აზიის ყველაზე სასურველი სიძე - ბუტანის 31 წლის მეფე ჯიგმე ქხესარ ნამგიალ ვანგჩუკი 21 წლის სტუდენტ ჯეცუნ პემაზე დაქორწინდა.
სამეფო ქორწილი რთული ბუდისტური ცერემონიის შესაბამისად ჩატარდა. საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი დროით 8:20 საათზე დაიწყო - ეს დრო სამეფო კარის ასტროლოგებმა განსაზღვრეს. საპატარძლო ბუტანის ყოფილ დედაქალაქ პუნაკხაში მდებარე პუნაკხა-ძონგის (ნეტარების სასახლე) უძველეს ციხესიმაგრემდე სასულიერო პირების პროცესიასთან ერთად ფეხით მივიდა.
მეფე მომავალ დედოფალს სასახლეში ელოდა, ის ტახტიდან დაეშვა, რათა საპატარძლოს მიგებებოდა. მეფემ მას თავზე გვირგვინი დაადგა.
ქორწილს, რომელიც მთელ სამხრეთ აზიაში წლის მთავარ ელიტურ მოვლენად იქცა, მთელი მსოფლიოდან 1 500 ოფიციალური პირი ესწრებოდა. ბუტანის ქუჩებში ახლაც უამრავი ადამიანი მოძრაობს, ყველგან სამეფო წყვილის პორტრეტებია გამოფენილი.
მეფის რჩეული უბრალო ოჯახიდანაა. მას სამეფოს ერთ-ერთ ულამაზე გოგონად მიიჩნევენ. ჯეცუნმა განათლება ინდოეთში მიიღო, ახლა კი ლონდონის კოლეჯში საერთაშორისო ურთიერობების სპეციალობას ეუფლება. ის შესანიშნავად საუბრობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის ინგლისურსა და ჰინდიზე, ასევე გატაცებულია ხელოვნების ისტორიით.
ბუტანის მეფე ძალიან პოპულარულია როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ. მთელ აზიაში ახალგაზრდა მონარქის ფანკლუბები არსებობს. ინტერნეტში კი მასზე შეყვარებული გოგონების რამდენიმე საზოგადოებაა დარეგისტრირებული.
მომზადებულია Kuensel-ის მიხედვით.