კიდევ ერთი სკანდალური "მის საქართველო"

კიდევ ერთი სკანდალური "მის საქართველო"

1-ელ ოქტომბერს ბათუმში "მის საქართველოს" კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული ჟანეტ ქერდიყოშვილი გახდა. "მის საქართველოს" გარეგნობას გასულ წლებში ბევრი აკრიტიკებდა. თუმცა ამჯერად ბევრი აღნიშნავდა, რომ ჟანეტი მართლაც ლამაზი გოგონაა და ლონდონში "მის მსოფლიოს" რიგით 61-ე კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარდგებოდა, თუმცა აღფრთოვანებამ მხოლოდ ორ დღეს გასტანა. კონკურსის ჩატარებიდან მესამე დღეს, როცა ჟანეტ ქერდიყოშვილის საბუთები დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეიტანეს, აღმოჩნდა, რომ ჟანეტი რუსეთის მოქალაქეა, რაც "მის მსოფლიოს" წესებს ეწინააღმდეგება. კონკურსის ყველა მონაწილე იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომელ ქვეყანასაც წარადგენს. ამ აჟიოტაჟის შემდეგ ჟანეტის მეზობლები იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ თურმე გოგონა ერთ დროს გათხოვილიც იყო.

"იმიჯ ცენტრი" სკანდალში უკვე რამდენჯერმე გაეხვა. პირველად 2003 წელს, ირინა ონაშვილის გამო, როცა აღმოჩნდა, რომ ის გათხოვილი იყო. 2007 წელს ნინო ლიკუჩოვამ გაიმარჯვა და მალევე გაირკვა, რომ ის განათხოვარი და ნასამართლევი იყო. როცა გადაწყდა, რომ "მის მსოფლიოზე" საქართველოს "ვიცე-მის საქართველო" ნინო ლეკვეიშვილი წარადგენდა, ისიც განათხოვარი აღმოჩნდა... ჟანეტ ქერდიყოშვილსა და ია კიწმარიშვილს "მის საქართველოს" გარშემო ატეხილ სკანდალამდე ვესაუბრეთ, შემდეგ კი, ბუნებრივია, მის მოქალაქეობასა და განათხოვრობაზეც მოვისურვეთ საუბარი, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში სააგენტო გამოსავალს ეძებდა შექმნილი სიტუაციიდან და პრესასთან კომენტარზე თავს მაქსიმალურად იკავებდა.

ხუთშაბათს საღამოს "იმიჯ ცენტრმა" პრესკონფერენცია მოიწვია და გაუგებრობის აღმოფხვრას შეეცადა, თუმცა მხოლოდ ის გაირკვა, რომ ჟანეტი ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას სთხოვს. კითხვაზე, არის თუ არა გათხოვილი, ჟანეტმა ეს ფაქტი უარყო, თუმცა ტელევიზიებში აქტიურად გადიოდა მისი მეზობლების კომენტარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "მის საქართველომ" ქორწილიც კი გადაიხადა. მოკლედ, პრესკონფერენციამ კონკურსს და მის გამარჯვებულს უფრო მეტი სკანდალურობა შესძინა.

- ჟანეტ, შენს გვარზე ინტერნეტსივრცეში აქტიურად ლაპარაკობენ. მოგვიყევი, წარმოშობით საიდან ხარ. ზოგი ამბობს, რომ ქერდიყოშვილი ოსური გვარია.

- მამა წარმოშობით ქვემო ქართლიდან, კერძოდ გორიდანაა. ოსი ნამდვილად არ ვარ.

ია კიწმარიშვილი:

- ჟენეტ, რომ მცოდნოდა, შენს გვარს ოსური წარმომავლობა აქვს, სულ სხვა პიარს გავაკეთებინებდი (იცინის). გვარს რა მნიშვნელობა აქვს.

ჟანეტი:

- ლიტვის ელჩი გიორგი ქერდიყოშვილი, ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია და არასდროს გამიგია მასზე ეთქვათ, ოსი არისო.

- სახელი ვინ დაგარქვა?

- ჟანეტი ფრანგული სახელია, დედას მოსწონდა და მან დამარქვა.

- როგორც ვიცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობ...

- მესამე კურსზე ვსწავლობ. მომავალი ტელეჟურნალისტი ვარ. მალე დაგვეწყება პრაქტიკები ტელევიზიებში. დიდი სურვილი მაქვს, საავტორო გადაცემის წამყვანი გავხდე.

- "მის საქართველოს" კონკურსში რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან ვოცნებობდი მსგავსი ტიპის კონკურსში მონაწილეობაზე. თან ყველა რომ ამბობდა, რა ლამაზი ბავშვიაო, უფრო მეტად მიჩნდებოდა სურვილი. გასულ წელს "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მეორე ადგილზე გავედი და დიდი გამოცდილება მივიღე. წელს "მის საქართველოს" კონკურსში გადავწყვიტე მონაწილეობა და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ოც საუკეთესო გოგონას შორის მოვხვედრილიყავი, როგორც ხედავთ, გავიმარჯვე.

- ელოდი, რომ "მის საქართველო" გახდებოდი?

- გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობდი და ვგრძნობდი კიდეც, რომ ხუთ საუკეთესოს შორის მოვხვდებოდი.

ია:

- წელს დიდი კონკურენცია იყო. ხუთეულში გასული ყველა გოგონა კარგი "მის საქართველო" იქნებოდა.

- როგორი ემოციები გქონდა, როდესაც "მის საქართველოდ" დაგასახელეს?

- მსგავსი ემოცია ცხოვრებში არ მქონია. არ მიტირია, მაგრამ სულ ვკანკალებდი. იმ განცდას სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- წელს "მის საქართველო" პრიზებით ცოტა დაიჩაგრა. რა თქმა უნდა, ტიტული ძალიან კარგია, მაგრამ გასული წლის "მისებს" მანქანები აჩუქეს.

ია:

- წელს "მის საქართველოს" ჰქონდა არაჩვეულებრივი პრიზი, რომელიც ფასით არ ჩამოუვარდებოდა მანქანას. ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო უცხოელი ფოტოგრაფი ელჰერ არაგუნდი, რომელმაც თავისი კოლექციიდან ჟანეტს აჩუქა ნახატი, რომლის ფასიც 10 ათას დოლარს აღწევს. ელჰერ არაგუნდი მაიამიში ცხოვრობს და მისი ნახატები ამერიკის გალერეებში იყიდება.

- როგორი იყო 2 ოქტომბრის დილა. როცა უკვე იცოდი, რომ "მის საქართველო" იყავი...

- დილიდანვე ფოტოსესია მქონდა ელჰერ არაგუნდთან. ის რამდენიმე წიგნის ავტორია. მისი წიგნები ქალის სილამაზეს ეძღვნება. გადაწყვიტა, სწორედ მე ვყოფილიყავი მისი მომავალი წიგნის გარეკანზე.

ია:

- მძიმე საკონკურსო დღის შემდეგ ჟანეტი ისევ მოწესრიგებული იყო. შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში. უკვე ტრადიციად იქცა და "მის საქართველოს" პირველი დღე ქველმოქმედებით იწყება. არც წელს გვიღალატია ამ ტრადიციისთვის.

- ჟანეტ, კიდევ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ სულ ფორმაში ყოფნა გიწევს?

ია:

- ჟანეტი ისედაც სულ ფორმაშია. ამიტომაც გაკეთდა მასზე არჩევანი. როგორი დაღლილიც უნდა იყოს, მაინც მოწესრიგებულია. ის ძალიან ქალურია და ფორმაში ყოფნა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სხვა კონკურსანტებისგან ამითაც გამოირჩეოდა.

- იამ ძალიან კარგად დაგახასიათა. კიდევ რას გეუბნებიან, რა მოსწონთ შენს გარეგნობაში?

- ბიჭები ამბობენ, რომ ჩემი თვალები და თმა მოსწონთ ყველაზე მეტად. კიდევ ამბობენ, რომ კარგი ღიმილი მაქვს. ადრე ასე არ ვფიქრობდი, მეგონა, რომ ღიმილი არ მიხდებოდა, მაგრამ ამ კონკურსზე აზრი შემეცვალა და მგონია, რომ ღიმილი მიხდება.

- ყოველ წელიწადს გვაქვს იმის დიდი სურვილი, რომ "მის საქართველო" "მის მსოფლიოს" ფინალურ ხუთეულში მოხვდება და ჩვენი კონკურსანტი წარმატებას მიაღწევს. რას გიგრძნობს გული, წელს რა გველოდება?

- მე შევძლებ და შევცვლი სიტუაციას, ისეთი შემართებით მივდივარ, რომ ხუთეულში აუცილებლად მოვხვდები.

- ბათუმში "მის საქართველოს" კონკურსზე ვინ გგულშემატკივრობდა?

- ჩემს საგულშემატკივროდ თბილისიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. მხოლოდ მამა ვერ ჩამოვიდა, ჯანმრთელობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით ტელეფონით ველაპარაკე. მითხრა, რომ გავიგე "მის საქართველო" გახდი, სიხარულისგან ფეხზე ვეღარ ვიდექი, ჩავიკეცე და ავტირდიო. ვუთხარი, ამ გამარჯვებას შენ გიძღვნი-მეთქი.

-გყავს შეყვარებული?

- შეყვარებული არ მყავს, თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ალბათ ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი მეყოლება.

- ამბობენ, რომ "მის საქართველოს" გარანტირებული აქვს სარფიანად გათხოვება. შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია რამდენიმე წლის შემდეგ?

- ერთი წელი ვერ გავთხოვდები. პირველ რიგში უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო. სამოდელო სფეროში აუცილებლად ვიქნები. მომწონს პოდიუმზე დგომა და ფოტოსესიები. მერე, რა თქმა უნდა, ოჯახსაც შევქმნი.

- როგორი მამაკაცი გინდა შენ გვერდით?

- (იცინის) რთული შეკითხვაა. ყურადღებიანი უნდა იყოს და უნდა მაფასებდეს.

- როგორც გვითხარი, მამას გაუხარდა კონკურსში რომ გაიმარჯვე. ძმას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ სილამაზის კონკურსში აპირებდი მონაწილეობას?

- შარშან "ელიტ მოდელ ლუქზე" რომ გავდიოდი, არ მოეწონა. მაგრამ ხუთეულში ჩემი გასვლა ძალიან გაუხარდა და ახლა ამაყობს, "მის საქართველოს" ძმა ვარო, ყველას ეუბნება.

- ლონდონში ვინ გიგულშემატკივრებს?

ია:

- "მის მსოფლიოზე" მეც მივდივარ და ჟანეტის ოჯახის წევრებიც. ასევე ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურს საქართველოს პოპულარიზაცია.

- ინტერვიუს დასაწყისში მითხარი, რომ ლიტვის ელჩი შენი ნათესავია. ლონდონში ისიც ხომ არ წამოვა შენს საგულშემატკივროდ?

- გიორგიმ დამირეკა და გამარჯვება მომილოცა. ძალიან გახარებული იყო ჩემი წარმატებით. ჯერ არ ვიცი, შეიძლება, ისიც წამოვიდეს ჩემს საგულშემატკივროდ. მისი და ქეთი ქერდიყოშვილი ცნობილი კალათბურთელი და წარმატებული სპორტსმენია. მე წარმატებას სილამაზის სფეროში მივაღწიე და ასე ნელ-ნელა ვეწევით ჩვენი გვარის პოპულარიზაციას.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება