მომღერალმა თავის ახალ წიგნში დაწერა, თუ რატომ დაიშალა ცნობილი ჯგუფი "მოდერნ თოქინგი". ეს დუეტი თავის დროზე საოცრად პოპულარული იყო, მათი ფირფიტები 120-მილიონიანი ტირაჟით იყიდებოდა. დღეს კი დიტერ ბოლენი და ტომას ანდერსი მტრები არიან.
დიტერ ბოლენის შოუს გამოსვლამდე სამი დღით ადრე ტომას ანდერსმა სკანდალური წიგნი გამოუშვა - "ასი პროცენტი ანდერსი", რომელშიც კოლექტივის შექმნის შესახებ ისაუბრა. ეს წიგნი დიტერის ავტობიოგრაფიის პასუხია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოიცა და ტომასის საწინააღმდეგო ფრაზებით არის სავსე.
"პროექტი "მოდერნ თოქინგი" დიტერთან ერთად არ იყო ჩაფიქრებული. ყოველ შემთხვევაში, სცენაზე ის არ უნდა ყოფილიყო. დიტერი აკომპანემენტისთვის გვჭირდებოდა. ხმის ჩამწერ კომპანიას შემსრულებლად ჩემი ხილვა სურდა. დღეს, ჯგუფის ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ დიტერს არასდროს სურდა სცენაზე სოლისტად დგომა. მას სიმღერების წერა და ამით ფულის შოვნა უნდოდა, მეტი არაფერი.
1985 წელს, როცა პირველი ჰიტი გამოჩნდა, სტუდიას სხვა პარტნიორი-სოლისტი არ ჰყავდა ჩემთვის და გადაწყვიტეს, რომ დიტერი უნდა გამოსულიყო ჩემთან ერთად სცენაზე. ასე იქცა იგი კოლექტივის ნაწილად. თუმცა ერთი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ დიტერი ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. ჩემი აზრით, დიტერს თავში ორი პატარა სადენი არასწორად აქვს შეერთებული. მისთვის ამქვეყნად უმთავრესი ფულია".
ტომას ანდერსი იხსენებს, რომ კომპანია "ადიდასისთვის" დიტერმა უფასოდ გადაიღო რეკლამა და ამის მერე ისინი გამუდმებით ამარაგებდნენ საშინელი სპორტული კოსტიუმებით, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდა. "ვინმეს რომ შეეთავაზებინა უახლოესი ათი წლის განმავლობაში უფასო პრეზერვატივები, დიტერი ალბათ ნებაყოფლობით ატარებდა სხეულის ყველა ნაწილზე. მთავარია, ფული არ დაეხარჯა ტანსაცმელზე... დიტერი ყველაზე ძუნწი ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია".
"რაც მეტ ალბომს ვყიდდით, მით მეტად გენიოსად მიაჩნდა დიტერს თავი. არასდროს იტყოდა: "მე ნიჭიერი დამხმარეები მყავს, შესანიშნავი მუსიკოსები". ყოველთვის ამბობდა: "მე სტუდიაში საუკეთესო პიანისტი ვარ, მომღერალი, და საერთოდ, მე მთავარი ვარ". დიტერი ადამიანებს ღრუბელივით ისრუტავს, ენერგეტიკას აცლის. როცა მარტო დარჩება, მაშინ ინანიებს მხოლოდ საკუთარ საქციელს ყველა ადამიანის მიმართ, მათ შორის ჩემთანაც. გარდა ამისა, ჩემი აზრით, დიტერს არ შეუძლია მასზე ძლიერ ქალებთან ურთიერთობა. ის უბრალოდ ტოტალური მაჩოა. მის თვალში ქალი უნდა იყოს მხოლოდ ლამაზი და კარგი აღნაგობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყურადღებას არ მიაქცევს".
ანდერსმა ისიც გაიხსენა, რომ დიტერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებაც კი არ აცნობა პირადად, არამედ გაზეთში გამოაქვეყნა ეს ამბავი და ასე გააგებინა თანამოაზრეს. "ლაჩარია. მან იცოდა, რომ მაშინ ლოს-ანჯელესში ვიყავი და სათანადო რეაქცია ვერ მექნებოდა მის საქციელზე. მერე თვითონვე დავურეკე და ვუთხარი, რომ ის ნამდვილი არამზადაა! მას მერე შეწყვიტა არსებობა ჯგუფმაც და თავად დიტერ ბოლენმაც!"
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)