რუსი ოლიგარქები, რომან აბრამოვიჩი და ბორის ბერეზოვსკი ლონდონში არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმეს. ინსპექტორებმა საჯარიმო ქვითარი მათ იმ დროს გაუფორმეს, როცა სასამართლოში ჩვენებებს იძლეოდნენ, მათი ლიმუზინები კი სასამართლო შენობის წინ აკრძალულ ყვითელ ზოლზე იდგნენ.
მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებმა აბრამოვიჩის ვერცხლისფერი "მერსედესი" და ბერეზოვსკის "მაიბახი" შენობის მიმდებარე ტერიტორიის კუთხეში შენიშნეს. ჯარიმის ქვითრები ოლიგარქების მძღოლებმა ჩაიბარეს, რომლებიც პატრონეებს მანქანებში ელოდებოდნენ. წესის დამრღვევ სატრანსპორტო საშუალებებს ფოტოებიც გადაუღეს. თითოეული 65 ფუნტი სტერლიგით დაჯარიმდა.
ლონდონის პარკირების წესების თანახმად, ყვითელ ზოლზე ავტომობილის დატვირთვა, გადმოტვირთვა და მგზავრების ჩასხდომა ნებადართულია. აკრძალულია ლოდინი, რაშიც ბერეზოვსკისა და აბრამოვიჩის პირადი მძღოლები "გამოიჭირეს".
მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.