სოჭის ლაზარევის რაიონიდან ადიღეის VIP სამთო კურორტ "ლუნნაია პოლიანამდე" ავტომაგისტრალის მშენებლობაზე კონკური გამოცხადდა. კურორტი, არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილია. როგორც ეკოლოგები აცხადებენ, გზის მშენებლობა, რომელიც შაპოშნიკოვის სახელობის კავკასიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე გაივლის, ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და იქ მცხოვრები, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების არსებობას საფრთხეს შეუქმნის.
პროექტით "იუნესკო" დაინტერესდა - ორგანიზაცია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს ამოწმებს.
როგორც საიტზე განთავსებულ განცხადებაშია მითითებული, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 250 მლნ რუბლი დაიხარჯება. აუქციონი 1 ნოებრისთვის არის დანიშნული. ავტომაგისტრალის მშენებლობის აუცილებლობას ხელისუფლება კავკასიის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მეტეოსადგურამდე მისასვლელი გზის გაყვანას უკავშირებს. თუმცა იმ უწყებაში, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს ნაკრძალია, მეტეოსადგურის არსებობას უარყოფენ.
როგორც "იუნესკო" აცხადებს, ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტს სწავლობენ და ამ დღეებში სოჭში ვითარების ადგილზე შესაფასებლად ექსპერტი ჩავა. თუმცა ეკოლოგები ეჭვობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით პროტესტის გამოხატვას მოერიდება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.