კომპანია Apple-ის დამფუძნებელ სტივ ჯობსის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დეტალები დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი იყო თავად ჯობსის სურვილი.
პალ-ალტოში Life News-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა ზოგიერთი დეტალის გარკვევა მაინც შეძლო.
სტივ ჯობსის ოჯახთან დაახლოვებული ინკოგნიტო პირის თქმით, ჯობსის ნათესავები და კოპანია Apple ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების შესახებ არავის გაეგო.
Apple-ის დამფუძნებლის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, კორპორაციის სათავო ოფისიდან მის სახლთან დაცვა გაგზავნეს, რომელიც სახლს ჯობსის გარდაცვალებამდე არ მოშორებია. ნათესავებსა და კომპანიის წარმომადგენლებს არ სურდათ, რომ ახალი iPhone 4S-ის პრეზენტაციამდე კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი მომაკვდავი გადაეღოთ.
თავად ჯობსმა გარდაცვალებამდე რეანიმაციასა და ტკივილგამაყუჩებლების მიღებაზე უარი განაცხადა - ასეთი გადაწყვეტილება მან ბუდისტური სარწმუნოებიდან გამომდინარე მიიღო. ის მშვიდად და ექიმების ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.
უსაფრთოების მიზნით, ჯობსის გვამი თავდაპირველად პროზექტურაში გადაასვენეს, რომელიც მისი სახლიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას მისი გარდაცვალების ამბავი.
"ჯობსს ერთი თავისებურება ახასიათებდა - საკუთარ ეზოში ვაშლებს კრეფდა და ყნოსავდა. შემოდგომის დადგომისთანავე ვაშლები მის ეზოში ხეებიდან ძირს ჩამოცვივდა, თუმცა მათი შეგროვებისთვის ახლა აღარავის სცალია", - ამბობს ჯობსის მეზობელი ემი. ჯობსების სახლთან მიახლოვება ბოლო დღეებში აკრძალული ჰქონდათ მის მეზობლებსაც. მათი თქმით, დაცვის გაძლიერების ამბავი თავად სტივს არ მოეწონებოდა, რადგან ის ძალიან გახსნილი ადამიანი იყო.
ჯობსის სახლთან დღემდე არ წყდება მსოფლიოს ხვადასხვა კუთხიდან იმ ადამიანთა ნაკადი, რომლებსაც გარდაცვლილისთვის პატივის მიგება სურთ - მათ სახლთან ყვავილები, ვაშლები, ნახატები და სანთლები მიაქვთ.
მომზადებულია Life News-ის მიხედვით.