროსი ადამიანი ან თუნდაც, როგორც ქალი ქალს, თუ გაძლევდათ რჩევებს, დარიგებებს...

- სოფიკოს არ ახასიათებდა რჩევა-დარიგებების მოცემა, თუ რაიმეს შეეკითხებოდი, ამომწურავად და საინტერესოდ გიპასუხებდა, მაგრამ დაჯდომა და ჭკუის დარიგება არ სჩვეოდა. მე თუ მკითხავთ, სწორადაც იქცეოდა. საერთოდაც, არ ერეოდა არავის ცხოვრებაში, მათ შორის არც საკუთარი შვილის. თუ დახმარებისთვის მიხვიდოდი მასთან, ყველაფერში გამოგიწვდიდა ხელს, თავისუფლებას ანიჭებდა ყველას. ეს გახლდათ ადამიანი, ვისაც ყველა უყვარდა, არ მახსოვს, მას ვინმეზე რაიმე ცუდი ეთქვა. რაც დრო გადიოდა, მასთან ურთიერთობას აღფრთოვანებაში მოვყავდი. ოთარაანთ ქვრივივით ძლიერი იყო, მარტივად ვერავინ მოახერხებდა მისი წყობიდან გამოყვანას. ამასთანავე, იყო ძალიან ჭკვიანი. ახლა რომ გადავხედავ ხოლმე მის ცხოვრებას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ყველა მისი ნაბიჯი და საქციელი ძალიან ჭკვიანური იყო. მართალი და სწორი ადამიანი იყო. აქედან გამომდინარე, მეც ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო. გამოგიტყდებით და როცა რამეს ვაკეთებ, ვფიქრობ, ეს სოფიკოს მოეწონებოდა თუ იტყოდა, ეს რა უბედურებააო (იღიმება), ეს შეგრძნება ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მექნება.

- გვითხარით, როგორი დედა იყო? როგორი დედაშვილობა ჰქონდათ ნიკუშას და ქალბატონ სოფიკოს?

- ნიკუშა მისთვის ყველაფერი იყო, ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ სოფიკოს განსაკუთრებულად ჰქონდა ეს გრძნობა გამოხატული. გარდა იმისა, რომ შვილი იყო და უყვარდა, მოსწონდა როგორც პიროვნება და როგორც ადამიანი. სულ ეუბნებოდა, დახატე, დანაშაულია, რომ არ ხატავ, დასაჭერი ხარ ამის გამოო (იღიმება).

- ბებიობამ როგორ იმოქმედა ქალბატონ სოფიკოზე? ალაბთ კიდევ უფრო ლაღი და ხალისიანი გახდა, თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ეს მანამდეც არ აკლდა.....

- გიჟდებოდა გიორგიზე, არადა, გიო საშინლად ცელქი იყო, იმდენად, რომ მის გამო ჩვენთან აღარ მოდიოდნენ, რეკავდნენ და თუ ეძინა, იმ შემთხვევაში გვსტუმრობდნენ (იღიმება) მაგრამ უცებ, ერთ დღესაც დაჭკვიანდა, თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. სოფიკო ყველაფრის უფლებას აძლევდა, მოსწონდა, ასეთი გიჟი და ცელქი რომ იყო და იცით რას ამბობდა?! ჩვენს ოჯახში ყველანაირი პრიზი არსებობს "ოსკარის" გარდა და სწორედ გიორგი შემოიტანს "ოსკარსო" (იცინის) სულ ვფიქრობდი, ჭკვიანი ქალია და ეტყობა რაღაც განსაკუთრებულს ხედავს ამ ბავშვში-მეთქი (იცინის). დღეს გიო სწავლაზე დიდად არ გიჟდება, მაგრამ აქვს თავისი ინტერესები, უყვარს ჩოგბურთი და ჩართულია ამ სპორტში. ამასთანავე, იღებს რაღაცებს, მერე ამონტაჟებს და აკეთებს პატარა კლიპებს. რომ ვეკითხები, გიო, გინდა რეჟისორი გამოხვიდე-მეთქი, მპასუხობს არაო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ 5 წლიდან აქვს მიდრეკილება.

- ისევ ქალბატონ სოფიკოზე მინდა გკითხოთ, რამდენდაც ვიცი, სამკაულები უყვარდა და თვითონაც აკეთებდა, თუ გისახსოვრათ რაიმე მისეული? საერთოდ, უყვარდა სა­ჩუქრების კეთება?

- კი, ძალიან უყვარდა საჩუქრების კეთება და ასევე უყვარდა სამკაულები, ოღონდ უპირატესობას ბიჟუტერიას ანიჭებდა. მე ვერ ვიკეთებ უბრალო სამკაულებს ალერგიის გამო, ამის გამო კი სულ დამცინოდა და რაც ძვირფასი ჰქონდა, ყველაფერი მე მაჩუქა.

- დღეს ვინ უვლის სოფიკოსეულ სახლს, თეატრს, რომელიც, რამდენადაც ვიცი, აღარ ფუნქციონირებს...

- ჩვენ, სხვა ვინ მოუვლის?! დღეს დიდ თეატრებს უჭირთ თავის შენახვა და გასაკვირი არ არის ალბათ, რომ ამ თეატრმა შეწყვიტა ფუნქციონირება. გვინდა გავაკეთოთ რემონტი და ეს ისევ გახდეს ჩვეულებრივი სახლი, როგორც ვერიკოს დროს იყო. თან გვინდა ვაქციოთ სალონურ სახლად, სადაც მნიშვნელოვან უცხოელ თუ ქართველ სტუმრებს მოვიწვევთ, გაიმართება პრეზენტაციები.

- ის, რაც ახლა უნდა გკითხოთ, ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ იქნებ მაინც გვითხრათ რამდენიმე სიტყვა მის ბოლო პერიოდზე... რამდენადაც ვიცი, მიუხედავად დაავადებისა, ქალბატონი სოფიკო მხნედ გამოიყურებოდა და ბოლომდე ენერგიული იყო.... იცოდა თავისი სნეულების შესახებ?

- იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მოერეოდა. ფიქრობდა, რომ 5-6 წელი კიდევ იცოცხლებდა და დიდი ენთუზიაზმით მკურნალობდა, სულ მოლოდინში იყო, ფიქრობდა, ახლა მკურნალობის ამ კურსს დავამთავრებ და კარგად ვიქნებიო. არასდროს დაუწუწუნია, ძლიერი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა არ გამოეხატა, არ იყო ბუნებით წუწუნა. ბოლომდე იბრძოდა, ეგონა, რომ დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ ამ საშინელმა ავადმყოფობამ დანდობა არ იცის.

- რამდენადაც მახსოვს, ბოლო დაბადების დღე პარიზში გადაიხადა, შემდეგ დაბადების დღეს კი ვეღარ მოესწრო...

- კი, ასე იყო. პარიზში დასხივებაზე იყო წასული, დიდხანს მოუხდა იქ ყოფნა, დაბადების დღეც დაემთხვა, 70 წლის გახდა და იქ აღნიშნა, რომელიც ძალიან ემოციური გამოდგა. ფაქტობრივად, ეს იყო მისი ბოლო დაბადების დღე. 21 მაისს იყო დაბადებული და 2 მარტს გარდაიცვალა, ანუ 71 წლის ვეღარ შესრულდა.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება