უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. უკრაინული მედიის ცნობით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული მართლმსაჯულების იმედი არ აქვს, ამიტომ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს.
"ჩემთვის ამგვარი განაჩენის გამოტანით უკრაინა 37-იან წლებში დაბრუნდა", - განაცხადა ტიმოშენკომ.
უკრაინის ექს-პრემიერის განაჩენით ევროკომისია იმედგაცრუებული დარჩა. ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ამ განაჩენს ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობაში უარყოფითი შედეგები მოყვება.
გუშინ ევროკავშირმა უკრაინა გააფრთხილა, რომ პოლიტიკური ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირსა და უკრაინას შორის დადგეგმილი ორმხრივი შეთანხმება არასდროს გაფორმდება, თუ ტიმოშენკო ციხეში აღმოჩნდება.
პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ექს-პრემიერი, პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ტიმოშენკოს ასევე "ნეფტოგაზის" სასარგებლოდ 189 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.