დიმიტრი მედვედევის ვაჟი, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანების ვარსკვლავი ყოფილა. ამის შესახებ პრესისთვის ახლა გახდა ცნობილი. პატარა ილია მედვედევი, ვიდრე მამამისი პრეზიდენტი გახდებოდა, საბავშვო იუმორისტულ კინოჟურნალ "ერალაშის" ორ სერიაში გადაიღეს. ამასთან, კასტინგი მან ყოველგვარი პროტექციის გარეშე გაიარა, წერს გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა".
პირველი სიუჟეტი, რომელშიც ილია მედვედევი მონაწილეობს, ტელეეკრანებზე 2007 წელს გაუშვეს, მეორე - 2008 წელს. ორივე სერიაში ბიჭუნა მთავარ როლს ასრულებს. ტიტრებში მისი ნამდვილი სახელი და გვარია მითითებული, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ის მედვედევის ვაჟი იყო.
როგორც გამოცემა წერს, ილია მედვედევი გადასაღებ მოედანზე ჩვეულებრივი კასტინგის წყალობით მოხვდა. ხოლო როდესაც საქმე როლზე დამტკიცებამდე მივიდა, შემთხვევით გაირკვა, რომ ის რუსეთის პრემიერ-მისისტრის პირველი მოადგილის (2007 წელს სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობდა მედვედევი) ვაჟი იყო.
გადაღებების დროს ილია მაღალჩინოსნის ვაჟის კვალობაზე ძალიან მოკრძალებული და უშუალო იყო. "ბიჭი ნიჭიერია და მხიარული და ყველაფერს კარგად ართმევდა თავს, - აცხადებს რეჟისორი ალექსეი შეგლოვი, რომელმაც ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღო, - დიახ, მე ვიცოდი, ვისი შვილი იყო ილია, თუმცა ამის გამო გადაღების პროცესი არაფრით გამოირჩეოდა".
მიუხედავად წარმატებული დებიუტისა, ილია მედვედევი "ერალაშში" 2008 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.