”გახდომა ჩემი ქმრისგან აკრძალული მაქვს - სავსე ვუყვარვარ”

”გახდომა ჩემი ქმრისგან აკრძალული მაქვს - სავსე ვუყვარვარ”

მომღერალ სოფო ბედიას მეტად გადატვირთული დღის განრიგი აქვს. მიუხედავად ამისა, სულ ცდილობს, ორი წლისა და შვიდი თვის ნიკუშასთან მეტი დრო გაატაროს. სოფოს შემოქმედებითი სიახლეებიც აქვს - გარდა იმისა, რომ ახალ სიმღერებს წერს, კლიპის გადაღებასაც აპირებს, რის გამოც მკაცრ დიეტაზეა და შეიძლება ითქვას, შიმშილობს. თუმცა ზედმეტი გახდომა თურმე ქმრისგან ჰქონია აკრძალული.

-  ჩემი მაღვიძარა ჩემი შვილი გახ­ლავთ, რომელსაც დილით ბაღში წასასვლელად ვამზადებ. როცა ნიკუშას გავისტუმრებ, მერე ვწესრიდგები, თმადაუვარცხნელი და შეუღებავი გარეთ არასდროს გავდივარ, გამორიცხულია, ვინმემ მოუწესრიგებელი მნახოს. თავის მოვლის შემდეგ სხვა საქმეებზე გადავდივარ. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მანქანის მართვა ვისწავლო და ჩემი სახით ამ ქალაქს კიდევ ერთი მძღოლი შევმატო. არის სიტუაციები, როცა ჩემს მეუღლეს დალევა უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ საჭესთან ზის, თავს იკავებს. ჰოდა, მალე ამ მხრივ სრული თავისუფლება ექნება. დილით ავტოსკოლაში მივდივარ, მერე შინ ვბრუნდები. თუ ჩემი შვილიც სახლშია, თავს უფლებას ვაძლევ, მეტი დრო გავატარო მასთან და მოვეფერო. საღამოს კი სამუშაოდ ვემზადები. მოგეხსენებათ, ორ რესტორანში ვმღერი და შეიძლება ითქვას, მთელ ღამეებს მუშაობაში ვატარებ (იღიმება). გარდა ამისა, არ ვჩერდები და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ვაგრძელებ მუშაობას, ახალ-ახალ სიმღერებს ვწერ, კლიპის გადაღებას ვაპირებ, ამისთვის წონაშიც ვიკლებ და მკაცრ დიეტაზე ვარ.

-  რა იგულისხმება ამ მკაცრ დიეტაში?

-  იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვვარჯიშობ და საჭმელი კარგად მერგება, გამოსავალი შიმშილობაა, ამიტომ გადავედი მკაცრ დიეტაზე. დილას აუცილებლად ვაკეთებ მუცლის პრესს, სულ ესაა ჩემი ფიზიკური დატვირთვა, ამის შემდეგ მივირთმევ ხაჭოს. 2-3 საათისთვის ვჭამ მოხარშულ წიწიბურას, პომიდორს, კიტრს, ერთ ნაჭერ ყველს და მჭადს, მეორე დღეს კი მჭადის ნაცვლად - პურს. ეს გახლავთ ჩემი ჭამა-სმა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღე მშიერი ვარ, მაგრამ ვუძლებ, უკვე შევეჩვიე.

-  შიმშილი შენს ხასიათზე არ მოქმედებს?

-  არა, როცა ფსიქოლოგიურად მზად ვარ და საკუთარ თავს ვუნერგავ, სოფო, უნდა გახდე-მეთქი, მაშინ უკვე ტვინიც და გონებაც მზადაა დიეტისა და შიმშილისთვის და ეს არ მიფუჭებს ხასიათს, მაგრამ როცა დიეტაზე არ ვარ და მშია, ჩემთან დალაპარაკება შეუძლებელია.

-  რამდენი კილოს დაკლებას აპირებ?

-  ამ ზაფხულს ყვარელში რომ ვისვენებდი, ექვსი კილო მოვიმატე. ისედაც ქა­ლური აღნაგობა მაქვს და მოგეხსენებათ, ეს ექვსი კილო სხეულის რა ნაწილებში წავიდოდა, ვეღარაფერში ვერ ვეტეოდი და ამიტომ გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა. ის ექვსი კილო უკვე დავიკელი და სამოსში ვეტევი, მაგრამ კიდევ მინდა ხუთი კილოს დაკლება, თუმცა მეტად გახდომა ჩემი ქმრისგან აკრძალული მაქვს, როგორც თვითონ ამბობს, სავსე ვუყვარვარ (იღიმება).

-  დიეტაზე როცა ხარ, სადილების კეთება არ გიჭირს? თუ არ გიწევს კერძების მომზადება?

-  სადილების კეთება კარგად მეხერხება, ჩემს ქმარს უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმლის მირთმევა, მაგრამ ამ ეტაპზე მასაც "ვაშიმშილებ", რადგან შინ არ ვამზადებ არანაირ კერძს, ბავშვის საჭმლის გარდა. ჩვენთვის, დიდებისთვის, მზა საკვებს ვყიდულობთ. ჩემი მეუღლე ხორცის გარეშე ვერ ძლებს, ამიტომ მისთვის უკვე მომზადებულ ხორცეულს ვყიდულობ, ჩემთვის კი - წიწიბურას და დიეტურ საკვებს.

-  დავასრულოთ დიეტაზე საუბარი, შენს შვილზე გვიამბე...

-  ნიკუშა ძალიან თბილია და დედა უყვარს არანორმალურად, ამაში მამაც არ შემომედავება, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იმიტომ, რომ ნიკუშას დედის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ნიკუშას გამო მეც მიწევს რაღაც-რაღაც დათმობებზე წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობ, მასთან მეტი დრო გავატარო, მაინც სულ ვენატრები, უნდა, სულ ჩემ გვერდით იყოს, ამ ზაფხულს სწორედ მის გამო ვთქვი კონცერტებზე უარი და ბავშვმა ჩემთან ყოფნით გული იჯერა.

-  სოფო, შენს მეუღლეზე გვესაუბრე, რას საქმიანობს, დღის განმავლობაში თუ გაქვთ კონტაქტი?

-  მე და ჩემი მეუღლე სულ ერთად ვართ. ვერც ავიტან ალბათ, სამსახურში რომ წავიდეს, იმდენად მიჩვეული ვარ, რომ გამუდმებით ერთად უნდა ვიყოთ. ისიც ჩემთან ერთად მღერის რესტორანში, "ღამურები" ვართ (იცინის). ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა იმისთვის, რომ ხელოვანი ადამიანი შემახვედრა, თან მუსიკოსი. სხვა პროფესიის ადამიანი ალბათ ვერც გამიგებდა, რადგან არ არის ადვილი, იცხოვრო იმ რეჟიმით, რომლიც მე მაქვს, როცა ხარ გათხოვილი და გყავს ოჯახი. ალბათ, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება და გაგება დიდი სიყვარულის შედეგიცაა, სწორედ ამის გამო იტანს ბევრ რამეს. ყოფილა შემთხვევა, მეგობრის დაბადების დღეზე ან თუნდაც სხვა ადგილას ჩემი ქმრის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ იმის გამო, რომ უნდა მემუშავა, ის მარტო წასულა... ამას კი ბევრი კაცი ვერ აიტანდა.

-  რესტორანში შეიძლება ვიღაცამ ცუდად შემოგხედოს ან რაღაც გითხრას, ნასვამ ადამიანს ხომ ვერ გააკონტროლებ... ასეთ სიტუაციებში როგორი რეაქცია აქვს მიშიკოს?

-  მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. იქ, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, სერიოზული ხალხი დადის და ჩვენც გვაფასებენ, ჩვენს მოსასმენად მოდიან. სცენაზე რომ გამოვდივარ, ხალხი ისე მხვდება, საკუთარი თავი ჯექსონი მგონია (იღიმება). ჩემს მსმენელს რომ არ ვუყვარდე, მოწიწება და რიდი რომ არ ჰქონდეს ჩემ მიმართ, არც ერთ შემთხვევაში არ დავდგებოდი რომელიმე რესტორანში და არ ვიმღერებდი.

-  როცა მუშაობ, იმ დროს ბავშვი ვისთანაა?

-  დედაჩემთან და ბებიაჩემთან. ახლოს ვცხოვრობთ და მეხმარებიან. საბედნიეროდ, ძიძა არ დამჭირვებია. შენიანი რომ გაგიზრდის შვილს, ისე სხვა ვერავინ გაზრდის. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ვეხუტები ჩემს პატარა ნიკუშას, რომელსაც ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის სძინავს მურმანის ეკალივით (იცინის). ღრმად რომ ჩაიძინებს, მერე გადამყავს თავის საწოლში, რომ მეც ნორმალურად დავიძინო.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება